ერთმორწმუნენი უნდა ქორწინდებოდნენ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 20 : 2 ; დაბადება 24 : 3 ; დაბადება 26 : 7 ; დაბადება 28 : 1 ; დაბადება 34 : 14 ; გამოსვლა 34 : 16 ; რიცხვნი 25 : 6 ; რიცხვნი 36 : 6 ; იესო ნავეს ძე 23 : 12 ; ეზრა 9 : 2 ; ეზრა 10 : 3 ; ეზეკიელი 44 : 22 ; 1კორინთელთა 7 : 39 ;
=4.15.36 ერთმორწმუნენი უნდა ქორწინდებოდნენ

დაბ.20,2.13.16; 24,3; 26,7-10; 28,1.2; 34,14-17 გამ.34,16 რიცხ.25,6.18; 36,6 იეს.ნ.23,12 ეზრ.9,2; 10,3 ეზეკ.44,22; 1კორ.7,39

ბიბლიის მუხლები

თქვა აბრაამმა სარაზე, თავის ცოლზე: ჩემი და არის.
დაბ. 20,2; 26,7-10

როცა ღმერთმა მამაჩემის სახლიდან ამახეტიალა ვუთხარი ქალს: ეს ერთი მადლი მიყავი-მეთქი: რა მხარეშიც არ უნდა მოვხვდეთ, თქვი ჩემზე, ჩემი ძმა არის-თქო ეს კაცი.
დაბ. 20,13.16

არ მოუყვანო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ.
დაბ. 24,3; 28,1.2

[იაკობის ვაჟებმა შექემს] უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს. წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინადაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი. ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს . . . თუ წინადაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ.
დაბ. 34,14-17

და ნუ მოიყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეთათვის, რათა როდესაც იმეძავებენ მათი ასულნი თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ, შენმა ძეებმაც არ იმეძაონ მათი ღმერთების კვალდაკვალ.
გამ. 34,16

აი, მოვიდა ერთ-ერთი ისრაელიანი და მოიყვანა თავის ძმებთან მიდიანელი ქალი მოსეს თვალწინ და ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ, როცა სადღესასწაულო კარავთან იდგნენ ისინი და ტიროდნენ . . . რადგან მტრულად მოგექცნენ, როცა გაცთუნეს ფეღორით და ქოზბით, მიდიანელთა თავკაცის ასულით, თავიანთი დით, რომელიც მოიკლა ფეღორის გამო თავსდამტყდარი განადგურების დღეს.
რიცხ. 25,6.18

ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელაფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ.
რიცხ.36,6

რადგან თუ თქვენ მიიქცევით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენთან რომ დარჩნენ, და დაუმოყვრდებით მათ, და მიხვალთ თქვენ მათთან და ისინი კი თქვენთან.
იეს.ნ. 23,12


ვინაიდან მათი ასულნი ჰყავთ ცოლებად თავისთვის და თავისი ძეებისთვისაც, წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებში აღრიეს; უფრო მეტად მთავრებისა და მმართველების ხელი ურევია ამ ორგულობაში”.
ეზრ.9,2

აღთქმა დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ ჩვენი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიშთა რჩევის მიხედვით გავუშვებთ ცოლებს და მათგან შეძენილ შვილებს. და რჯულის მიხედვით აღსრულდეს ყველაფერი.
ეზრ.10,3

ქვრივსა და ქმარგანაშვებს ნუ შეირთავენ ცოლად, არამედ მხოლოდ ქალწულნი შეირთონ ისრაელის ტაძრის თესლიდან; ღვთისმსახურის ქვრივიც შეირთონ.
ეზეკ.44,22

ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია – გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.
1კორ.7,39

__თემაზე წერდნენ__
***
[ვინიციუსს კეისარმა ტყვე ქალი ლიგია უბოძა, რომელიც ქრისტიანი ყოფილა. ვინიციუსი მის ხარჭად ყოლას აპირებდა, ამიტომ იგი გაექცევა და ქრისტიანებს შეაფარებს თავს. ვინიციუსი მას მოძებნის, უნდა შეიპყროს, მაგრამ მძიმედ დაშავდება და ქრისტიანები უმკურნალებენ, რამდენსამე დღეს უვლის ლიგია. ამასობაში მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ რამდენადაც ვინიციუსი წარმართია, ლიგია თავისი ხუცესის, მოციქულების პეტრესა და პავლეს რჩევით გაეცლება მას და დაიმალება მანამ, სანამ იგი არ მოქცეულა ქრისტიანად. ვინიციუსი განკურნების შემდეგ ჩაუკვირდება და ხვდება, რომ აუცილებელია გახდეს იგიც ქრისტიანი და უნდა შეირთოს ლიგია ცოლად. ჯაშუში მიასწავლის ლიგიას ადგილსამყოფელს. იგი მიდის იქ]. ახალგაზრდა ტრიბუნის დანახვაზე ყველა იქ მყოფს სახეზე გაოცება დაეტყო. ვინიციუსმა უთხრა დამხვდურებს:
- მოგესალმებით ქრისტეს სახელით, რომელსაც ადიდებთ.
[მოციქულებმა მიიწვიეს და ვინიციუსმა უთხრა:]
- ვიცი ლიგია სადა ცხოვრობს [მასზე] უფლება მაქვს და ეს უფლება კეისარმა მიბოძა . . . შემეძლო ლიგიას ბინისთვის ალყა შემომერტყა და წამეყვანა, მაგრამ ეს არ ვქენ და არც ვიზამ.
- მაგისთვის გაკურთხოს უფალმა და განგიწმინდოს გული შენი, - უთხრა პეტრემ.
- . . . თქვენმა სათნოებამ და თქვენმა რჯულმა, - თუმცა მე მას არ ვაღიარებ, - სული როგორღაც შემიცვალეს, მიტომ ძალადობას აღარ მივმართავ. მეც არ ვიცი, რატომ მოხდა ეს, მაგრამ ასე კია. და აი, მოველ თქვენთან, რადგან ლიგიას დედ-მამის ადგილი თქვენ გიჭირავთ. გევედრებით: მომეცით ცოლად, ფიცით გეუბნებით, არათუ დავუშლი ქრისტეს თაყვანისცემას, თვითონაც თქვენი რჯულის შესწავლას შევუდგები.
. . . როდესაც იმის სიტყვების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა, საჩქაროდ განაგრძო, თითქოს უნდოდა უსიამოვნი პასუხი აიცდინოსო.
- ვიცი, რომ დაბრკოლება ბევრია, მაგრამ იგი თვალისჩინივით მიყვარს და თუმცა ჯერ ქრისტიანი არა ვარ, არც თქვენი მტერი ვარ და არც ქრისტესი. მე მინდა თქვენთან გულწრფელი ვიყო, რომ მერწმუნოთ. [ასე ბევრი სხვა რამ თქვა ვინიციუსმა, რამაც დაარწმუნა მოციქულები, რომ მისი სული მზად იყო უფლის პირად მხსნელად მისაღებად და მათ მარიამი გააგზავნეს ლიგიას მოსაყვანად, ოღონდ უთხრეს არ ეთქვათ ჯერ ლიგიასთვის მის შესახებ].
ცოტა ხნის შემდეგ ბაღში ტვიათა შუა მარიამი გამოჩნდა, ლიგია მოჰყავდა.
ვინიციუსს უნდოდა მიგებებოდა, მაგრამ ძვირფასი არსების დამნახველმა იგრძნო, რომ ძალ-ღონე ეცლებოდა, ადგილიდან ვეღარ დაიძრა . . .
ლიგიას გურმანი არ ჰქონდა, აქ ვინ დახვდებოდა, ოთახში შეირბინა და ვინიციუსის დანახვაზე გაშეშებულივით შედგა. სახე გაუწითლდა და მაშინვე ყველას შეშინებული თვალი გადაავლო . . .
მოციქული პეტრე მიუახლოვდა და უთხრა:
- ლიგია, ისევ გიყვარს?
სიჩუმის წამი დადგა. ლიგიას ტუჩები აუთრთოლდა, თითქოს ბავშვია, რაღაც დანაშაული ჩაიდინა და ახლა ტირილს აპირებს, რაკი დანაშაულის აღიარება აუცილებელიაო.
- მიპასუხე, უთხრა მოციქულმა.
მაშინ პეტრეს მუხლებთან მორჩილად დაიჩოქა და გოდების ხმაზე წაიჩურჩულა:
- დიახ!
ვინიციუსმაც ლიგიას გვერდით მოიყარა მუხლი. პეტრემ ორივეს თავზე ხელები დაადო და წარმოთქვა:
- გიყვარდეთ ერთმანეთი სახელითა უფლისათა და მის სადიდებლად, რამეთუ თქვენი სიყვარული ცოდვა არ არის.
__ ჰენრიკ სენკევიჩი __

***
[ვინიციუსს გაექცა მონა ქალი, რომელიც შეუყვარდა. ეს ქალი ქრისტიანია და მათ შორის უფსკრულია იმის გამო, რომ ვინიციუსი წარმართია. ვინიციუსი დაჭრილი ხვდება ლიგიასთან და ქალი მზრუნველობს მას. ვაჟი ხედავს მის შემართებას რწმენაში და ეუბნება: - ქრისტემ] მომცა შენი თავი და მეც შევიყვარებ მას, თუმცა მონების, უცხო ტომთა და გლახაკთა ღმერთად მაქვს იგი წარმოდგენილი. შენ გვერდით მიზიხარ, მაგრამ მარტო იმაზე ფიქრობ. რა იქნება ჩემზედაც რომ იფიქრო, თორემ შევიძულებ შენს ღმერთს. ჩემთვის ერთადერთი ღვთაება შენ ხარ . . . მე მსურს, ფეხებზე მოგეხვიო, შენზე ვილოცო, თაყვანი გცე, მსხვერპლი შემოგწირო, სამგზის ღვთაებრივო! შენ არ იცი, არ შეგიძლია იცოდე, როგორ მიყვარხარ!
. . . ცხარედ ლაპარაკობდა, ვინაიდან თავი ვერ შეეკავებინა, არცა სურდა თავის ენისა და გრძნობისთვის წესი გაეჩინა. იგი წრფელად ლაპარაკობდა და გულის სიღრმიდან დაგუბებულმა ტკივილმა, აღტაცებამ, ვნებამ და გაღმერთებამ სიტყვების შეუკავებელ ნაკადად გადმოხეთქა. ლიგიას მისი ნათქვამი ღვთის გმობად ეჩვენა, მაგრამ მაინც ქალის გულმაც ისეთი ძალით იწყო ძგერა, თითქოს მკერდზე შემოჭირებული ტუნიკის გახევა უნდაო. ლიგიამ ვერ დასძლია გულში ვაჟისა და მისი ტანჯვისადმი სიბრალული. [ვინიციუსი] იწვა დაკოდილი, ვნებისგან დარღვეული, მოსიყვარულე, მაღმერთებელი და მორჩილი. ქალს უნდოდა, სწორედ ასეთი ყოფილიყო ვინიციუსი, ასეთის სიყვარული უნდოდა.
და ლიგიამ უცებ შეიგნო, ხომ შესაძლებელია დადგეს წუთი და იგი ვინიციუსის სიყვარულმა შეიპყროს და ქარიშხალივით გაიტაცოს, ეს რომ იგრძნო, თავი . . . უფსკრულის კიდეზე წარმოიდგინა [ვინიციუსი წარმართი იყო]. განა ის არ სდევნიდა მას, რა არის, თავის მონად და ხასად გაეხადნა და ფუფუნებისა, დატკბობისა, დანაშაულისა და ბიწიერების სამეფოში ჩაეთრია? მართალია, ახლა გამოცვლილ კაცად მოჩანდა, მაგრამ ეს არის, ახლა თვითონ იმას არ უთხრა: ჩემზე მეტად თუ ქრისტეზე იფიქრებ, მზად ვარ, ქრისტე შევიძულოო! ლიგიას ეჩვენა, რომ ქრისტეს სიყვარულს გარდა სხვა სიყვარულზე რაიმე ფიქრიც კი ქრისტიანობის წინაშე ცოდვაა და როდესაც შენიშნა, ჩემს გულის სიღრმეში შესაძლოა სხვა გრძნობებმა, სხვა მიდრეკილებამ გაიღვიძოსო, გულისა და მომავლის შიში მიეცა . . . აქედან მოკიდებული ლიგია იშვიათად გამოდიოდა საზოგადო ოთახში და იშვიათად მიდიოდა ხოლმე ვინიციუსის საწოლთან, მაინც სიმშვიდე ვერ დაიბრუნა. ხედავდა, რომ ვინიციუსი მუდარის თვალით უყურებდა. ყველა მის სიტყვას ვითა მოწყალებას გამოელოდა, იტანჯებოდა და ჩივილს კი ვერ ბედავდა, ეშინოდა ქალს თავი არ მოვაბეზროო. ხედავდა, რომ იგი ვინიციუსისთვის ყველაფერი იყო – ბედნიერებაც და სიხარულიც, და ლიგია მისადმი სიბრალულით ივსებოდა, გული მისკენ უფრო ძლიერად მიუწევდა. სულის სიმშვიდე დაკარგა ლიგიამ. ხანდახან თავს ეტყოდა, მუდამ ვინიციუსის გვერდით უნდა ვიყოო – ჯერ იმიტომ, რომ საღმრთო რჯული ბოროტისათვის კეთილის მოგებასა ბრძანებს, მეორეც იმიტომ – ეგებ ლაპარაკით ქრისტეს მცნებაზე მოვაქციოო. მაგრამ სინდისი ეუბნებოდა, რომ თავს იტყუებდა, - ვინიციუსისკენ იმას რაღაც სხვა იზიდავდა – იზიდავდა მისი სიყვარული და მომხიბლაობა. სულიერი ბრძოლა დღითი-დღე უძლიერდებოდა. ხანდახან ეჩვენებოდა, რომ გარშემო რაღაც ბადე ახვევია, ცდილობს თავი გაინთავისუფლოს, მაგრამ არაფერი გამოდის. გულში გრძნობდა, რომ ვინიციუსის იქ ყოფნა მისთვის უფრო და უფრო საჭირო ხდებოდა, ვაჟის ხმა უფრო და უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებდა და საჭირო იყო, მის საწოლთან დიდხანს დარჩენის სურვილს უფრო ძლიერ შებრძოლებოდა. ლიგია რომ იმას უახლოვდებოდა, ვინიციუსს სახე ეწმინდებოდა, მაშინ სიხარული ლიგიას გულსაც ეფინებოდა. ერთხელ ვაჟის წამწამებზე ცრემლი შენიშნა და ლიგიას თავის სიცოცხლეში პირველად მოაფიქრდა, რომ შეიძლება ის ცრემლი კოცნით ამოვაშროო. ამ აზრმა შეაკრთო და საკუთარი თავის მძულვარება ჩააგონა, მერე მთელი ღამე ტირილით გაათია.
ვინიციუსი მოუთმენლობას არ ამჟღავნებდა, თითქოს შეთქმული ჰქონდა, ყველაფერი მოეთმინა. როდესაც თვალები რისხვითა და მოუთმენლობით აენთებოდნენ, უცებ თავს შეიკავებდა და შემდეგ შეწუხებული შეხედავდა ლიგიას, თითქოს პატიებას სთხოვდა. ეს ლიგიას ვაჟისადმი გრძნობას უძლიერებდა. ლიგიას ვერ წარმოედგინა, ვინმეს შეიძლება ასე ვუყვარდეო და როცა ამას ფიქრობდა, თავს დამნაშავედაც გრძნობდა, ბედნიერადაც . . .
[ვინიციუსი თავის მხრივ ფიქრობდა] რომ ლიგიას მხოლოდ ეს მოძღვრება აშორებდა, და როდესაც ამას ფიქრობდა, მთელი სულითა და გულით სძაგდა იგი. ისიც კი ესმოდა, ქრისტიანობამ ლიგიას ისეთი არაჩვეულებრივი, გამოუცნობი სილამაზე შესძინა, რომ ჩემს გულში არა მარტი სიყვარულია, არამედ პატივისცემაც, არა მარტო ვნება, არამედ გაღმერთებაცო. მაშინ ხელახლა ქრისტეს სიყვარული ესურვებოდა. ერთი რამ ცხადი გახდა ვინიციუსისთვის: ან უნდა შეეყვარებინა ქრისტეს რჯული, ან უნდა სძულებოდა, შუა გზაზე ვერ გაჩერდებოდა, თითქოს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო ტალღა დაატყდა თავს, გონება და გული თითქოს სწორად გაეყო და რაკი არჩევანი ვერ მოეხდინა, გაუგებარი ღმერთის წინაშე მდუმარე პატივისცემით თავს იხრიდა იმიტომ, რომ ის ლიგიას ღმერთი იყო.
ლიგია ხედავდა ვინიციუსის თავსატეხს, ხედავდა, როგორ უარყოფდა ქრისტეს მცნებას ახალგაზრდა რომაელის ბუნება და ერთი მხრივ ეს მეტისმეტად ამწუხარებდა, მეორე მხრივ სიბრალული, თანალმობა და ქრისტესადმი ვინიციუსის ჩუმი პატივისცემისთვის მადლიერება დაუძლეველი ძალით ქალის გულს ვაჟისკენ ეწეოდნენ . . . ფიქრობდა, იქნებ კიდეც გაანათოს ვინიციუსის სული ქრისტეს სჯულმაო, მაგრამ ამ იმედს დიდი ძალა არ ჰქონდა. ერთობ კარგად იცნობდა ვინიციუსს. ვინიციუსი და ქრისტიანი? გამოუცდელ ლიგიასთვის ორი შეუთავსებელი ცნება იყო . . .
ხანდახან მოესურვებოდა ვაჟთან გულღიად ელაპარაკნა, მაგრამ ერთხელ რომ გვერდით მოუჯდა და უთხრა, ქრისტეს რჯულის გარეშე სიცოცხლე არ არისო, ვინიციუსმა საღ ნიდაყვზე წამოიწია, თავი უცებ მუხლებზე დაადო და უთხრა: “შენა ხარ ჩემი სიცოცხლის სიცოცხლე!” მაშინ ლიგიას სული შეეხუთა, წამით ცნობა წაერთვა, ვნების რაღაც ტკივილმა, ღელვამ მთელ სხეულში დაუარა. ხელი წაავლო ავადმყოფის თავს, უნდოდა აეწია, მაგრამ თვითონ იქამდე დაიხარა, რომ ტუჩებით ვინიციუსის თმას შეეხო.
ერთ წუთს ორივენი თავს ებრძოდნენ, სიყვარულს უმკლავდებოდნენ. ბოლოს, ლიგიამ რაკი იგრძნო, სისხლი უდუღდა და თავბრუ ესხმოდა, წამოხტა და გაიქცა. ეს უკანასკნელი წვეთი იყო, უმისოდაც სავსე ფიალას რომ მიემატა. ვინიციუსი ვერ მიხვდებოდა, თუ რა ძვირად დაუჯდებოდა ბედნიერების ეს ერთი წუთი, ლიგიამ კი შეიგნო, ახლა მე თვითონ მჭირდება შველაო. ამ საღამოს მომდევნო ღამე უძილოდ გაატარა, ტირილითა და ლოცვით. სულ ის აზრი უტრიალებდა ლოცვის ღირსი არა ვარ და არც შეისმენს უფალი ჩემს ლოცვასო. მეორე დღეს კუბიკულუმიდან ადრე გამოვიდა, ფათალოთი და დამჭკნარი ხვართქლით მობურდულ ბაღის ფანჩატურში კრისპი მოიხმო, მას გაუნდო, ემუდარებოდა, მარიამის სახლის დატოვების უფლება მომეც, რადგან თავს აღარ ვენდობი და არც ღონე შემწევს გულში ვინიციუსის სიყვარული ჩავიკლაო.
მკაცრი ბერიკაცი კრისპი რელიგიური ექსტაზით იყო გატაცებული და ლიგიას მარიამის სახლის დატოვების განზრახვა მოუწონა. სამაგიეროდ, ცოდვილი სიყვარულის შენდობისთვის სიტყვები ვერ იპოვა. მისი გული მრისხანებით აღივსო მარტო ერთი გაფიქრებით, რომ იმ ლიგიამ, რომელსაც გამოქცევის აქეთ მფარველობდა, რომელიც შეიყვარა და სარწმუნოება განუმტკიცა და აქამდის უცქეროდა, როგორც გულსპეტაკ თეთრს შროშანს, ქრისტეს რჯულზე აღმოცენებულს, ამ ლიგიამ გულში ზეციური სიყვარულის გარდა სხვა სიყვარულსაც დაუთმო ადგილი . . .
- წადი და ღმერთს შეევედრე, დანაშაული შეგინდოს, - მკაცრად უთხრა მან, - ილტვოდე, ვიდრე ბოროტი სული გაცდუნებდეს, ვიდრე არ დამდაბლებურხარ და ვიდრე მაცხოვარი არ უარგიყვია. ღმერთი ჯვარს ეცვა, რათა სისხლით გამოესყიდა სული შენი, შენ კი ის შეიყვარე, ვინაც ხასად გადაქცევა მოგინდომა. ღმერთმა იმის ხელთაგან სასწაულით დაგიხსნა, შენ კი ბიწიერ ვნებას გული გაუღე და ქვესკნელის სული შეიყვარე. ვინ არის იგი? ანტიქრისტეს მეგობარი და მსახური, მისი გარყვნილების და ბოროტმოქმედების მონაწილე . . . სად წაგიყვანს ვინიციუსი, თუ არა იმ უფსკრულში, იმ სოდომში, სადაც თვითონ ცხოვრობს . . . ხოლო მე გეტყვი შენ: უმჯობესი იყო მომკვდარიყავ . . . ვიდრე ეს გველი შეგპარვოდა გულში და თავისი შხამით მოეწამლე . . .
კრისპისთვის არაფერს ნიშნავდა, რომ ქალი ჯერაც წმინდად დარჩა, რომ უნდოდა ამ სიყვარულს გაქცეოდა, ნაღვლითა და მწუხარებით მოენანიებინა. კრისპს უნდოდა, ანგელოზად გარდაექმნა ლიგია და იმ სიმაღლეზე აეყვანა, სადაც მხოლოდ ქრისტეს სიყვარული სუფევს.
[და ამ დროს მოვიდნენ უფლის მოციქულები პეტრე და პავლე. გამოიკითხეს ამ მუხლმოდრეკილი ქალის ამბავი და კრისპმაც აუხსნა]
მოციქულმა ყველა ბოლომდე მოისმინა, დაიხარა და თავისი მიხრწნილი ხელი ლიგიას თავზე დაადო, თვალები კი მოხუც მღვდელს მიაპყრა და თქვა:
- კრისპ! განა არ გაგიგონია, რომ უფალი ჩვენი კანაში საქორწინო ლხინზე იყო და ქალსა და კაცს შორის სიყვარული დალოცა?
კრისპი სახტად დარჩა და გაოცებით შეხედა მოციქულს.
ხოლო პეტრემ ერთი წამის დუმილის შემდეგ ჰკითხა:
- კრისპ, როგორა გგონია, ქრისტე, ვინაც მარიამ მაგდალინელს ნება დართო, მის ფერხთით დაწოლისა და მრუშს შეუნდო, ზურგს შეაქცევდა ამ მინდვრის სუმბელივით წმინდა ბავშვს?
ლიგია ქვითინით პეტრეს მუხლებს უფრო მაგრად მიეკრა. გაიგო, რომ მის მფარველობას ტყუილად არ ეძებდა. მოციქულმა ცრემლით მორწყული სახე აუწია და მიმართა:
- ვიდრე სიმართლის დასანახად არ ეხილება თვალი მას, ვინც შენ გიყვარს, მოერიდე, რომ ცოდვაში არ ჩაგითრიოს, მაგრამ ილოცე კი მისთვის და იცოდე, შენი სიყვარული დანაშაული არ არის. და თუ გინდა ცდუნებისაგან თავი დაიფარო, ეგ ღვაწლად ჩაგეთვლება. სასოს ნუ წარიკვეთ და ნუ სტირი, ვინაიდან გეტყვი: მაცხოვრის წყალობა შენთან არს, ლოცვა შენი შესმენილ იქნება, ხოლო მწუხარების შემდეგ ბედნიერი დღე დაგიდგება.
__ ჰენრიკ სენკევიჩი __


4.15.36 Муж и жена должны быть одной веры
Быт.20,2.13.16; 24,3; 26,7-10; 28,1.2; 34,14-17 Исх.34,16 Чис.25,6.18; 36,6 Иисн.23,12 Езд.9,2; 10,3 Иез.44,22; 1Кор.7,39