1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . ამის შემდეგ იყო: ლამაზი და ჰყავდა დავითის ძეს, აბესალომს, თამარი ერქვა სახელად. და შეუყვარდა იგი ყამნონს, დავითის ძეს.
2 . ისე იტანჯებოდა ყამნონი, რომ დასნეულდა თავისი დის, თამარის გამო, რადგან ქალწული იყო იგი და იცოდა ყამნონმა, რომ გაუძნელდებოდა მასთან რაიმეს გაკეთება.
3 . მეგობარი ჰყავდა ყამნონს, სახელად იონადაბი, შიმყას ძე, დავითის ძმისწული. ცბიერი კაცი იყო იონადაბი.
4 . უთხრა: "რა დაგემართა, დღითიდღე რომ ხმები უფლისწულო, არ მეტყვი?” და უთხრა ყამნონმა: "თამარი მიყვარს, ჩემი ძმის, აბესალომის და”.
5 . უთხრა იონადაბმა: "ლოგინში ჩაწექი, ვითომ ავად გახდი. მამაშენი რომ მოვა შენს სანახავად, უთხარი: გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და პური მაჭამოს-თქო; აქვე, ჩემს თვალწინ მოამზადოს საჭმელი, რომ ჩემი თვალით დავინახო და მისი ხელიდან ვჭამო-თქო”.
6 . ჩაწვა ყამნონი, ვითომ ავად გახდა. მივიდა მეფე მის სანახავად და უთხრა ყამნონმა მეფეს: "გთხოვ, ჩემი და, თამარი მოვიდეს და ჩემს თვალწინ გამოაცხოს ნამცხვარი. მინდა მისი ხელიდან ვჭამო”.
7 . გააგზავნა დავითმა თამართან სახლში და შეუთვალა: "წადი შენი ძმის, ყამნონის სახლში და საჭმელი მოუმზადე”.
8 . მივიდა თამარი თავისი ძმის, ყამნონის სახლში. ლოგინად იწვა ყამნონი. და აიღო ქალმა ცომი, მის თვალწინ მოზილა და ნამცხვრები გამოაცხო.
9 . აიღო კეცი და წინ დაუდო, მაგრამ არ შეჭამა. თქვა ყამნონმა: "გაიყვანეთ ყველანი!” ყველა გავიდა.
10 . მაშინ უთხრა ყამნონმა თამარს: "უკანა ოთახში გაიტანე საჭმელი, შენი ხელიდან შევჭამ”. აიღო თამარმა ნამცხვრები და უკანა ოთახში შეუტანა ყამნონს.
11 . და როცა მიაწოდა რომ ეჭამა, ხელი ჩაავლო ყამნონმა თამარს და უთხრა: "მოდი, დაწექი ჩემთან, ჩემო დაო”.
12 . მიუგო: "არა, ძმაო, ნუ მაიძულებ. არ უნდა მოხდეს ასეთი რამ ისრაელში, ნუ ჩაიდენ ამ სისაძაგლეს.
13 . სადღა გამოვჩნდე შერცხვენილი? შენც ერთი უგუნური კაცის სახელი გაგივარდება ისრაელში. ახლა გევედრები, ელაპარაკე მეფეს, არ დაგიჭერს ჩემს თავს”.
14 . მაგრამ, არ შეისმინა ყამნონმა მისი სიტყვები, დაიმორჩილა იგი, პატივი ახადა და იწვა მასთან.
15 . და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: "ადე, მოშორდი აქედან”.
16 . მიუგო თამარმა: "არა, წეღანდელზე უფრო დიდი ბოროტებაა ახლა ჩემი გაგდება”. მაგრამ არ ინდომა ყამნონმა მისი მოსმენა.
17 . დაუძახა მსახურ ბიჭს და უთხრა: "გაიყვანე ეს ქალი აქედან და კარი ჩარაზე”.
18 . ჭრელი მოსასხამი ემოსა ქალს, რადგან ასეთი სამოსით იმოსებოდნენ მეფის ქალწული ასულები. გაიყვანა მსახურმა ქალი და კარი ჩარაზა.
19 . ნაცარი დაიყარა თავზე თამარმა, შემოიხია ჭრელი მოსასხამი ტანზე, თავზე ხელი დაიდო და წავიდა ტირილით.
20 . უთხრა მისმა ძმამ აბესალომმა: "შენი ძმა ყამნონი იყო შენთან? დამშვიდდი, დაო. შენი ძმა არის. გულთან ნუ მიიტან ამ ამბავს”. და დარჩა თამარი თავისი ძმის, აბესალომის სახლში, განმარტოებით.
21 . გაიგო ეს ამბავი მეფე დავითმა და განრისხდა დიდად.
22 . აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი. შეიძულა აბესალომმა ყამნონი იმის გამო, რომ შეურაცხჰყო თამარი, მისი და.
23 . გავიდა ორი წელი. ცხვარს აპარსვინებდა აბესალომი ბაყალ-ხაცორში, ეფრემის სიახლოვეს. მეფის ყველა ძე მიიწვია აბესალომმა.
24 . მივიდა აბესალომი მეფესთან და უთხრა: "აჰა, ცხვრის მპარსველები ჰყავს შენს მსახურს. ეწვიოს მეფე შენს მსახურს თავის მსახურებთან ერთად”.
25 . უთხრა მეფემ აბესალომს: "არა, შვილო, ყველანი არ წამოვალთ შენთან, ტვირთად არ დაგაწვებით”. დაჟინებით სთხოვდა აბესალომი, მაგრამ არ ინება მეფემ წასვლა; კურთხევით კი აკურთხა.
26 . თქვა აბესალომმა: "თუ ასეა, გთხოვ, ჩემი ძმა ყამნონი მაინც წამოვიდეს”. უთხრა მეფემ: "რისთვის წამოვიდეს?”
27 . არ მოეშვა აბესალომი და დავითმაც გაუშვა ყამნონი და სხვა უფლისწულები.
28 . უბრძანა აბესალომმა თავის მსახურებს: "თვალყური ადევნეთ და როცა ღვინით გამხიარულდება ყამნონი, გეტყვით, დაჰკარით-მეთქი ყამნონს; თქვენც დაჰკარით და მოკალით, ნუ შეგეშინდებათ. მე გიბრძანებთ ამას, გამხნევდით და გაბედულად მოიქეცით”.
29 . ისე მოექცნენ აბესალომის მსახურები ყამნონს, როგორც ჰქონდა ნაბრძანები აბესალომს. და წამოცვივდნენ მეფის ძეები, შესხდნენ ჯორებზე და გაიქცნენ.
30 . ჯერ კიდევ გზაში იყვნენ ისინი, რომ ამბავი მოუვიდა დავითს: "ამოჟლიტაო აბესალომმა მეფის ძეები, ერთიც არ გადარჩენილა”.
31 . ადგა მეფე, შემოიხია სამოსელი და მიწაზე გაწვა. მისი სამოსელშემოხეული მსახურებიც იქვე დადგნენ.
32 . უთხრა მეფეს იონადაბმა, შიმყას ძემ, დავითის ძმისწულმა: "ნუ იფიქრებს ჩემი ბატონი, ყველა უფლისწული მოკლესო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი. ასე ჰქონდა გადაწყვეტილი აბესალომს იმ დღიდან, როცა ძალით დაწვა ყამნონი თამართან.
33 . ნუ მიიტანს გულთან მეფე, ჩემი ბატონი ამ ხმას, თითქოს მეფის ყველა ძე მოკვდაო, რადგან მხოლოდ ყამნონია მკვდარი”.
34 . გაიქცა აბესალომი. გაიხედა მოთვალთვალე მსახურმა ბიჭმა და ხედავს, უამრავი ხალხი ეშვება გზაზე, მთის ფერდობზე.
35 . და უთხრა იონადაბმა მეფეს: "აჰა, მოდიან მეფის ძეები; როგორც გეუბნებოდა შენი მსახური, ისეც მოხდა”.
36 . დაასრულა ლაპარაკი და, აჰა, მოვიდნენ მეფის ძენიც, ხმა აღიმაღლეს და ატირდნენ. დიდი ტირილით ტიროდნენ მეფეც და მისი მსახურებიც.
37 . გაიქცა აბესალომი და მივიდა თალმაი ყამიჰუდის ძესთან, გეშურის მეფესთან. ყოველდღე გლოვობდა დავითი თავის შვილს.
38 . და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.
1 . და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
2 . "ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ერთი დედის ასულნი.
3 . მეძავობდნენ ისინი ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე როსკიპობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი, იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულობის დვრილნი.
4 . მათი სახელები იყო: უფროსს ოჰოლა ერქვა, მის დას - ოჰოლიბა. ჩემები გახდნენ ისინი და შვეს ძენი და ასულნი. ეს არის მათი სახელები: ოჰოლა სამარიაა და ოჰოლიბა - იერუსალიმი.
5 . გამეძავდა ოჰოლა ჩემს ხელში, ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურელებს, თავის მეზობლებს.
6 . ძოწეულით იყვნენ შემოსილნი, სარდლები და ერისმთავრები; სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენებზე ამხედრებული ცხენოსნები;
7 . მათთან როსკიპობდა, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა; ყველა მათი კერპით შეიბილწა თავი.
8 . არ შეუწყვეტია მეძავობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან იწვა ყმაწვილობაში, მათ სრისეს მისი ნორჩი მკერდი და მასზე დაღვარეს თავიანთი გარყვნილება.
9 . ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურის ძეთა ხელში, რომლებსაც ეტრფოდა.
10 . მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, თავად კი მახვილით მოკლეს. ამიტომ იქცა იგავად ქალთა შორის, როცა სამართალი აღუსრულეს.
11 . დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა.
12 . აშურელებს ეტრფოდა, სარდლებსა და ერისმთავრებს, თავის მეზობლებს, ბრწყინვალედ შემოსილთ, ცხენებზე ამხედრებულ ცხენოსნებს, სანატრელი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
13 . დავინახე, რომ შეიბილწა - ერთი გზა ჰქონდა ორივეს.
14 . მაგრამ უმატა თავის როსკიპობას: დაინახა კედელზე მოხატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, სინგურით დახატული,
15 . წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მხედართმთავრების მსგავსნი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა.
16 . დაინახა და ვნებით აინთო მათ მიმართ; მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
17 . მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცელისთვის და შებილწეს იგი თავიანთი გარყვნილებით. მათთან ერთად შეიბილწა და გული აიყარა მათზე.
18 . გამოაჩინა თავისი როსკიპობა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე; მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა აყრილი.
19 . ის კი ამრავლებდა თავის მეძავობას, იხსენებდა რა თავისი სიყმაწვილის დღეებს, როცა ეგვიპტის ქვეყანაში მრუშობდა;
20 . ეტრფოდა იგი თავის საყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და რომელთა ვნებაც ულაყთა ვნებაა.
21 . ასე მოგნატრებია შენი სიყმაწვილის დროინდელი გარყვნილება, როცა ეგვიპტელნი გისრესდნენ ნორჩ ძუძუებს!
22 . ამიტომ, ოჰოლიბავ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, გული რომ აგიყრია მათზე, და შემოგისევ ყოველი მხრიდან.
23 . ბაბილონის ძეებს და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს, კოაელს და აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, სანატრელ ჭაბუკებს, სარდლებსა და ერისმთავრებს, მხედართმთავრებსა და სახელოვან ხალხს, ყველა ცხენოსანს;
24 . იარაღით გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ეტლებითა და უამრავი ხალხით. გარს შემოგადგებიან დარაკითა და ფარ-მუზარადით. მათ ხელთ გადაგცემ სამსჯავროდ და თავიანთი სამართლით გაგასამართლებენ.
25 . ჩემს შურს მოვაქცევ შენზე და სასტიკად მოგექცევიან; ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენნი მახვილით დაეცემიან; შენს ძეებსა და ასულებს გაირეკავენ, ცოცხლად დარჩენილებს კი ცეცხლი შეჭამს.
26 . სამოსელს გაგაძრობენ და სამკაულებს აგართმევენ.
27 . ბოლოს მოვუღებ შენს ვნებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ როსკიპობას, აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტეს მეტად აღარ გაიხსენებ.
28 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მათ ხელში ჩაგაგდებ, ვინც შეიძულე; იმათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.
29 . სიძულვილით მოგექცევიან, მთელ შენს ქონებას წაიღებენ, შიშველ-ტიტველს დაგაგდებენ და გამოჩნდება შენი მრუშობის სიშიშვლე, შენი გარყვნილება და მეძავობა.
30 . ასე დაგემართება, რადგან ერებთან მრუშობდი და კერპებით იბილწავდი თავს.
31 . შენი დის გზით დადიოდი და მის ფიალას მოგცემ ხელში.
32 . ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენი დის ფიალას დალევ, ღრმასა და ფართოს! სასაცილო და მასხრად აგდებული იქნები, რადგან ბევრს იტევს იგი.
33 . სიმთვრალითა და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთილებისა და განადგურების ფიალაა, შენი დის, სამარიის ფიალა.
34 . დალევ, ფსკერამდე ამოაშრობ, კიდეებს დაუხრავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი! - ამბობს უფალი ღმერთი.
35 . ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რადგან დამივიწყე და ზურგი მაქციე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილებისა და მრუშობის სასჯელი”.
36 . მითხრა უფალმა: "ძეო კაცისავ! გაასამართლებ ოჰოლასა და ოჰოლიბას? მაშინ გამოუცხადე მათ თავიანთი სისაძაგლეები.
37 . რადგან როსკიპობდნენ და სისხლიანი აქვთ ხელები; კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეებს, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
38 . ესეც გამიკეთეს - ჩემი საწმიდარი შებილწეს იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს.
39 . რადგან, როცა თავიანთ ძეებს სწირავდნენ კერპებს, იმავე დღეს შედიოდნენ ჩემს საწმიდარში, რომ შეებილწათ იგი. ასე იქცეოდნენ ჩემს სახლში.
40 . ამას გარდა, შორეულ ქვეყნებში აგზავნიდნენ მოციქულებს, რათა კაცები მოსულიყვნენ შენთან. და, აჰა, მოდიოდნენ კიდეც ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკაულებით იმკობდი თავს.
41 . ბრწყინვალე საწოლზე ჯდებოდი, წინ გაშლილი ტაბლა გედო, ზედ ჩემს საკმეველსა და ზეთს აწყობდი.
42 . უზრუნველი ბრბოს ხმით იყო გარემოცული, იქ შეკრებილ კაცებთან მოჰქონდათ ღვინო უდაბნოდან. სამაჯურებით გიმკობდნენ ხელებს და მშვენიერ გვირგვინებს გადგამდნენ თავზე.
43 . ვთქვი ამ მრუშობით გაცვეთილზე: დაე, მოექცნენ მას, როგორც მეძავს, რადგან ასეთია ის.
44 . შედიოდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან, ისე შედიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.
45 . მართალი კაცები გაასამართლებენ მათ მრუშობის სასამართლოთი და სისხლისღვრის სასამართლოთი, რადგან მრუშნი არიან და სისხლიანი აქვთ ხელები.
46 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი ისინი შიშის ზარსა და ძარცვა-გლეჯას!
47 . ქვით ჩაქოლავს მათ ბრბო და მახვილით აკუწავს; მათ ძეებსა და ასულებს მოსრავენ და მათ სახლებს ცეცხლში დაწვავენ.
48 . ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყველა ქალი; თქვენნაირად აღარავინ გაირყვნება.
49 . თქვენ გადაიხდით თქვენივე გარყვნილების საფასურს და სასჯელს იტვირთავთ თქვენი კერპების გამო; ასე გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!”