1 .
თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
2 .
აჰა, მე, პავლე გეუბნებით თქვენ: თუ წინადაიცვეთთ, არავითარი სარგებლობა არ გექნებათ ქრისტესგან.
3 .
და კიდევ ვმოწმობ: ყოველი წინადაცვეთილი ადამიანი ვალდებულია მთელი რჯული შეასრულოს.
4 .
თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს.
5 .
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
6 .
ვინაიდან ქრისტეში ძალა არა აქვს არც წინადაცვეთას, არც წინადაუცვეთელობას, არამედ სიყვარულით მოქმედ რწმენას.
7 .
კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?
8 .
ვინ დაგარწმუნათ? არა იმან, ვისგანაც ხართ მოწოდებულნი.
9 .
მცირე საფუარი მთელ ცომს აფუებს.
10 .
და მჯერა თქვენი უფალში, რომ სხვა აზრს არ მიიღებთ, ხოლო თქვენი შემცბუნებელი, ვინც უნდა იყოს, მსჯავრს იტვირთავს.
11 .
მე კი რისთვის ვარ დევნილი, ძმებო, თუ კვლავ წინადაცვეთას ვქადაგებ? მაშინ განქარდებოდა ჯვარზე გამოწვევა.
12 .
ო, ნეტა განიდევნებოდნენ თქვენი შემაშფოთარნი.
13 .
ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
14 .
ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
15 .
მაგრამ თუ კბენთ და ჭამთ ერთმანეთს, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.
16 .
აჰა, მე გეუბნებით: იარეთ სულიერად და აღარ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
17 .
ვინაიდან ხორცს სულის საწინააღმდეგო სურს, სულს კი - ხორცის საწინააღმდეგო; ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რათა აკეთოთ არა ის, რაც გსურთ.
18 .
და თუ სულს მიყვებით, რჯულის ქვეშ აღარ ხართ.
19 .
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა,
20 .
კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,
21 .
სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
22 .
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
23 .
სიმშვიდე, თავშეკავება - ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24 .
ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმებთან ერთად.
25 .
თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26 .
ნუ გავხდებით ამპარტავანნი, ერთმანეთის გამაღიზიანებელნი და ერთმანეთის მიმართ შურიანნი.