1 . თავდაპირველად შექმნა ღმერთმა ცანი და მიწა.
2 . მიწა იყო უსახო და უდაბური, და ბნელი იწვა უფსკრულებზე, და სული ღვთისა მიმოქროდა წყლებზე.
3 . და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი.
4 . და დაინახა ღმერთმა, რომ კარგია ნათელი და გაჰყარა ღმერთმა ნათელი ბნელისაგან.
5 . უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს - ღამე. იყო საღამო და იყო დილა - დღე ერთი.
6 . თქვა ღმერთმა: "იყოს მყარი წყალთა შორის, რათა გაყოს წყალი წყლისგან”.
7 . შექმნა ღმერთმა მყარი და გაყო მყარს ქვემო წყალი მყარს ზემო წყლისგან. და იქმნა ასე.
8 . უწოდა ღმერთმა მყარს ცა. იყო საღამო და იყო დილა - მეორე დღე.
9 . თქვა ღმერთმა: "ერთად შეგროვდეს წყლები ცის ქვეშ და გამოჩნდეს ხმელეთი”. და იქმნა ასე.
10 . უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
11 . შემდეგ თქვა ღმერთმა: "აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი - მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე.
12 . აღმოაცენა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
13 . იყო საღამო და იყო დილა - მესამე დღე.
14 . თქვა ღმერთმა: "იყვნენ მნათობნი ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად და იყვნენ ისინი ნიშნებად, წელიწადის დროთა, დღეთა და წელთა აღსანიშნად.
15 . იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რათა მისცენ სინათლე მიწას”. და იქმნა ასე.
16 . შექმნა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი: დიდი - დღის მმართველად, ხოლო მცირე - მმართველად ღამისა; და ვარსკვლავები.
17 . დაადგინა ისინი ღმერთმა ცის მყარზე მიწის გასანათებლად,
18 . რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
19 . იყო საღამო და იყო დილა - მეოთხე დღე.
20 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას წყლებმა ცოცხალი არსებანი და იფრინონ ფრინველებმა მიწის ზემოთ ცის მყარზე”. და იქმნა ასე.
21 . შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
22 . აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვის წყლები და გამრავლდეს ფრთოსანი მიწაზე”.
23 . იყო საღამო და იყო დილა - მეხუთე დღე.
24 . თქვა ღმერთმა: "წარმოშვას მიწამ ცოცხალი არსებანი თავისი ჯიშებისამებრ - პირუტყვი, ქვეწარმავალი და მიწის მხეცები”. და იქმნა ასე.
25 . შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
26 . თქვა ღმერთმა: "შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად; დაე იბატონოს ზღვაში თევზზე, ცაში ფრინველზე, პირუტყვზე, მთელ დედამიწაზე და ყოველ ქვეწარმავალზე, რომელიც დაძვრება მიწაზე”.
27 . შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 . აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ქვეყანა და იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის.
29 . თქვა ღმერთმა: "აჰა, მოგეცით საჭმელად ყოველი ბალახი თესლის მთესველი და ნაყოფიერი ხე, რაც დედამიწის ზურგზეა”.
30 . მიწის ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს და ყველა ქვეწარმავალს დედამიწაზე, რასაც სიცოცხლის სუნთქვა აქვს, მცენარეები მივეცი საჭმელად”. და იქმნა ასე.
31 . იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა - მეექვსე დღე.
1 . და გასრულდა ცა და მიწა და ყოველი სამკაული მათი.
2 . და გაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღეს თავისი საქმე, რასაც აკეთებდა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა.
3 . და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რაც შექმნისას გააკეთა.
4 . ასეთი იყო ცისა და მიწის დასაბამი მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას,
5 . არც მინდვრის ბუჩქი იყო მიწაზე და არც მინდვრის ბალახი აღმოცენებულიყო მიწაზე, ვიდრე წვიმა არ მოიყვანა უფალმა ღმერთმა; და არც კაცი იყო, რომ დაემუშავებინა მიწა;
6 . ორთქლი ადიოდა დედამიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7 . გამოსახა უფალმა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
8 . გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით და დასვა იქ კაცი, რომელიც შექმნა.
9 . აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველგვარი ხე, საცქერლად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შემეცნებისა.
10 . მდინარე გამოედინებოდა ედემიდან ბაღის მოსარწყავად და მერე ოთხ ტოტად იყოფოდა.
11 . ერთი ტოტის სახელია ფიშონი; ის გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12 . კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ბროლიც და ზურმუხტის ქვაც.
13 . მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი მთელ ეთიოპიის ქვეყანას უვლის გარს.
14 . მესამე მდინარეა ტიგროსი. იგი აშურის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე მდინარეა ევფრატი.
15 . აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
16 . უბრძანა უფალმა ღმერთმა ადამს: "ბაღის ყოველი ხისგან შეგიძლია ჭამო,
17 . ოღონდ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან არ შეჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ სიკვდილით მოკვდები”.
18 . თქვა უფალმა ღმერთმა: "არ არის კარგი კაცის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე”.
19 . გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი, ცის ყველა ფრინველი და მიუყვანა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა მათ. რასაც ადამი დაარქმევდა, თითოეული ცოცხალი არსების სახელიც ის იქნებოდა.
20 . დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ აღმოჩნდა მისი შესაფერი შემწე.
21 . მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. ამოუღო მძინარეს ერთი ნეკნი და ხორცით დაფარა ის ადგილი.
22 . გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს.
23 . თქვა ადამმა: "აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული.
24 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.
25 . ორივენი შიშვლები იყვნენ, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . ადგა იაკობი და აღმოსავლეთის ძეთა ქვეყნისაკენ გაემართა.
2 . ხედავს: ველზე ჭაა და იქვე ცხვრის სამი ფარა წევს, რადგან იმ ჭიდან რწყულდებოდა ცხვარი, ხოლო ჭის პირს დიდი ქვა ახურავს.
3 . იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმევდნენ ცხვარს; მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე.
4 . ჰკითხა მათ იაკობმა: "სადაურები ხართ, ძმებო?” უპასუხეს: "ხარანელები ვართ!”
5 . ჰკითხა: "ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს?” უპასუხეს: "ვიცნობთ”.
6 . კვლავ ჰკითხა: "ჯანმრთელადაა?” მიუგეს: "ჯანმრთელადაა. აჰა, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება”.
7 . თქვა: "ჯერ ისევ დღეა, საქონლის შეკრების დრო არ დამდგარა! ცხვარი დაარწყულეთ და წაასხით საძოვრად”.
8 . უთხრეს: "ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიყრება და ქვას არ გადააგორებენ ჭის პირიდან. მაშინ დავარწყულებთ ცხვარს”.
9 . ჯერ ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მოვიდა რახელი მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას.
10 . და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა, ჭის პირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი.
11 . აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა.
12 . უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას.
13 . როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის ამბავი წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა. და უამბო ლაბანს ყველაფერი.
14 . უთხრა ლაბანმა: "მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ!” და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე.
15 . უთხრა ლაბანმა იაკობს: "ნუთუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი? მითხარი, რა არის შენი საზღაური”.
16 . ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროსს ლეა ერქვა, ხოლო უმცროსს - რახელი.
17 . ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი - სახით.
18 . შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: "შვიდ წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის”.
19 . უთხრა ლაბანმა: "უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას. იცხოვრე ჩემთან”.
20 . შვიდი წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო.
21 . უთხრა იაკობმა ლაბანს: "მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.
22 . შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა.
23 . საღამოჟამს ლაბანმა ლეა, თავისი ასული, მიიყვანა იაკობთან; და შევიდა იაკობი ლეასთან.
24 . მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად.
25 . დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს: "ეს რა მიყავი! განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე?”
26 . უთხრა ლაბანმა: "ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს.
27 . გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ შვიდ წელიწადს გასწევ”.
28 . ასეც მოიქცა იაკობი, გაასრულა ერთი კვირა და ლაბანმაც მისცა მას რახელი, თავისი ასული, ცოლად.
29 . და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი.
30 . შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.
31 . იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო.
32 . დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა: "იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი”.
33 . კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე; თქვა: "ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც”. და უწოდა სახელად სიმონი.
34 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან მომეწებება ჩემი ქმარი, რადგან სამი ძე ვუშვი”. და უწოდა სახელად ლევი.
35 . კვლავ დაორსულდა და შვა ძე; თქვა: "ამიერიდან ვადიდებ უფალს”. ამიტომ უწოდა სახელად იუდა. და შეწყვიტა შობა.
1 . თუ ვინმე ხარს ან კრავს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, მაშინ ხუთი ხარი გადაიხადოს ხარის წილ და ოთხი კრავი - კრავის წილ.
2 . თუ ქურდს ხვრელის თხრისას დაიჭერენ და ისე სცემენ, რომ მოკვდება, მისი სისხლი ბრალად არავის დაედება.
3 . მაგრამ თუ მზისით მოხდება ეს ამბავი, მაშინ მისი სისხლი ბრალად დაედება; ქურდმა უნდა ზღოს. თუ არაფერი გააჩნია, მაშინ ქურდობის გამო გაყიდონ.
4 . თუ ნაქურდალი ცოცხლად აღმოაჩნდება ხელში: ხარი იქნება ეს, სახედარი თუ კრავი, ორმაგად ზღოს.
5 . თუ ვინმეს მიზეზით მდელო ან ვენახი მოისპობა, გაუშვებს კაცი თავის საქონელს და მოაძოვინებს სხვის მდელოს, მაშინ თავის საუკეთესო მდელოსა და ვენახისგან უნდა ზღოს.
6 . თუ ცეცხლი გაჩნდა და მოედო ძეძვს, ზვინი, თავთავი ან მდელო გადაწვა, უსათუოდ უნდა ზღოს ხანძრის გამჩაღებელმა.
7 . თუ კაცი მოყვასს ფულს ან ჭურჭელს მიაბარებს შესანახად და იმ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
8 . ხოლო თუ ვერ იპოვეს ქურდი, სახლის პატრონი ღვთის მსაჯულს ეახლოს, რათა გაირკვეს, ხელი ხომ არ გაიწოდა მოყვასის ქონებაზე.
9 . ყოველგვარ ზიანზე, ხარის საქმე იქნება ეს თუ სახედრისა, კრავისა თუ სამოსლისა, ყოველ დაკარგულ ნივთზე, თუ ვინმე იდავებს - ჩემიაო, ორივე მხარე ღვთის სამსჯავროზე უნდა წარსდგეს; ვისაც სამსჯავრო გაამტყუნებს, ორმაგად გადაუხდის მოყვასს.
10 . თუ კაცი მოყვასს სახედარს, ხარს, კრავს ან სხვა საქონელს შესანახად მიაბარებს და მოუკვდება მიბარებული, დაუშავდება ან დაეკარგება და არავინაა ამის მოწმე,
11 . დაიფიცოს უფლის წინაშე, რომ ხელი არ გაუწვდია მოყვასის საკუთრებაზე; მიიღებს ფიცს პატრონი და არაფერს ზღავს.
12 . თუ მოპარეს, მაშინ გადაუხადოს მის პატრონს.
13 . თუ მხეცი დაგლეჯს, წარმოადგინოს დაგლეჯილი დასამოწმებლად და არ გადაიხდის.
14 . თუ კაცი მოყვასისაგან პირუტყვს ინათხოვრებს და პატრონის იქ არ ყოფნისას დაუშავდება ან მოუკვდება, მაშინ უსათუოდ უნდა ზღოს;
15 . მაგრამ თუ პატრონი იქ იყო, მაშინ არ უნდა ზღოს. თუ დაქირავებულია, მაშინ ჯამაგირიდან დაექვითება.
16 . თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს აცდუნებს და დაწვება მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს, რათა ცოლად შეირთოს.
17 . თუ მამა ქალის მითხოვებას არ ინებებს, მაშინ მაცდუნებელმა ქალწულობის ურვადი გადაიხადოს.
18 . ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.
19 . ყველა, ვინც პირუტყვთან დაწვება, უსათუოდ მოკვდეს.
20 . თუ ვინმე უფლის გარდა სხვა ღმერთებსაც შესწირავს მსხვერპლს, სრულად განადგურდეს.
21 . მდგმურს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში.
22 . ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.
23 . თუ რაიმენაირად შეავიწროვებ, შემომღაღადებენ და უსათუოდ შევისმენ მათ ღაღადისს,
24 . აინთება ჩემი რისხვა, მახვილით მოგსრავთ და დაქვრივდებიან თქვენი ცოლები და დაობლდებიან თქვენი შვილები.
25 . თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ვინმე ღარიბ-ღატაკს, ნუ შეავიწროვებ მას და ვახშს ნუ დააკისრებ.
26 . თუ შენი მოყვასის სამოსელს აიღებ გირაოდ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე,
27 . რადგან ის მისი ერთადერთი საფარველია; მისი სხეულის სამოსელია - რაში დაიძინოს? როცა შემომჩივლებს, მოვუსმენ, რადგან მოწყალე ვარ.
28 . ღმერთს ნუ დაგმობ და შენი ხალხის თავკაცს ნუ დასწყევლი.
29 . პირველნაყოფი შენი მოსავლის სისავსისა და პირველდაწურული საწნახელისა, შემომწირე, არ დააგვიანო; შენს ძეთაგან პირმშო მე მომეცი.
30 . ასევე შენი ხარისა და შენი ცხვრის პირველმონაგებიც იყოს შვიდი დღე დედასთან, ხოლო მერვე დღეს მე მომეცი.
31 . წმინდა ხალხი უნდა იყოთ ჩემთვის; ნუ შეჭამთ მინდორში დაგდებულ ნამხეცავ ხორცს: ძაღლებს მიუგდეთ.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
3 . არ მოიქცეთ ეგვიპტის ქვეყნის მცხოვრებთა მსგავსად, სადაც ცხოვრობდით, და ქანაანის ქვეყნის ჩვეულებებისამებრ, სადაც მიმყავხართ; ნუ იცხოვრებთ მათი წესებით.
4 . აღასრულეთ ჩემი სამართალი და დაიცავით ჩემი წესები, მათით იცხოვრეთ; მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
5 . დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი, რომლითაც იცოცხლებს კაცი, თუ მათ დაიცავს; მე ვარ უფალი.
6 . არავინ გაეკაროს თავის ხორცით ნათესავს, არ მიუახლოვდეს სიშიშვლის გამოსაჩენად. მე ვარ ღმერთი.
7 . მამაშენის და დედაშენის სიშიშვლე არ გამოაჩინო. დედაშენია ის, არ ახადო მის სიშიშვლეს.
8 . მამაშენის ცოლის სიშიშვლე არ გამოაჩინო. ეს მამაშენის სიშიშვლეა.
9 . შენი დის, მამაშენის ან დედაშენის ასულის, სახლში ან გარეთ შობილის სიშიშვლე არ გამოაჩინო.
10 . შენი ვაჟის ან ქალიშვილის ასულის სიშიშვლეს ნუ ახდი, ვინაიდან ეს შენი სიშიშვლეა.
11 . მამაშენის ცოლის ასულის, მამაშენისგან შობილის, სიშიშვლეს ნუ ახდი: ის შენი დაა.
12 . მამაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო: მამაშენის სისხლია იგი.
13 . დედაშენის დის სიშიშვლეს არ ახადო, რადგან დედაშენის სისხლია იგი.
14 . მამაშენის ძმის ცოლს არ მიუახლოვდე, ნუ ახდი მის სიშიშვლეს; შენი ბიცოლაა იგი.
15 . არ ახადო შენი რძლის სიშიშვლე: შენი ძის ცოლია იგი.
16 . არ ახადო შენი ძმის ცოლის სიშიშვლეს: ეს შენი ძმის სიშიშვლეა.
17 . ნუ ახდი სიშიშვლეს დედაკაცს და მის ასულს; მისი ძისა და ქალიშვილის ასულს სიშიშვლის ასახდელად ნუ მიუახლოვდები. ერთი სისხლი აქვთ მათ. ეს გარყვნილებაა.
18 . ნუ ითხოვ შენს ცოლისდას დასთან სამტროდ, მის გვერდით სიშიშვლის ასახდელად, შენი ცოლის სიცოცხლეში.
19 . წიდოვნების დროს ნუ მიეკარები ქალს მისი სიშიშვლის ასახდელად.
20 . შენი მოყვასის ცოლთან ნუ დაწვები თესლისღვრით, რადგან შეიბილწები.
21 . არავინ მისცე მოლოქისთვის ცეცხლში გასატარებლად, ნუ შებღალავ შენი ღმერთის სახელს; მე ვარ უფალი.
22 . არ დაწვე მამაკაცთან, როგორც ქალთან წვებიან: ეს საძაგლობაა.
23 . არცერთ პირუტყვს არ შეუერთდე, რადგან შეიბილწები მისით; ნურც ქალი დაუდგება წინ პირუტყვს, მასთან შესაერთებლად, ეს გარყვნილებაა.
24 . ნუ შეიბილწებით ყოველივე ამით, ვინაიდან ამას აკეთებენ ის ხალხები, რომელთაც ვდევნი თქვენგან.
25 . ამიტომ შეიბილწა ქვეყანა, დავხედე მათ უმართლობას და ამოანთხია ქვეყანამ თავისი მცხოვრებნი.
26 . დაიცავით ჩემი წესები და სამართალი და ამ სისაძაგლეებიდან ნურაფერს ჩაიდენს თქვენ შორის მცხოვრები მკვიდრი და მწირი;
27 . რადგან ყველა ამგვარი საძაგლობა ჩაიდინა ამ ქვეყნის ხალხმა, რომელიც თქვენზე წინ იყო; და შეიბილწა ქვეყანა;
28 . რათა არ ამოგანთხიოთ თქვენ ქვეყანამ, როცა შებილწავთ მას, როგორც ის ხალხი, რომელიც თქვენზე წინ იყო.
29 . რადგან ყოველი, ვინც ამ სისაძაგლეთაგან ჩაიდენს რაიმეს, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.
30 . დაიცავით ჩემი ბრძანებანი და ნუ ჩაიდენთ საძაგელ საქმეებს, რაც თქვენამდე კეთდებოდა, რათა არ შეიბილწოთ მათით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
1 . "როცა შენი მოძმის გზააბნეულ ხარს ან ცხვარს დაინახავ, ნუ აერიდები: აუცილებლად დაუბრუნე ისინი შენს ძმას.
2 . თუ შორსაა შენგან ან არ იცნობ მას, მაშინ სახლში წაასხი საქონელი და იყოს იქ, ვიდრე მოაკითხავს პატრონი. მაშინ დაუბრუნე.
3 . ასევე მოექეცი მის სახედარს, სამოსელს და ყოველ დანაკარგს, რასაც დაკარგავს ვინმე, შენ კი იპოვი; ნუ აერიდები.
4 . როცა გზაზე დაცემულ სახედარს ან ხარს დაინახავ, ნუ აერიდები მათ, წამოაყენე ისინი.
5 . დედაკაცმა მამაკაცის სამოსელი არ ჩაიცვას და მამაკაცი ქალის სამოსით არ შეიმოსოს, რადგან საზიზღარია უფლის, შენი ღმერთისთვის ყველა, ვინც ამას სჩადის.
6 . ფრინველის ბარტყებიან ან კვერცხებიან ბუდეს თუ წააწყდები გზაზე - ხეზე ან მიწაზე, დედაც იჯდეს ბარტყებზე ან კვერცხებზე, შვილებითურთ ნუ აიყვან მას,
7 . გაუშვი დედა, შვილები კი თან წაიყვანე, რათა კარგად იყო და იდღეგრძელო.
8 . როცა ახალ სახლს აიშენებ, მოაჯირი გაუკეთე ბანს, რათა ვინმე არ ჩავარდეს და სისხლი არ დაიღვაროს შენს სახლში.
9 . ორნაირ თესლს ნუ დათესავ შენს ვენახში, რათა არ წაიბილწოს შენს მიერ დათესილი თესლის ნაყოფი და ვენახის მოსავალი.
10 . ხარითა და ვირით ერთად ნუ მოხნავ.
11 . მატყლისა და სელის ნარევი ქსოვილი არ ჩაიცვა.
12 . ოთხივე კიდეზე ფოჩები გაუკეთე შენს მოსასხამს, რომლითაც იმოსები.
13 . თუ ვინმე ცოლს შეირთავს, დაწვება მასთან და მერე მოიძულებს მას,
14 . ბოროტად დასდებს ბრალს, სახელს გაუტეხს და იტყვის: შევირთე ეს ქალი, შევედი მასთან და არ აღმოჩნდაო ქალწული,
15 . მაშინ გამოუტანონ ყმაწვილქალის დედ-მამამ მისი ქალწულობის ნიშანი უხუცესებს ქალაქის კარიბჭესთან.
16 . უთხრას ყმაწვილქალის მამამ უხუცესებს: ცოლად მივეცი ამ კაცს ჩემი ასული, მან კი მოიძულა იგი.
17 . აჰა, ცილი დასწამა, ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ასული; აი, ნიშანი ჩემი ასულის ქალწულობისა. და გაშალოს სამოსი ქალაქის უხუცესთა წინაშე.
18 . მაშინ ადგნენ იმ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი;
19 . ასი ვერცხლით დააჯარიმონ იგი და მისცენ ყმაწვილქალის მამას, რადგან ცუდი ხმა გაავრცელა ისრაელიან ქალწულზე; და დარჩება იგი მის ცოლად: ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
20 . ხოლო თუ ნათქვამი მართალი გამოდგა და ყმაწვილქალი ქალწული არ აღმოჩნდა,
21 . გამოიყვანონ იგი თავისი მამის სახლის კართან და სასიკვდილოდ ჩაქოლონ იმ ქალაქის კაცებმა, ვინაიდან სამარცხვინოდ მოიქცა ისრაელში - იმრუშა მამამისის სახლში; ასე ამოშანთავთ თქვენგან ბოროტს.
22 . თუ ქმრიან ქალთან წოლისას წაასწრებენ კაცს, ორივენი მოკვდნენ: ამ ქალთან მწოლი კაციც და ქალიც; ამოშანთეთ ბოროტი ისრაელისგან.
23 . მამაკაცთან დანიშნულ ახალგაზრდა ქალწულს რომ შეხვდეს ვინმე ქალაქში და დაწვეს მასთან,
24 . მაშინ იმ ქალაქის კარიბჭესთან გამოიყვანეთ ორივე და სასიკვდილოდ ჩაქოლეთ: ყმაწვილქალი იმისთვის, რომ კივილით არ უხმო მშველელს, მამაკაცი კი იმისთვის, რომ თავისი მოყვასის ცოლს ნამუსი ახადა; ასე ამოშანთავთ ბოროტს თქვენგან.
25 . ხოლო თუ მინდორში შეხვდება ვინმე დანიშნულ ყმაწვილქალს, და ძალით დაწვება მასთან, მხოლოდ კაცი მოიკლას, რომელმაც გააუპატიურა ქალი.
26 . ყმაწვილქალს კი ნურაფერს დაუშავებთ: ცოდვა არ ჩაუდენია მას, რადგან ეს იგივეა, კაცი რომ თავის მოყვასზე აღდგეს და მოკლას;
27 . მინდორში შეხვდა მას და რომც ეკივლა ყმაწვილქალს, ვერავინ მიეშველებოდა.
28 . თუ კაცი ისეთ ქალწულს შეხვდება, რომელიც დანიშნული არ არის, შეიპყრობს, დაწვება მასთან და წაასწრებენ,
29 . მისცეს ქალთან ნაწოლმა კაცმა ყმაწვილქალის მამას ორმოცდაათი ვერცხლი და გახდეს ქალი იმ კაცის ცოლი, რადგან ნამუსი ახადა მას და ვეღარასოდეს შეძლებს მის გაშვებას.
30 . მამამისის ცოლი არავინ შეირთოს და არ გადაწიოს თავისი მამის კალთა.
1 . როგორც კი დაასრულა საულთან ლაპარაკი, შეეკრა იონათანის სული დავითის სულს, საკუთარი თავივით შეიყვარა იგი იონათანმა.
2 . წაიყვანა იმ დღეს საულმა დავითი და აღარ გაუშვა მამის სახლში.
3 . კავშირი შეკრა იონათანმა დავითთან, რადგან საკუთარი თავივით შეიყვარა იგი.
4 . გაიძრო იონათანმა მოსასხამი, ზედ რომ ემოსა, და მისცა დავითს; ასევე სამოსელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 . ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.
6 . და როცა ისინი და დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ ბრუნდებოდნენ, საულ მეფესთან შესახვედრად ისრაელის ყველა ქალაქიდან გამოვიდნენ გახარებული ქალები, სიმღერით, ცეკვით, დაფდაფებითა და სიმებიანი საკრავებით.
7 . უკრავდნენ ქალები, მღეროდნენ და გაიძახოდნენ: "შემუსრა საულმა ათასები, ხოლო დავითმა ათი ათასები”.
8 . დიდად განაწყენდა საული, არ მოეწონა ეს სიტყვები და თქვა: "დავითს ათი ათასს აძლევენ, მე კი ათასს. სამეფოღა აკლია!”
9 . ამ დღის შემდეგ შურის თვალით უყურებდა საული დავითს.
10 . მეორე დღეს ღვთისგან დაშვებულმა ბოროტმა სულმა შეიპყრო საული და მისანივით იქცეოდა თავის სახლში. ჩვეულებისამებრ ქნარზე უკრავდა დავითი, საულს კი შუბი ეპყრა ხელთ.
11 . ისროლა საულმა შუბი, იფიქრა: "კედელს მივაჭედავო დავითს!” მაგრამ ორჯერ გაერიდა დავითი.
12 . ეშინოდა საულს დავითისა, რადგან უფალი იყო დავითთან, საულს კი განეშორა.
13 . განიშორა საულმა დავითი და დანიშნა იგი ათასისთავად. გამოდიოდა და შედიოდა იგი ხალხის წინაშე.
14 . ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.
15 . დაინახა საულმა, რომ დიდ წარმატებებს აღწევდა დავითი და შეეშინდა მისი.
16 . მთელ ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
17 . უთხრა საულმა დავითს: "აჰა, ჩემი უფროსი ასული მერაბი, ცოლად შეირთე, ოღონდ ვაჟკაცად მეყოლე და იბრძოლე უფლის ომებში!” ფიქრობდა საული, ჩემი ხელი ნუ იქნებაო მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს მასზე.
18 . უპასუხა დავითმა საულს: "ვინ ვარ მე, რას წარმოადგენს ჩემი სანათესაო, ან მამაჩემის ოჯახი ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?”
19 . დადგა დრო, როდესაც საულის ასული მერაბი უნდა მიეთხოვებინათ დავითისთვის, მაგრამ მეხოლათელ ყადრიელს მიათხოვეს იგი.
20 . შეიყვარა დავითი მიქალმა, საულის ასულმა; აუწყეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 . თქვა საულმა: "მივათხოვებ, რომ მახედ იყოს მისთვის და ფილისტიმელთა ხელი იყოს მის წინააღმდეგ”. უთხრა საულმა დავითს: "ერთი ქალიშვილით მაინც დამიმოყვრდები დღეს”.
22 . უბრძანა საულმა თავის მსახურებს: "ფარულად ელაპარაკეთ დავითს და უთხარით, აჰა, კარგად გიყურებს მეფე და მის მსახურებსაც უყვარხარ-თქო, დაესიძე მეფეს!”
23 . ამ სიტყვებს ელაპარაკებოდნენ საულის მსახურები დავითს. თქვა დავითმა: "ადვილი გგონიათ მეფის სიძეობა? მე ხომ ერთი ღარიბი და პატარა კაცი ვარ”.
24 . და აუწყეს მსახურებმა საულს, ასე ლაპარაკობსო დავითი.
25 . თქვა საულმა: "ასე უთხარით დავითს, სხვა ურვადი არ სურს-თქო მეფეს, გარდა ფილისტიმელთა ასი ჩუჩისა, რათა შური მიეგოს მეფის მტრებს”. ფიქრობდა საული, ფილისტიმელთა ხელით დავცემო დავითს.
26 . აუწყეს საულის მსახურებმა მეფის ეს სიტყვები დავითს და მოეწონა მას, მეფის სიძე რომ უნდა გამხდარიყო.
27 . ჯერ არ იყო დანიშნული დრო გასული, რომ ადგა დავითი, წავიდა თავის კაცებთან ერთად და მოსრა ორასი ფილისტიმელი. მოიტანა დავითმა მათი ჩუჩები და სრულად ჩააბარა მეფეს, რათა გამხდარიყო მეფის სიძე. მაშინ მისცა მას საულმა მიქალი, თავისი ასული ცოლად.
28 . და როცა მიხვდა საული, რომ უფალი იყო დავითთან და უყვარდა იგი მიქალს, მის ასულსა და მთელს ისრაელს,
29 . კიდევ უფრო შეეშინდა დავითისა და მტრობდა გამუდმებით.
30 . გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავარნი საბრძოლველად; და როცა გამოვიდოდნენ, საულის ყველა მსახურზე მეტ წარმატებას აღწევდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1 . ხანგრძლივი ომი იყო საულისა და დავითის სახლებს შორის. და სულ უფრო ძლიერდებოდა დავითი, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა.
2 . ძეები შეეძინა დავითს ხებრონში; პირმშო ყამნონი - იზრეყელელი ახინოყამისგან.
3 . მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის ასულისა.
4 . მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
5 . მეექვსე, ითრეამი - ყეგლასგან, დავითის ცოლისგან; ესენი შეეძინა დავითს ხებრონში.
6 . საულისა და დავითის სახლებს შორის ომში, მტკიცედ ეჭირა აბნერს საულის სახლის მხარე.
7 . ხარჭა ჰყავდა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა იშბოშეთმა აბნერს: "რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?”
8 . დიდად განრისხდა აბნერი იშბოშეთის ნათქვამზე; უთხრა: "ძაღლის თავი ხომ არ ვარ იუდაში? დღემდე ერთგული ვარ მამაშენის, საულის სახლის, მისი ძმებისა და მეგობრების მიმართ, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს?
9 . ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და უარესიც დამართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც უფალმა შეჰფიცა დავითს:
10 . მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავითის ტახტს დავადგენ ისრაელსა და იუდაზე, დანიდან ბეერ-შებაყამდე”.
11 . და ვეღარ შეეპასუხა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12 . მოციქულები გაუგზავნა აბნერმა დავითს, რომ ეთქვათ: "ვისია ეს ქვეყანა? კავშირი შემიკარი და, აჰა, შენთან იქნება ჩემი ხელი, რათა შენკენ მოვაქციო მთელი ისრაელი”.
13 . მიუგო დავითმა: "კეთილი, შევკრავ კავშირს შენთან, ოღონდ ერთ რამეს მოვითხოვ: ვერ იხილავ ჩემს სახეს, როცა ჩემს სანახავად მოხვალ თუ მიქალს, საულის ასულს არ მოიყვან ჩემთან”.
14 . მოციქულები გაუგზავნა დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს და მოსთხოვა: "მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩის ფასად დავნიშნე”.
15 . გაგზავნა კაცი იშბოშეთმა და წაართვა ქალი მის ქმარს, ფალტიელ ლაიშის ძეს.
16 . წამოჰყვა ქმარი ქალს, მიჰყვებოდა და მისტიროდა ბახურიმამდე. მერე უთხრა აბნერმა: "წადი, გაბრუნდი!” და ისიც გაბრუნდა.
17 . ელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: "გუშინაც და გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
18 . ახლა ასე უნდა მოიქცეთ, რადგან ნათქვამი აქვს უფალს დავითზე: "ჩემი მსახურის დავითის ხელით გადავარჩენ ჩემს ერს, ისრაელს, ფილისტიმელებისა და ყველა მტრის ხელიდან”.
19 . ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელებს. და მერე ხებრონში წავიდა, რათა დავითისთვის ეთქვა ყველაფერი, რაც ისრაელსა და ბენიამინელთა მთელ სახლს მიაჩნდა მოსაწონად.
20 . მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა და ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერსა და მასთან მყოფ კაცებს.
21 . უთხრა აბნერმა დავითს: "ავდგები და წავალ, შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, რათა აღთქმა დადონ შენთან და შენს ნებაზე იმეფებ მათზე”. გაისტუმრა დავითმა აბნერი და მშვიდობით წავიდა იგი.
22 . აჰა, დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურები და იოაბი თარეშიდან, თან დიდძალი ნადავლი მოიყოლეს. აბნერი აღარ დახვდათ დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს და მშვიდობით წასულიყო იგი.
23 . როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, უთხრეს იოაბს: "მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და წავიდა იგი მშვიდობით”.
24 . მივიდა იოაბი დავითთან და უთხრა: "ეს რა ჰქენი? აჰა, აბნერი მოსულა, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
25 . განა არ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ იცოდეს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ, ყველაფერი გაიგოს, რასაც აკეთებ”.
26 . დავითისგან რომ გამოვიდა იოაბი, მოციქულები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან მოაბრუნა. არ იცოდა ეს ამბავი დავითმა.
27 . დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.
28 . მოგვიანებით, როცა გაიგო დავითმა ეს ამბავი, თქვა: "უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე საუკუნოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
29 . იოაბის თავს და მამამისის სახლს დაატყდეს! არ გამოილიოს იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, მახვილით განგმირული და უპურობით დამშეული!”
30 . იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოკლეს აბნერი, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი, გაბაონთან ბრძოლაში.
31 . უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ ხალხს: "შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ აბნერი”. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.
32 . როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, აღიმაღლა ხმა და ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა ხალხიც.
33 . დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: "განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34 . ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან”. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
35 . ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურის ჭამას სთავაზობდნენ დავითს. იფიცებოდა დავითი: "ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ ვიგემო მზის ჩასვლამდე პური ან სხვა რამე”.
36 . მთელმა ხალხმა შენიშნა და მოეწონა ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც აკეთებდა მეფე.
37 . გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა იმ დღეს, რომ მეფეს არ მოუკლავს აბნერ ნერის ძე.
38 . უთხრა მეფემ თავის მსახურებს: "იცით თუ არა, რომ მხედართმთავარი და დიდებული კაცი დაეცა დღეს ისრაელში?
39 . მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. დაე, უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტებისამებრ!”
1 . გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
2 . ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
3 . წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
4 . და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
5 . შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
6 . ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
7 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
8 . მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
9 . მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
10 . მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
11 . და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
12 . და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
13 . მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
14 . მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
15 . მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
16 . შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
17 . გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
1 . შვილო, ჩემს სიბრძნეს მოუსმინე და ყური მიაპყარ ჩემს გონიერებას,
2 . რათა შეგეძლოს განსჯა და ცოდნის სადარაჯოზე იყვნენ შენი ბაგენი.
3 . რადგან გოლეულ თაფლს აწვეთებენ ბაგენი უცხო ქალისა და ზეთზე ნაზია მისი საუბარი.
4 . ნაღველივით მწარეა მისი ბოლო და ბასრი - ორლესული მახვილივით.
5 . სიკვდილში ჩადის მისი ფეხები, ქვესკნელისკენ მიემართება მისი ნაბიჯები.
6 . სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.
7 . ახლა მე მომისმინეთ შვილებო და ნუ გადაუხვევთ ჩემს ნათქვამს.
8 . შორს იყოს მისგან შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები,
9 . თორემ, სხვებს მისცემ შენს ძალას და წლებს შენსას - დაუნდობელს,
10 . შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი - უცხოტომელისა.
11 . ბოლოს კი აკვნესდები, როცა ჩამოგიხმება ხორცი და ტანი,
12 . იტყვი: "როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;
13 . არც ჩემს მასწავლებელს მოვუსმინე და არც ჩემს დამრიგებელს დავუგდე ყური.
14 . ლამის საბოლოოდ გავნადგურდი ხალხსა და კრებულში”.
15 . სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან,
16 . რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები - მოედნებზე?
17 . მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი.
18 . კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით,
19 . მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!
20 . შვილო, რად უნდა გატყვევებდეს უცხო ქალი და ეხვეოდე მკერდს უცხოტომელისას?
21 . რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზანი და მის ყველა ბილიკს ის სწონის.
22 . ბოროტეული საკუთარი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისივე ცოდვის საბელებით შეიბოჭება.
23 . შეგონების გარეშე მოკვდება იგი და თავისი სიბრიყვის სიმრავლით დაიკარგება.
1 . სიხარულით შემოსძახე, ბერწო, ჯერ რომ არ გიშვია! სიხარულით აყიჟინდი და ხმამაღლა შესძახე, ჯერ რომ ტკივილები არ განგიცდია! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს, ამბობს უფალი.
2 . გააფართოვე შენი კარვის ადგილი და შენი საცხოვრებლის ფარდები დაჭიმე, ნუ დაინანებ, დააგრძელე შენი საბელები და შენი პალოები გაამაგრე,
3 . რადგან მარჯვნივ და მარცხნივ განივრცობი, შენი შთამომავლობა ერებს დაიპყრობს და უკაცრიელ ქალაქებს დაასახლებს.
4 . ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები, დამცირებულად ნუ იგრძნობ თავს, რადგან არ დამცირდები, სიყმაწვილის სირცხვილს დაივიწყებ და შენი ქვრივობის უპატივობას აღარ გაიხსენებ.
5 . რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება იგი.
6 . რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, მიტოვებულს და სულით მგლოვიარეს, როგორც სიყმაწვილის ცოლს, უარყოფილს! ამბობს შენი ღმერთი.
7 . მცირე ხნით მიგატოვე და დიდი თანაგრძნობით შეგკრებ.
8 . მრისხანების გზნებაში, ცოტა ხნით დავმალე სახე შენგან, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიბრალებ!” - ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი.
9 . რადგან ნოეს წყლებივით არის ეს ჩემთვის; როგორც დავიფიცე, რომ მეტად აღარ დაფარავდნენ ნოეს წყლები დედამიწას, ისე დავიფიცე, რომ აღარ განვრისხდები შენზე და აღარ გაგკიცხავ.
10 . რადგან მთები დაიძვრებიან და ბორცვები შეირყევიან, ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება და ჩემი მშვიდობის აღთქმა არ შეირყევა შენგან, ამბობს უფალი, შენი შემბრალე.
11 . ოჰ, ტანჯულო, ქარის მიერ მიმოტაცებულო და უნუგეშებელო! აჰა, ძვირფასი ქვებით აგაშენებ და საფირონს დაგიდებ საძირკვლად.
12 . ლალის ქონგურებს, ბროლის კარიბჭეებს და ძვირფასი ქვების გალავანს გაგიკეთებ.
13 . შენი ყველა ძე, უფლისგან იქნება დამოძღვრილი და დიდი იქნება შენი ძეების კეთილდღეობა.
14 . სიმართლეში დაფუძნდები, შორს იქნები ჩაგვრისგან, რადგან არ შეგეშინდება; შორს იქნები ძრწოლისგან, რადგან არ მოგიახლოვდება.
15 . თუ ვინმე შეგებრძოლება, ეს არ იქნება ჩემგან! ვინც შენ შეგებრძოლება, შენს წინაშე დაეცემა.
16 . აჰა, მე შევქმენი მჭედელი, რომელიც უბერავს ცეცხლის ნაკვერჩხალს და გამოჰყავს იარაღი თავისი საქმისთვის; მე შევქმენი გამანადგურებელი, რომ ანადგუროს.
17 . შენს წინააღმდეგ გამოჭედილი ყოველი იარაღი გაცუდდება და ყოველ ენას, რომელიც ბრალს დაგდებს სამსჯავროზე, შენ დასდებ მსჯავრს. ეს არის უფლის მსახურთა ხვედრი და მათი გამართლება ჩემგან არის! - ამბობს უფალი.
1 . უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
2 . უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
3 . მივმადლო სიონის მგლოვიარეთ, მივცე მათ გვირგვინი ფერფლის ნაცვლად, სიხარულის ზეთი - გლოვის ნაცვლად, ქების მოსასხამი - უძლურების სულის ნაცვლად. და უწოდებენ მათ უფლის მიერ დანერგილ სიმართლის სვეტებს, რათა განდიდდეს იგი.
4 . კვლავ ააშენებენ უძველეს ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, გაუდაბურებული რომ იყო თაობიდან თაობამდე.
5 . დადგებიან უცხონი და მათ ცხვარს დამწყემსავენ; უცხოტომელთა ძენი იქნებიან მათი მიწათმოქმედნი და მევენახენი.
6 . და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო - იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ.
7 . ნაცვლად სირცხვილისა ორმაგად განდიდდებიან; დამცირების წილ იყიჟინებენ, თავიანთ მიწაზე ორმაგს დაეუფლებიან და საუკუნო სიხარულს დაიმკვიდრებენ.
8 . რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.
9 . და ცნობილი იქნება მათი თესლი ერებში და მათი შთამომავლობა - ხალხთა შორის, ყველა მათი მნახველი იცნობს მათ, რადგან უფლის მიერ კურთხეულის თესლია ისინი.
10 . სიხარულით ვილხენ უფალში, გაიხარებს ჩემი სული ჩემს ღმერთში, ვინაიდან მან შემმოსა ხსნის სამოსელით, სიმართლის მოსასხამი მომასხა, როგორც ნეფე იდგამს გვირგვინს და როგორც პატარძალი ირთვება სამკაულებით.
11 . რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი გააღვივებს მასში ჩათესილს, ისე უფალი ღმერთი აღმოაცენებს სიმართლესა და დიდებას ყველა ერის წინაშე.
1 . უფლის სიტყვა, იერემიას რომ ესმა:
2 . "უფლის სახლის კარიბჭეში დადექი და გამოაცხადე იქ ეს სიტყვა. თქვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდევლებო, ამ კარში შემომსვლელნო, უფლის თაყვანისსაცემად.
3 . ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქციელი და მე დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე.
4 . ნუ მიენდობით ყალბ სიტყვებს, რომ ამბობენ - უფლის ტაძარია, უფლის ტაძარია, უფლის ტაძარიაო ეს!
5 . რადგან თუ გამოასწორებთ თქვენს გზებსა და თქვენს საქციელს, თუ სიმართლით განიკითხავთ მოდავეებს,
6 . არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ,
7 . მაშინ დაგამკვიდრებთ ამ ადგილზე, ქვეყანაში, რომელიც მე მივეცი თქვენს მამებს სამარადისოდ.
8 . აჰა, ყალბ და უსარგებლო სიტყვებზე ხართ დაიმედებულნი;
9 . იპარავთ, კლავთ და მრუშობთ, ცრუდ იფიცებთ, ბაყალს უკმევთ და სხვა ღმერთებს მისდევთ, რომელთაც არ იცნობდით.
10 . მერე კი მოხვალთ და დადგებით ჩემ წინაშე ამ სახლში, ჩემი სახელით რომ იწოდება და ამბობთ - გადავრჩითო! რათა მერე ისევ ჩაიდინოთ ყველა ეს სისაძაგლე.
11 . ავაზაკთა ბუნაგად იქცა თქვენთვის ეს სახლი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება? აჰა, მეც ვხედავ ამას!” - ამბობს უფალი.
12 . "ახლა წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო.
13 . ახლა კი, რადგან ყველა ეს საქმე ჩაიდინეთ, ამბობს უფალი, რადგან განთიადიდანვე გეუბნებოდით, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, გიხმობდით და არ მპასუხობდით,
14 . რაც შილოს მოვაწიე, იმასვე მოვაწევ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რომელზეც დაიმედებულხართ და იმ ადგილს, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით;
15 . გაგყრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა თქვენი ძმა, ეფრემის მთელი შთამომავლობა გავყარე.
16 . შენ კი, ნურც ილოცებ ამ ხალხისთვის და ნურც ვედრებასა და ლოცვას აღავლენ მათთვის, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ.
17 . განა ვერ ხედავ, რას სჩადიან ისინი იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?
18 . ძენი შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს აჩაღებენ, ქალები კი ცომს ზელენ, რომ კვერები დააცხონ ცათა დედოფლის პატივსაცემად, და სასმელს ღვრიან სხვა ღმერთებისთვის, რათა გამაბრაზონ.
19 . მაგრამ მე მაბრაზებენ ისინი, ამბობს უფალი, თუ თავს ირცხვენენ?”
20 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, გადმოინთხევა ამ ადგილზე ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა ადამიანსა და საქონელზე, მინდვრის ხეებსა და მიწის ნაყოფზე, აგიზგიზდება და არ მინავლდება”.
21 . ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა: "თქვენი ყოვლადდასაწველი სხვა მსხვერპლებს მიუმატეთ და ჭამეთ ხორცი.
22 . რადგან მე არაფერი მითქვამს თქვენი მამებისთვის, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამომყავდა, და არ მომითხოვია მათთვის სრულადდასაწველი და მსხვერპლები;
23 . მაგრამ აი რა ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი, თქვენ კი ჩემი ხალხი იქნებით; იარეთ იმ გზებით, რომლებზეც მიგითითებთ და სიკეთეს ეწევით-მეთქი.
24 . მაგრამ არ გაიგონეს, ყური არ დამიგდეს, საკუთარი გონებითა და ბოროტი გულის სიჯიუტით იარეს, უკან მიდიოდნენ და არა წინ.
25 . ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ.
26 . მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
27 . ახლა შენც ეტყვი ამ სიტყვებს, მაგრამ არც შენ მოგისმენენ; მოუხმობ და არ გიპასუხებენ.
28 . უთხარი: აი, ხალხი, რომელიც არ დაემორჩილა უფლის, თავისი ღმერთის ხმას და არ მიიღო დარიგება; დაიკარგა ჭეშმარიტება, მოიკვეთა მათი ბაგეებიდან.
29 . შეიჭერი თმა და გადაყარე, მოტიტვლებულ სიმაღლეებზე გოდება გამართე, რადგან მოიძულა და მიატოვა უფალმა მისგან შერისხული თაობა.
30 . რადგან ბოროტს სჩადიან ჩემს თვალწინ იუდას ძენი, ამბობს უფალი, თავიანთი სისაძაგლენი დაადგინეს სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, რათა შებილწონ იგი.
31 . თოფეთის სიმაღლეები აღმართეს ბენჰინომის ჭალებში, რათა ცეცხლში დაეწვათ საკუთარი ძენი და ასულნი, რაც არ მიბრძანებია მათთვის, გულშიც არ გამივლია.
32 . ამიტომ მოდის დღეები, ამბობს უფალი, როცა მეტად აღარ დაუძახებენ ამ ადგილს თოფეთსა და ბენჰინომის ჭალას, არამედ - სასაკლაო ჭალას, თოფეთში დამარხავენ ხოლმე უადგილობის გამო.
33 . და იქნება ამ ხალხის გვამები ცის ფრინველთა და მიწის მხეცთა საჭმელად, აღარავინ იქნება მათი დამფრთხობი.
34 . შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში მხიარულებისა და ლხინის ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას, რადგან გაუდაბურდება ეს მიწა”.
1 . და იყო ჩემ მიმართ უფლის სიტყვა:
2 . "ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ძეებს და ასულებს ამ ადგილზე;
3 . რადგან ასე ამბობს უფალი ამ ადგილზე შობილ ძეებსა და ასულებზე, დედებზე რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში:
4 . სასიკვდილო სნეულებებით დაიხოცებიან, არც დაიტირებენ და არც დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით მოისპობიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის ცხოველთა საჭმელად იქცევა”.
5 . რადგან ასე ამბობს უფალი: "მგლოვიარეთა სახლში ნუ შეხვალ, მათ დასატირებლად და მისასამძიმრებლად ნუ წახვალ, რადგან ჩემი მშვიდობა, წყალობა და სიბრალული წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი.
6 . დაიხოცება დიდებულიც და ღატაკიც ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ, არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და არავინ გადაიპარსავს თმას მათთვის.
7 . არავინ გატეხს გლოვის პურს ნუგეშის საცემლად და არავინ მიაწვდის სამძიმრის თასს მამისა და დედის გამო.
8 . ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად”.
9 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, გავაქრობ ამ ადგილიდან, თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში, სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
10 . და ახლა, როცა ეტყვი ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას, ისინი გკითხავენ: რის გამო უშვებს ასეთ დიდ უბედურებას ჩვენზე უფალი? რა დანაშაული ჩავიდინეთ, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?
11 . შენ ასე უპასუხე: იმის გამო, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა! ამბობს უფალი, უცხო ღმერთებს რომ მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ; მე კი დამივიწყეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
12 . თქვენც ჩაიდინეთ ბოროტება, თქვენს მამებსაც კი გადააჭარბეთ. აჰა, თითოეული თქვენგანი თავისივე ბოროტი გულის სიჯიუტეს მიჰყვება და მე არ მისმენთ.
13 . ამიტომ გადაგასახლებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამები იცნობდნენ; იქ მოემსახურეთ უცხო ღმერთებს დღედაღამ, რადგან არ შეგიწყნარებთ.
14 . ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო.
15 . არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.
16 . აჰა, გავაგზავნი ბევრ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად; ამის შემდეგ გავაგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებში,
17 . რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.
18 . ჯერ ორმაგად გადავუხდი მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო, რომ შებილწეს ჩემი ქვეყანა; საკერპო გვამებითა და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო”.
19 . ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: "მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.
20 . "განა შეუძლია კაცს ღმერთები გაიკეთოს? მაინც არ იქნებიან ისინი ღმერთები!
21 . ამიტომ, აჰა, მე გავაგებინებ; ამჯერად მე გავაგებინებ მათ ჩემს ძალას და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ, რომ ჩემი სახელი არის - უფალი”.
1 . კვლავ მითხრა უფალმა: "ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.
2 . ნაყიდი მყავს იგი ჩემთვის თხუთმეტ ვერცხლად და ერთ-ნახევარ ხომერ ქერად.
3 . ვუთხარი: დიდხანს დარჩი ჩემთან, არ იმრუშო, სხვისი არ გახდე და მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.
4 . რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელის ძენი უმეფოდ და უმთავროდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ.
5 . ამის შემდეგ მოიქცევიან ისრაელის ძენი და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მოშიშებით წარსდგებიან უფლისა და მისი სიკეთის წინაშე.
1 . აჰა, თქვენთვის მცნება, მღვდელნო:
2 . თუ არ შეისმენთ და გულს არ დაუდებთ, რომ პატივი სცეთ ჩემს სახელს - ამბობს ცაბაოთ უფალი - მაშინ დავუშვებ თქვენზე წყევლას და დავწყევლი თქვენს კურთხევას; აკი ვწყევლი კიდეც, რადგან გულთან არ მიგაქვთ ჩემი მცნება.
3 . აჰა, შევრისხავ თქვენს მიერ დათესილ თესლს და განავალს მოგაყრით სახეზე, თქვენი სადღესასწაულო მსხვერპლების განავალს და გადაიყრებით მასთან ერთად.
4 . და მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება, რათა აღსრულდეს ჩემი აღთქმა ლევის მიმართ - ამბობს ცაბაოთ უფალი.
5 . მასთან იყო ჩემი აღთქმა - სიცოცხლისა და მშვიდობისა, და მე მივეცი ეს მას ჩემი მოშიშებისთვის; და ეშინოდა ჩემი და თრთოდა ჩემი სახელის წინაშე.
6 . ჭეშმარიტების რჯული იყო მის პირში და უმართლობა არ მოიძებნებოდა მის ბაგეებზე. მშვიდობასა და სიმართლეში დადიოდა ჩემთან და მრავალი მოაქცია ურჯულოებისგან.
7 . რადგან მღვდლის ბაგეებმა უნდა შეინახოს ცოდნა და მისი პირიდან უნდა ეძებდნენ დარიგებას, რადგან ცაბაოთ უფლის მაცნეა იგი.
8 . თქვენ კი გზიდან გადაუხვიეთ, მრავალი ააცდინეთ რჯულს და დაარღვიეთ ლევის აღთქმა - ამბობს ცაბაოთ უფალი.
9 . მეც დავუშვი შეურაცხყოფა და დამცირება ყველა ხალხთაგან, ვინაიდან არ იცავთ ჩემს გზას და პირმოთნეობთ რჯულში.
10 . განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?
11 . იმუხთლა იუდამ და სისაძაგლე ჩაიდინა ისრაელსა და იერუსალიმში, რადგან შებღალა იუდამ სიწმიდე უფლისა, რომელიც უყვარდა და ცოლად უცხო ღმერთის ასული შეირთო.
12 . ამის ჩამდენს უფალი მოუკვეთს სადარაჯოზე მდგომსა და პასუხისმგებელს იაკობის კარვებიდან და ძღვენის მიმრთმევთაგან ცაბაოთ უფლისადმი.
13 . აი, კიდევ რას აკეთებთ: ცრემლებით ფარავთ ღვთის სამსხვერპლოს, ტირილითა და ქვითინით. ამის გამო აღარ აქვს ღმერთს სახე ძღვენისკენ და აღარ ეამება მისი მიღება თქვენი ხელიდან.
14 . კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა.
15 . განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს!
16 . რადგან მძულს განქორწინება - ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი; ის, ვინც ძალადობით ფარავს თავის სამოსელს - ამბობს ცაბაოთ უფალი. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ დაარღვევთ ერთგულებას.
17 . დაღალეთ უფალი თქვენი სიტყვებით, თან კითხულობთ: რითი დავღალეთო? იმით, რომ ამბობთ: ყოველი ავისმქმნელი კარგია უფლის თვალში და ასეთნი ეამებიანო; ან: სად არისო მართლმსაჯულების ღმერთი?
1 . დაინახა რა ხალხი, მთაზე ავიდა და როცა დაჯდა, მისი მოწაფეები მივიდნენ მასთან.
2 . და გახსნა თავისი ბაგე, ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა:
3 . "ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
4 . ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
5 . ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას.
6 . ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
7 . ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
8 . ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ.
9 . ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.
10 . ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.
11 . ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო.
12 . იხარეთ და იმხიარულეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე სდევნიდნენ წინასწარმეტყველებს, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ.
13 . თქვენ ხართ მარილი მიწისა. თუ მარილი გაუგემურდა, რითღა დამარილდეს? ის უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთა მიერ გასათელად.
14 . თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.
15 . არც ლამპარს ანთებენ იმისთვის, რომ ჭურჭელქვეშ დადგან, არამედ სალამპრეზე დგამენ და უნათებს ყველას სახლში.
16 . ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.
17 . არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
19 . მაშ, ვინც დაარღვევს ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ისე ასწავლის ადამიანებს, უმცირესი დაერქმევა მას ცათა სამეფოში; ხოლო ვინც აღასრულებს და ისე ასწავლის, მას დიდი დაერქმევა ცათა სამეფოში.
20 . გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!
21 . გსმენიათ, რომ ძველ ხალხს ეთქვათ: არა კაც კლა! ვინც მოკლავს, მსჯავრდადებული იქნება.
22 . მე კი გეუბნებით თქვენ, რომ ყოველი, ვინც თავის ძმას უმიზეზოდ განურისხდება, სამსჯავროს თანამდები იქნება; ვინც თავის ძმას ეტყვის - რაკა, სინედრიონის თანამდები იქნება; ხოლო, ვინც ეტყვის სულელოო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
23 . ამიტომ, თუ ძღვენს მიიტან სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენი საწინააღმდეგო,
24 . მიატოვე შენი ძღვენი სამსხვერპლოს წინ, წადი და ჯერ შენს ძმას შეურიგდი, შემდეგ დაბრუნდი და შესწირე შენი ძღვენი!
25 . სასწრაფოდ დაუზავდი შენს მეტოქეს, ვიდრე მასთან ერთად ადგახარ გზას, რომ მან მსაჯულს არ გადაგცეს, ხოლო მსაჯულმა მსახურს არ გადაგცეს და საპყრობილეში არ ჩაგაგდონ.
26 . ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ კოდრანტს არ გადაიხდი.
27 . გსმენიათ, რომ თქმულა: არ იმრუშო.
28 . მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში.
29 . თუ მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
30 . თუ მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, ერთი ასოთაგანი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში.
31 . ასევე ნათქვამია: თუ ვინმე გაუშვებს თავის ცოლს, მისცეს მას გაყრის მოწმობა.
32 . მე კი გეუბნებით თქვენ, ყოველი, ვინც თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე გაუშვებს, მრუშობის საბაბს აძლევს მას; ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
33 . ისიც გსმენიათ, რაც წინაპართ ეთქვათ: ყალბად არ დაიფიცო, არამედ შეასრულე შენი ფიცი უფლის წინაშე.
34 . მე კი გეუბნებით თქვენ: საერთოდ არ დაიფიცოთ - არც ცა, რადგან ღმერთის ტახტია იგი;
35 . არც დედამიწა, რადგან მის ფერხთა სადგამია იგი; არც იერუსალიმი, რადგან დიდი მეფის ქალაქია იგი.
36 . არც საკუთარი თავი დაიფიცო, რადგან ერთი ღერი თმის გათეთრება ან გაშავებაც კი არ შეგიძლია.
37 . არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო, ჰო და არა, არა. ამაზე მეტი, ბოროტისგანაა.
38 . გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ.
39 . მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე.
40 . თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე.
41 . ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.
42 . ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
43 . გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44 . მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.
45 . რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.
46 . რადგან თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასევე არ იქცევიან?
47 . და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მოიკითხავთ, განსაკუთრებულს რას აკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან?
48 . მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი”.
1 . ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა.
2 . დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
3 . მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
4 . ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
5 . და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
6 . ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
7 . უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”
8 . უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
9 . მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
10 . უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.
11 . უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
12 . ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
13 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
14 . იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
15 . დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
16 . და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
17 . ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
18 . ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
19 . პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
20 . უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”
21 . უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
24 . კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
25 . ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
26 . გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
27 . მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?”
28 . ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.
29 . და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
30 . ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
1 . იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა:
2 . "ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
3 . გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
4 . კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
5 . მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.
6 . სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
7 . ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
8 . მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ.
9 . ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში.
10 . გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
11 . შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.
12 . უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა.
13 . მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
14 . რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
15 . მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე.
16 . ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
17 . ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”
18 . იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
19 . მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.
20 . ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”
21 . თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”
22 . ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
23 . იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
24 . "მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.
25 . ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
26 . ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
27 . ბოლოს ქალიც მოკვდა.
28 . ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.
29 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
30 . ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
31 . ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:
32 . მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.
33 . ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
34 . ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
35 . ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
36 . "მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
37 . უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
38 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
39 . ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
40 . ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
41 . ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ:
42 . "რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”.
43 . უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
44 . უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.
45 . თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?”
46 . და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.
1 . მაშინ ცათა სამეფო დაემსგავსება იმ ათ ქალწულს, თავიანთი ლამპრები რომ აიღეს და ნეფის შესახვედრად გამოვიდნენ.
2 . ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი - გონიერი.
3 . ლამპრები კი აიღეს უგუნურებმა, მაგრამ ზეთი არ გაიყოლეს თან.
4 . ხოლო გონიერებმა ლამპრებთან ერთად ზეთიც თან გაიყოლეს ჭურჭლებით.
5 . ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველამ ჩათვლიმა, და დაეძინათ.
6 . შუაღამისას დაიძახეს: აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!
7 . წამოდგნენ ქალწულები და გამართეს თავიანთი ლამპრები.
8 . სთხოვეს გონიერებს უგუნურებმა: გვიწილადეთ თქვენი ზეთი, რადგან გვიქრება ლამპრები.
9 . გონიერებმა კი მიუგეს პასუხად: ჩვენც და თქვენც რომ არ დაგვაკლდეს, უმჯობესია ვაჭრებთან წახვიდეთ და თქვენთვის იყიდოთო.
10 . ვიდრე საყიდლად იყვნენ წასულნი, მოვიდა ნეფე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიკეტა.
11 . მოგვიანებით მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ.
12 . ხოლო მან მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ!
13 . ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა”.
14 . "ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა.
15 . ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი; თითოეულს მისი შეძლების მიხედვით, და წავიდა.
16 . ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, იშრომა და დამატებით ხუთი მოიგო.
17 . ორის მიმღებმაც ორი სხვა მოიგო.
18 . ხოლო ერთის მიმღები, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
19 . კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.
20 . მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა ხუთი ტალანტიც მოვიგე.
21 . უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.
22 . მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტიც მოვიგე.
23 . უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში.
24 . მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ მკაცრი კაცი ხარ - იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.
25 . შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.
26 . მაშინ მიუგო ბატონმა პასუხად: ბოროტო და უქნარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია;
27 . ამიტომ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას სარგებლითურთ მივიღებდი ჩემსას.
28 . ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
29 . ვინაიდან ყოველ მქონებელს მიეცემა და ჭარბად ექნება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
30 . ეს უსარგებლო მონა კი გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
31 . ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
32 . შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისგან.
33 . დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, თხებს კი - თავის მარცხნივ.
34 . მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.
35 . ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;
36 . შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.
37 . მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
38 . როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
39 . როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?
40 . მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
41 . მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.
42 . ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით;
43 . უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი, და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ.
44 . მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?
45 . მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არც ერთს ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ - არც მე გამიკეთეთ!
46 . და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში”.
1 . მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში; იესოს დედაც იქ იყო.
2 . იესო და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში.
3 . ღვინო რომ შემოაკლდათ, უთხრა დედამისმა იესოს: "ღვინო აღარა აქვთ”.
4 . იესომ მიუგო: "რა მე და შენ დედაკაცო? ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა”.
5 . უთხრა დედამისმა მსახურებს: "გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით”.
6 . იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმენდის წესის თანახმად, თითოში ორი თუ სამი საწყაო ჩადიოდა.
7 . უთხრა მათ იესომ: "აავსეთ წყლით ეს ჭურჭლები”. მათაც პირთამდე აავსეს.
8 . კვლავ უთხრა მათ: "ახლა ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით!” და მიართვეს.
9 . როცა თამადამ ღვინოდქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი, ნეფეს დაუძახა მან
10 . და უთხრა: "ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს”.
11 . ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება; და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
12 . ამის შემდეგ იესო დედამისთან, თავის ძმებთან და მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში ჩავიდა, და რამდენიმე დღე იქ დარჩა.
13 . იუდეველთა პასექი რომ მოახლოვდა, იერუსალიმში ავიდა იესო.
14 . ნახა ტაძარში ხარების, ცხვრების და მტრედების გამყიდველნი და მსხდომარე ფულის გადამცვლელნი.
15 . საბლისგან შოლტი გააკეთა და გამორეკა ტაძრიდან ყველა, ასევე ხარები და ცხვრები; ფულის გადამცვლელებს ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა.
16 . მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: "გაიყვანეთ ესენი აქედან; და მამაჩემის სახლს სავაჭრო სახლად ნუ გადააქცევთ”.
17 . მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: "შენი სახლის შური შემჭამს მე”.
18 . მიუგეს იუდევლებმა და უთხრეს მას: "რა ნიშანს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?”
19 . მიუგო იესომ და უთხრა მათ: "დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას”.
20 . უთხრეს იუდევლებმა: "ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას?”
21 . ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.
22 . როცა აღდგა მკვდრეთით, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და ირწმუნეს წერილი და იესოს ნათქვამი სიტყვა.
23 . იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა ირწმუნა მისი სახელი, როცა იხილეს მის მიერ მოხდენილი სასწაულები.
24 . თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავის თავს, რადგან ყველას იცნობდა.
25 . არც სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.
1 . ან, განა არ იცით, ძმებო, - რადგან რჯულის მცოდნეებს ველაპარაკები, - რომ რჯული ბატონობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია?
2 . რადგან ქმრიანი დედაკაცი რჯულით არის შეკრული ცოცხალ ქმართან, ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან.
3 . ამიტომ, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა კაცის გახდება, მრუში ეწოდება; ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა ქმრისად გახდომა მრუშობად არ ჩაეთვლება.
4 . ასე თქვენც, ჩემო ძმებო, რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულის მეშვეობით, რომ სხვისი, მკვდრეთით აღმდგარის კუთვნილება გახდეთ, რათა ნაყოფი მოვუტანოთ ღმერთს.
5 . ვინაიდან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მეშვეობით ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი მოგვეტანა.
6 . ახლა კი მკვდრები რჯულისათვის, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით რჯულისაგან, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არა დაძველებული ასოთი.
7 . მაშ, რაღა ვთქვათ, ნუთუ ცოდვაა რჯული? არამც და არამც! ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა, თუ არა რჯულის მეშვეობით, რადგან ვერც გულისთქმას შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: "არ ისურვო!”
8 . ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
9 . ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი;
10 . და მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის,
11 . რადგან ცოდვამ მცნებისგან აიღო საბაბი, მაცდუნა და მომკლა მისი მეშვეობით.
12 . ამრიგად, რჯული წმიდაა, მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13 . ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც! მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისმეტად ცოდვილი გამხდარიყო მცნების მეშვეობით.
14 . რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი - ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული.
15 . ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
16 . ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ კეთილია იგი.
17 . მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.
18 . ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება - არა!
19 . ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20 . ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში ცხოვრობს.
21 . ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს: კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება.
22 . რადგან შინაგანი კაცის მიხედვით ღვთის რჯულით ვხარობ.
23 . მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულს ვხედავ, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
24 . უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
25 . ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით. ამრიგად, ჩემი გონებით ღვთის რჯულის მონა ვარ, ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულსა.
1 . მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა;
2 . იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.
3 . ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.
4 . ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,
5 . რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.
6 . არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
7 . ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8 . ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,
9 . რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
10 . გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
11 . და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
12 . რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
13 . და მაინც, ყველაფერი სინათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია.
14 . ამიტომ ითქვა: "გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
15 . მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16 . გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
17 . მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
18 . ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
19 . ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
20 . მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
21 . დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
22 . ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23 . ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.
24 . და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
25 . მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26 . რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.
27 . და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
28 . ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.
29 . ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
30 . იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31 . ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
32 . დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.
33 . ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს - მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.
1 . რაც შეეხება იმას, თქვენ რომ მომწერეთ: კაცისთვის კარგია არ გაეკაროს დედაკაცს.
2 . მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს - თავისი ქმარი.
3 . ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს.
4 . ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ცოლი.
5 . ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით.
6 . ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით.
7 . ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი ისე იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისგან, ზოგს - ასე და ზოგს - ისე.
8 . ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ვეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავით დარჩნენ.
9 . მაგრამ თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ.
10 . ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
11 . ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს.
12 . სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას;
13 . დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს.
14 . რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
15 . მაგრამ თუ ურწმუნოს გაყრა სურს, გაეყაროს; ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.
16 . რადგან, რა იცი შენ ცოლო, თუ იხსნი ქმარს? ანდა რა იცი შენ ქმარო, თუ იხსნი ცოლს?
17 . თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული - როგორც უფალმა მოუწოდა. ასე ვუწესებ ყოველ ეკლესიას.
18 . თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს; თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს.
19 . არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა.
20 . თითოეული იმ მოწოდებაში დარჩეს, რომლითაც მოუწოდეს.
21 . თუ მონობაში მყოფს მოგიწოდეს, ნუ ითაკილებ; მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო.
22 . ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი - ქრისტეს მონაა.
23 . ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.
24 . ძმებო, რა მდგომარეობაშიც იქნა მოწოდებული თითოეული, ისე დარჩეს ღმერთთან.
25 . ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.
26 . ვფიქრობ, რომ ახლანდელი გაჭირვებისას ადამიანისთვის უმჯობესია დარჩეს როგორც არის.
27 . თუ შეუღლებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ; ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ.
28 . თუმცა ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი ჭირი ექნებათ და ამისთვის არ მეთმობით.
29 . ხოლო ამას გეტყვით ძმანო: დრო შემოკლდა, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები ისე უნდა იყვნენ, როგორც უცოლონი.
30 . მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;
31 . ამ ქვეყნიერებით მოსარგებლენი, თითქოს სრულად არ სარგებლობენ მისით; რადგან წარმავალია ქვეყნიერების ამჟამინდელი სახე.
32 . მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს;
33 . ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ცოლს.
34 . ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.
35 . ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმიტომ, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმიტომ რომ ღირსეულად მოიქცეთ და განუწყვეტლივ, დაუბრკოლებლად ემსახუროთ უფალს.
36 . თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი ქალწულობა ახალგაზრდობის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს; დაე, დაქორწინდნენ ასეთნი.
37 . ხოლო ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა.
38 . ამიტომ ვინც შეაუღლებს თავის ქალწულს, კარგად მოიქცევა, ხოლო ვინც არ შეაუღლებს, უკეთესად მოიქცევა.
39 . ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია - გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.
40 . მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.
1 . ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,
2 . მეფეებისა და ყველა ზემდგომთათვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით;
3 . ვინაიდან ესაა კეთილი და მისაღები, ჩვენი მაცხოვარი ღვთის წინაშე,
4 . რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას.
5 . ვინაიდან ერთია ღმერთი და ერთია ღმერთსა და კაცთა შორის შუამავალი - კაცი ქრისტე იესო,
6 . რომელმაც ყველას გამოსასყიდად გაიღო თავი, რისი მოწმობაც იყო თავის დროზე,
7 . რის მქადაგებლად და მოციქულადაც ვარ დადგენილი - ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, - წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
8 . ამიტომ, ჩემი სურვილია, რომ ყველგან ლოცულობდნენ კაცები და აღაპყრობდნენ წმიდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე.
9 . ასევე დედაკაცებიც, შესაფერისი სამოსლით, მორცხვობით და თავშეკავებით შემკულნი; არა ნაწნავებითა და ოქროთი ან მარგალიტებითა და ძვირფასი ტანსაცმლით,
10 . არამედ კეთილი საქმეებით, როგორც შეჰფერით დედაკაცებს, რომლებმაც ღვთისმოსაობა ირჩიეს.
11 . დედაკაცი უნდა სწავლობდეს მდუმარებაში, ყოველგვარი მორჩილებით.
12 . დედაკაცს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის ნებას, არამედ იყოს მდუმარედ.
13 . რადგან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.
14 . ადამი კი არ მოტყუებულა, დედაკაცი მოტყუვდა და ჩაიდინა დანაშაული.
15 . თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუ ღირსებით იდგება რწმენაში, სიყვარულსა და სიწმიდეში გონიერებით.
1 . ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
2 . ცრუმეტყველთა თვალთმაქცობით, რომელთა სინდისიც დადაღულია.
3 . ისინი კრძალავენ შეუღლებას და აიძულებენ თავშეკავებას საკვებისგან, ღმერთმა რომ შექმნა, რათა მადლიერებით ჭამონ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების მცოდნეებმა.
4 . რადგან ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული,
5 . ვინაიდან იწმიდება ღვთის სიტყვითა და ლოცვით.
6 . თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური, გამოკვებილი რწმენის სიტყვებითა და კეთილი მოძღვრებით, რომლის მიმდევარიც გახდი.
7 . ოღონდ უღვთო და დედაბრულ ზღაპრებს მოერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე;
8 . ვინაიდან ხორციელი წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია, რადგან სიცოცხლეს აღგვითქვამს აწმყოშიც და მომავალშიც.
9 . სარწმუნოა ეს სიტყვა და სრულად მიღებას იმსახურებს.
10 . ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
11 . ეს ამცნე და ასწავლე.
12 . აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის - სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.
13 . სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.
14 . ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.
15 . ამაზე იბეჯითე და ამაში იდექი, რათა ყველასთვის ცხადი იყოს შენი წინსვლა.
16 . იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
1 . ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
2 . დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.
3 . პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
4 . ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
5 . ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
6 . განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
7 . ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ.
8 . ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
9 . ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი,
10 . თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.
11 . ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ.
12 . ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.
13 . და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
14 . ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.
15 . ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.
16 . თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.
17 . ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.
18 . ვინაიდან წერილი ამბობს: "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს”; და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.
19 . ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ ორი ან სამი მოწმე არ იქნება.
20 . შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
21 . ვმოწმობ ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები და მიკერძოებით არაფერი გააკეთო.
22 . არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.
23 . ამიერიდან მარტო წყალს ნუღარ დალევ, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.
24 . ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და სამსჯავროსკენ მიუძღვიან წინ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
25 . ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან, და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან.
1 . დარჩით ძმურ სიყვარულში.
2 . სტუმართმოყვარეობა არ დაივიწყოთ, ვინაიდან ზოგიერთებს ანგელოზებისათვის გაუწევიათ მასპინძლობა ისე, რომ არ სცოდნიათ.
3 . გახსოვდეთ პატიმრები, თითქოს თქვენც მათთან ერთად ხართ შებორკილნი; და ტანჯულნი, თითქოს მათ სხეულში იმყოფებით.
4 . ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი, სარეცელი - შეუბილწავი; მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს.
5 . ვერცხლისმოყვარენი ნუ იქნებით; დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან თქვა: "არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”.
6 . ამიტომ თამამად ვამბობთ: "უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”
7 . გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.
8 . იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.
9 . არ გაგიტაცოთ სხვადასხვა უცხო მოძღვრებამ; კარგია გულის გამაგრება მადლით და არა საჭმლით, რომლისგანაც სარგებელი ვერ ნახეს მისმა მიმდევრებმა.
10 . ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არ აქვთ კარვის მსახურებს.
11 . ვინაიდან ცხოველთა სხეულს, რომელთა სისხლი მღვდელმთავარს ცოდვებისთვის შეაქვს წმიდათა წმიდაში, ბანაკს გარეთ წვავენ,
12 . ამიტომ იესოც, იმისთვის, რომ ხალხი თავისი სისხლით განეწმიდა, კარიბჭის გარეთ იტანჯა.
13 . მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და ვიტვირთოთ მისი შეურაცხყოფა;
14 . ვინაიდან არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ.
15 . მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.
16 . არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და მოზიარეობა, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღმერთისთვის.
17 . მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.
18 . ილოცეთ ჩვენთვის, ვინაიდან დარწმუნებულნი ვართ, რომ კეთილი სინდისი გვაქვს და გვსურს კეთილად ვიქცეოდეთ ყველაფერში.
19 . უფრო მეტად კი შეგაგონებთ გააკეთოთ ეს იმისთვის, რომ მალე დავბრუნდე თქვენთან.
20 . ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით აღადგინა ცხვრის დიდი მწყემსი, ჩვენი უფალი იესო,
21 . სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში თავისი ნების შესასრულებლად და იესო ქრისტეს მეშვეობით მისი მოსაწონის საქმნელად თქვენში. მას დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
22 . გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
23 . იცოდეთ, რომ ჩვენი ძმა ტიმოთე გათავისუფლდა და, თუ მალე მოვიდა, მასთან ერთად გინახულებთ.
24 . მოიკითხეთ ყველა თქვენი წინამძღოლი და ყველა წმიდანი. მოკითხვას გითვლიან იტალიელები.
25 . მადლი ყველა თქვენგანს, ამინ!
1 . მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით.
2 . და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: "ამომიდე ხელი საზარდულქვეშ.
3 . და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,
4 . არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.
5 . უთხრა მსახურმა: "ეგებ არ ინებოს ქალმა ჩემთან ერთად ამ ქვეყანაში წამოსვლა. მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი?”
6 . უთხრა აბრაჰამმა: "გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს.
7 . უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამაჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემს შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისთვის.
8 . ხოლო თუ არ ინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან; ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე”.
9 . ამოუდო ხელი საზარდულქვეშ მორჩილმა აბრაამს, თავის პატრონს და შეჰფიცა, რომ შეუსრულებდა ამას.
10 . გამოიყვანა მსახურმა ათი აქლემი თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ.
11 . და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამოხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჟამს.
12 . თქვა: "უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს.
13 . აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნი გამოვლენ წყლის ამოსახაპად.
14 . ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო-მეთქი, და თუ მიპასუხა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის”. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს”.
15 . ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი.
16 . ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო; ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა.
17 . წინ მიეგება მსახური და სთხოვა: "ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან”.
18 . მან უპასუხა: "დალიე, ბატონო”. სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა.
19 . წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა: "შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან”.
20 . სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა წყლის ამოსახაპად. და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის.
21 . ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა.
22 . აქლემები რომ დარწყულდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა ნახევარი შეკელის წონა ოქროს რგოლი და ათი შეკელის წონა ორი სამაჯური
23 . და ჰკითხა: "ვისი ასული ხარ? მითხარი, მამაშენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის?”
24 . უპასუხა: "ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა”.
25 . კვლავ უთხრა: "ბზეცა გვაქვს და თივაც, და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან”.
26 . მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.
27 . თქვა: "კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით; სწორი გზით მომიყვანა უფალმა ჩემი ბატონის ძმათა სახლში”.
28 . გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს.
29 . ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი. და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ, იმ კაცთან.
30 . როცა თავის დას საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან;
31 . უთხრა: "წამობრძანდი, უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ? ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე”.
32 . შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
33 . და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა: "არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი”. და უთხრა ლაბანმა: "თქვი!”
34 . თქვა: "მე აბრაჰამის მსახური ვარ.
35 . ფრიად აკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო-ვერცხლი, მსახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი.
36 . და შვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს, და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა.
37 . დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო.
38 . არამედ წადი მამაჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს.
39 . და ვუთხარი ჩემს ბატონს: რომ არ წამომყვეს-თქო ქალი?
40 . მითხრა: ‘უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგიმართავს, და ჩემს ძეს ჩემი სანათესაოდან, მამაჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს.
41 . ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ.’
42 . და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: ‘უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო! თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ,
43 . აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი სურადან;
44 . და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენს აქლემებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა.’
45 . ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურაშემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე-მეთქი.
46 . მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა.
47 . ვკითხე, ვისი ასული ხარ-მეთქი? მითხრა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები.
48 . მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიძღვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს.
49 . ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის მითხარით; თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ”.
50 . და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: "უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს.
51 . აჰა, შენს წინაშეა რებეკა, წაიყვანე და წადი; და გახდეს შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს”.
52 . როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანი სცა უფალს მიწამდე.
53 . ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი, და რებეკას მისცა; მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.
54 . ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. დილით რომ ადგნენ, უთხრა: "გამიშვით ჩემს ბატონთან”.
55 . მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს: "დარჩეს ყმაწვილქალი ჩვენთან ათიოდე დღით მაინც, მერე კი წაიყვანე”.
56 . მან უთხრა: "ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა. გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან”.
57 . უთხრეს: "დავუძახოთ ყმაწვილქალს და ვკითხოთ, რას იტყვის”.
58 . დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.
59 . გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები.
60 . აკურთხეს რებეკა და უთხრეს: "ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე! და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჭენი”.
61 . შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა.
62 . დატოვა ისაკმა ბეერ-ლახაი-როი და ნეგებში ცხოვრობდა.
63 . გავიდა ერთხელ ისაკი საღამოხანს ველზე სასეირნოდ. გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა.
64 . გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა.
65 . ჰკითხა მსახურს: "ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე?” უპასუხა მსახურმა: "ჩემი ბატონია!” და ჩამოიფარა რიდე ქალმა.
66 . ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს.
67 . შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი, და შეიყვარა ის. და ნუგეში ეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.
1 . გამოვიდა დინა, ლეას ასული, რომელიც მან იაკობს უშვა, იქაურ ასულთა სანახავად.
2 . დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხიველი ხამორის ძემ, მოიტაცა, ძალით დაწვა მასთან და აჰყარა პატივი.
3 . და მიეწება მისი გული დინას, იაკობის ასულს, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და გულიანად ელაპარაკა მას.
4 . უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: "ცოლად შემრთე ეს ყმაწვილი ქალი!”
5 . გაიგო იაკობმა, რომ წაბილწა ხამორის ძემ დინა, მისი ასული; მაგრამ რაკი მისი ძენი ველად იყვნენ პირუტყვთან, დადუმდა მათ მოსვლამდე.
6 . და მოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ.
7 . იაკობის ძენიც დაბრუნდნენ მინდვრიდან და ეს ამბავი რომ გაიგეს, შეწუხდნენ და ძალიან გაბრაზდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დამართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.
8 . ელაპარაკა ხამორი მათ და უთხრა: "მთელი გულით შეიყვარა შექემმა, ჩემმა ძემ თქვენი ასული; მიათხოვეთ ცოლად.
9 . დაგვიმოყვრდით: მოგვეცით თქვენი ასულნი, ჩვენები კი თქვენ წაიყვანეთ.
10 . ჩვენთან დამკვიდრდით, ეს ქვეყანა თქვენს წინაშეა, იცხოვრეთ, ივაჭრეთ და შეიძინეთ ქონება”.
11 . უთხრა შექემმა დინას მამასა და ძმებს: "ოღონდ კი მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რასაც მთხოვთ, მოგცემთ.
12 . დიდძალი საქორწინო ურვადი და ძღვენი დამაკისრეთ. მოგცემთ, რასაც მომთხოვთ, ოღონდ ეს ყმაწვილი ქალი მომეცით ცოლად”.
13 . მიუგეს იაკობის ძეებმა შექემს და მამამისს და მზაკვრულად ელაპარაკნენ, ვინაიდან შებილწული იყო დინა, მათი და.
14 . უთხრეს: "არ შეგვიძლია, წინადაუცვეთელ კაცს ვერ მივცემთ ჩვენს დას, რადგან ეს ჩვენი შერცხვენა იქნება.
15 . მხოლოდ მაშინ ვიქნებით თანახმა, თუ თქვენი ყოველი მამაკაცი ჩვენსავით წინადაიცვეთს.
16 . მაშინ მოგათხოვებთ ჩვენს ასულებს და ჩვენც შევირთავთ თქვენს ასულებს, თქვენთან დავმკვიდრდებით და ერთ ხალხად ვიქცევით.
17 . წინადაცვეთას თუ არ ისურვებთ, წავიყვანთ ჩვენს ასულს და წავალთ”.
18 . და მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს.
19 . აღარ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება, რადგან უყვარდა იაკობის ასული. ყველაზე პატივდებული იყო იგი მამამისის სახლში.
20 . მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ასე ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ:
21 . "ეს კაცები ჩვენ მიმართ მშვიდობიანად არიან განწყობილნი: დამკვიდრდნენ და ივაჭრონ; ეს ქვეყანაც ხელგაშლილი იქნება მათ წინაშე. ჩვენ მათი ასულნი შევირთოთ ცოლებად და ჩვენი ასულნი მათ მივათხოვოთ.
22 . მაგრამ ეს კაცები მხოლოდ ამ პირობით დაგვთანხმდებიან ჩვენთან დამკვიდრებაზე და ერთ ხალხად გადაქცევაზე, თუ ჩვენში ყოველი მამაკაცი წინადაიცვეთს, როგორც თავად არიან წინადაცვეთილნი.
23 . მათი სამწყსო, მთელი მათი ქონება და მთელი მათი პირუტყვი განა ჩვენი არ გახდება? ოღონდ დავეთანხმოთ და ჩვენთან დამკვიდრდებიან”.
24 . დაუჯერა ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭიდან ყოველმა გამომავალმა და წინადაიცვითა ქალაქის კარიბჭიდან გამომავალმა ყოველმა მამაკაცმა.
25 . მესამე დღეს, როცა ჭრილობა სტკიოდათ, იაკობის ორმა ძემ, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, აიღეს მახვილი ხელში, თამამად შევიდნენ ქალაქში და ამოხოცეს ყოველი მამაკაცი.
26 . და მახვილით მოკლეს ხამორი და შექემი, მისი ძე, წაიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წავიდნენ.
27 . მივიდნენ იაკობის ძენი მოკლულებთან და გაძარცვეს ქალაქი, რადგან წაბილწეს მათი და, დინა.
28 . წამოასხეს მათი საქონელი და სახედრები, ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად იყო,
29 . მთელი მათი სიმდიდრე; და დაატყვევეს მათი ბავშვები და ცოლები; ხელთ იგდეს ყოველივე, რაც სახლებში ჰქონდათ.
30 . უთხრა იაკობმა სიმონსა და ლევის: "დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებსა და ფერიზელებს, ამ ქვეყნის მცხოვრებლებს. ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც”.
31 . მაგრამ მათ უპასუხეს: "განა ჩვენს დას ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მეძავს?”
1 . მივიდნენ გილყად მაქირის ძის, მენაშეს ძის მამისსახლთა საგვარეულოს მთავარნი იოსების ძეთა საგვარეულოდან და განაცხადეს მოსესა და ისრაელის ძეთა მამამთავრების წინაშე:
2 . თქვეს: "უფალმა უბრძანა ჩვენს ბატონს, რომ წილისყრით მისცეს ისრაელის ძეთ ქვეყანა სამკვიდრებლად და უფლისგან ებრძანა ჩვენს ბატონს, რომ ჩვენი ძმის, ცელაფხადის სამკვიდრებელი მის ასულებს მისცეს.
3 . და თუ ისინი ისრაელის ძეთა სხვა რომელიმე ტომის ძეებს მისთხოვდებიან, მაშინ მოაკლდება მათი წილი ჩვენი მამების სამკვიდრებელს და მიემატება იმ ტომისას, სადაც ისინი გათხოვდებიან, ხოლო ჩვენს წილხვედრ სამკვიდრებელს მოაკლდება;
4 . როცა ისრაელიანთათვის ზეიმის დღე დადგება, მაშინ მათი სამკვიდრო იმ ტომისას მიემატება, სადაც გათხოვდებიან და მოაკლდება ჩვენი მამების ტომის სამკვიდროს მათი წილი”.
5 . და ამცნო მოსემ ისრაელის ძეთ უფლის სიტყვისამებრ: "მართალს ამბობს იოსების ძეთა ტომი.
6 . ეს არის, რაც ბრძანა უფალმა ცელაფხადის ასულებზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული ტომის საგვარეულოში გათხოვდნენ.
7 . რათა არ გადავიდეს ისრაელის ძეთა სამკვიდრებელი ტომიდან ტომზე; ვინაიდან ისრაელის ძეთაგან თითოეული თავის მამათა ტომის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიწებებული.
8 . ყოველი ასული, რომელიც წილს ისრაელის ძეთა რომელიმე ტომში იმკვიდრებს, თავისი მამის ტომის საგვარეულოსას უნდა მისთხოვდეს, რათა თითოეულმა თავის მამათა სამკვიდრებელი დაიმკვიდროს ისრაელის ძეებში.
9 . არ უნდა გადადიოდეს სამკვიდრო ერთი ტომიდან სხვა ტომზე, ვინაიდან თავის სამკვიდრებელზე უნდა იყოს მიწებებული ისრაელის ძეთა თითოეული ტომი”.
10 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ცელაფხადის ასულები.
11 . და თავიანთ ბიძაშვილებს მისთხოვდნენ ცოლად ცელაფხადის ასულები: მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოყა.
12 . იოსების ძის, მენაშეს ძეთა საგვარეულოებში გათხოვდნენ ისინი; და დარჩა მათი სამკვიდრო თავისი მამის ტომის საგვარეულოს.
13 . ეს არის მცნებანი და წესები, რომლებიც მოსეს ხელით ამცნო უფალმა ისრაელის ძეთ მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ.