1 .
ან, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?
2 .
რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.
3 .
ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.
4 .
ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.
5 .
ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
6 .
ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
7 .
მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: "არ ისურვო!”
8 .
ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9 .
ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი;
10 .
და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,
11 .
რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.
12 .
ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13 .
ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით.
14 .
რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.
15 .
ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
16 .
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი.
17 .
მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
18 .
ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა!
19 .
ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20 .
ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს.
21 .
ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება.
22 .
რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ.
23 .
მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24 .
უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
25 .
ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულსა.