1 .
და მეც, თქვენთან მოსვლისას, ძმებო, მაღალფარდოვანი სიტყვითა და სიბრძნით არ მოვსულვარ ღვთის მოწმობის გასაცხადებლად,
2 .
რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
3 .
ვიყავი თქვენთან უძლურებით, შიშითა და დიდი თრთოლვით.
4 .
ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,
5 .
რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.
6 .
ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,
7 .
არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.
8 .
რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან; ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.
9 .
მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.
10 .
ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
11 .
რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.
12 .
ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
13 .
რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
14 .
მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
15 .
ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
16 .
ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!