1 . და გამოეცხადა უფალი აბრაჰამს მამრეს მუხნართან, როცა შუადღის პაპანაქებაში კარვის კართან იჯდა.
2 . აღაპყრო თვალები და ხედავს, სამი კაცი დგას შორიახლოს; დაინახა, კარვის კარიდან მათ შესახვედრად გაიქცა და მდაბლად სცა თაყვანი.
3 . უთხრა: "უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.
4 . ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.
5 . გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: "ისე გააკეთე, როგორც თქვი”.
6 . აჩქარებით მივიდა სარას კარავთან აბრაჰამი და უთხრა: "იჩქარე, სამი საწყაული საუკეთესო ფქვილი მოზილე და კვერები დააცხვე”.
7 . ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
8 . აიღო ერბო, რძე, მომზადებული ხბო და მიართვა, ხოლო თვითონ ხის ძირში, შორიახლოს იდგა, ისინი რომ ჭამდნენ.
9 . ჰკითხეს: "სად არის სარა, შენი ცოლი?” უპასუხა: "აქ არის, კარავში”.
10 . და თქვა ერთმა მათგანმა: "გაისად ამ დროს აუცილებლად დავბრუნდები შენთან და აჰა, ძე ეყოლება სარას, შენს ცოლს”. და ისმენდა სარა ამას კარვის შესასვლელთან, რადგან მის უკან იდგა.
11 . მოხუცები იყვნენ აბრაჰამი და სარა, ხანში შესულნი; და შეწყვეტილი ჰქონდა სარას დედათა წესი.
12 . გაეცინა სარას გულში და თქვა: "როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!”
13 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
14 . განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!”
15 . შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: "არა, გაიცინე!”
16 . ადგნენ კაცები და სოდომისკენ გაიხედეს; გაჰყვა აბრაჰამი გასაცილებლად.
17 . თქვა უფალმა: "დავუმალო აბრაჰამს, რის გაკეთებას ვაპირებ?
18 . აბრაჰამი ხომ დიდ და ძლიერ ხალხად იქცევა და მისით იკურთხება დედამიწის ყოველი ერი.
19 . რადგან იმისთვის ავირჩიე იგი, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და თავის სახლეულს თავის შემდეგ, უფლის გზით სიარული, სიმართლის ქმნა და სამართლიანობა, რათა დაუმკვიდროს უფალმა აბრაჰამს ყველაფერი, რაც აღუთქვა”.
20 . და თქვა უფალმა: "რაკი ფრიად გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე და მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები,”
21 . ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია; თვითონ შევიტყობ”.
22 . გაემართნენ ეს კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს. აბრაჰამი კი ჯერ კიდევ უფლის წინაშე იდგა.
23 . მიეახლა აბრაჰამი და უთხრა: "ნუთუ მართალსაც დაღუპავ უკეთურთან ერთად?
24 . იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25 . შორს შენგან ასეთი საქმე - რომ მართალი უკეთურთან ერთად დაღუპო და უკეთურივით იყოს მართალი! შორს შენგან - რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა, სამართლიანად არ განსაჯოს!”
26 . უთხრა უფალმა: "თუ ვპოვებ სოდომში ორმოცდაათ მართალს მთელ ქალაქში, მაშინ შევიწყალებ მაგ ადგილს”.
27 . მიუგო აბრაჰამმა: "გავკადნიერდი, რომ ვლაპარაკობ ჩემს მეუფესთან მე, მტვერი და ნაცარი.
28 . იქნებ ორმოცდაათ მართალს მხოლოდ ხუთი დააკლდეს, ნუთუ ამის გამო დაღუპავ მთელ ქალაქს?” უპასუხა: "არ დავღუპავ, თუ ვპოვებ ორმოცდახუთს!”
29 . განაგრძო აბრაჰამმა საუბარი და თქვა: "იქნებ ორმოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არც ორმოცისთვის ჩავიდენ ამას”.
30 . კვლავ თქვა აბრაჰამმა: "ნუ განრისხდები მეუფეო, მაგრამ იქნებ ოცდაათი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვებ ოცდაათს”.
31 . კვლავ უთხრა: "გავკადნიერდი, რომ ჩემს მეუფეს ველაპარაკები: იქნებ ოცი აღმოჩნდეს?” უპასუხა: "ოცისთვისაც არ დავღუპავ”.
32 . თქვა აბრაჰამმა: "ნუ განმირისხდება უფალი და ერთხელაც ვიტყვი: ათი კაცი რომ აღმოჩნდეს?” უთხრა: "არც ათისთვის დავღუპავ”.
33 . და წავიდა უფალი, როგორც კი აბრაჰამთან საუბარი დაასრულა; და დაბრუნდა აბრაჰამიც თავის ადგილზე.
1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . კვლავ ბოროტად იქცეოდნენ ისრაელიანები უფლის წინაშე; დასაჯა ისინი უფალმა და ორმოცი წლით გადასცა ფილისტიმელთა ხელს.
2 . იყო ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, მანოახი ერქვა; ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.
3 . გამოეცხადა ამ ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: "აჰა, ბერწი ხარ, შვილი არ გიშვია, მაგრამ დაორსულდები და ძეს შობ.
4 . ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო.
5 . რადგან დაორსულდები და ძეს გააჩენ. სამართებელი ნუ შეეხება მის თავს, ვინაიდან ღვთის მოწმიდარი იქნება ეს ყრმა მუცლიდანვე; და ის დაიწყებს ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან”.
6 . მივიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: "ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის შეხედულება ჰქონდა, ფრიად შემაძრწუნებელი; არ მიკითხავს, საიდან იყო და არც მას უთქვამს თავისი სახელი.
7 . მითხრა: დაორსულდები და ძეს გააჩენო; ახლა გაფრთხილდი, ღვინოსა და მაგარ სასმელს ნუ დალევ და უწმიდური არაფერი ჭამო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნებაო ეს ყრმა მუცლიდან სიკვდილამდე”.
8 . ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: "გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.
9 . შეისმინა ღმერთმა მანოახის ხმა და ისევ მოვიდა ღვთის ანგელოზი ქალთან; მდელოზე იჯდა, ხოლო მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო.
10 . ისწრაფა ქალმა, გაიქცა და უთხრა ქმარს: "აჰა, გამომეცხადა ის კაცი, იმ დღეს რომ მელაპარაკა”.
11 . ადგა, გაჰყვა თავის ცოლს მანოახი, მივიდა იმ კაცთან და უთხრა: "შენ ხარ ის კაცი, ჩემს ცოლს რომ ელაპარაკა?” უპასუხა: "მე ვარ”.
12 . უთხრა მანოახმა: "აჰა, როცა ახდება შენი სიტყვები, როგორ მოვექცეთ და რა ვუყოთ ყრმას?”
13 . უთხრა მანოახს უფლის ანგელოზმა: "მოერიდოს ყველაფერს, რაც ამ ქალს ვუთხარი.
14 . ვაზისგან მოწეული არაფერი ჭამოს, ღვინო და მაგარი სასმელი არ დალიოს და უწმიდური არაფერი შეჭამოს; დაიცვას ყოველივე, რაც ვუბრძანე”.
15 . უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: "დაყოვნდი გევედრები, სანამ თიკანს მოგიმზადებდეთ”.
16 . უპასუხა მანოახს უფლის ანგელოზმა: "რომც დავყოვნდე, მაინც არ შევჭამ შენს პურს; თუ გინდა უფალს აღუვლინე სრულადდასაწველი”. რადგან არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
17 . ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: "რა არის შენი სახელი? როცა ასრულდება შენი სიტყვა, პატივს მოგაგებთ”.
18 . უპასუხა უფლის ანგელოზმა: "სახელს რატომ მეკითხები? საკვირველია იგი”.
19 . და აიყვანა მანოახმა თიკანი, პურეული ძღვენი და კლდეზე აღუვლინა უფალს, სასწაული მოახდინა ანგელოზმა, მანოახი და მისი ცოლი კი უყურებდნენ:
20 . როცა სამსხვერპლოდან ალი ავარდა ზეცისკენ, ალს აჰყვა უფლის ანგელოზი და ამაღლდა; და დაინახეს ეს მანოახმა და მისმა ცოლმა და პირქვე დაემხნენ.
21 . გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ; და მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
22 . უთხრა მანოახმა თავის ცოლს: "სიკვდილი არ აგვცდება, რადგან ღმერთი ვიხილეთ”.
23 . მიუგო ცოლმა: "თუ ჩვენი სიკვდილი ენება უფალს, სრულადდასაწველსა და პურეულ ძღვენს არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან და არც ამ ყოველივეს გვახილვინებდა და მოგვასმენინებდა”.
24 . შვა ქალმა ძე და უწოდა სახელად სამსონი; წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.
25 . და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში, ცორყასა და ეშთაოლს შორის.
1 . დარჩით ძმურ სიყვარულში.
2 . სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.
3 . გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს თქვენც მათთან ერთად ხართ შებორკილნი; და ტანჯულნი, თითქოს მათ სხეულში იმყოფებით.
4 . ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი - შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.
5 . ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: "არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
6 . ამიტომ თამამად ვამბობთ: "უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”
7 . გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
8 . იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.
9 . არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.
10 . ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არ აქვთ კარვის მსახურებს.
11 . ვინაიდან ცხოველთა სხეულს, რომელთა სისხლი მღვდელმთავარს ცოდვებისთვის შეაქვს წმიდათა წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ,
12 . ამიტომ იესოც, იმისთვის, რომ ხალხი თავისი სისხლით განეწმიდა, კარიბჭის გარეთ იტანჯა.
13 . მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა;
14 . ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ.
15 . მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
16 . არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
17 . მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.
18 . ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილი სინდისი გვაქვს და გვსურს კეთილად ვიქცეოდეთ ყველაფერში.
19 . უფრო მეტად კი შეგაგონებთ გააკეთოთ ეს იმისთვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.
20 . ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,
21 . სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით მისი მოსაწონის საქმნელად თქვენში. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
22 . გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
23 . იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.
24 . მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდანი. მოკითხვას გითვლიან იტალიელები.
25 . მადლი ყველა თქვენგანს, ამინ!
1 . 1. მიუგო მას ტობიამ პასუხად: მამაჩემო, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეუბნები. 2. მაგრამ როგორ გამოვართვა ვერცხლი კაცს, რომელსაც არ ვიცნობ? 3. მაშინ მისცა მას ტობითმა ხელწერილი და უთხრა: აბა, მოძებნე კაცი, რომელიც გაგყვება - თანამგზავრად და მე მივცემ გასამრჯელოს, ვიდრე ცოცხალი ვარ. წადი და წამოიღე ვერცხლი. 4. წავიდა კაცის საძებნად და ნახა რაფაელი, რომელიც ანგელოზი იყო, მან კი არ იცოდა. 5. უთხრა მას: თუ შეგიძლია, წამომყვე მიდიის რაგეში და თუ იცნობ ამ ადგილებს? 6. მიუგო ანგელოზმა: წაგყვები, - გზაც ვიცი და გაბაელთანაც, ჩემს მოძმესთანაც ვყოფილვარ სტუმრად. 7. უთხრა ტობიამ: დამიცადე, ვეტყვი მამაჩემს. 8. უთხრა რაფაელმა: წადი და ნუ დაყოვნდები. 9. შევიდა ტობია და უთხრა მამას: აჰა, მოვნახე კაცი. ვინც წამყვება. მან კი უთხრა: მოიყვანე ჩემთან, რათა გავიგო, რომელი ტომისაა და თუ სანდო თანამგზავრია. 10. დაუძახა მას ტობიამ და შევიდა იგი, მიესალმნენ ერთურთს. 11. უთხრა ტობითმა: ძმაო, მითხარი, რომელი ტომიდან ხარ და სად არის შენი სამშობლო? 12. უთხრა რაფაელმა: ტომსა და სამშობლოს ეძებ, თუ ქირის კაცს, რომ გაჰყვეს შენს ძეს? უთხრა ტობითმა: მსურს გავიგო, ძმაო, რომელი საგვარეულოდან ხარ და რა გქვია. 13. უთხრა მან: მე ვარ ყაზარია, ძე დიდი ხანანიასი, შენი მოძმისა. 14. უთხრა ტობითმა: მშვიდობით იარე, ძმაო, ნუ შემომწყრები, შენს ტომსა და სამშობლოზე რომ გეკითხები. ჩემი მოძმე ყოფილხარ, კეთილი და ღირსეული საგვარეულოდან. მე ვიცნობდი ხანანიას და იათანს, დიდი შემაყიას ძეთ. ჩვენ ერთად წავედით იერუსალიმის თაყვანისსაცემად და მიგვქონდა თან ნათავარნი და მიწის ნაყოფთა მეათედი, არ შეგვიცოდავს ჩვენთა მოძმეთა ცოდვებით. კეთილი გვარი მოგდგამს, ძმაო. 15. მაგრამ მითხარი, რა გადაგიხადო გასამრჯელო? თითო დრაქმას მოგცემ დღეში და რაც დაგჭირდებათ შენ და ჩემს შვილს. 16. კიდევ დაგიმატებ გასამრჯელოს. მშვიდობით თუ დაბრუნდებით. 17. შეთანხმდნენ ამგვარად და უთხრა ტობიას: გაემზადე სამგზავროდ და კურთხეულ იყავით. გაემზადა შვილი სამგზავროდ და უთხრა მამამ: წადი ამ კაცთან ერთად. ზეციურმა ღმერთმა დაგილოცოთ გზა და მისი ანგელოზი დაგემგზავროთ. გავიდნენ ორივენი გზაზე და უკან გაჰყვა მათ ყმაწვილის ძაღლი. 18. ხოლო ხანა, ყმაწვილის დედა, ტიროდა და ეუბნებოდა ტობითს. რატომ გაუშვი ჩვენი შვილი? ჩვენი ხელების ყავარჯენი არ იყო, როცა გადიოდა და შემოდიოდა ჩვენს წინაშე? 19. ვერცხლს ვერცხლს კი ნუ უმატებ, არამედ ტალანად ჩათვალე იგი შვილის წინაშე. 20. რამდენი დღის სიცოცხლეც მოგვეცა უფლისაგან, საამისოდ საკმარისი გვაქვს. 21. უთხრა ტობითმა: ნურაფერს იტყვი, დაო, მშვიდობით დაგვიბრუნდება და იხილავენ მას შენი თვალები. 22. რადგან კეთილი ანგელოზი დაემგზავრება მას და კურთხეული. იქნება მისი გზა და მშვიდობით მობრუნდება უკან.