1 . მიუგო ცოფარ ნაყამათელმა იობს:
2 . "განა უპასუხოდ დარჩება მრავალსიტყვაობა და გამართლდება მოლაყბე კაცი?
3 . განა შენი კვეხნა ხალხს დაადუმებს? დაცინვას მოჰყვები და არავინ შეგარცხვენს?
4 . ამბობდი: ხალასია ჩემი მოძღვრება და უდანაშაულო ვარო შენს თვალში!
5 . ეჰ, რომ ალაპარაკდებოდეს ღმერთი და შენს წინააღმდეგ გახსნიდეს თავის ბაგეს,
6 . გაუწყებდეს თავის დაფარულ სიბრძნეს, რადგან ორი მხარე აქვს სიბრძნეს! იცოდე, ღმერთი იმაზე ნაკლებად გსჯის, ვიდრე შენი უმართლობა იმსახურებს!
7 . ნუთუ გამოიკვლევ ღვთის სიღრმეებს და მიაღწევ ყოვლადძლიერის საზღვრებს?
8 . მაღალია ვითარცა ცანი და ღრმაა ვითარცა ქვესკნელი! როგორ შეიცნობ?
9 . ზომით დედამიწაზე გრძელია და ზღვაზე ფართო.
10 . თუ ჩაივლის, შებორკავს და წარუდგენს სამსჯავროს, ვინ შეაჩერებს?
11 . ვინაიდან იცნობს იგი ცბიერ ადამიანებს და როცა ხედავს უსამართლობას, განა არ მიაპყრობს ყურადღებას?
12 . ვინაიდან ამაო კაციც დაბრძენდება, თუმცა ველური ჩოჩორივით იბადება ადამიანი.
13 . თუ განიმზადებ გულს და მისკენ გაიწვდი ხელებს,
14 . თუ უმართლობას განიშორებ ხელთაგან და არ დამკვიდრდება შენს კარვებში უსამართლობა,
15 . მაშინ აღმართავ სახეს უბიწოდ, მტკიცე იქნები და არ შეშინდები,
16 . რადგან დაგავიწყდება ტანჯვა-წამება, როგორც ჩავლილ წყალს, ისე გაიხსენებ.
17 . შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება შენი სიცოცხლე და განთიადივით გაცისკროვნდები.
18 . დანდობილად იქნები, რადგან არის იმედი; უსაფრთხოდ მიმოიხედავ და მოისვენებ.
19 . დაწვები და არავინ შეგაშფოთებს, მრავალნი დაგიწყებენ პირფერობას.
20 . ურჯულოთა თვალისჩინი ჩაქრება, თავშესაფარს ვერ ჰპოვებენ და მათი სასოება სულის განტევებაში იქნება”.
1 . იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.
2 . სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.
3 . არ დაამშევს მართალ კაცს უფალი, უკეთურთა გულისწადილს კი ხელს კრავს.
4 . ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
5 . ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე - შემარცხვენელი.
6 . მართლის თავზე კურთხევაა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
7 . კურთხეულია მართლის სახსენებელი, ბოროტეულთა სახელი კი დალპება.
8 . გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგეუგუნური დაეცემა.
9 . უმწიკვლოდ მოარული უსაფრთხოდ დადის, ხოლო თავისი გზის გამამრუდებელი გამომჟღავნდება.
10 . თვალის ჩამკვრელი ტკივილს იწვევს და ბაგეუგუნური დაეცემა.
11 . მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.
12 . სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
13 . ბოროტისა და კეთილის განმასხვავებლის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, უგუნურის ზურგზე კი - ჯოხი.
14 . ბრძენნი ცოდნას აგროვებენ, სულელის პირი კი დაღუპვასთანაა ახლოს.
15 . მდიდრის ქონება მისი მტკიცე ქალაქია, ღარიბთა სიღატაკე კი მათი ნანგრევები.
16 . მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.
17 . დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
18 . სიძულვილის დამმალავს ცრუ ბაგეები აქვს; ჭორის გამავრცელებელი ბრიყვია.
19 . ვინც ბევრს ლაპარაკობს, ცოდვას ვერ ასცდება, თავისი ენის მომთოკველი კი ბრძენია.
20 . მართლის ენა რჩეული ვერცხლია, ბოროტეულის გული კი არად ფასობს.
21 . მართლის ბაგენი მრავალს მწყემსავენ, სულელნი კი თავის უგუნურებაში იხოცებიან.
22 . უფლის კურთხევაა, რომ ამდიდრებს და დარდი არ მოყვება მას.
23 . ბრიყვის გართობა ბოროტის ქმნაშია, ხოლო გონიერი კაცისა - სიბრძნეში.
24 . უკეთურს ის შეემთხვევა, რისაც ეშინია, მართალს კი საწადელი აუსრულდება.
25 . გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური, მართლის საძირკველი კი საუკუნოა.
26 . რაც ძმარია კბილებისთვის და კვამლი თვალებისთვის, იგივეა ზარმაცი კაცი მისი წარმგზავნელისთვის.
27 . უფლის შიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ბოროტეულთა წლები კი შემოკლდება.
28 . მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
29 . უფლის გზა სიმაგრეა უბიწოთათვის, სიავის ჩამდენთათვის კი განადგურება.
30 . საუკუნოდ არ შეირყევა მართალი, ბოროტეული კი ვერ დამკვიდრდება ქვეყანაზე.
31 . მართლის პირიდან სიბრძნე მოედინება, უკუღმართი ენა კი მოიკვეთება.
32 . მართლის ბაგეთ სიკეთე მოაქვს, უკეთურისას კი უკუღმართობა.
1 . დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როდესაც ღვთის სახლისაკენ მიემართები, უმჯობესია მოსასმენად მიეახლო, ვიდრე უგუნურთა მსხვერპლი შესწირო, რადგან არ იციან მათ, ბოროტს რომ სჩადიან.
2 . ნუ იჩქარებ შენი ბაგით და შენი გული ნუ ისწრაფებს სიტყვის წარმოთქმას ღმერთის წინაშე, რამეთუ ღმერთი ცაშია, შენ კი დედამიწაზე ხარ _ ამიტომ მცირე იყოს ნათქვამი შენი.
3 . როგორც სიზმარი მოჰყვება მრავალ საზრუნავს, ისე უგუნურის ხმა - მრავალსიტყვაობას.
4 . რასაც აღუთქვამ ღმერთს, ნუ დაუგვიანებ მის შესრულებას, რადგან სათნო არაა მისთვის ბრიყვნი. რაც აღუთქვი, შეუსრულე.
5 . ამიტომ, სჯობია არ აღუთქვა, ვიდრე აღუთქვა და არ შეასრულო.
6 . შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი - "შეცდომა იყოო ეს!” რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
7 . ვინაიდან ფუჭია ოცნებათა და სიტყვათა სიმრავლე. ამიტომ გეშინოდეს ღვთისა.
8 . თუ ღატაკთა ჩაგვრას, სიმართლესა და სამართალში ძალმომრეობას იხილავ რომელიმე მხარეში, ნუ შეგაცბუნებს, ვინაიდან მაღალს მასზე დიდი ზედამხედველობს და მათზე კი - უმაღლესი.
9 . თუმცა - ყოველმხრივ სასარგებლოა ქვეყნისათვის მეფე, რომელიც ქვეყანაზე ზრუნავს.
10 . ფულის მოყვარული ვერ გაძღება ფულით და სიმდიდრის მოყვარული - სიმდიდრით; ესეც ამაოებაა.
11 . მრავლდება ქონება და უმრავლდება მჭამელიც; მის პატრონს კი რა სარგებელი აქვს, თავისი თვალებით ცქერის გარდა?
12 . ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს იგი, მაგრამ სიმაძღრე ძილს არ ანებებს მდიდარს.
13 . დიდი ბოროტება ვიხილე მზის ქვეშ: სიმდიდრე, თავის პატრონის მიერ შენახული - მისდა საუბედუროდ.
14 . დაიკარგა ის სიმდიდრე ცუდი შემთხვევის გამო; აჰა, შვა მან ძე, ხელთ კი არაფერი აქვს მისთვის.
15 . თავისი დედის მუცლიდან შიშველი გამოვიდა იგი - ისევე წავა; არაფერს აიღებს ის თავისი შრომის საზღაურად, რომ ხელთ გაიყოლოს.
16 . ესეც დიდი ბოროტებაა - როგორც მოვიდა, ისე წავა. და რა სარგებელი აქვს მას, ქარისათვის შრომაში?
17 . მთელ თავის დღეებში სიბნელეში ჭამდა, ბევრს წუხდა, ავადმყოფობდა და ბრაზობდა.
18 . აი, რას მივხვდი: სათნოა და მართებული, რომ ჭამოს და სვას კაცმა და ნახოს სიკეთე მთელი თავისი ნაღვაწიდან, რასაც მზის ქვეშ თავისი სიცოცხლის იმ დათვლილ დღეებში ეწევა, ღმერთმა რომ მისცა - ვინაიდან ესაა მისი წილხვედრი.
19 . ყოველს - ვისაც ღმერთმა სიმდიდრე და ქონება მისცა, რომ ჭამოს და ისიამოვნოს მისგან, მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი ნაშრომით - ღვთისგან აქვს ეს საჩუქარი.
20 . რადგან დიდხანს არ ემახსოვრება მას თავისი სიცოცხლის დღეები, ვინაიდან ღმერთი სიხარულით უვსებს გულს.
1 . 1. ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი. 2. განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან. 3. შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად. 4. ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს. 5. თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ. 6. ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს. 7. ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ. 8. ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი. 9. ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო. 10. სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ. 11. ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი. 12. ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე. 13. ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს. 14. ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს. 15. ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული. 16. თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს. 17. ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი. 18. ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე. 19. ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია. 20. ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს. 21. გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას. 22. გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე. 23. გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი. 24. გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები. 25. ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი. 26. გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი. 27. მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს. 28. გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ? 29. მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს. 30. მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ. 31. გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი. 32. გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა. 33. მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ. 34. ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე. 35. ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის. 36. ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას.
1 . ესაიას, ამოცის ძის ხილვა, რომელიც იხილა იუდასა და იერუსალიმის შესახებ, იუდას მეფეების - ყუზიას, იოთამის, ახაზის, ხიზკიაჰუს მეფობის დღეებში:
2 . ისმინეთ ცანო და ყური უგდე ქვეყანავ, რადგან უფალი ლაპარაკობს: ძენი გავზარდე და აღვამაღლე, ისინი კი ამიჯანყდნენ.
3 . ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
4 . ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
5 . როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
6 . აღარ შეგრჩათ ჯანსაღი ადგილი ტერფიდან თხემამდე, ყველგან ჭრილობა და წყლული გაქვთ, ჩირქოვანი იარები, გამოურწყველი და შეუხვეველი, ზეთით დაუამებელი.
7 . გაუდაბურდა თქვენი ქვეყანა, გადაიწვა თქვენი ქალაქები, უცხონი ჭამენ თქვენი მინდვრების ნაყოფს თქვენს თვალწინ, ყოველივე გაცამტვერდა, თითქოს მომხდურთ დაერბიოთ.
8 . და დარჩა სიონის ასული, როგორც სადგომი ვენახში და ქოხი ბოსტანში, როგორც ალყაშემორტყმული ქალაქი.
9 . ცაბაოთ უფალს რომ არ დაეტოვებინა გადარჩენილნი ჩვენთვის, სოდომივით ვიქნებოდით და გომორას დავემსგავსებოდით.
10 . ისმინეთ უფლის სიტყვა, სოდომის მთავარნო, ყური დაუგდეთ ჩვენი ღმერთის სჯულს, გომორას ხალხო:
11 . "რად მიმრავლებთ შესაწირს? ამბობს უფალი. გამძღარი ვარ სრულადდასაწველი ვერძებითა და მსუქანი საქონლის ცხიმით; არ მახარებს მოზვერთა, ცხვართა და ვაცთა სისხლი.
12 . ჩემს წინაშე წარსადგომად რომ მოდიხართ, ვინ მოგთხოვათ ჩემი ეზოების გათელვა?
13 . აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან - ურჯულოებას და დღესასწაულს!
14 . თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.
15 . ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ - ხელები სისხლით გაქვთ სავსე.
16 . განიბანეთ, განიწმიდეთ, მოიშორეთ ავი საქმენი ჩემს წინაშე, ბოროტებას ნუ სჩადიხართ.
17 . სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.
18 . მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.
19 . თუ მოინდომებთ და შეისმენთ, მიწის დოვლათს შეჭამთ,
20 . მაგრამ თუ იუარებთ და ამიჯანყდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის პირმა თქვა ასე.
21 . როგორ იქცა მეძავად ერთგული ქალაქი? სამართლის ნაყოფი, სიმართლის სავანე, ახლა კი მკვლელები არიან იქ!
22 . შენი ვერცხლი გაუფასურდა, შენი ღვინო გაწყალდა.
23 . შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.
24 . ამიტომ აცხადებს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ისრაელის ძლევამოსილი: "ჰოი, მოვისვენებ ჩემს შემავიწროებელთაგან და შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე.
25 . შენს წინააღმდეგ მოვაქცევ ხელს და სახმილით განვწმედ შენს ნატამალს, მოვაცილებ მთელ მინარევს.
26 . აღვადგენ შენს მსაჯულთ, როგორც უწინ, და შენს მრჩეველთ, როგორც დასაწყისში! ამის შემდეგ დაგერქმევა სიმართლის სადარაჯო, სარწმუნო ქალაქი.
27 . სამართლით გამოისყიდება სიონი და სიმართლით - მისკენ მოქცეულნი.
28 . ერთად შეიმუსრებიან ბოროტმოქმედნი და ცოდვილნი; დაიღუპებიან უფლის მიმტოვებელნი.
29 . უსათუოდ შეგრცხვებათ მუხების გამო, რომელთაც ნატრობდით და ბაღნარების გამო, რომლებსაც ირჩევდით.
30 . ვინაიდან ფოთოლშემჭკნარი მუხასავით და უწყლო ბაღნარივით იქნებით.
31 . ძლიერი ძენძად იქცევა და საქმენი მისი - ნაპერწკლად; ერთად დაიწვება ორივე და არავინ იქნება ჩამქრობი”.
1 . "ერიდეთ წყალობის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2 . როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენ წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა განდიდდნენ ხალხის მიერ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3 . შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა.
4 . რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს შენ.
5 . როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დგომა და ლოცვა, ხალხის დასანახად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6 . შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი; და შენი მამა, რომელიც დაფარულში ხედავს, მოგიზღავს შენ.
7 . ლოცვის დროს კი ნუ მოჰყვებით ამაო სიტყვების გამეორებას, როგორც წარმართები იქცევიან, რადგან ჰგონიათ, რომ მრავალსიტყვაობის გამო იქნებიან შესმენილნი.
8 . ნუ იქნებით მათი მსგავსები, რადგან თქვენმა მამამ მანამდე იცის, რა გჭირდებათ, ვიდრე თხოვდეთ.
9 . თქვენ კი ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი;
10 . მოვიდეს მეფობა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა;
11 . პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს;
12 . და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა;
13 . და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისგან. რადგან შენია მეფობა, ძალი და დიდება საუკუნეთა მიმართ. ამინ!
14 . ვინაიდან, თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ თქვენი ზეციერი მამა.
15 . ხოლო თუ თქვენ არ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, არც თქვენი მამა მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს.
16 . როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17 . ხოლო შენ, მარხვისას ზეთი იცხე თავზე და პირი დაიბანე,
18 . რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ შენს მამას დაფარულში; და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგაგებს შენ ცხადად.
19 . ნუ დაიუნჯებთ დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
20 . დაიუნჯეთ ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს, და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.
21 . რადგან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
22 . სხეულის ლამპარი თვალია; ჰოდა, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებული იქნება.
23 . ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. ამრიგად, თუკი სინათლე, რომელიც შენშია, სიბნელეა, რამდენად დიდი იქნება სიბნელე?
24 . არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
25 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული - სამოსელზე?
26 . შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?
27 . ანდა, რომელ თქვენგანს შეუძლია დარდით ერთი წყრთა მაინც შემატოს თავის სიმაღლეს?
28 . სამოსელზე რაღად დარდობთ? შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ.
29 . მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელ თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
30 . თუკი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არა, მცირედ მორწმუნენო?
31 . მაშ, ნუ დარდობთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ, ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთო?
32 . რადგან ყოველივე ამას წარმართნი ეძებენ; ვინაიდან იცის თქვენმა ზეციერმა მამამ, რომ გჭირდებათ ეს ყოველივე.
33 . თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.
34 . მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
1 . მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს.
2 . უთხრა: "მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
3 . ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
4 . კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
5 . ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.
6 . უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე.
7 . მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.
8 . თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.
9 . ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
10 . ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.
11 . უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს.
12 . ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.
13 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან კეტავთ ცათა სამეფოს ადამიანთა წინაშე; არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ ანებებთ შესვლას!
14 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.
15 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!
16 . ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს - არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო.
17 . უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
18 . და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.
19 . ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?
20 . ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
21 . ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.
22 . ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
23 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
24 . ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!
25 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
26 . ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
27 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28 . ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
29 . ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს.
30 . და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31 . ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
32 . ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.
33 . იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?
34 . ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს; თქვენ კი ზოგიერთს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
35 . რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.
36 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.
37 . იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
38 . აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.
39 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”