1 . მაშინ შემოიკრიბა მეფე სოლომონმა ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის მეთაური და ისრაელიანთა მამის სახლთა მთავარნი იერუსალიმში, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი სიონიდან, დავითის ქალაქიდან.
2 . და შეიკრიბა მეფე სოლომონთან ყოველი ისრაელიანი ეთანიმის (მეშვიდე) თვეს, დღესასწაულზე.
3 . მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს კიდობანი მღვდლებმა.
4 . გამოიტანეს მღვდლებმა და ლევიანებმა უფლის კიდობანი, საკრებულო კარავი და ყოველი წმიდა ჭურჭელი, რომელიც იყო კარავში. მღვდლები და ლევიანნი ზიდავდნენ.
5 . ხოლო მეფე სოლომონი, ისრაელის მთელ თემთან ერთად მიუძღოდა წინ კიდობანს, უამრავ ცხვარსა და ხარს სწირავდნენ; ვერ დაითვლებოდა სიმრავლის გამო.
6 . და მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე ტაძარში, წმიდათა წმიდა ადგილას ქერუბთა ფრთებქვეშ,
7 . ვინაიდან გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბებს კიდობანზე და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის ლატნებს.
8 . გრძელი იყო ლატნები, საწმიდრიდან ჩანდა ლატანთა ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის იგი.
9 . არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებში, როდესაც აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
10 . და აჰა, როცა გამოდიოდნენ მღვდლები საწმიდრიდან, ღრუბელმა აავსო უფლის სახლი.
11 . და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო უფლის სახლი.
12 . მაშინ თქვა სოლომონმა: "თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
13 . ამაღლებული სახლი აგიშენე შენთვის სავანედ, საუკუნო სამკვიდრებლად”.
14 . მობრუნდა მეფე ხალხისკენ და აკურთხა ფეხზე მდგომი ისრაელის მთელი კრებული;
15 . თქვა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და ახლა თავისი ხელით აღასრულა ეს სიტყვები:
16 . იმ დღიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელი, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არც ერთ ტომში, სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად, არ
17 . გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
18 . მაგრამ უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე.
19 . მაგრამ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წიაღიდან გამოსული ამიშენებს!
20 . და აღასრულა უფალმა თავისი სიტყვა, რომელიც წარმოთქვა, მე ვდგავარ მამაჩემის, დავითის მაგიერ და ვზივარ ისრაელის ტახტზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
21 . იქ დავუდგინე ადგილი კიდობანს, რომელშიც ჩვენი მამებისადმი დადებული უფლის აღთქმაა, ეგვიპტიდან მათი გამოყვანისას რომ აღუთქვა!”
22 . დადგა სოლომონი უფლის სამსხვერპლოსა და უფლის მთელი კრებულის წინაშე, ზეცისკენ აღაპყრო ხელები
23 . და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა! არავინაა შენი სადარი, ღმერთო, მაღლა ზეცაში თუ დაბლა დედამიწაზე, აღთქმას და სიკეთეს უნახავ შენს მსახურთ, ვინც მთელი გულით დადის შენ წინაშე.
24 . შენ აღუსრულე შენს მსახურს დავითს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გქონდა მისთვის; შენი პირით ელაპარაკე და შენივე ხელით აღუსრულე, რაც დღეს ხდება.
25 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, შეუნახე დავითს, შენს მსახურს, მამაჩემს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ დაგელევაო ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომი კაცი, ოღონდ თუ დაიცავენ თავის გზებს შენი ძენი, რათა ისე იარონ ჩემ წინაშე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე.
26 . ახლა კი, ღმერთო ისრაელისა, შესრულდეს შენი სიტყვა, რომელიც შენს მსახურს, დავითს, მამაჩემს უთხარი!
27 . ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე? აჰა, ცანი და ცანი ცათანი ვერ გიტევენ შენ, როგორღა დაგიტევს ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე?
28 . მაგრამ, მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას უფალო, ღმერთო ჩემო, ისმინე ღაღადი და ლოცვა, რომელთაც შენი მსახური აღავლენს დღეს შენ წინაშე.
29 . თვალი გეჭიროს ამ სახლზე დღითა და ღამით, ადგილზე, რომელზეც თქვი: იქ იქნებაო ჩემი სახელი, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც შენი მსახური ილოცებს ამ ადგილზე.
30 . მოისმინე ვედრება შენი მსახურისა და ხალხისა, ისრაელისა, როცა ილოცებენ ამ ადგილზე, მოისმინე შენი ზეციური სამყოფელიდან; მოისმინე და მოგვიტევე.
31 . თუ შესცოდავს კაცი თავის მოყვასს და მოითხოვს მისგან, რომ დაიფიცოს და მოვლენ შენი სამსხვერპლოსა და ამ სახლის წინაშე ფიცის აღსავლენად,
32 . მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას.
33 . როცა დამარცხდება შენი ხალხი, ისრაელი, მტრის წინაშე, იმის გამო, რომ შეგცოდეს, მაგრამ მობრუნდებიან შენკენ, აღიარებენ შენს სახელს, ილოცებენ და შემოგევედრებიან ამ სახლში;
34 . ზეციდან მოისმინე და აპატიე შეცოდება შენს ხალხს, ისრაელს, და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
35 . როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იქნება წვიმა, იმის გამო, რომ შემოგცოდეს; თუ ილოცებენ ამ ადგილზე, შენს სახელს აღიარებენ და მობრუნდებიან თავისი ცოდვებისგან, რადგან უკვე დასჯილი გეყოლება ისინი,
36 . ზეციდან მოისმინე და შეუნდე შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, დააყენე სასიკეთო გზაზე, რომელზეც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს მიწაზე, რომელიც შენი ხალხისთვის გაქვს მიცემული სამკვიდრებლად.
37 . შიმშილი იქნება ქვეყანაში, შავი ჭირი, მწველი ხორშაკი, გუდაფშუტა, კალია თუ მატლი, მტერი შეაჭირვებს მას თავის მიწაზე და ქალაქებში, თუ რაიმე წყლული ან სენი,
38 . ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის შეჭირვება და ამ სახლისკენ გამოიწვდის ხელებს,
39 . ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე, აპატიე და აღუსრულე და ყოველ კაცს მისი გზებისამებრ მიაგე, რადგან იცი მისი გული, რადგან შენ, მხოლოდ შენ იცნობ ყოველი კაცის გულს;
40 . რათა დღენიადაგ ეშინოდეთ შენი, სანამ ცხოვრობენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი მამებისთვის გაქვს მიცემული.
41 . უცხოელიც, რომელიც არ იქნება შენი ხალხიდან, არ იქნება ისრაელიანი და შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო,
42 . ვინაიდან, გაგონილი ექნება შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის ამბავი, მოვა და ილოცებს ამ სახლში,
43 . ზეციდან მოისმინე, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე უცხოტომელს ყოველივე, რასაც შემოგავედრებს, რათა დედამიწის ყოველმა ხალხმა იცოდეს შენი სახელი, ეშინოდეთ შენი, როგორც შენ ხალხს, ისრაელს და გაიგონ რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც ავაშენე.
44 . როცა მტრის წინააღმდეგ გავა საომრად შენი ხალხი, იმ გზით, რომლითაც შენ წარგზავნი მათ და ილოცებენ უფლისადმი შენი რჩეული ქალაქისა და იმ სახლისკენ პირმიქცეულნი, რომელიც მე ავაშენე შენს სახელზე.
45 . ზეციდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე მათ სამართალი.
46 . თუ შეგცოდავენ, რადგან არ არსებობს კაცი, რომ არ შესცოდოს, და განურისხდები, მტრის ხელში ჩააგდებ, რათა ტყვედ წაიყვანონ მტრის მიწაზე, შორს ან ახლოს.
47 . მაგრამ მოაქცევენ თავის გულებს იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნენ წაყვანილნი, მოგიბრუნდებიან და შემოგღაღადებენ მათი ტყვეობის ქვეყანაში: შეგცოდეთ, ურჯულოება ჩავიდინეთ და ბოროტად მოვიქეცითო!
48 . მთელი გულითა და სულით მობრუნდებიან შენკენ მათი მტრების ქვეყანაში, სადაც ტყვედ წაასხეს და ილოცებენ შენკენ პირმოქცეულნი, იმ ქვეყნისკენ, მათ მამებს რომ მიეცი, იმ ქალაქისკენ, შენ რომ აირჩიე და იმ სახლისკენ, მე რომ ავაშენე შენს სახელზე,
49 . ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მოისმინე მათი ლოცვა-ვედრება და აღუსრულე სამართალი.
50 . შეუნდე შენს ხალხს ყოველი დანაშაული და უმართლობა შენ წინაშე და წყალობა აპოვნინე თავის დამატყვევებელთა თვალში.
51 . რადგან შენი ხალხი და სამკვიდრებელი არიან ისინი, რომელიც ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან გამოიყვანე.
52 . ღია გქონდეს თვალი შენი მსახურის ვედრების მიმართ და შენი ხალხის, ისრაელის ვედრების მიმართ, რომ გესმოდეს მათი, როცა კი შემოგღაღადებენ.
53 . რადგან შენ გამოარჩიე ისინი დედამიწის ყველა ხალხთაგან შენთვის სამკვიდრებლად, როგორც შენი მსახურის, მოსეს მეშვეობით გაქვს ნათქვამი, ეგვიპტიდან ჩვენი მამების გამოყვანისას, ღმერთო, უფალო!”
54 . და როგორც კი დაასრულა სოლომონმა ეს ლოცვა-ვედრება, ზეცისკენ ხელაპყრობილი წამოიმართა მუხლებიდან, რადგან უფლის სამსხვერპლოს წინაშე იყო დაჩოქილი.
55 . იდგა და მაღალი ხმით აკურთხებდა ისრაელის მთელ კრებულს ამ სიტყვებით:
56 . "კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, როგორც დაპირდა! ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით წარმოთქვა.
57 . ისე იყოს ჩვენთან უფალი, ღმერთი ჩვენი, როგორც ჩვენს მამებთან იყო; ნუ დაგვტოვებს და ნუ მიგვატოვებს,
58 . თავისკენ მიიზიდოს ჩვენი გულები, რათა მის გზებზე ვიაროთ და ვიცავდეთ მის მცნებებს, წესდებებსა და სამართალს, რომელიც ამცნო ჩვენს მამებს.
59 . დაე სიტყვა ჩემი, რომელიც შევავედრე უფალს, დღისით და ღამით ახლოს იყოს უფალთან, ჩვენს ღმერთთან, რათა დღენიადაგ აღუსრულოს სამართალი თავის მსახურსა და ისრაელიან ხალხს.
60 . რათა შეიცნოს დედამიწის ყოველმა ხალხმა, რომ უფალია ღმერთი და სხვა არავინაა.
61 . ამიტომ სრულად იყოს თქვენი გული მიძღვნილი უფლისადმი, თქვენი ღმერთისადმი, რათა ცხოვრობდეთ მისი წესებით და იცავდეთ მის მცნებებს, როგორც დღეს!”
62 . და მსხვერპლი შესწირა უფალს მეფემ მთელ ისრაელთან ერთად.
63 . სამშვიდობო შესაწირი შესწირა უფალს სოლომონმა: ოცდაორი ათასი ხარი და ასოცი ათასი ცხვარი; აკურთხეს უფლის სახლი მეფემ და ყოველმა ისრაელიანმა.
64 . იმავე დღეს წმიდაჰყო მეფემ შიდა ეზო, რომელიც უფლის სახლის წინ იყო; იქ აღავლინა სრულადდასაწველი, პურეული ძღვენი და სამშვიდობო შესაწირთა ქონი, ვინაიდან ძალიან პატარა იყო სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც უფლის წინაშე იყო, სრულადდასაწველის, პურეული ძღვენისა და სამშვიდობო შესაწირთა ქონის დასატევად.
65 . დღესასწაულობდა სოლომონი და მასთან ერთად მთელი ისრაელი, დიდი კრებული - ხამათის მისადგომებიდან ეგვიპტის მდინარემდე - უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე: შვიდი დღე და შვიდი დღე, სულ თოთხმეტი დღე.
66 . მერვე დღეს გაუშვა ხალხი. აკურთხეს მეფე და წავიდნენ თავ-თავის კარვებში გახარებულნი და გულგახალისებულნი იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა დავითს, თავის მსახურს და თავის ხალხს, ისრაელს.
1 . და იყო, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2 . მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
3 . უთხრა უფალმა: "შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
4 . და თუ ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, გულის სიწმიდითა და სიმართლით, ისე მოიქცევი, როგორც მაქვს შენთვის ნაბრძანები და დაიცავ ჩემს წესებსა და სამართალს,
5 . მაშინ უკუნისამდე განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ მოგაკლდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომი.
6 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს,
7 . მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის.
8 . ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
9 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა მათი მამები და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ. ამის გამო მოუვლინა უფალმა ყველა ეს უბედურება”.
10 . ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის: უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება.
11 . ხირამი, ცორის მეფე, აწვდიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს, ასევე ოქროს, მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა კი ოცი ქალაქი მისცა ხირამს გალილეის ქვეყანაში.
12 . მოვიდა ხირამი ცორიდან, სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13 . თქვა ხირამმა: "ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ჩემო ძმაო?” და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა ამ დღემდე.
14 . და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო.
15 . ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
16 . ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17 . ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18 . ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში,
19 . სამარაგო ქალაქები, რომლებიც სოლომონს ჰქონდა, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა სოლომონს იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამეფოში.
20 . ხოლო ყველა ის ხალხი, რომელიც დარჩა ამორელთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომლებიც ისრაელის ძეთაგან არ ყოფილან,
21 . მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, რომელთა მოსპობაც ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა, მონა-მსახურებად განაწესა სოლომონმა და დღემდე ასე არიან.
22 . ისრაელის ძეთაგან არავინ დაუმონებია სოლომონს, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მისი მსახურები, მეთაურები და მხედართმთავრები, მისი ეტლებისა და მხედრების სარდალნი.
23 . ესენი იყვნენ ზემდგომთა მთავრები, სოლომონის სამუშაოების ზედამხედველნი: ხუთას ორმოცდაათი კაცი მმართველობდა მომუშავე ხალხს.
24 . და ავიდა ფარაონის ასული დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა სოლომონმა; მაშინ ააშენა მან მილო.
25 . წელიწადში სამჯერ აღავლენდა სოლომონი სრულადდასაწველებსა და სამშვიდობო მსხვერპლებს სამსხვერპლოზე, რომელიც აუშენა უფალს და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სოლომონმა სახლი.
26 . ხომალდები ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომის ქვეყანაში.
27 . ზღვის მცოდნე მსახურები დაუმგზავრა ხირამმა ხომალდებით სოლომონის მსახურებს.
28 . მივიდნენ ისინი ოფირში, წამოიღეს ოთხას ოცი ტალანტი ოქრო და მოუტანეს მეფე სოლომონს.
1 . მაშინ თქვა სოლომონმა: „თქვა უფალმა, რომ სქელ ღრუბელში დაივანებდა.
2 . სახლი ავაშენე, სავანე შენთვის და ადგილი შენი მარადიული სამყოფელისთვის!”
3 . სახე მოიბრუნა მეფემ და აკურთხა ისრაელის მთელი კრებული. ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული;
4 . თქვა: „კურთხეულ იყოს უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა დავითს, მამაჩემს და თავისივე ხელით აღასრულა ნათქვამი:
5 . იმ დღიდან, რაც ჩემი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე, არ ამომირჩევია ქალაქი ისრაელის არცერთი ტომიდან სახლის ასაშენებლად და ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად და არც კაცი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად;
6 . მაგრამ იერუსალიმი ამოვირჩიე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად და დავითი - ისრაელის, ჩემი ხალხის წინამძღოლად!
7 . აჰა, გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
8 . უთხრა უფალმა დავითს, მამაჩემს: გულში რომ გქონდა ჩემს სახელზე სახლის აშენება, კარგი ჰქენი, რომ გულში გქონდა ეს საქმე;
9 . ოღონდ შენ არ ამიშენებ სახლს, არამედ შენი ძე, შენი წელიდან გამოსული ააშენებს სახლს ჩემს სახელზე!
10 . და აღასრულა უფალმა თავისი ნათქვამი სიტყვა, რადგან მე აღმადგინა დავითის, მამაჩემის ნაცვლად და დავჯექი ისრაელის ტახტზე, როგორც აღგვითქვა უფალმა და ავაშენე სახლი უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.
11 . დავდგი იქ კიდობანი, უფლის აღთქმასთან ერთად, რომელიც მან ისრაელის ძეებს დაუდო!”
12 . უფლის სამსხვერპლოს წინ დადგა სოლომონი ისრაელის მთელი კრებულის თანდასწრებით და აღაპყრო ხელები.
13 . სოლომონის მიერ გაკეთებული სპილენძის კვარცხლბეკი, სიგრძითა და სიგანით ხუთი წყრთა, სიმაღლით კი სამი წყრთა იყო და შუა ეზოში იდგა; დადგა მასზე, დაიჩოქა ისრაელის მთელი კრებულის წინ და ზეცისკენ აღაპყრო ხელები.
14 . თქვა: „უფალო, ისრაელის ღმერთო! არავინაა შენი მსგავსი, ღმერთი, ცასა და მიწაზე, რადგან შენ უნახავ აღთქმასა და წყალობას შენს მსახურთ, რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე.
15 . შენ შეუნახე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც შენი პირით გქონდა ნათქვამი და შენმა ხელმა აღასრულა ამ დღეს.
16 . ახლა, უფალო, ღმერთო ისრაელისა, აღუსრულე დავითს, მამაჩემს - შენს მსახურს, რაც ნათქვამი გაქვს მისთვის: არ მოისპობაო შენგან კაცი ჩემს წინაშე, ისრაელის ტახტზე მჯდომი, ოღონდ დაიცვან შენმა ძეებმა თავიანთი გზები, რათა იარონ ჩემი რჯულის გზით, როგორც შენ დადიოდი ჩემს წინაშე.
17 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ისრაელისა, დაადასტურე შენი სიტყვა, რომელიც დავითისთვის - შენი მსახურისთვის გაქვს ნათქვამი.
18 . ნუთუ ნამდვილად დამკვიდრდება ღმერთი კაცთა შორის დედამიწაზე? აჰა, ცანი და ზეცა ვერ გიტევს შენ, მით უმეტეს ეს სახლი, რომელიც ავაშენე, როგორღა დაგიტევს?
19 . მოხედე შენი მსახურის ლოცვასა და ვედრებას, უფალო, ღმერთო ჩემო, და ისმინე ღაღადი, რომლითაც ლოცულობს მსახური შენი შენ წინაშე.
20 . რათა დღე და ღამ მიპყრობილი იყოს შენი თვალები ამ სახლზე, იმ ადგილისკენ, რომელზეც გაქვს ნათქვამი, რომ იქ დაამკვიდრებდი შენს სახელს, იმ ლოცვის მოსასმენად, რომლითაც ილოცებს შენი მსახური ამ ადგილზე.
21 . უსმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის ვედრებას, როდესაც ილოცებენ ამ ადგილზე, ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან; და როცა მოისმენ - შეგვიწყალე.
22 . თუ მოყვასთაგან შესცოდოს ერთმა მეორეს და წყევლა აღევლინება ჩადენილის გამო ამ სახლში, შენი სამსხვერპლოს წინაშე,
23 . ისმინე ზეციდან, აღასრულე სამართალი და განიკითხე შენი მსახურნი, რათა თავისი ქმედებისამებრ მიაგო ბოროტს, მართალი კი გაამართლო და მისი სიმართლის მიხედვით მიუზღო.
24 . თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება, რადგან შეგცოდა, მერე კი მობრუნდება და შეაქებს შენს სახელს, ილოცებს და წყალობას გთხოვს აქ, ამ სახლში,
25 . მაშინ მოუსმინე ზეციდან, აპატიე შენს ხალხს, ისრაელს, ცოდვა და დააბრუნე ისინი იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის და მათი მამებისთვის გაქვს მიცემული.
26 . როცა დაიხშობა ზეცა და აღარ იწვიმებს, რადგან გცოდავდნენ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი, აღიარებენ შენს სახელსა და თავიანთ ცოდვებს მიატოვებენ, რადგან სჯიდი მათ,
27 . მაშინ ისმინე ზეციდან, აპატიე შენს მსახურებსა და შენს ხალხს, ისრაელს ცოდვა, რათა დააყენო კეთილ გზაზე, რომლითაც უნდა იარონ და გამოუგზავნე წვიმა შენს ქვეყანას, რომელიც შენს ხალხს მიეცი სამკვიდრებლად,
28 . თუ შიმშილი იქნება ქვეყანაში ან შავი ჭირი, ხორშაკი ან სიყვითლე, კალია ან მწერი, რომ ავიწროებდეს მას მტერი ქვეყნის კარიბჭესთან, რაიმე წყლული იქნება თუ სნეულება,
29 . ყოველი ლოცვა და ვედრება, რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი ისრაელი, რადგან თითოეულმა იცის თავისი ტვირთი და სატკივარი და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,
30 . მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აპატიე. ყოველ კაცს თავისი გზებისამებრ მიაგე, მისივე გულისამებრ, რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანის ძეთა გულები,
31 . რათა ეშინოდეთ და დადიოდნენ შენი გზებით მთელი ცხოვრება, იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენს მამებს მიეცი.
32 . იმ უცხოტომელსაც მოუსმინე, რომელიც შენი ხალხისგან, ისრაელისგან არაა, მაგრამ მოვა შორეული ქვეყნიდან შენი დიადი სახელის, ძლიერი ხელისა და გაწვდილი მკლავის გამო, მოვა და ილოცებს ამ სახლთან,
33 . შეისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან და აღუსრულე ყოველივე, რისთვისაც მოგიხმობს უცხოტომელი, რათა შეიცნოს დედამიწის ყველა ხალხმა შენი სახელი და ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდნენ, რომ შენი სახელი ეწოდა ამ სახლს, რომელიც მე ავაშენე.
34 . როდესაც შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საბრძოლველად, რომლითაც შენ გაგზავნი და ლოცვით მოგმართავს მობრუნებული ამ ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენი სახელისთვის ამოირჩიე და მე ავაშენე,
35 . მაშინ ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და ვედრება და სამართალი გაუჩინე.
36 . როცა შეგცოდებენ, რადგან არაა ადამიანი, რომელიც არ შესცოდავს, განრისხდები, მტერს ჩაუგდებ მათ და შორეულ ან ახლო ქვეყანაში ტყვედ წაიყვანენ,
37 . როცა გონს მოეგებიან ტყვეობის ქვეყანაში, იმ მიწიდან, სადაც ტყვედ იქნებიან, მობრუნდებიან და შემოგღაღადებენ: შევცოდეთ, უმართლობა და ბოროტება ჩავიდინეთო!
38 . როცა მოიქცევიან მთელი გულითა და გონებით ტყვეობის ქვეყანაში, სადაც წაყვანილ იქნენ, ილოცებენ თავიანთ მიწისკენ, იმ მიწისკენ მობრუნებულნი, მათ მამებს რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,
39 . მაშინ ისმინე ზეციდან, შენი სამკვიდრებლიდან მათი ლოცვა და ვედრება, სამართალი გაუჩინე და აპატიე შენს ხალხს, რომელმაც შეგცოდა.
40 . ახლა კი, ჩემო ღმერთო, თვალი გეჭიროს და ყურად იღე ამ ადგილზე აღვლენილი ლოცვა.
41 . აღსდექ ახლა, უფალო ღმერთო, შენს სავანეზე, შენი ძლიერების კიდობანზე. შენი მღვდლები, უფალო ღმერთო, ხსნით შეიმოსონ და შენი მოიმედენი სიკეთით ხარობდნენ.
42 . უფალო ღმერთო! ზურგს ნუ შეაქცევ შენი ცხებულის სახეს, გაიხსენე შენი წყალობა, რომელიც აღუთქვი შენს მსახურს, დავითს.
1 . როდესაც სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან, შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები და უფლის დიდებამ აავსო სახლი.
2 . და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა უფლის სახლში შესვლა, რადგან უფლის დიდებამ აავსო იგი.
3 . როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
4 . მეფემ და მასთან ერთად მთელმა ხალხმა შესწირეს მსხვერპლები უფლის წინაშე.
5 . მეფე სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი შესწირა მსხვერპლად. და აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
6 . მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის გაკეთებული, საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეშვეობით; მღვდლებმა საყვირებს ჩაჰბერეს მათ წინაშე და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
7 . შუა ეზოც გაწმიდა სოლომონმა უფლის სახლის წინ, რადგან იქ შესწირა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირის ქონი, ვინაიდან ვეღარ დაიტია სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ სრულადდასაწველნი, პურეული ძღვენი და ქონი.
8 . შვიდდღიანი დღესასწაული გამართა სოლომონმა იმ დროს და მასთან ერთად, მთელი ისრაელის დიდმა კრებულმა, ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის მდინარემდე;
9 . მერვე დღეს საზეიმო თავშეყრა გამართეს, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს საზეიმო მიძღვნას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
10 . მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს თავ-თავის კარვებში გაუშვა ხალხი, ბედნიერნი და გულმხიარულნი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ხალხს.
11 . დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და მეფის სასახლე; და ყველაფერი, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა ჩადებული უფლის სახლისთვის და თავისი სახლისთვის, წარმატებით დააგვირგვინა.
12 . ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.
13 . თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს ან კალიას ვუბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს;
14 . და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან - მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.
15 . თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოვუსმენ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვას.
16 . ახლა ავირჩიე და გავწმიდე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად; გამუდმებით აქ იქნება ჩემი თვალი და გული.
17 . თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს შეასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
18 . მაშინ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი. ვუთხარი: არ დაგელევა-მეთქი კაცი, რომელიც იმეფებს ისრაელზე.
19 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და მსახურებას დაუწყებთ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
20 . მაშინ აღმოვფხვრი მათ ჩემი მიწიდან, მათთვის რომ მაქვს მიცემული; და ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელისათვის განვწმინდე, მოვიშორებ ჩემი სახიდან და საიგავოდ და საქილიკოდ გავხდი ხალხთა შორის.
21 . და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს დიდებით მოსილს, გაოცდება და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
22 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ, ამის გამო მოუვლინა მათ უფალმა ყველა ეს ბოროტება!”
1 . 1. მაშინ სიმონ მღვდელმთავარმა ტაძრის წინ მოიყარა მუხლი, მოწიწებით გაიწოდა ხელები და წარმოთქვა ეს ლოცვა: 2. უფალო, უფალო, ცათა მეუფეო და ყოველი ქმნილების გამრიგევ, წმიდაო წმიდათა შორის, თვითმპყრობელო, ყოვლადძლიერო, შეგვეწიე შეჭირვებულთ უღვთოსგან და მკრეხელისგან, ძალითა და მძლავრობით გაკადნიერებულისგან. 3. რადგან შენ, ყოვლის შემქმნელო და ყოვლის გამრიგევ, სამართლიანი ხელმწიფე ხარ; შენ განსჯი მათ, ვინც თავხედურად და კადნიერად იქცევა. 4. შენ ხომ ადრეც შეგიმუსრავს უსამართლობის ჩამდენნი და მათ შორის ბუმბერაზებიც იყვნენ, ძალაში და სიმამაცეში თავდაჯერებულნი, მიუღვარე მათ უზომო წყლები და დაღუპე. 5. შენ გადაბუგე ცეცხლითა და გოგირდით თავგასული სოდომელები, რომლებიც ახდილად ჩადიოდნენ უკეთურებებს და საარაკოდ გახადე ისინი შთამომავლობისთვის. 6. შენ უჩვენე შენი ძლევამოსილება თავხედ ფარაონს, შენი ერის, წმიდა ისრაელის დამატყვევებელს და მრავალი და მრავალი სასჯელით ჰგვემე იგი; დაანახვე შენი ძლიერება. 7. ეტლებითა და დიდძალი ჯარითურთ შენი ხალხის მდევნელი დანთქე ზღვის სიღრმეში, ხოლო შენი, ყოველი ქმნილების გამრიგის, მოსავნი ცოცხლები გამოიყვანე, 8. და განგადიდეს ყოვლისმპყრობელი შენი ხელის ნამოქმედართა მხილველებმა. 9. შენ, მეუფეო, რომელმაც შექმენი უნაპირო და უსაზღვრო მიწა, გამოარჩიე ეს ქალაქი და აკურთხე შენი სახელით ეს ადგილი, თუმცა არაფერი გაკლია, და განადიდე იგი შენი დიადი გამოცხადებით, რათა გექცია იგი შენი დიდი და პატიოსანი სახელის სადიდებლად. 10. ისრაელის სახლის მოყვარული გვპირდებოდი, თუ უბედურკბაში და გასაჭირში მყოფნი ამ ადგილზე მოვიდოდით და ვილოცებდით, შენ შეისმენდი ჩვენს ლოცვას. 11. მისანდობელი ხარ შენ და ჭეშმარიტი, 12. რადგან ხშირად შეწევნიხარ გასაჭირში ჩავარდნილ ჩვენს მამა-პაპას და დიდი ბოროტებისგან გიხსნია. 13. და ახლაც, წმიდათა მეუფეო, ჩვენი მრავალი და დიდი შეცოდებების გამო ვიტანჯებოდით ჩვენს მტერს დამორჩილებულნი, დაუძლურებულნი. 14. ჩვენი დაცემის ჟამს ეს თავხედი და მკრეხელი ლამობს შეურაცხყოს ამ ქვეყანაში შენს დიდებულ სახელზე ნაკურთხი წმიდა ადგილი. 15. შენი სამყოფელი, ცა ცათა, მიუწვდომელია ადამიანთათვის, 16. მაგრამ შენი მოწყალებით მოჰმადლე შენს ერს, ისრაელს, შენი დიდება და აკურთხე ეს ადგილი. 17. ნუ მოგვკითხავ ჩვენ ამათ უწმიდურობას, ნურც დაგვსჯი მათი მკრეხელობისთვის, რისხვით რომ არ მოჰყვნენ ტრაბახს ურჯულოები, არ გათავხედნენ და არა თქვან კადნიერი ენით: 18. გავთელეთ საწმიდარის სახლი, როგორც თელავენ წაბილწულ სახლებსო. 19. განგვაშორე ჩვენი ცოდვები და გაფანტე ჩვენი შეცოდებები, გამოაჩინე შენი მოწყალება ამ ჟამს. 20. სწრაფად გარდამოვიდეს ჩვენზე შენი სიბრალული; ხოტბის მადლი მოანიჭე გათელილთა ბაგეს, მშვიდობა მიჰმადლე სულით შემუსვრილებს. 21. მაშინ შეისმინა რჯულიერი ლოცვა-ვედრება ყოვლისმჭვრეტელმა ღმერთმა, პირველმამამ, წმიდამ წმიდათა შორის, და დასაჯა გაკადნიერებული და თავგასული, 22. აქეთ-იქით შეარხია იგი, როგორც ლერწამი ირხევა ქარისაგან და დაეცა იგი მიწაზე უმწეოდ, ასოგანრღვეული, ხმის ამოღება არ შეეძლო, რადგან სამართლიანი სასჯელით იყო ნაგვემი. 23. შიშმა მოიცვა მისი მეგობრებიცა და პირადი მცველები ამ საშინელი სასჯელის შემსწრენი; შეეშინდათ, სიცოცხლე არ მოესწრაფოსო მეფეს, და სასწრაფოდ განარიდეს ამ ადგილს თავადაც თავზარდაცემულებმა. 24. მცირე ხანს გონს მოეგო და, თუმცა დასჯილი იყო, არც კი მოუნანიებია; პირთქით, სასტიკი მუქარის სიტყვებით დასტოვა იქაურობა. 25. ეგვიპტეში ჩასულმა უმატა ბოროტის ქმნას, წაქეზებულმა მემთვრალე თანამეინახეთაგან, რომლებიც შორს იყვნენ ყოველგვარი სამართლიანობისგან. 26. არ დასჯერდა უთვალავ უკეთურ საქმეს, არამედ იმ ზომამდე გაკადნიერდა, რომ ლანძღვა-გინებას უთვლიდა იქაურ ადგილებს. მეფის ბევრი მეგობარი, ვინც ხშირად უყურებდა მის საქციელს, მის ნებას იყო აყოლილი. 37. ბოლოს, გადაწყვიტა, საჯაროდ დაემცირებინა იუდაელი ხალხი და ამისთვის გოდლის ეზოში დადგა სვეტი წარწერით: 28. ვინც მსხვერპლს არ სწირავს, არავინ შევიდეს საწმიდარებში; ხოლო იუდაელნი, ყველანი გამოცხადდნენ, რათა აღწერილ იქნან მონათა სიებში. გაურჩებული ძალით უნდა მოიყვანონ და სიკვდილით დასაჯონ. 29. აღრიცხულნი უნდა დაიდაღონ: ცეცხლით უნდა ამოეწვათ დიონისეს ნიშანი - სუროს ფოთოლი - და უფლებები შეეზღუდოთ. 30. ყველასთვის საძულვვლად რომ არ გამოჩენილიყო, მიაწერა: საიდუმლო ღვთისმსახურებასთან ზიარების მსურველი ალექსანდრიელ მოქალაქეებთან გათანასწორდება. 31. ზოგიერთებმა მოქალაქეობის უფლებათა გამო საკუთარი რჯული მოიძულეს და ადვილად დანებდნენ, თითქოს მეფესთან ურთიერთობით სახელს მოიხვეჭდნენ. 32. მაგრამ მრავალნი სულით მტკიცენი აღმოჩნდნენ და არ განუდგნენ ღვთისმოსავობას; ფულით ყიდულობდნენ სიცოცხლეს და უშიშრად ცდილობდნენ, აღწერისგან თავი დაეღწიათ; 33. ღვთის შეწევნის იმედით საზრდოობდნენ, განდგომილებს გაემიჯნენ, ერის მტრებად ჩათვალეს ისინი და მოიკვეთეს თავიანთი საზოგადოებისგან და ურთიერთშემწეობისგან.
1 . 1. ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში მევლინებოდა. 2. მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც მოვედი შენთან. 3. ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი. 4. მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია. 5. თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს? 6. ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე. 7. მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი. 8. მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს. 9. როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის? 10. ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც. 11. რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა. 12. დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს. 13. მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია. 14. ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის. 15. ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი რომ ხარ? 16. რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია? 17. ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან. 18. რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს. 19. მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული. 20. დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული. 21. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. 22. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება. 23. მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები, 24. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. 25. ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის. 26. აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული. 27. და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბოროტებებს, თავად იხლავს ჩემს სასწაულებს. 28. გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი. 29. გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი. 30. და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება. 31. შვიდი დღის შემდეგ აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, და დაიღუპება, რაც ხრწნადია. 32. მიწა გასცემს, რასაც სძინავს მასში, და მტვერს, რომელიც მდუმარედ ასვენია მასში, და საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს. 33. გამოცხადდება უზენაესი სამსჯავრიას ტახტზე და გაიფანტება ცოდო-ბრალნი და სულგრძელობა შენივთდება. 34. დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა. 35. გაჰყვება მას საქმე და გამოჩნდება საზღაური, იფხიზლებს სამართალი და ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა. 36. ვთქვი: პირველმა აბრაამმა ილოცა სოდომელებისათვის, მერე მოსემ ჩვენი მამა-პაპისთვის, რომლებმაც უდაბნოში შესცოდეს; 37. მის მერე - ისრაელისთვის იმათ, ვინც იყვნენ ახაზისა და სამუელის ხანაში; 38. დავითმა განადგურების გამო, სოლომონმა კი მათთვის, ვინც ტაძრის საკურთხებლად მოვიდნენ; 39. ელიამ მათთვის, ვინც წვიმა მიიღო, და მკვდრისთვის, რათა ეცოცხლა; 40. ეზეკიამ ხალხისთვის სანქერიბის დღეებში და მრავალმა მრავალთათვის. 41. თუ მაშინ, როცა მომძლავრებული იყო ხრწნადი და უსამართლოებანი მომრავლებული, ილოცეს მართლებმა უკეთურთათვის, ახლაც რატომ არ უნდა იყოს ასე? 42. მიპასუხა და თქვა: ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება იშვიათია მასში; ამიტომ ლოცულობდნენ უძლურთათვის. 43. განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. 44. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. 45. მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება. ვუპასუხე 46. და ვთქვი: ეს არის ჩემი სიტყვა - პირველი და უკანასკნელი: სჯობდა არ მიგეცა მიწა ადამისთვის, და თუ აძლევდი, ცოდვისგანაც დაგებრკოლებინა. 47. რას არგებს ადამიანს მწუხარებაში ცხოვრება, თუ სიკვდილს შემდეგ სასჯელს მოელის? 48. ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ. =2.15.10. 49. რას გვარგებს ჩვენ აღთქმული უკვდავება, როცა მოკვდავ საქმეებს ვაკეთებთ? 50. რადგან მარადიული იმედია აღთქმული ჩვენთვის, ჩვენ კი, საცოდავნი ამაოებაში ვართ. 51. რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი. 52. რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ. 53. რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს, 54. ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი. 55. რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია. 56. არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ. 57. მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართთას ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა. 58. თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები. 59. რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო. 60. მაგრამ არც მას დაუჯერეს და არც მის მერე მოვლენილ წინასწარმეტყველთ; არც მე, რომელიც ველაპარაკე მათ. 61. რადგან არ იქნება მწუხარება მათი დაღუპვის გამო, სიხარული კი იქნება მათ გამო, რომელთაც გაინაღდეს ხსნა. 62. ვუპასუხე და ვთქვი: ვიცი, უფალო, რადგან გულმოწყალე ეწოდება უზენაესს იმისთვის, რომ შეწყალებული ჰყავს ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულან ამ წუთისოფელში. 63. და რომ შეიწყალა ისინი, ვინც მოიქცა მისი რჯულისკენ. 64. რომ დიდსულოვანია, რადგან დიდსულოვნებას იჩენს ცოდვილისადმი, როგორც თავისი ქმნილებისადმი. 65. რომ უხვია იგი, რადგან გასცემს, როცა ითხოვენ. 66. რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან. 67. თუ არ გამოაჩინა უხვად თავისი გულმოწყალება, სიცოცხლე მოესწრაფება წუთისოფელს და მის მკვიდრთ. 68. რომ გასცემს იგი, რადგან რომ არ გასცემდეს იგი თავისი სიკეთით, რათა ცოდვები შეუმსუბუქოს ცოდვილთ, ადამიანთა მეათიათასედიც კი ვერ იცოცხლებდა თავიანთი ცოდვების გამო. 69. რომ მსაჯულია იგი და თუ არ მიუტევა მათ, ვინც მისი სიტყვით არიან შექმნილნი, და თუ არ წარხოცა მათი ცოდვების სიმრავლე, უმცირესი ნატამალი თუ გადარჩებოდა ადამიანთა აურაცხელი სიმრავლიდან.