1 . საღამო ჟამს ორი ანგელოზი შევიდა სოდომში, ლოტი კი ქალაქის კარიბჭესთან იჯდა. ისინი რომ დაინახა, ადგა, წინ მიეგება და მიწამდე სცა თაყვანი.
2 . თქვა: "ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!” უპასუხეს: "არა, მოედანზე გავათევთ ღამეს”.
3 . მაგრამ ფრიად ემუდარა მათ ლოტი და მათაც შეუხვიეს და შევიდნენ მის სახლში. ნადიმი გაუმართა ლოტმა; ხმიადები დაუცხო და ჭამეს.
4 . სანამ დაწვებოდნენ, მოვიდნენ სოდომის მკვიდრნი ჭაბუკიდან მოხუცამდე და სახლს შემოეხვივნენ ყველანი.
5 . დაუძახეს ლოტს და უთხრეს: "სად არიან ის კაცები, ღამით რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ”.
6 . გამოვიდა ლოტი მათთან გარეთ და გამოიხურა კარი.
7 . უთხრა: "ძმებო, ნუ იზამთ ამ უკეთურებას.
8 . აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც ჯერ არ შეუცვნიათ მამაკაცი; თქვენთან გამოვიყვან და რაც გენებოთ, ის უყავით; ოღონდ ამ კაცებს ნურაფერს დაუშავებთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ შემოვიდნენ”.
9 . უთხრეს: "აქედან მოშორდი!” კვლავ უთხრეს: "ვიღაც უცხო მოსულხარ ხიზნად და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარესს შენ დაგმართებთ!” მიესივნენ ლოტს და კარების შემტვრევა მოინდომეს.
10 . მაგრამ ხელი გამოიწოდეს ლოტის სტუმრებმა, ლოტი შინ შეიყვანეს და კარი ჩაკეტეს.
11 . ხოლო ისინი, სახლის კარს რომ ამტვრევდნენ, დიდიან-პატარიანად დააბრმავეს და ქანცი გაუწყდათ კარის ძებნაში.
12 . ჰკითხეს ლოტს სტუმრებმა: "კიდევ ვინ გყავს აქ? ძენი, ასულნი, სიძეები - გაიყვანე აქედან ყველა, ვინც შენიანია ამ ქალაქში.
13 . რადგან გავანადგურებთ ამ ადგილს, რაკი სამდურავი ამაღლდა მასზე უფლის წინაშე და მის გასანადგურებლად მოგვავლინა ჩვენ უფალმა.
14 . გამოვიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, მისი ასულები რომ უნდა ეთხოვათ. უთხრა: "ადექით, წადით აქედან, რადგან ამ ადგილის განადგურებას აპირებს უფალი”. სასიძოებს ეგონათ ხუმრობსო.
15 . განთიადისას, ააჩქარეს ანგელოზებმა ლოტი ამ სიტყვებით: "ადექი და წაიყვანე შენი ცოლი და ორი ქალიშვილი, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო ქალაქის ურჯულოების გამო”.
16 . მაგრამ აყოვნებდა ლოტი და ჩასჭიდეს ხელი იმ კაცებმა მას, მის ცოლსა და ორ ასულს, მათდამი უფლის წყალობის გამო, და ქალაქის გარეთ გაიყვანეს ისინი.
17 . გარეთ რომ გაიყვანეს, უთხრა ერთმა მათგანმა: "თუ თქვენი სიცოცხლის ხსნა გინდათ, უკან ნუ მიიხედავთ და ნურც ამ დაბლობზე გაჩერდებით! მთას შეეფარეთ, თორემ დაიღუპებით!”
18 . და უთხრა ლოტმა: "არა, ბატონო!
19 . აჰა, რადგან მადლი ჰპოვა შენმა მსახურმა შენს თვალში და დიდია წყალობა, რომელიც არ დაიშურე ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად, მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და მოვკვდე!”
20 . აჰა, ახლოსაა ეს ქალაქი გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა. იქ შევეფარები და გადავირჩენ თავს”.
21 . უთხრა: "ამ თხოვნასაც შეგისრულებ და არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე.
22 . იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
23 . ამოვიდა მზე ქვეყანაზე და ლოტმაც მიაღწია ცოყარს.
24 . და აწვიმა უფალმა სოდომს და გომორას გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან ციდან.
25 . დაამხო ეს ქალაქები და მთელი მათი შემოგარენი; ყოველი მკვიდრი ამ ქალაქებისა და ყოველი მცენარე მიწისა.
26 . უკან მიიხედა ლოტის ცოლმა და იქცა მარილის სვეტად.
27 . ადგა დილაადრიანად აბრაჰამი და წავიდა იმ ადგილისაკენ, სადაც უფალს ელაპარაკა.
28 . გაიხედა სოდომისა და გომორასაკენ და, აჰა, ხედავს კვამლი ისე ასდის მიწას, როგორც ღუმელს.
29 . როცა ღმერთი ამ ტაფობის ქალაქებს ამხობდა, გაიხსენა ღმერთმა აბრაჰამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა იმ ქალაქებს ანადგურებდა, სადაც ლოტი ცხოვრობდა.
30 . აიყარა ლოტი ცოყარიდან და თავის ორ ასულთან ერთად მთაში დასახლდა, რადგან ცოყარში ცხოვრების ეშინოდა და ცხოვრობდნენ ისინი მღვიმეში.
31 . უთხრა უფროსმა ქალიშვილმა უმცროსს: "მოხუცდა მამაჩვენი, აქ კი მამაკაცი არ არის, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც ქვეყნის წესია.
32 . მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო, დავათროთ, მივუწვეთ და გავაგრძელოთ მამაჩვენის შთამომავლობა.
33 . დაალევინეს თავიანთ მამას ღვინო იმ ღამეს; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.
34 . და მეორე დღეს უთხრა უფროსმა უმცროსს: "აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან. ამაღამაც დავალევინოთ ღვინო; მიდი, შენც მიუწექი და გავამრავლოთ მამაჩვენის შთამომავლობა”.
35 . იმ ღამითაც დაალევინეს ღვინო მამას; და უმცროსი დაც მიუწვა მამას. ლოტმა ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა
36 . და დაორსულდა ლოტის ორივე ასული თავისი მამისაგან.
37 . ეყოლა უფროსს ძე და სახელად მოაბი დაარქვა. ის არის მოაბელთა მამა დღემდე.
38 . უმცროსსაც ეყოლა ძე, დაარქვა სახელად ბენ-ყამი და თქვა: "ძე ჩემი მოდგმისა”. ის არის ყამონელთა მამა დღემდე.
1 . ამ ამბების შემდეგ გამოსცადა ღმერთმა აბრაჰამი; დაუძახა: "აბრაჰამ!” და უპასუხა: "აქა ვარ!”
2 . მან უთხრა: "წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ”.
3 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, შეკაზმა სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი თავისი ძე. დააპო შეშა სრულადდასაწველისთვის და იმ ადგილისკენ გაეშურა, რომელზეც ღმერთმა მიანიშნა.
4 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა მესამე დღეს და შორიდან დაინახა ის ადგილი.
5 . უთხრა აბრაჰამმა მსახურებს: "თქვენ სახედართან დარჩით, მე და ჩემი ვაჟი კი წავალთ, თაყვანს ვცემთ და მოვბრუნდებით”.
6 . აიღო აბრაჰამმა სამსხვერპლო შეშა და თავის ძეს, ისაკს აჰკიდა ზურგზე, თვითონ ცეცხლი და დანა აიღო ხელში და წავიდნენ ერთად.
7 . უთხრა ისაკმა აბრაჰამს: "მამა!” და მიუგო აბრაჰამმა: "აქა ვარ, შვილო!” ჰკითხა მას ისაკმა: "ცეცხლი და შეშა გვაქვს, მაგრამ სრულადდასაწველი კრავი სად არის?”
8 . უთხრა აბრაჰამმა: "ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.
9 . მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა აბრაჰამმა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი ძე, ისაკი და დასვა იგი სამსხვერპლო შეშაზე.
10 . გაიწოდა აბრაჰამმა ხელი და აიღო დანა შვილის დასაკლავად.
11 . მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და დაუძახა: "აბრაჰამ, აბრაჰამ!” უპასუხა: "აქა ვარ!”
12 . უთხრა: "ნუ აღმართავ ხელს ამ ყრმაზე, ნურაფერს დაუშავებ, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ძე, შენი ერთადერთი, ჩემთვის!”
13 . აღაპყრო თვალები აბრაჰამმა და დაინახა ვერძი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. მივიდა აბრაჰამი, აიყვანა ის ვერძი და შესწირა სრულადდასაწველ მსხვერპლად, თავისი ძის ნაცვლად.
14 . და უწოდა აბრაჰამმა ამ ადგილს სახელად "იაჰვე ირე” - უფალი გამოაჩენს, რაც დღემდე ასე გამოითქმის - "მთაზე უფალი გამოჩნდა”.
15 . და მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაჰამს ციდან.
16 . უთხრა: "გეფიცები, ამბობს უფალი, რაკი ეს საქმე გააკეთე და არ დაზოგე შენი ერთადერთი ძე ჩემთვის,
17 . ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენ შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს და ქვიშას ზღვის ნაპირზე. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
18 . და იკურთხება შენს თესლში დედამიწის ყოველი ერი, რადგან შეისმინე ჩემი ხმა”.
19 . დაბრუნდა აბრაჰამი თავის მსახურებთან; ადგნენ და წავიდნენ ბეერ-შებაყისკენ. და დამკვიდრდა აბრაჰამი ბეერ-შებაყში.
20 . ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაჰამს: "მილქამაც შვა ძენი ნახორისათვის, შენი ძმისათვის:
21 . ყუცი, მისი პირმშო, ბუზი, მისი ძმა, კემუელი - არამის მამა,
22 . ქესედი, აზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი”.
23 . ბეთუელი გახდა რებეკას მამა. ეს რვა ვაჟი უშვა მილქამ ნახორს, აბრაჰამის ძმას.
24 . მის ხარჭას, სახელად რეუმახს, ასევე ეყოლა ვაჟები: თებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
1 . მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაავალა: "ცოლი ქანაანის ასულთაგან არ შეირთო.
2 . წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და დედაშენის ძმის, ლაბანის ასულთაგანი შეირთე ცოლად;
3 . ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს, გაგამრავლოს და გაქციოს მრავალრიცხოვან ხალხებად.
4 . მოგცეს შენ აბრაჰამის კურთხევა, შენ და შენს შთამომავლობას შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაჰამს”.
5 . გაგზავნა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელი ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6 . დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და შუამდინარეთში ცოლის შესართავად გაგზავნა და რომ კურთხევისას უთხრა: "არ შეირთო ცოლი ქანაანის ასულთაგან”.
7 . და რომ გაუგონა იაკობმა თავის დედ-მამას და წავიდა შუამდინარეთში.
8 . დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს, ქანაანელი ასულები.
9 . წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაჰამის ძის, ისმაელის ასული, და ნებაიოთისა, სხვა ცოლების გვერდით.
10 . წავიდა იაკობი ბეერ-შებაყიდან და ხარანისკენ გაემართა.
11 . მიადგა ერთ ადგილს და რაკი მზე ჩაესვენა, ღამე იქ გაათია. აიღო ერთი ქვა იმ ადგილიდან, სასთუმლად დაიდო და დაწვა იმ ადგილას.
12 . და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თხემი ზეცას სწვდებოდა; ზედ კი უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩადიოდნენ.
13 . აჰა, უფალი იდგა მასზე და უთხრა: "მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაჰამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, შენ და შენს თესლს მოგცემთ.
14 . ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება შენი თესლი, განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით; და შენით და შენი შთამომავლობით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი.
15 . შენთან ვარ და დაგიფარავ ყველგან, სადაც კი წახვალ; დაგაბრუნებ ამ მიწაზე და არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ იმას, რაც გითხარი”.
16 . გაიღვიძა იაკობმა და თქვა: "ჭეშმარიტად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!”
17 . შეშინდა და თქვა: "რა გასაოცარი ადგილი ყოფილა! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა ღვთის სახლი და ზეცის კარიბჭე!”
18 . ადგა იაკობი დილაადრიან, აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა.
19 . და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი - ღვთის სახლი; მანამდე კი ლუზი ერქვა იმ ქალაქს.
20 . დადო იაკობმა აღთქმა და თქვა: "თუ ღმერთი ჩემთან იქნება და დამიცავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგავარ, მომცემს პურს საჭმელად, სამოსს შესამოსად
21 . და მშვიდობით დამაბრუნებს მამაჩემის სახლში, მაშინ უფალი იქნება ჩემი ღმერთი.
22 . და ეს ქვა, რომელიც აღვმართე სვეტად, ღვთის სახლი იქნება და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი”.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
2 . მზად იყავი განთიადისთვის; ამოდი დილას სინაის მთაზე და იქ, მთის წვერზე დადექი ჩემთან
3 . არავინ გამოგყვეს და ნურც ვინმე გამოჩნდება მთელ მთაზე, არც ცხვარმა და ძროხამ მოძოვოს ამ მთის წინ”.
4 . და გამოთალა მოსემ პირველთა მსგავსად, ქვის ორი დაფა, ადგა სისხამ დილით და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა; ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში.
5 . ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
6 . გაიარა უფალმა მის წინაშე და წარმოთქვა: "უფალი, უფალი, ღმერთი, შემბრალე და მოწყალე, რისხვაში ნელი, დიდადმოწყალე და ჭეშმარიტი.
7 . უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
8 . ისწრაფა მოსემ, მიწამდე მოიდრიკა და თაყვანი სცა უფალს.
9 . თქვა: "ო, უფალო, აჰა, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, გემუდარები, ჩვენს შორის იაროს ჩემმა უფალმა, რადგან ქედმაგარია ეს ხალხი; მოგვიტევე ჩვენი დანაშაული და ცოდვები და გვაქციე შენს სამკვიდროდ”.
10 . თქვა უფალმა: "აჰა, ვდებ აღთქმას; და ისეთ სასწაულებს მოვახდენ მთელი შენი ხალხის წინაშე, რომელიც არცერთ ერში არ მომხდარა მთელ დედამიწაზე; და დაინახავს ყველა ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, უფლის საქმეებს, რომელთა მოხდენასაც გიპირებ, რადგან შიშისმომგვრელია ისინი.
11 . დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს. აჰა, განვდევნი შენგან ამორელებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს.
12 . გაფრთხილდი, კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებლებთან, რომელშიც შეხვალ, რათა მახედ არ გექცეს.
13 . დაანგრიეთ მათი სამსხვერპლონი, შემუსრეთ მათი ძეგლები, აჩეხეთ მათი აშერები.
14 . რადგან თაყვანი არ უნდა სცე სხვა ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი და ეჭვიანია იგი.
15 . კავშირი არ შეკრა იმ ქვეყნის მაცხოვრებლებთან, რადგან, როგორც კი იმეძავებენ თავ-თავისი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ თავის ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათი საკლავისგან.
16 . მოუყვან მათ ასულთაგან ცოლებს შენს ძეებს და როგორც კი მათი ასულნი თავ-თავისი ღმერთების კვალზე იმეძავებენ, შენი ძეებიც იმეძავებენ მათი ღმერთების კვალზე.
17 . ნუ გაიკეთებ ჩამოსხმულ ღმერთებს.
18 . დაიცავი უფუარობის დღესასწაული; ხმიადი ჭამე შვიდი დღე, როგორც გიბრძანე, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.
19 . ყოველი მამრი, საშოს პირველგამღები ჩემია და ასევე ყოველი პირველმონაგები ხვადი შენი ჯოგიდან, მოზვერი იქნება თუ კრავი.
20 . პირველმონაგები სახედარი კრავით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, მაშინ ქედი გადაუმტვრიე; ყოველი პირმშო შენს ძეებში უნდა გამოისყიდო. არავინ გამოჩნდეს ჩემს წინაშე ხელცარიელი.
21 . ექვსი დღე იმუშავე, მეშვიდე დღეს კი დაისვენე; ხვნისა და მკის დროსაც დაისვენე.
22 . იზეიმე შვიდეულის დღესასწაული: პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული, წლიდან წლამდე.
23 . წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამროვანი უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე.
24 . განვდევნი შენგან ერებს, განვავრცობ შენს საზღვრებს და აღარავინ დაეხარბება შენს ქვეყანას, თუ წარსდგები სამჯერ წელიწადში უფლის, შენი ღმერთის წინაშე.
25 . ნუ დამიღვრი ჩემი შესაწირის სისხლს საფუარიან პურზე და ნუ მოიტოვებ საპასექო დღესასწაულის მსხვერპლს დილამდე.
26 . შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.
27 . უთხრა უფალმა მოსეს: "ჩაიწერე ეს სიტყვები, ვინაიდან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენც და ისრაელსაც”.
28 . და იყო მოსე უფალთან ორმოცი დღე და ორმოცი ღამე: პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია; და დაწერა დაფებზე აღთქმის სიტყვები, ათი მცნება.
29 . სინაის მთიდან ჩამოსვლისას მოწმობის ორივე დაფა ხელში ეჭირა მოსეს და არ იცოდა, რომ ბრწყინავდა მისი სახის კანი, უფალთან საუბრის გამო.
30 . დაინახა აჰარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე; აჰა, ბრწყინავდა მისი სახის კანი და შეეშინდათ მასთან მიახლოება.
31 . დაუძახა მათ მოსემ და დაბრუნდა მასთან აჰარონი თემის ყველა მთავართან ერთად. ელაპარაკა მათ მოსე.
32 . ამის შემდეგ მიუახლოვდა ყველა ისრაელიანი და ამცნო მათ ყველაფერი, რაც უთხრა უფალმა სინაის მთაზე.
33 . დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი და ჩამოიფარა სახეზე რიდე.
34 . როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე; გამოსვლისას კი ამცნობდა ისრაელიანებს, რაც უფლისგან ჰქონდა ნაბრძანები.
35 . ხედავდნენ ისრაელის შვილები, რომ უბრწყინავდა მოსეს სახე; და ჩამოიფარებდა ხოლმე რიდეს სახეზე, სანამ კვლავ უფალთან მივიდოდა სალაპარაკოდ.
1 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაიძრა შიტიმიდან და მივიდა იორდანესთან, ის და ისრაელის ყველა ძე; იქ გაათიეს, ვიდრე გავიდოდნენ გაღმა.
2 . სამი დღის შემდეგ ზემდეგნი გავიდნენ ბანაკში;
3 . და ასე უბრძანეს ხალხს: "როცა დაინახავთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმის კიდობანს და მის მზიდველ, ლევიან მღვდლებს, მაშინ წამოიმართებით თქვენი ადგილიდან და გაჰყვებით მას.
4 . ორი ათასი წყრთის მანძილზე უნდა მიჰყვეთ მას, ნუ მიუახლოვდებით, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც ივლით, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ”.
5 . უთხრა იეშუამ ხალხს: "განიწმიდეთ, რადგან სასწაულებს აღასრულებს ხვალ თქვენ შორის უფალი”.
6 . უთხრა იეშუამ მღვდლებს: "აიღეთ აღთქმის კიდობანი და წაუძეხით ამ ხალხს”. აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.
7 . უთხრა უფალმა იეშუას: "ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც.
8 . ასე უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მზიდველებს: "როგორც კი იორდანეს კიდეს მიაღწევთ, შეჩერდით!”
9 . უთხრა იეშუამ ისრაელის ძეებს: "მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის სიტყვები”.
10 . თქვა იეშუამ: "ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენ შორის და ის განდევნის თქვენგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს, გირგაშელებს, ამორელებსა და იებუსელებს;
11 . აჰა, თქვენ წინაშე გადალახავს იორდანეს აღთქმის კიდობანი, რომელიც მთელი დედამიწის უფალს ეკუთვნის.
12 . ახლა გამოიყვანეთ თორმეტი კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან.
13 . როგორც კი იორდანეს წყალში მთელი დედამიწის უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლების ტერფები ჩაიდგმება, ზევიდან მომდინარე იორდანეს წყლები ქვემო წყლებს გამოეყოფა და ერთ კედლად აღიმართება”.
14 . დაიძრა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახად, აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მიუძღოდნენ წინ;
15 . და როგორც კი მივიდნენ კიდობნის მზიდველნი იორდანესთან და შეეხნენ წყალს კიდობნის მზიდველ მღვდელთა ტერფნი - იორდანე კი მკის მთელი ხნის განმავლობაში თავისი ნაპირებიდან გადმოდის
16 . - შეჩერდა დაღმა მომდინარე წყალი და ერთ კედლად აღიმართა შორ მანძილზე: ცართანის გვერდით, ქალაქ ადამიდან ყარაბას ანუ მარილოვან ზღვამდე, მთლიანად გაიპო და გადავიდა ხალხი იერიხოს პირდაპირ.
17 . მშრალად იდგნენ უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი მღვდლები იორდანეს შუაში, ფსკერზე, და მშრალად გადადიოდა ყოველი ისრაელიანი, ვიდრე მთელმა ერმა არ დაასრულა იორდანეს გადალახვა.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ახლა იხილავ, რას ვუზამ ფარაონს, რადგან აიძულებს ჩემი მაგარი ხელი გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გააძევოს თავისი ქვეყნიდან”.
2 . ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: "მე ვარ უფალი!
3 . მე გამოვეცხადე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს ყოვლისშემძლე ღმერთად, მაგრამ ჩემი სახელი - უფალი - არ გავუმხილე მათ.
4 . აღთქმაც დავუდე, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი ხიზნობის ქვეყანას, სადაც ხიზნობდნენ ისინი.
5 . და გავიგონე ისრაელის შვილთა კვნესა, რომლებიც დაიმონეს ეგვიპტელებმა, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6 . ამიტომ უთხარი ისრაელის შვილებს: მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა უღლიდან, მე გადაგარჩენთ მათ მონობას და მე გამოგისყიდით გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით.
7 . მიგიღებთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენი ღმერთი; და გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი - თქვენი გამომყვანი ეგვიპტელთა უღლიდან.
8 . და მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ მივცემდი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მე მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი”.
9 . ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის შვილებს, მაგრამ არ უსმინეს მას სულმოკლეობისა და მძიმე უღლის გამო.
10 . და კვლავ ელაპარაკა უფალი მოსეს:
11 . "შედი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის შვილები თავისი ქვეყნიდან”.
12 . მაგრამ ასე ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე: "აჰა, ისრაელის შვილებმა არ ისმინეს ჩემი და ფარაონი როგორღა მომისმენს, მე - ბაგემძიმეს?”
13 . და ელაპარაკა უფალი მოსეს და აჰარონს, და მისცა მათ ბრძანება ისრაელის შვილებისა და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გამოეყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან ისრაელის შვილები.
14 . ესენი არიან მთავრები თავ-თავისი მამების სახლეულისა: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი: ესაა რეუბენის სახლი.
15 . სიმონის ძენი: იემუელი და იამინი, ოჰადი და იაქინი, ცოხარი და შაული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის სახლი.
16 . აჰა ლევის ძეთა სახელები თავ-თავისი გვარტომობით: გერშონი, კეჰათი და მერარი. და იყო ლევის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
17 . ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავისი სახლეულით.
18 . კეჰათის ძენი: ყამრამი და იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი. და იყო კეჰათის ცხოვრების წლები ას ოცდაცამეტი.
19 . მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის სახლეული თავ-თავისი გვარტომობით.
20 . და შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად: და შვა ქალმა აჰარონი და მოსე. და იყო ყამრამის ცხოვრების წლები ას ოცდაჩვიდმეტი.
21 . იცჰარის ძენი: კორახი, ნეფეგი და ზიქრი.
22 . ყუზიელის ძენი: მიშაელი, ელცაფანი და სითრი.
23 . და მოიყვანა აჰარონმა ცოლად ელიშებაყი, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის და; და შვა ქალმა მისთვის ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
24 . კორახის ძენი: ასირი, ელკანა და აბიასაფი: ესენი არიან კორახის სახლეული.
25 . ელეაზარმა, აჰარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ასულთაგანი შეირთო; შვა ქალმა მისთვის ფინხასი. ესენია ლევის ტომთა მამამთავრები თავ-თავისი სახლეულებით.
26 . ეს ის აჰარონი და მოსეა, რომელთაც უთხრა უფალმა: "გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან თავ-თავისი რაზმების მიხედვით”.
27 . ისინი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ეგვიპტიდან ისრაელის ძეთა გამოსაყვანად. ესენი იყვნენ მოსე და აჰარონი.
28 . ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.
29 . უთხრა უფალმა მოსეს: "მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები”.
30 . და თქვა მოსემ უფლის წინაშე: "ბაგემძიმე ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?”
1 . ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა მიდიანს შვიდი წლით.
2 . დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, მიდიანის გამო მთებში გაიკეთეს ბუნაგები ისრაელის ძეებმა და მღვიმეებსა და მიუვალ ადგილებში გაიხიზნენ.
3 . მოამთავრებდა თუ არა ისრაელი თესვას, მოვიდოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი, აღმოსავლეთის ძენი და თავს ესხმოდნენ მათ,
4 . მათ მიწაზე ბანაკდებოდნენ და სპობდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, არ ტოვებდნენ საზრდოს ისრაელში, არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5 . ამოდიოდნენ თავისი ჯოგებითა და კარვებით, მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, თვლა არ ჰქონდათ არც მათ და არც მათ აქლემებს; შეესეოდნენ ისრაელის მიწას და აჩანაგებდნენ.
6 . მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.
7 . და როცა შეჰღაღადეს უფალს მიდიანის გამო ისრაელის ძეებმა,
8 . მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა, ასე ამბობსო უფალი, ისრაელის ღმერთი: "მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9 . გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან. მე განვდევნე ისინი თქვენგან და მე მოგეცით მათი ქვეყანა.
10 . გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ნუ გექნებათ ამორელთა ღმერთების შიში, რომელთა მიწაზეც ცხოვრობთ-მეთქი, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა”.
11 . მოვიდა უფლის ანგელოზი და დაჯდა ყოფრაში, აბიყეზერელი იოაშის მუხის ქვეშ; გედეონი კი მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა მიდიანელთაგან დაემალა.
12 . ეჩვენა მას უფლის ანგელოზი და უთხრა: "უფალი შენთანაა, ძლიერო მებრძოლო!”
13 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! უფალი რომ ჩვენთან იყოს, ასეთი საქმე რატომ დაგვემართებოდა? სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიამბობდნენ: განა უფალმა არ გამოგვიყვანაო ეგვიპტიდან? ახლა მიგვატოვა უფალმა და ჩაგვაგდო მიდიანის ხელში!”
14 . მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: "წადი, მაგ შენი ძალით და იხსენი ისრაელი მიდიანის ხელისგან. განა მე არ გაგზავნი?”
15 . უთხრა გედეონმა: "ბატონო! რით ვიხსნა ისრაელი? აჰა, ჩემი ოჯახი ყველაზე მცირეა მენაშეს ტომში, მე კი ყველაზე უმცროსი ვარ მამაჩემის სახლში”.
16 . უფალმა უპასუხა: "მე ვიქნები შენთან და ერთი კაცივით მოსრავ მიდიანს”.
17 . უთხრა გედეონმა: "თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, მიჩვენე რამე ნიშანი, რომ შენ მელაპარაკები.
18 . ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, ძღვენს მოგართმევ და დავდებ შენ წინაშე”. უპასუხა: "შენს დაბრუნებამდე მოვიცდი”.
19 . წავიდა გედეონი, თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები მოამზადა, კალათში ჩააწყო, წვენი ქილაში ჩაასხა, მიიტანა მუხის ქვეშ და მიართვა.
20 . უთხრა უფლის ანგელოზმა: "აიღე ხორცი და ხმიადები, ამ ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი”. ასეც მოიქცა.
21 . გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა და მისი ბოლო ხორცსა და ხმიადებს შეახო; ცეცხლი ავარდა ქვიდან და შთანთქა ხორცი და ხმიადები; ამის შემდეგ თვალს მიეფარა უფლის ანგელოზი.
22 . დარწმუნდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და თქვა: "ვაი მე, უფალო ღმერთო, რადგან უფლის ანგელოზი ვიხილე პირისპირ!”
23 . უთხრა უფალმა: "მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები”.
24 . სამსხვერპლო აუშენა იქ უფალს გედეონმა და უწოდა (იაჰვე-შალომ) უფალი მშვიდობაა. დღემდე დგას იგი აბიყეზერელთა ყოფრაში.
25 . უთხრა უფალმა იმ ღამით გედეონს: "აიყვანე მამაშენის მოზვერი და მეორე მოზვერი, შვიდწლიანი, დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, რომელიც მამაშენს უდგას, აშერა კი, მის გვერდით რომაა, აჩეხე.
26 . და სამსხვერპლო აუშენე უფალს, შენს ღმერთს ამ კლდეზე, იმ ადგილზე, რომელზეც მიგითითებ; მერე აიღე და სრულადდასაწველად აღავლინე მეორე მოზვერი იმ აშერას ხით, რომელსაც აჩეხავ”.
27 . წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან და ისე მოიქცა როგორც უთხრა უფალმა; მაგრამ თავის მამისსახლისა და ქალაქის მკვიდრთა შიშის გამო, ვერ გაბედა დღისით გაეკეთებინა ეს საქმე, ამიტომ ღამით გააკეთა.
28 . ადგნენ დილით ადრე იმ ქალაქის მკვიდრნი, და აჰა, დანგრეულია ბაყალის სამსხვერპლო, გვერდით აშერა რომ იყო, აჩეხილია, ხოლო მოზვერი ახლად აშენებულ სამსხვერპლოზეა აღვლენილი.
29 . ჰკითხეს ერთმანეთს: "ვინ ჩაიდინა ეს საქმე?” გამოიძიეს, გამოიკითხეს და თქვეს: "გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს საქმე”.
30 . უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: "გამოიყვანე შენი ძე და მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და აშერა კი გვერდით რომ იყო, აჩეხა”.
31 . უთხრა იოაშმა მის წინააღმდეგ გამოსულებს: "ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ იხსნით მას? ვინც მას გამოესარჩლება, მოკვდება დილამდე! თუ ღმერთია, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, რადგან სამსხვერპლო დაუნგრიეს”.
32 . და უწოდეს იმ დღიდან იერუბაყალი, რადგან თქვეს: "დაე, ბაყალი გამოესარჩლოს თავის თავს სამსხვერპლოს დანგრევისთვის”.
33 . იმ დროს შეიყარა მთელი მიდიანი, ყამალეკი და აღმოსავლეთის ძენი, გადალახეს იორდანე და დაბანაკდნენ იზრეყელის ველზე.
34 . უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
35 . მოციქულები დაგზავნა მენაშეს ტომში და გამოვიდნენ მის დაძახილზე; მოციქულები დაგზავნა აშერთან, ზებულონთან და ნაფთალთან; ისინიც გამოვიდნენ მათ შესახვედრად.
36 . და უთხრა გედეონმა ღმერთს: "თუ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი,
37 . აჰა, გავშლი მატყლის საწმისს კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იდება, მთელი მიწა კი მშრალი იქნება, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც მითხარი”.
38 . ასეც მოხდა; მეორე დღეს დილაადრიანად ადგა, გამოწურა საწმისი და მთელი თასი წყალი გამოადინა.
39 . უთხრა გედეონმა ღმერთს: "ნუ აინთება შენი რისხვა ჩემზე თუ გეტყვი, რომ კიდევ ერთხელ მინდა გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი, ხოლო მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს”.
40 . ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს; მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მიწაზე კი ცვარი იდო.
1 . უთხრა სამუელმა საულს: "უფალმა წარმომგზავნა, რომ მეცხე მისი ხალხის, ისრაელის მეფედ; ახლა მოისმინე უფლის სიტყვები.
2 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: მახსოვს, როგორ მოექცა ყამალეკი ისრაელს, როცა წინ აღუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.
3 . ახლა წადი და დაეცი ყამალეკს და გაანადგურე ყველაფერი, რაც გააჩნია. ნუ დაზოგავ, მოკალი ყოველი მამაკაცი, დედაკაცი, ყრმა და ძუძუმწოვარი, ყოველი ხარი, კრავი, აქლემი და სახედარი”.
4 . შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ტელაიმში ორასი ათასი ქვეითი და ათი ათასი კაცი იუდას ტომიდან.
5 . მიადგა საული ყამალეკის ქალაქს და ხევში ჩასაფრდა.
6 . უთხრა საულმა კენიელთ: "წადით, განშორდით, გადით ყამალეკელთაგან, რომ თქვენც არ მოგსრათ მათთან ერთად, ვინაიდან კეთილად მოექეცით ისრაელს ეგვიპტიდან გამოსვლისას”. და განშორდნენ კენიელნი ყამალეკელებს.
7 . და გაანადგურა საულმა ყამალეკი ხავილადან შურის მისადგომებამდე, რომელიც ეგვიპტის პირდაპირაა.
8 . აგაგი, ყამალეკის მეფე ცოცხლად შეიპყრო, დანარჩენი ხალხი კი მოსპო, მახვილის პირით ამოხოცა.
9 . მაგრამ დაზოგეს საულმა და ხალხმა აგაგი, აგრეთვე საუკეთესო ცხვარი და საქონელი, ნასუქი ვერძები და ყოველივე საუკეთესო. არ ისურვეს მათი მოსპობა, ხოლო ყოველივე უმნიშვნელო და ცუდი მოსპეს.
10 . და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
11 . "ვწუხვარ, რომ გავამეფე საული, რადგან ზურგი მაქცია და არ გაჰყოლია ჩემს ბრძანებებს”. დამწუხრდა სამუელი და მთელი ღამე შეღაღადებდა უფალს.
12 . მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: "აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.
13 . მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: "კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.
14 . მაგრამ თქვა სამუელმა: "მაშ ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს?”
15 . უთხრა საულმა: "ყამალეკისგან გამორეკეს; ხალხმა საუკეთესო ცხვარი და საქონელი დაზოგა, რომ უფალს, შენს ღმერთს შესწიროს. დანარჩენი კი გავანადგურეთ”.
16 . მიუგო სამუელმა საულს: "მაცადე და გეტყვი, რაც წუხელ მითხრა უფალმა”. თქვა საულმა: "ილაპარაკე”.
17 . უთხრა სამუელმა: "განა უღირსად არ მიგაჩნდა თავი, როცა ისრაელის ტომთა თავად და ისრაელის მეფედ გცხო უფალმა?!
18 . წარგგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა: წადი და ააოხრე ეს ცოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ!
19 . რატომ არ შეისმინე უფლის ხმა, რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოიქეცი ბოროტად უფლის თვალში?”
20 . უპასუხა საულმა სამუელს: "ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა უფალმა. მოვიყვანე აგაგი, ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკელი ავაოხრე.
21 . მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარ-ძროხა, დარისხებულის საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის, შეეწირათ მსხვერპლად გილგალში”.
22 . მაგრამ მიუგო სამუელმა: "განა ისევე ეამება უფალს სრულადდასაწველნი და მსხვერპლნი, როგორც უფლის ხმის მორჩილება? აჰა, მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა - ვერძის ლურთებზე.
23 . რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.
24 . მიუგო საულმა სამუელს: "შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
25 . ახლა გთხოვ, შემინდე ცოდვა, დაბრუნდი ჩემთან ერთად და ვცეთ უფალს თაყვანი”.
26 . უპასუხა საულს სამუელმა: "არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან უარყავი უფლის სიტყვა და უფალმაც უარყო შენი მეფობა ისრაელზე”.
27 . გამობრუნდა სამუელი წამოსასვლელად, მაგრამ მოსასხამის კალთას ჩაებღაუჭა საული და მოგლიჯა იგი.
28 . მაშინ უთხრა სამუელმა: "ასე გამოგგლიჯა დღეს უფალმა ისრაელის სამეფო და მისცა იგი შენს მოყვასს, შენზე უკეთესს.
29 . არ იცრუებს და არ გადაიფიქრებს ისრაელის დიდება, რადგან ადამიანი არაა, რომ გადაიფიქროს”
30 . მიუგო საულმა: "შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რათა თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს”.
31 . გაჰყვა სამუელი საულს და თაყვანი სცა საულმა უფალს.
32 . მასთან შებორკილი აგაგი, რადგან ფიქრობდა ნამდვილად ამცდაო მწარე სიკვდილი!
33 . უთხრა სამუელმა აგაგს: "როგორც შენმა მახვილმა დატოვა ქალები შვილების გარეშე, ისე დედაშენი იყოს ქალთა შორის შვილმკვდარი”. და აჩეხა სამუელმა აგაგი გილგალში, უფლის წინაშე.
34 . წავიდა სამუელი რამაში, საული კი გიბყაში, თავის სახლისკენ გაემართა
35 . და აღარ უნახავს სამუელს საული თავისი დარჩენილი სიცოცხლის დღეებში, მაგრამ წუხდა სამუელი საულისთვის, რადგან ინანა უფალმა, საული რომ გაამეფა ისრაელზე.
1 . იყო კაცი ვინმე ყუცის ქვეყანაში, სახელად იობი. უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული იყო ეს კაცი.
2 . შვიდი ძე და სამი ასული შეეძინა მას.
3 . საქონელი ჰყავდა: შვიდი ათასი ცხვარი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ხრდალი ვირი და ფრიად მრავალი მსახური; აღმოსავლეთის ყველა ძეზე მეტად იყო განდიდებული ეს კაცი.
4 . მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ.
5 . ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.
6 . და მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად და სატანაც მივიდა მათ შორის.
7 . ჰკითხა უფალმა სატანას: "საიდან მოხვედი?” მიუგო სატანამ უფალს: "ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.
8 . უთხრა უფალმა სატანას: "თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? არავინაა მასავით უბიწო, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული კაცი დედამიწაზე”.
9 . მიუგო სატანამ უფალს: "განა ამაოდაა იობი ღვთისმოშიში?
10 . განა შენ არ აღმართე ზღუდე მისი სახლისა და მთელი საბადებლის გარშემო? შენგან ეკურთხა ნახელავი მისი და დიდად გამრავლდა ჯოგები მისი ქვეყანაზე.
11 . აბა, გაიწოდე ხელი და შეეხე ყოველივეს, რაც გააჩნია, თუ მაშინვე პირში არ დაგიწყოს გმობა!”
12 . უთხრა უფალმა სატანას: "აჰა, ყოველივე, რაც გააჩნია, შენს ძალაუფლებაშია, ოღონდ თავად მასზე ნუ აღმართავ ხელს!” და გასცილდა სატანა უფლის სახეს.
13 . ერთ დღეს მისი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
14 . მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: "ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ მათ გვერდით,
15 . შებაელნი დაესხნენ თავს და წაასხეს, მსახურები კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
16 . ჯერ ლაპარაკი არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა მეორე და თქვა: "ღვთის ცეცხლი დაეშვა ზეციდან, ცხვარი და მსახურები გადაბუგა და შთანთქა ისინი; მეღა გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
17 . ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა კიდევ მოვიდა სხვა და თქვა: "სამ მწკრივად დაეწყვნენ ქალდეველნი, აქლემებს დაესხნენ თავს და გაირეკეს, მსახურნი კი მახვილით მოსრეს; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
18 . ამას რომ ამბობდა, მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: "შენი ძენი და ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ უფროსი ძმის სახლში.
19 . აჰა, ძლიერმა ქარიშხალმა დაბერა უდაბნოდან, წარხოცა სახლის ოთხივე კუთხე, ნანგრევები ზედ დაემხოთ ჭაბუკებს და მოკვდნენ; მხოლოდ მე გადავრჩი შენთვის ამბის საუწყებლად!”
20 . ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მიწას დაემხო და თაყვანი სცა.
21 . თქვა: "შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”
22 . ამ ყველაფერშიც არ შეუცოდავს იობს და არც ღვთისთვის დაუბრალებია რაიმე უგუნურად.
1 . დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
2 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
3 . ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
5 . იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
6 . აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
7 . ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
8 . მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
9 . და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
10 . და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
11 . ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
12 . და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
13 . ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
14 . მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
15 . ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
16 . გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17 . უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
18 . მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19 . ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
20 . მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21 . კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
22 . გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23 . იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
24 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
25 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
26 . არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
27 . ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
28 . და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
29 . სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
30 . სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
31 . მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
32 . საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
33 . მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
34 . ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
35 . განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
36 . სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
37 . იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
38 . უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
39 . დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
40 . მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
41 . შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
42 . მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
43 . მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
44 . უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
45 . ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
1 . აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში თავიანთ შესაწირს ყრიდნენ მდიდრები.
2 . დაინახა ღარიბი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო,
4 . ვინაიდან ყველამ მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირიდან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა”.
5 . როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებითა და შეწირულობებით არისო დამშვენებულიო, მიუგო:
6 . "დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი ჩამოიქცევა”.
7 . მათ ჰკითხეს: "მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?”
8 . მან კი უთხრა: "იფხიზლეთ, რომ არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, მე ვარ და მოახლოებულიაო ის ჟამი. ნუ გაჰყვებით მათ.
9 . ომებისა და შფოთის ამბებს რომ შეიტყობთ, ნუ შეძრწუნდებით; ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან მყისვე არ დადგება აღსასრული”.
10 . უთხრა მათ: "აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ.
11 . იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებები და დიდი ნიშნები ზეციდან;
12 . მაგრამ სანამ ეს ყოველივე მოხდება ხელს დაგადებენ ჩემი სახელის გამო და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს გადაგცემენ, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ.
13 . ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
14 . ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.
15 . რადგან მე მოგცემთ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
16 . გადაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავენ.
17 . და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო.
18 . მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
19 . მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.
20 . ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს რომ დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრების დღე.
21 . მაშინ, ვინც იუდეას იქნება, მთებში გაიხიზნოს; ვინც იერუსალიმში - გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად იქნება, ნუღარ დაბრუნდება უკან.
22 . რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
23 . ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, რადგან დიდი უბედურება იქნება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
24 . მახვილის პირით დაეცემიან, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში და წარმართნი გათელავენ იერუსალიმს, სანამ არ დასრულდება წარმართთა დღეები.
25 . იქნება ნიშნები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზე, დედამიწაზე კი ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვისა და ტალღების ღრიალის გამო.
26 . ხალხს გული წაუვა შიშით და დედამიწაზე მომავალთა მოლოდინით, რადგან შეირყევიან ციური ძალები.
27 . მაშინ იხილავენ ძე კაცისას, ღრუბლებზე მომავალს, ძალითა და დიადი დიდებით.
28 . როგორც კი დაიწყება ამის ახდენა, გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი გამოსყიდვა”.
29 . უთხრა მათ იგავი: "შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
30 . როცა გაიკვირტებიან, შეხედავთ და ხვდებით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
31 . ასევე, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოა ღმერთის სამეფო.
32 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
33 . ცა და დედამიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან!”
34 . "გაფრთხილდით, რომ არ დაგიმძიმდეთ გულები ღრეობით, ლოთობითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე.
35 . ვინაიდან მახესავით დაეცემა თავს მთელი დედამიწის მკვიდრთ.
36 . ამიტომ, იფხიზლეთ ყოველ ჟამს. ილოცეთ, რომ შეძლოთ თავის დაღწევა ყოველივესგან, რაც უნდა მოხდეს და წარსდგეთ ძე კაცისას წინაშე!”
37 . დღისით იესო ტაძარში იყო და ასწავლიდა, ღამღამობით კი ზეთისხილისად წოდებულ მთაზე ადიოდა.
38 . დილაობით დიდძალი ხალხი მიდიოდა ტაძარში მის მოსასმენად.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . უთხრა უფალმა იეშუას: "ნუ გეშინია და ნურც შეძრწუნდები; თან წაიყვანე მთელი მებრძოლი ხალხი, ადექი და ადი ჰაღაიზე. ნახე, შენს ხელთ ჩამიგდია ჰაღაის მეფე, მისი ხალხი, ქალაქი და ქვეყანა.
2 . იგივე დამართე ჰაღაის და მის მეფეს, რაც იერიხოსა და მის მეფეს დამართე, მხოლოდ ნადავლი და პირუტყვი წამოასხით თქვენთვის. საფარი მოიწყვეთ ქალაქის უკან”.
3 . ადგა იეშუა და მთელი მებრძოლი ხალხი ჰაღაიზე დასაცემად; ამოარჩია იეშუამ ოცდაათი ათასი მაგარი ვაჟკაცი და ღამით გაგზავნა.
4 . უბრძანა: "აჰა, საფარი უნდა მოაწყოთ ქალაქის წინააღმდეგ, ქალაქის უკან; შორს ნუ გასცდებით ქალაქს; ყველანი მზად იყავით;
5 . მე და ჩემთან მყოფი ხალხი, ქალაქს მივადგებით; როგორც კი მაშინდელივით გამოვლენ ჩვენს წინააღმდეგ, გავექცევით.
6 . დაგვედევნებიან, ქალაქიდან გამოვიყვანთ, რადგან იტყვიან, მაშინდელივით გარბიანო და ჩვენც გავიქცევით.
7 . მაშინ ადგებით საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს; ხელში ჩაგაგდებინებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8 . ქალაქს რომ დაიპყრობთ, ცეცხლი წაუკიდეთ, უფლის სიტყვისამებრ მოიქეცით; აჰა, ნაბრძანები მაქვს”.
9 . გაგზავნა ისინი იეშუამ და ჩასხდნენ საფარში, ბეთელსა და ჰაღაის შორის, ჰაღაის დასავლეთით. ხალხთან გაათია ის ღამე იეშუამ.
10 . ადგა იეშუა დილაადრიანად, დაათვალიერა ხალხი და წაუძღვა ჰაღაისკენ ისრაელის უხუცესებთან ერთად.
11 . ავიდნენ მასთან მყოფი მებრძოლები, მიუახლოვდნენ, გაუსწორდნენ ქალაქს და დაბანაკდნენ ჰაღაის ჩრდილოეთით. ხევი იყო ჰაღაისა და მათ შორის.
12 . აიყვანა ხუთი ათასამდე კაცი და ბეთელსა და ჰაღაის შორის, ქალაქის დასავლეთით ჩაასაფრა.
13 . ქალაქის ჩრდილოეთით დაბანაკდა მთელი ხალხი, ჩასაფრებული რაზმი კი - ქალაქის უკან, დასავლეთით; იმ ღამეს შუაგულ ველზე გავიდა იეშუა.
14 . როგორც კი დაინახა ეს ჰაღაის მეფემ, ისწრაფეს, ადრიანად ადგნენ ქალაქის კაცები და გამოვიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად, ის და მთელი მისი ხალხი, დანიშნულ დროს, ყარაბას წინ; არ იცოდა, რომ ქალაქის უკან მტერი იყო ჩასაფრებული.
15 . თითქოს დამარცხდნენო, უკუიქცნენ მათგან იეშუა და მთელი ისრაელი, უდაბნოსკენ მიმავალი გზით.
16 . ყიჟინა დასცა ჰაღაიში მყოფმა ხალხმა, ერთად შეიყარნენ და გამოედევნენ იეშუას; მოსწყდნენ ქალაქს.
17 . კაცი არ დარჩა ჰაღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ დადევნებოდა, ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელს დაედევნენ.
18 . უთხრა უფალმა იეშუას: "გაიწოდე ჰაღაიზე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან ხელში ჩაგაგდებინებ მას”. და გაიწოდა იეშუამ შუბი, ხელში რომ ეჭირა, ქალაქისკენ.
19 . როდესაც გაიწოდა ხელი იეშუამ, საჩქაროდ წამოიმართნენ ჩასაფრებულნი თავისი ადგილიდან, სირბილით შეცვივდნენ ქალაქში, დაიპყრეს და მაშინვე ცეცხლი წაუკიდეს.
20 . უკან მოიხედეს ჰაღაის კაცებმა და დაინახეს, რომ ქალაქიდან ასული კვამლი ცას სწვდებოდა, აღარ შერჩათ გასაქცევი ძალა, არც იქით და არც აქეთ, უდაბნოსკენ გაქცეული ხალხი კი მდევრებს შემოუბრუნდა.
21 . დაინახა იეშუამ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი და კვამლი ასდის ქალაქს, მობრუნდნენ და მოსრეს ჰაღაის კაცები.
22 . ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ შესახვედრად და ისრაელიანებს შორის აღმოჩდნენ ჰაღაელნი, ზოგი აქეთ, ზოგი იქით; მუსრეს ისინი და არავინ გაუშვეს ცოცხალი,
23 . ჰაღაის მეფე კი ცოცხლად შეიპყრეს და მიჰგვარეს იეშუას.
24 . როცა დაასრულა ისრაელმა ყოველი ჰაღაელის მუსვრა ველზე და უდაბნოში, სადამდეც სდიეს და დაეცა ყველა მახვილის პირით, მაშინ გაბრუნდა ისრაელი ჰაღაისკენ და შემუსრა იგი მახვილით.
25 . იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან თორმეტი ათასი სული, მამაკაცი და დედაკაცი დაეცა.
26 . იეშუას მანამდე არ დაუშვია შუბგაწვდილი ხელი, ვიდრე არ ამოწყდა ჰაღაის ყველა მცხოვრები.
27 . მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა ისრაელმა ამ ქალაქიდან, უფლის ბრძანების მიხედვით, როგორც უბრძანა იეშუას.
28 . გადაწვა იეშუამ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად, უკაცრიელ ადგილად აქცია იგი დღემდე.
29 . ჰაღაის მეფე ხეზე ჩამოკიდა საღამომდე, მზის ჩასვლისას ბრძანა იეშუამ და ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვების დიდი გროვა აღმართეს, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
30 . მაშინ აუგო იეშუამ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31 . როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ძეებს. ისე ააგო, როგორც რჯულის წიგნში ეწერა მოსეს, სამსხვერპლო მთლიანი ქვებისგან, რომლებზეც რკინა არ აღმართულა; მასზე აღუვლინეს უფალს სრულადდასაწველები და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
32 . და გადაწერა იეშუამ იმ ქვებზე მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მოსეს ისრაელის ძეთა წინაშე.
33 . მთელი ისრაელი, მისი უხუცესები, ზემდგომნი და მისი მსაჯულები აქეთ-იქით ედგნენ კიდობანს, უფლის აღთქმის კიდობნის მზიდველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი ასევე მკვიდრი. ერთი ნახევარი გერიზიმის მთის პირდაპირ იდგა, მეორე ნახევარი - ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრე ბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის საკურთხებლად.
34 . ამის შემდეგ წაიკითხა იეშუამ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, როგორც რჯულის წიგნშია ჩაწერილი.
35 . არ დარჩა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, რომ არ წაეკითხა იეშუას მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების, პატარების და ხიზნების წინაშე, რომლებიც ცხოვრობდნენ მათ შორის.
1 . 1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა! 2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე! 3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება - უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის, 4. რადგან მისი სამეფოს მსახურნი იყავით და მართლად არ განსაჯეთ, არც რჯული დაიცავით და არც ღვთის ნებისაებრ წარემართეთ. 5. ზარდამცემად და მეყსეულად გამოგეცხადებათ, რადგან აღზევებულთა მსჯავრი მკაცრი იქნება. 6. ბეჩავი კაცი შეწყალების ღირსია, მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან. 7. რადგან სახეს არ მოარიდებს მათ ყოველთა მეუფე და არც მათ სიდიადეს შეუშინდება, რადგან მცირეცა და დიდიც მისი შექმნილია და ერთნაირად იზრახავს ყველასათვის. 8. ძლიერებს კი მკაცრი ელოდებათ განკითხვა. 9. ასე, რომ თქვენთვისაა, ჰოი, ხელმწიფევ, ჩემი სიტყვები, რათა ისწავლოთ სიბრძნე და არ შეცდეთ. 10. რადგან სიწმიდეთა სიწმიდით შემნახველნი განიწმიდებიან და გამართლებას იპოვიან მასში განსწავლულნი. 11. მაშ, დაეწაფეთ ჩემს სიტყვებს, შეიყვარეთ და განისწავლენით. 12. შუქმფენი და უჭკნობია სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილგანსაჭვრეტი და იპოვნიან მას მისი მძებნელნი. 13. წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ. 14. დილაადრიანად მისი მძებნელი არ დაიღლება, რადგან თავის კართან იპოვის ჩამომჯდარს. 15. მისი შემეცნების სურვილი გონების სრულქმნაა და ვინც მისთვის ფხიზლობს, საზრუნავთაგან თავს სწრაფად დაიხსნის. 16. რადგან თავადვე ეძებს თავის ღირსებას, გზებზე მოწყალედ ეცხადება და ყოველი ფიქრისას წინ ეგებება. 17. მისი დასაბამი სწავლის ჭეშმარიტი სურვილია, ხოლო სწავლაზე ზრუნვა მისი სიყვარულია; 18. სიყვარული კი მისი კანონების დაცვაა და კანონთა დაცვა უკვდავების საწინდარია. 19. და უკვდავება ხომ ღმერთთან გვაახლოებს. 20. ამიტომაც სიბრძნის წყურვილი მეფობამდე გვამაღლებს. 21. ამიტომ, ტახტითა და სკიპტრით რომ ხარობთ, ხალხთა მბრძანებელნო, პატივი მიაგეთ სიბრძნეს, რათა საუკუნოდ იმეუფოთ. 22. ხოლო რა არის სიბრძნე და როგორ იშვა, გამოგიცხადებთ და არ დაგიმალავთ საიდუმლოებებს, არამედ მოვძებნი მის კვალს შესაქმის დასაბამიდანვე, ნათელს მოვფენ მის შემეცნებას და ჭეშმარიტებას გვერდს არ ავუვლი. 23. არც შურით ჩამომდნართან ერთად ვივლი, რადგან შურიანი ვერ ეზიარება სიბრძნეს. 24. ბრძენთა სიმრავლე სოფლის ხსნაა და გონიერი მეფე - ხალხის სიმტკიცე. 25. ამგვარად, განისწავლეთ ჩემი სიტყვებით და მარგებელი იქნება თქვენთვის.
1 . გაზაფხულზე, როცა საბრძოლველად გამოდიოდნენ მეფენი, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხით და მთელი ისრაელი; და მოსრეს ყამონიანები და ალყა შემოარტყეს რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
2 . ერთ საღამოს, ადგა დავითი თავისი საწოლიდან და სამეფო სახლის ბანზე იწყო სიარული. ბანიდან მობანავე ქალი დაინახა; ძალზე ლამაზი იყო ქალი.
3 . და გაგზავნა დავითმა ქალის ამბის გამოსაკითხად; უთხრეს: "ბათ-შებაყია, ელიყამის ასული, ურია ხეთელის ცოლი”.
4 . მოციქულები გაგზავნა დავითმა და წამოაყვანინა ქალი, და როცა მოვიდა ქალი, დაწვა მასთან დავითი. განიწმიდა თავისი უწმიდურებისგან და დაბრუნდა ქალი თავის სახლში.
5 . დაორსულდა ქალი და შეუთვალა დავითს: "ორსულად ვარ”.
6 . შეუთვალა იოაბს დავითმა: "გამომიგზავნე ურია ხეთელი”. იოაბმაც გამოუგზავნა.
7 . მივიდა ურია მასთან და გამოჰკითხა დავითმა იოაბის, ჯარისა და ომის ამბავი.
8 . უთხრა დავითმა ურიას: "წადი სახლში და ფეხები დაიბანე”. გავიდა ურია დავითის სახლიდან და მეფის ძღვენი გააყოლეს უკან.
9 . მაგრამ ურიამ ის ღამე მეფის სახლის კართან გაათია, თავისი ბატონის მსახურებთან ერთად, სახლში არ წასულა ურია.
10 . უთხრეს დავითს, "სახლში არ წავიდა ურია”. ჰკითხა დავითმა: "ხომ ნამგზავრი იყავი? სახლში რატომ არ წახვედი?”
11 . უთხრა ურიამ დავითს: "როცა უფლის კიდობანი, ისრაელი და იუდა კარვებში არიან, ჩემი ბატონი იოაბი და ჩემი ბატონის მსახურნი ველზე ბანაკობენ, როგორ წავიდე სახლში, როგორ ვჭამო და ვსვა, როგორ დავწვე ცოლთან? შენ თავს ვფიცავ, ვერ მოვიქცევი ასე!”
12 . უთხრა დავითმა ურიას: "დღესაც დარჩი და ხვალ გაგაგზავნი”. და დარჩა ურია იერუსალიმში იმ დღეს და მეორე დილას.
13 . მოიპატიჟა ურია დავითმა, ჭამა და სვა მის წინაშე. დაათრო დავითმა ურია. და გამოვიდა საღამოს თავისი ბატონის მსახურებთან დასაწოლად, სახლში არ წავიდა.
14 . დილით წერილი მისწერა დავითმა იოაბს და ურიას ხელით გაუგზავნა.
15 . დაწერა: "დააყენეთ ურია იქ, სადაც სასტიკი ბრძოლა გელით და მერე მიატოვეთ, რომ მოკვდეს”.
16 . როცა იოაბმა ქალაქი დაზვერა, ურია იქ დააყენა, სადაც იცოდა, რომ მამაცი მებრძოლები იდგნენ.
17 . გამოვიდნენ ქალაქის კაცები და შეებრძოლნენ იოაბს. დაეცნენ მეომრები, დავითის კაცთაგან, მოკვდა ურია ხეთელიც.
18 . და გააგზავნა კაცი იოაბმა მეფესთან ბრძოლის ამბის შესატყობინებლად.
19 . უბრძანა მაცნეს: "ბოლომდე უამბე მეფეს ბრძოლის ამბავი,
20 . თუ გაბრაზდა მეფე და გითხრა: რატომ მიუახლოვდით ქალაქს ასე ახლოს საბრძოლველად? განა არ იცოდით, რომ გალავნიდან დაგიწყებდნენო სროლას?
21 . ვინ მოკლა აბიმელექი, იერუბეშეთის ძე? განა გალავნიდან დედაკაცის ნასროლმა წისქვილის ქვის ნატეხმა არ მოკლა თებეცში? რატომ მიუახლოვდითო გალავანს? მაშინ ეტყვი: შენი მსახური ურია ხეთელიც მოკვდა-თქო”.
22 . წავიდა მაცნე, მივიდა და ყველაფერი უამბო დავითს, რისთვისაც გააგზავნა იოაბმა.
23 . უთხრა მაცნემ დავითს: "როცა მოგვეძალა მტერი და ველზე გამოვიდა ჩვენს წინააღმდეგ, შევუტიეთ და ქალაქის კარიბჭემდე ვდიეთ.
24 . მოისარებმა გალავნიდან ისრები დაუშინეს შენს მსახურებს, ბევრი გაწყდა მეფის მსახურთაგან, შენი მსახური ურია ხეთელიც მოკვდა”.
25 . უთხრა დავითმა მაცნეს: "იოაბს გადაეცი, ნუ დაგანაღვლიანებს-თქო ეს ამბავი, რადგან მახვილი ხან ერთს ჭამს, ხან მეორეს. მაგრად შეუტიე ქალაქს და დაამხე-თქო. ასე გაამხნევე იოაბი”.
26 . გაიგო ურიას ცოლმა, რომ მოკვდა ურია, მისი ქმარი და გლოვობდა იგი თავისი ქმრის გამო.
27 . გლოვის დღეები რომ გავიდა, მოაყვანინა დავითმა ქალი თავის სახლში, ცოლად დაისვა და უშვა ვაჟი. და ეს საქმე, რაც ჩაიდინა დავითმა, ბოროტება იყო უფლის თვალში.
1 . "რატომ არ დაადგინა ვადები ყოვლადძლიერმა? და რად ვერ ხედავენ მისი შემცნობელნი მის დღეებს?
2 . საზღვრებს ანაცვლებენ ბოროტეულნი, ნახირს იტაცებენ და მწყემსავენ;
3 . ობოლთა სახედრებს ერეკებიან და ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;
4 . გაჭირვებულს ხელს კრავენ გზიდან; ერთიანად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი.
5 . აჰა, უდაბნოს ველური სახედრებივით გადიან თავის საქმეზე, საზრდოს საძებრად; ტრამალი აძლევს მათ პურს მათი შვილებისთვის.
6 . სხვის ყანაში იმკიან და ბოროტეულთა ვენახებს კრეფენ;
7 . შიშვლად ათევენ, უსამოსელოდ, წასაფარებელი არა აქვთ სიცივეში;
8 . მთების თქეშში ილუმპებიან და შესაფარებლად კლდეს ეკვრიან.
9 . ძუძუდან მოსწყვეტენ ობოლს და მიჰყავთ ღარიბისგან გირაოდ.
10 . შიშვლები დაწანწალებენ უსამოსლოდ და მშივრები დაატარებენ ძნებს.
11 . ზეთს ხდიან მათ სამყოფელში და ყურძენს წურავენ საწნახლებში, თავად კი წყურვილით იტანჯებიან;
12 . კვნესის ხალხი ქალაქში და შველას ითხოვენ დაჭრილთა სულები, ღმერთი კი ყურს არ უგდებს მათ ვედრებას;
13 . სინათლის წინააღმდეგ ამბოხებულთაგან არიან ესენი, არ აღიარებენ მის გზებს და არ რჩებიან მის ბილიკებზე.
14 . განთიადზე დგება მკვლელი, კლავს ღარიბსა და გლახაკს, ღამით კი ქურდობს.
15 . მრუშის თვალი კი ამბობს ბინდის მოლოდინში: "ვერავინ დამინახავს და საფარველს იფარებს სახეზე”.
16 . სახლებს ძირს უთხრიან ბნელში, დღისით კი თავისთვის იკეტებიან, არ იციან ნათელი;
17 . წყვდიადი მათთვის დილაა, რადგან შეეთვისნენ ბნელეთის საშინელებებს;
18 . ქაფივით არიან წყლის ზედაპირზე; დაწყევლილია მათი წილი ქვეყანაზე და ვეღარ დაუბრუნდებიან თავიანთი ვენახების გზას.
19 . გვალვა და სიცხე შთანთქავს თოვლის წყალს, შავეთი კი - ცოდვილებს;
20 . დაივიწყებს მათ დედის საშო, დატკბება მათით მატლი და ჭია, აღარავის გაახსენდება, ხესავით გატყდება ბოროტი;
21 . ბერწსა და უშვილოს რომ თრგუნავს, და კეთილად არ ექცევა ქვრივს;
22 . ძლიერებსაც ძლევს თავისი ძლიერებით, წამოდგებიან, მაგრამ სიცოცხლის იმედი აღარ ექნებათ.
23 . სიმშვიდეს აძლევს მათ, თუმცა თვალს არ აშორებს მათ გზებს;
24 . ცოტა ხნით აღზევდებიან და, აჰა, აღარ არიან; ეცემიან და კვდებიან ყველას მსგავსად, და თავთავებივით მოიჭრებიან.
25 . ასე არ არის? ვინ გამამტყუნებს, ვინ გამიარაფრებს სიტყვას?”
1 . ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.
2 . მოუნდებათ მიწა - ართმევენ, მოუნდებათ სახლები - იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე.
3 . ამიტომ ასე ამბობს უფალი: "აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.
4 . იმ დღეს ანდაზებს გამოთქვამენ თქვენზე, დიდი გლოვა იქნება და იტყვიან: სრულად გავნადგურდით! ჩემი ხალხის წილხვედრი სხვებს მიეცა, როგორ წამერთვა?! ჩვენი მიწები უცხოთ დაუნაწილდა!
5 . ამიტომ არ გეყოლება შენი წილის საბლით გადამზომი უფლის საკრებულოში.
6 . ნუ წინასწარმეტყველებთ! - ამბობენ ცრუწინასწარმეტყველები, - ნუ წინასწარმეტყველებთ, რადგან შერცხვენა არ გვეწევაო!
7 . ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?
8 . ხალხი, გუშინ რომ ჩემი იყო, დღეს მტრად აღმიდგა. სამოსელსა და მოსასხამს ხდით ბრძოლიდან დაბრუნებულთ, მშვიდად მომავალთ.
9 . ჩემი ხალხის დედაკაცებს აძევებთ მათი სანუკვარი სახლებიდან, მათ ბავშვებს საუკუნოდ ართმევთ ჩემს დიდებას.
10 . ადექით და წადით, რადგან არ არის აქ განსასვენებელი ადგილი, შებილწულია იგი და სასტიკად განადგურდება.
11 . რომ მოგატყუოთ ქარისა და სიცრუის მადევარმა კაცმა, მე გიწინასწარმეტყველებთო ღვინოსა და მაგარ სასმელზე! ამ ხალხის სასურველი წინასწარმეტყველიც ის იქნებოდა!
12 . უცილობლად შემოგკრებ, იაკობ, მთლიანად. შევკრებ ისრაელი ხალხის მონარჩენს, ერთად შევკრებ მათ, როგორც ცხვარს ფარეხში და ფარას - შუაგულ საძოვარზე; ახმაურდებიან ისინი, ხალხის სიმრავლის გამო.
13 . აივლის მათ წინაშე მნგრეველი, კედლებს შემუსრავენ, კარიბჭეს გაივლიან და გამოივლიან! მეფე წარუძღვებათ წინ, უფალი კი - სათავეში”.