1 . ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრამი, როცა უფალი გამოეცხადა და უთხრა: "მე ვარ ელ შადაი - ღმერთი ყოვლისშემძლე, იარე ჩემს წინაშე და იყავი უმწიკვლო.
2 . და დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და ფრიად გაგამრავლებ”.
3 . დაემხო აბრამი პირქვე და უთხრა ღმერთმა:
4 . "აჰა, ჩემი აღთქმა შენთან - მრავალი ერის მამა იქნები!
5 . და აღარ გერქმევა სახელად აბრამი - ამაღლებული მამა, არამედ აბრაჰამი - მრავალთა მამა, ვინაიდან მრავალი ერის მამად გაქცევ!
6 . დიდად, დიდად გაგამრავლებ, ერებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან.
7 . აღთქმას ვდებ ჩემსა და შენს და შენს შთამომავლობას შორის თაობიდან თაობამდე, საუკუნო აღთქმას, რომ შენი და შენი მოდგმის ღმერთი ვიქნები.
8 . მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას, შენი ხიზნობის ქვეყანას - ქანაანს, სამარადისო სამფლობელოდ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი”.
9 . და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "შენ და შენმა შთამომავლობამ კი ჩემი აღთქმა დაიცავით ყველა თაობაში.
10 . ეს არის აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის, რომელიც თაობიდან თაობამდე უნდა დაიცვათ: წინადაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა.
11 . დაიცვითეთ ჩუჩის ხორცი და ეს იყოს ჩემსა და თქვენ შორის დადებული აღთქმის ნიშანი.
12 . რვა დღისამ დაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა თაობიდან თაობამდე, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი შთამომავალი.
13 . წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა, შენი ფულით ნაყიდმა და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე მარადიულ აღთქმად.
14 . წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც მერვე დღეს არ დაიცვეთს ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა”.
15 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "აღარ უწოდო შენს ცოლს სარაი, ამიერიდან სარა იყოს მისი სახელი.
16 . ვაკურთხებ მას და ძესაც მოგცემ მისგან; აჰა, მასაც ვაკურთხებ და გახდება იგი ერების დედა; ხალხთა მეფენი წარმოიშობიან მისგან”.
17 . პირქვე დაემხო აბრაჰამი, გაეცინა და თქვა გულში: "ნუთუ ასი წლის კაცს შეეძინება შვილი? ნუთუ ოთხმოცდაათი წლის სარა დაბადებს?”
18 . და უთხრა აბრაჰამმა ღმერთს: "ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!”
19 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "არა, შენი ცოლი, სარა შობს შენთვის ძეს, სახელად ისაკს დაარქმევ და მასთან დავდებ სამარადისო აღთქმას მისი შთამომავლობისათვის.
20 . ისმაელისთვისაც გისმინე და მასაც ვაკურთხებ, ნაყოფიერს გავხდი და ფრიად გავამრავლებ, თორმეტ მთავარს წარმოშობს და დიდ ერად ვაქცევ.
21 . მაგრამ ჩემს აღთქმას ისაკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად ამ დროს”.
22 . დაამთავრა ღმერთმა აბრაჰამთან ლაპარაკი და ამაღლდა მისგან.
23 . ადგა აბრაჰამი და წინადაუცვითა ისმაელს, თავის ძეს, ასევე მის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც ფულით ჰყავდა ნაყიდი, აბრაჰამის სახლის ყოველ მამრს, სწორედ იმ დღეს, როგორც უთხრა ღმერთმა.
24 . ოთხმოცდაცხრამეტი წლის იყო აბრაჰამი, როცა ჩუჩა დაიცვითა.
25 . ისმაელი, მისი ძე, ცამეტი წლის იყო, როცა ჩუჩა დაიცვითა.
26 . სწორედ ამ დღეს დაიცვითეს აბრაჰამმა და მისმა ძემ ისმაელმა.
27 . მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელებისგან ფულით ნაყიდმა, მასთან ერთად დაიცვითა.
1 . როცა, იორდანეს გამოღმა, დასავლეთისკენ მცხოვრები ამორელებისა და ზღვისპირა ქანაანელების მეფეებმა გაიგეს, როგორ დააშრო უფალმა იორდანეს წყლები ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე გადალახავდნენ, შეუკრთათ გული და მხნეობა აღარ შერჩათ ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
2 . უთხრა უფალმა იმ დროს იეშუას: "გაიკეთე ბასრი დანები და კვლავ წინადაცვითე ისრაელის ძენი”.
3 . გაიკეთა იეშუამ ბასრი დანები და წინადაცვითა ისრაელის ძენი, ჩუჩის ბორცვთან.
4 . აი, რის გამო წინადაცვითა იეშუამ: ყოველი მამრი, ბრძოლისუნარიანი, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიდა, უდაბნოს გზაზე დაიხოცა, მას მერე, რაც გამოვიდნენ ეგვიპტიდან.
5 . წინადაცვეთილი იყო ეგვიპტიდან ყოველი გამომსვლელი, ხოლო ყველა, ვინც გამოსვლის შემდეგ დაიბადა უდაბნოში, არ ყოფილა წინადაცვეთილი.
6 . რადგან ორმოცი წელი იარეს ისრაელიანებმა უდაბნოში, ვიდრე არ დაიხოცა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომლებიც ეურჩნენ უფლის ხმას, რისთვისაც დაიფიცა უფალმა, რომ ვერ იხილავდნენ მიწას, რომელიც აღუთქვა მათ მამებს, სადაც რძე და თაფლი მოედინება.
7 . ამ ურჩი თაობის ნაცვლად მათი ძენი აღზარდა; სწორედ ესენი წინადაცვითა იეშუამ, რადგან წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, იმის გამო, რომ ვერ დაცვეთდნენ გზაში.
8 . დაასრულა მთელმა ხალხმა წინადაცვეთა და დარჩნენ განკურნებამდე თავის ადგილებზე ბანაკში.
9 . უთხრა უფალმა იეშუას: "დღეს მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი”. და დღემდე ამიტომ ეწოდება ამ ადგილს სახელად გილგალი.
10 . დაიბანაკეს ისრაელის ძეებმა გილგალში და აღასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოს, იერიხოს ველებზე.
11 . პასექის მეორე დღეს კი ჭამეს ამ მიწის ნაყოფთაგან ხმიადი და იმავე დღეს - მოხალული მარცვლეული;
12 . და შეწყდა მანნა მას შემდეგ, მეორე დღეს, რაც შეჭამეს მიწის ნაყოფი; აღარ ყოფილა ისრაელიანთათვის მანნა და ჭამდნენ იმ წელს ქანაანის მოსავალს.
13 . აღაპყრო იეშუამ თვალი იერიხოში ყოფნისას და აჰა, კაცი იდგა მის წინაშე და გაშიშვლებული მახვილი ეპყრა ხელთ; წავიდა იეშუა მისკენ და ჰკითხა: "ჩვენიანი ხარ, თუ მოწინააღმდეგე?”
14 . უპასუხა: "არა, უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი”. პირქვე დაემხო იეშუა მიწაზე, თაყვანი სცა და უთხრა: "რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?”
15 . უთხრა იეშუას უფლის მხედრობის თავმა: "გაიხადე ფეხსამოსი, რადგან ადგილი, რომელზეც დგახარ, წმიდაა”. ასეც მოიქცა იეშუა.
1 . ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს.
2 . მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში,
3 . ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.
4 . ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
5 . ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება,
6 . ერთია ღმერთი და მამა ყოველთა, რომელიც არის ყოველთა ზედა, ყოველივეს მეშვეობით და ყველაფერში.
7 . ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული აქვს მადლი ქრისტეს საჩუქრის ზომისამებრ.
8 . ამიტომ ამბობს: "ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვეობა და საჩუქრები უბოძა ადამიანებს”.
9 . ავიდა კი რა არის, თუ არა ის, რომ იგი დედამიწის ყველაზე ღრმა მხარეებშიც ჩავიდა?
10 . ჩასული კი იგივეა, რაც ასული ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე.
11 . და მან მოგვცა ერთნი მოციქულებად, მეორენი წინასწარმეტყველებად, ზოგნი მახარებლებად, ზოგნი კი მწყემსებად და მასწავლებლებად,
12 . რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
13 . ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას, რათა გარდავიქმნათ სრულქმნილ კაცად, ქრისტეს სისრულის ასაკის ზომისამებრ.
14 . რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და წარიტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
15 . არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
16 . ვის მიერაც მთელი სხეული, ერთად შერწყმული და შეერთებული ყოველგვარი სახსრით, რომლითაც არის აღჭურვილი, სხეულის თითოეული ასოს სათანადო მოქმედებით ახორციელებს სხეულის ზრდას, თავისი თავის სიყვარულში აღსაშენებლად.
17 . ამიტომ ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ დავდიოდეთ ისე, როგორც სხვა წარმართნი დადიან თავიანთი გონების ამაოებაში,
18 . დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
19 . ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
20 . ხოლო თქვენ ასე როდი გისწავლიათ ქრისტე,
21 . რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი - ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
22 . რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება,
23 . და განიახლოთ თქვენი გონება სულით,
24 . და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
25 . ამიტომ განიშორეთ სიცრუე და თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკოს თავის მოყვასს, ვინაიდან ერთიმეორის ნაწილები ვართ.
26 . განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
27 . ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
28 . მომპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით აკეთოს სიკეთე, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი.
29 . არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი - საჭიროებისამებრ ასაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელთ.
30 . ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
31 . ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.
32 . იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.