1 .
ესწრაფეთ სიყვარულს და ეშურეთ სულიერ ნიჭებს, უფრო კი, რომ იწინასწარმეტყველოთ.
2 .
ვინაიდან ენებით მოლაპარაკე ადამიანებს კი არა, ღმერთს ელაპარაკება და არავის ესმის, რადგან საიდუმლოებებს ლაპარაკობს სულით.
3 .
ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად.
4 .
ენით მოლაპარაკე თავის თავს აშენებს, ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს ეკლესიას აშენებს.
5 .
მე მსურს, რომ ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - რომ წინასწარმეტყველებდეთ, ვინაიდან, ის, ვინც წინასწარმეტყველებს, ენებით მოლაპარაკეზე მეტია, თუ არ განმარტავს კიდეც, რათა აშენდეს ეკლესია.
6 .
ახლა კი, ძმებო, თუ მოვალ თქვენთან და ენებით ვილაპარაკებ, რა სარგებლობას მოგიტანთ, თუ არ გეტყვით ან გამოცხადებით, ან ცოდნით, ან წინასწარმეტყველებით, ანდა სწავლებით?
7 .
ასევე უსულო საგნებიც, ხმას რომ გამოსცემენ - სალამური ან ებანი, თუ ხმებში განსხვავებას არ იძლევიან, როგორ გავიგოთ, რას უკრავენ სალამურზე თუ ებანზე?
8 .
საყვირი თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?
9 .
ასევე თქვენც თუ ენით გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამთ, როგორ გაიგონ ნათქვამი? ჰაერზე მოლაპარაკენი იქნებით.
10 .
რამდენგვარი ბგერაა წუთისოფელში და მათგან უმნიშვნელო არცერთი არ არის.
11 .
თუ არ ვიცი სიტყვის მნიშვნელობა, მე მოლაპარაკესთვის ვიქნები უცხო და მოლაპარაკე - ჩემთვის.
12 .
ასევე თქვენც, როცა სულიერ ნიჭებს ეშურებით, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად იუხვოთ.
13 .
ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტოს კიდეც.
14 .
ვინაიდან, ენით რომ ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.
15 .
მაშ, რა ვქნა? ვილოცებ სულით და ვილოცებ გონებითაც; ვიგალობებ სულით და ვიგალობებ გონებითაც.
16 .
ვინაიდან, თუ სულით ჰმადლობ, როგორ იტყვის ამინს შენს მადლობაზე იმ ადგილზე მყოფი უმეცარი, რადგან არ იცის, რას ამბობ შენ?
17 .
შენ კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვა არ შენდება.
18 .
ვმადლობ ჩემს ღმერთს, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
19 .
მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში ხუთი სიტყვა ვთქვა ჩემი გონებით, რათა სხვებსაც ვასწავლო, ვიდრე ათი ათასი - ენებით.
20 .
ძმებო! ნუ იქნებით გონებით ბავშვები, არამედ ბოროტებისთვის იყავით ბალღები, გონებისთვის კი - ზრდასრულნი.
21 .
რჯულში სწერია: სხვა ენებით და სხვათა ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს და მაინც არ მომისმენენ, ამბობს უფალი.
22 .
ენა მორწმუნეებისთვის კი არ არის ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის. წინასწარმეტყველება კი ურწმუნოებისთვის კი არ არის, არამედ მორწმუნეთათვის.
23 .
თუ მთელი ეკლესია ერთად შეიკრიბება და ყველანი ენებით ილაპარაკებენ, უვიცნი ან ურწმუნონი რომ შემოვიდნენ, არ იტყვიან, შეშლილები ხართო?
24 .
მაგრამ, თუ ყველა წინასწარმეტყველებს და შემოვა ვინმე ურწმუნო ან უვიცი, ყველა მას ამხელს და განსჯის.
25 .
გამომჟღავნდება მისი გულის საიდუმლო და პირქვე დამხობილი თაყვანს სცემს ღმერთს და განაცხადებს: ჭეშმარიტად თქვენ შორის არისო ღმერთი!
26 .
მაშ, რაღა ძმებო? შეკრებისას თითოეულს აქვს ფსალმუნი, აქვს სწავლება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება. ყოველივე ეს ხდებოდეს ასაშენებლად.
27 .
თუ ვინმე ლაპარაკობს ენებით, ილაპარაკოს ორ-ორმა, ან დიდი-დიდი სამმა, ერთიმეორის მიყოლებით, და ერთმა განმარტოს.
28 .
თუ არ არის განმმარტებელი, მაშინ გაჩუმდეს ეკლესიაში და ელაპარაკოს თავის თავს და ღმერთს.
29 .
წინასწარმეტყველებმა კი ილაპარაკონ ორმა ან სამმა, ხოლო სხვებმა განსაჯონ.
30 .
თუ იქ მჯდომთაგან სხვას ექნება გამოცხადება, პირველი გაჩუმდეს.
31 .
ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
32 .
ვინაიდან წინასწარმეტყველნი იმორჩილებენ თავიანთ სულებს.
33 .
ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.
34 .
დედაკაცები ჩუმად იყვნენ ეკლესიებში; რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად იყვნენ, როგორც რჯულიც ამბობს.
35 .
თუ რამის შესწავლა სურთ, სახლში თავიანთ ქმრებს ჰკითხონ; ვინაიდან სამარცხვინოა დედაკაცისთვის ეკლესიაში ლაპარაკი.
36 .
განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?
37 .
თუ ვინმეს წინასწარმეტყველი ან სულიერი ჰგონია თავი, დაე, გაიგოს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.
38 .
ხოლო თუ არ აღიარებს ვინმე, ნურც იგი იქნება აღიარებული.
39 .
მაშ ასე, ჩემო ძმებო, წინასწარმეტყველებას ეშურეთ, მაგრამ ენებზე ლაპარაკს ნუ აკრძალავთ.
40 .
ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს.