1 . და ავიდა მოსე მოაბის ველიდან ნებოს მთაზე, ფისგას მწვერვალზე, რომელიც იერიხოს პირდაპირაა და უჩვენა მას უფალმა გილყადის მთელი ქვეყანა დანამდე;
2 . ნაფთალის მთელი ქვეყანა, ეფრემისა და მენაშეს ქვეყანა და იუდას მთელი ქვეყანა, ზღვის დასასრულამდე;
3 . ნეგები და იერიხოს ველის ტაფობი - პალმების ქალაქი, ცოყარამდე.
4 . უთხრა მას უფალმა: "ეს არის ქვეყანა, რომელიც შევფიცე აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს, შენს შთამომავლობას მივცემ-მეთქი მას. შენი თვალით დაგანახე, მაგრამ ვერ შეხვალ მასში”.
5 . და მოკვდა მოსე, მსახური უფლისა, მოაბის ქვეყანაში, უფლის სიტყვისამებრ.
6 . და დამარხა იგი უფალმა მოაბის ქვეყნის ველზე, ბეთ-ფეღორის პირდაპირ, მაგრამ დღემდე არავინ იცის მისი სამარხი.
7 . ას ოცი წლის იყო მოსე, როცა გარდაიცვალა; თვალთ არ დაჰკლებია და ღონე არ გამოსცლია.
8 . ოცდაათი დღე იგლოვეს მოსე ისრაელის ძეებმა მოაბის ველებზე და დაასრულეს მისთვის გლოვა და ტირილი.
9 . და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
10 . აღარ აღმდგარა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა უფალი,
11 . ყველა იმ ნიშნითა და სასწაულით, რომელთა მოსახდენადაც გააგზავნა იგი უფალმა ეგვიპტელთა ქვეყანაში - ფარაონზე, მის მსახურებსა და მთელ მის ქვეყანაზე,
12 . ძლიერი ხელით და ყოველი დიდი სასწაულით, რომელიც მთელი ისრაელის თვალწინ მოიმოქმედა მოსემ.
1 . ეს არის, რაც დაიმკვიდრეს ისრაელის ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, რაც გაუნაწილეს მათ ელეაზარ მღვდელმა, იეშუა ნავეს ძემ და ისრაელის ძეთა ტომების მამამთავრებმა.
2 . წილის ყრით დაუმკვიდრეს, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს მეშვეობით, ცხრა ტომსა და ნახევარ ტომს.
3 . რადგან ორ ტომს და მენაშეს ნახევარ ტომს იორდანეს გაღმა მისცა მოსემ სამკვიდრო; ხოლო ლევიანებისთვის არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.
4 . იმიტომ, რომ იოსების ძენი ორ ტომად იყვნენ: მენაშედ და ეფრემად. არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის ქვეყანაში, არამედ მხოლოდ ქალაქები მისცეს საცხოვრებლად და მათი შემოგარენი მინდვრები მათი საქონლისთვის და ქონებისთვის.
5 . როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე მოიქცნენ ისრაელის ძეები და დაინაწილეს ქვეყანა.
6 . მივიდნენ იუდას ძენი გილგალში იეშუასთან და უთხრა მას ხალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: "შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს, ღვთის კაცს, კადეშ-ბარნეაყში, შენზე და ჩემზე.
7 . ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა უფლის მსახურმა მოსემ, კადეშ-ბარნეაყიდან ქვეყნის დასაზვერად და ის სიტყვა მივუტანე მას, რაც გულში მქონდა.
8 . ჩემმა ძმებმა, ჩემთან ერთად რომ წამოვიდნენ, გული გაუტეხეს ხალხს; მე კი ბოლომდე მივყევი უფლის, ჩემი ღმერთის კვალს.
9 . და ასე დაიფიცა მოსემ იმ დღეს: ქვეყანა, რომელსაც ფეხი დაადგი, შენი და შენი შვილების სამკვიდრო იქნება უკუნისამდე, რადგან ბოლომდე მიჰყევი უფლის, შენი ღმერთის კვალს.
10 . აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც თქვა; ორმოცდახუთი წელი გავიდა მას მერე, რაც ეს სიტყვა უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი; ოთხმოცდახუთი წლისა ვარ დღეს.
11 . ჯერ კიდევ ძლიერი ვარ, როგორც იმ დღეს, მოსემ რომ გამგზავნა; რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც ის ძალა მაქვს საომრად, გასასვლელად და შემოსასვლელად.
12 . ახლა მომეცი ეს მთა, რომელზეც თქვა იმ დღეს უფალმა; რადგან შენ მოისმინე იმ დღეს, რომ ყენაკელნი იყვნენ იქ, დიდი და გამაგრებული ქალაქებით; ეგებ უფალი იყოს ჩემთან და გავნდევნო ისინი, როგორც ბრძანა უფალმა”.
13 . აკურთხა იგი იეშუამ და მისცა ხებრონი ხალებ იეფუნეს ძეს სამკვიდროდ.
14 . ამიტომ არის ხებრონი კენიზელი ხალებ იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან უფლის, ისრაელის ღმერთის კვალს მიჰყვა იგი.
15 . უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა, არბა სახელოვანი კაცი იყო ყენაკებს შორის. და დაისვენა ქვეყანამ ომისგან.
1 . შვიდი წლის იყო იოაში გამეფებისას და ორმოც წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო ციბია ბეერ-შებაყიდან.
2 . სათნოდ იქცეოდა იოაში უფლის თვალში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლის დღეებში.
3 . ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
4 . ამის შემდეგ უფლის სახლის განახლება ჩაიდო გულში იოაშმა.
5 . შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
6 . მოუხმო მეფემ იეჰოიადაყ მღვდელმთავარს და უთხრა: „რატომ არ მოსთხოვე ლევიანებს, რომ მოეტანათ იუდასგან და იერუსალიმისგან ხარკი მოსეს, უფლის მსახურისა და ისრაელის კრებულის მიერ დადგენილი აღთქმის კარავისთვის?”
7 . ბოროტმა ღოთოლიამ და მისმა ძეებმა დაარბიეს ღვთის სახლი და მთელი მისი სიწმიდეები ბაყალებისთვის გამოიყენეს.
8 . გააკეთეს მეფის ბრძანებით ყუთი და უფლის სახლის კარიბჭის გარეთ დადგეს.
9 . გამოაცხადეს იუდასა და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოსეს, ღვთის მსახურის მიერ უდაბნოში დადგენილი ხარკი მიეტანათ.
10 . გაუხარდათ მთავრებსა და მთელ ხალხს, მოჰქონდათ და ყუთში ყრიდნენ, სანამ არ აივსებოდა.
11 . როცა მეფის მსახურებთან ლევიანთა ხელით ყუთი მიჰქონდათ და ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო, მიდიოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის მსახური, ცლიდნენ და კვლავ თავის ადგილზე აბრუნებდნენ ყუთს. დღითი დღე ასე აკეთებდნენ და დიდძალი ფული მოაგროვეს.
12 . მისცეს იგი მეფემ და იეჰოიადაყმა უფლის სახლის საქმეთა მწარმოებლებს და ქირაობდნენ ისინი ქვისმთლელებს, ხუროებს, რკინისა და სპილენძის მჭედელთ უფლის სახლის გასაახლებლად და გასამაგრებლად.
13 . მუშაობდნენ ხელოსნები და მოამთავრეს საქმე მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავის ზომებში და გაამაგრეს.
14 . როცა დაასრულეს, მიიტანეს მეფისა და იეჰოიადაყის წინაშე დარჩენილი ვერცხლი და გააკეთეს მისგან ჭურჭელი უფლის სახლისთვის, ჭურჭელი მსახურებისა და სრულადდასაწველებისთვის, ფიალები და ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი მსახურების განმავლობაში მუდმივად აღავლენდნენ სრულადდასაწველთ უფლის სახლში.
15 . მოხუცდა იეჰოიადაყი, გაძღა დღეებით და გარდაიცვალა; ას ოცდაათი წლისა იყო იგი, როცა მოკვდა.
16 . დავითის ქალაქში, მეფეებთან დაკრძალეს იგი, რადგან კეთილს ჩადიოდა ისრაელში, ღვთისა და მისი სახლისთვის.
17 . მოვიდნენ იუდას მთავარნი იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ და თაყვანი სცეს მეფეს; ამის შემდეგ იწყო მეფემ მათთვის ყურის გდება.
18 . მიატოვეს უფლის, თავიანთი მამების ღმერთის სახლი და ემსახურებოდნენ აშერებსა და კერპებს; მოვიდა უფლის მრისხანება იუდასა და იერუსალიმზე მათი დანაშაულის გამო.
19 . უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
20 . ღვთის სულმა მოიცვა ზაქარიაჰუ იეჰოიადაყ მღვდლის ძე; გადმოდგა იგი და უთხრა ხალხს: „ასე ამბობს ღმერთი: რად უგულებელჰყოფთ უფლის ბრძანებებს? ხელი არ მოგემართებათ, რადგან მიტოვებული გყავთ უფალი და მანაც მიგატოვათ!”
21 . შეითქვნენ მის წინააღმდეგ და ჩაქოლეს იგი მეფის ბრძანებით უფლის სახლის ეზოში.
22 . არ გაიხსენა მეფე იოაშმა წყალობა, რომელიც მამამისმა, იეჰოიადაყმა უყო და მოკლა მისი ძე. ასე თქვა ზაქარიაჰუმ სიკვდილის წინ: „იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!”
23 . აღდგა მის წინააღმდეგ არამელთა ლაშქარი წლის დასასრულს. მივიდნენ იუდასა და იერუსალიმში, ერის ყოველი მთავარი მოსრეს და მთელი ართმეული ნადავლი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24 . თუმცა მცირე ხალხით მივიდა არამელთა ლაშქარი, დიდძალი ლაშქარი ჩაუგდო მათ ხელში უფალმა, რადგან მიატოვეს იუდევლებმა უფალი, თავიანთი მამების ღმერთი. იოაშსაც დაედო მსჯავრი.
25 . როცა მისგან წავიდნენ, დიდად დასნეულებული დატოვეს იგი; შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისივე მსახურნი იეჰოიადაყ მღვდლის ძის სისხლის გამო და თავისივე სარეცელზე მოკლეს. დავითის ქალაქში დაკრძალეს იგი, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26 . ესენი ამბოხდნენ მის წინააღმდეგ: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა
27 . და სამი ძე მისი. ეს ხუთნი მიუხდნენ მას და მოკლეს. აჰა, მეფეთა წიგნში წერია მის წინააღმდეგ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებსა და ღვთის სახლის განახლებაზე. მის ნაცვლად კი ამაცია, მისი ძე გამეფდა.
1 . მიუგო იობმა უფალს:
2 . „ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
3 . ამბობდი: ვინ არის ეს, ჩემს ჩანაფიქრს რომ აბნელებს უმეცარი სიტყვებით? - ვამბობდი იმას, რაც არ გამეგებოდა, ჩემთვის საკვირველზე, და ვერაფერს ვხვდებოდი.
4 . ამბობდი: მომისმინე და ვილაპარაკებ; შეგეკითხები და მიპასუხე.
5 . ყურმოკვრით გიცნობდი; ახლა კი გხედავენ ჩემი თვალები.
6 . ამიტომ უკან ვიხევ და ვინანიებ მტვერსა და ნაცარში”.
7 . მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, მიმართა უფალმა ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
8 . ახლა კი წაიყვანეთ თქვენთვის შვიდი მოზვერი, შვიდი ვერძი და მიდით ჩემს მსახურ იობთან, აღავლინეთ სრულადდასაწველი თქვენთვის და ილოცებს თქვენთვის ჩემი მსახური იობი, რადგან მხოლოდ მის ლოცვას მივიღებ, რათა ისე არ მოგექცეთ, როგორც დაიმსახურეთ, იმის გამო, რომ ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე”.
9 . წავიდნენ ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ უფალმა. და მიიღო უფალმა იობის ლოცვა.
10 . აღუდგინა უფალმა იობს მისი დანაკარგი, როცა ილოცა მან თავისი მეგობრებისთვის და ორმაგად გაუმრავლა უფალმა იობს ყველაფერი, რაც მანამდე ებადა.
11 . ამ ამბების შემდეგ იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი ძმები და დები და ყველა მისი უწინდელი ნაცნობ-მეგობარი. ჭამეს მასთან პური მის სახლში, თანაუგრძნეს და ნუგეში სცეს ყველა იმ უბედურების გამო, რაც მოუვლინა მას უფალმა. თითოეულმა ერთი ვერცხლის ფული და ოქროს ერთი ბეჭედი მისცა.
12 . და აკურთხა ღმერთმა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად: ჰყავდა თოთხმეტი ათასი ცხვარი, ექვსი ათასი აქლემი, ათასი უღელი ხარი და ათასი ხრდალი ვირი.
13 . ჰყავდა შვიდი ძე და სამი ასული.
14 . ერთს სახელად იემიმა დაარქვა, მეორეს - კეციყა და მესამეს - კერენ-ჰაფუქი.
15 . მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა მშვენიერი ქალები. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.
16 . იცოცხლა ამის შემდეგ იობმა ასორმოცი წელი; და იხილა თავისი შვილთაშვილები, ოთხი თაობა.
17 . მოკვდა იობი მოხუცებული და დღეებით მაძღარი.
1 . მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა; და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.
2 . დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს მისი სიბერის ძე ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა.
3 . და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ.
4 . წინადაცვითა აბრაამმა ისაკი, თავისი ძე, რვა დღისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის ღმერთს.
5 . ასი წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი თავისი ძე.
6 . და თქვა სარამ: "სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს.
7 . თქვა: "ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს? და მაინც, ვშობე მისი სიბერის ძე”.
8 . წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს. და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი.
9 . და უთხრა უფალმა აბრაჰამს: "რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?
10 . უთხრა სარამ აბრაჰამს: "გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ მხევლის ძემ ჩემს ძესთან - ისაკთან ერთად”.
11 . და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა თავისი ძის გამო.
12 . უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: "ნუ წუხხარ ყრმასა და შენს მხევალზე; რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი.
13 . მხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია”.
14 . ადგა აბრაჰამი დილაადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა.
15 . როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას,
16 . თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა.
17 . ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: "რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
18 . ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას”.
19 . აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე; ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა.
20 . ღმერთი იყო ყრმასთან; გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქნა მშვილდოსანი.
21 . დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან.
22 . იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს: "ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ.
23 . ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხთლებ არც მე, არც ჩემს შვილიშვილებს და არც შვილთაშვილებს. როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები”.
24 . და უთხრა აბრაჰამმა: "ვფიცავ!”
25 . უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს.
26 . უთხრა აბიმელექმა: "არ ვიცი, ვინ ქმნა ეს საქმე; შენც არ გითქვამს ჩემთვის. მეც დღემდე არაფერი მსმენია”.
27 . აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი, და შეკრეს კავშირი.
28 . და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხვრის შვიდი კრავი.
29 . ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს: "რისთვისაა აქ ეს შვიდი კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი?”
30 . უპასუხა: "მიიღე ჩემი ხელიდან ეს შვიდი კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა”.
31 . ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს.
32 . შეკრეს კავშირი ბეერ-შებაყში; და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში.
33 . დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებაყში; და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს.
34 . და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.
1 . უთხრა უფალმა მოსეს: "ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; და შენი ძმა აჰარონი შენი წინასწარმეტყველი იქნება.
2 . შენ ეტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო აჰარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.
3 . გავასასტიკებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში.
4 . არ მოგისმენთ ფარაონი, მაშინ ხელს გავიწვდი ეგვიპტეზე და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეებს, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით.
5 . და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან მათგან ისრაელის შვილებს”.
6 . ასეც მოიქცნენ მოსე და აჰარონი; როგორც უბრძანა უფალმა, ასე მოიქცნენ.
7 . ოთხმოცი წლის იყო მოსე, ხოლო აჰარონი - ოთხმოცდასამის, ფარაონს რომ დაუწყეს ლაპარაკი.
8 . უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს:
9 . "თუ გეტყვით ფარაონი - მოახდინეთ სასწაული, მაშინ ეტყვი აჰარონს: აიღე შენი კვერთხი, დააგდე ფარაონის წინაშე და გველად იქცევა იგი”.
10 . მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა უფალმა. წინ დაუგდო აჰარონმა თავისი კვერთხი ფარაონსა და მის მსახურებს და იქცა იგი გველად.
11 . უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით.
12 . დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები.
13 . გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
14 . უთხრა უფალმა მოსეს: "გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.
15 . წადი ფარაონთან დილით; გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირზე; კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.
16 . უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა-თქო შენთან ამის სათქმელად: "გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში; აჰა, არ შეისმინე აქამდე.
17 . ასე ამბობს უფალი: ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი - კვერთხს, რომელიც ხელში მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს და სისხლად იქცევა;
18 . თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება და მდინარე ამყრალდება, ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი მდინარის წყალს”.
19 . უთხრა უფალმა მოსეს: "უთხარი აჰარონს: ‘აიღე შენი კვერთხი, გაიწოდე შენი ხელი ეგვიპტელთა წყლებზე - მათ მდინარეებზე, ნაკადულებზე, მათ ტბებსა და ყველა მათ წყალსატევზე!’ და იქცევიან სისხლად და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ასევე ქვებშიც”.
20 . ისე მოიქცნენ მოსე და აჰარონი, როგორც უბრძანა უფალმა. ფარაონის და მისი მსახურების თვალწინ აღმართა კვერთხი, დასცა მდინარის წყალს და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად.
21 . ამოწყდა თევზი მდინარეში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები მდინარის წყალს; და იყო სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.
22 . და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.
23 . გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.
24 . თხრიდა ყოველი ეგვიპტელი მდინარის გასწვრივ, რომ სასმელი წყალი ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ მდინარის წყალს.
25 . და გასრულდა შვიდი დღე მას შემდეგ, რაც დაჰკრა უფალმა მდინარეს.
1 . 1. ძლიერი იყო ბრძოლაში იესო, ნავეს ძე, და მოსეს მემკვიდრე წინასწარმეტყველებებში; თავისი სახელის შესაფერისად დიდი იყო ღვთის რჩეულთა გადარჩენისას, როცა შურს ძიობდა აღმდგარ მტერზე, რათა სამკვიდრო მიეცა ისრაელისთვის. 2. როგორ განდიდდა, როცა აღმართა თავისი ხელი და ქალაქზე დააღირა მახვილი! 3. მის უწინარეს ვინ მდგარა მასსავით მტკიცედ? რადგან ის უფლისათვის მართავდა ბრძოლებს. 4. განა მისი ხელით არ გაჩერდა მზე და ერთი დღე ორად იქცა? 5. მან მოუწოდა უზენაეს მეუფეს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს; პასუხი გასცა მას დიდმა უფალმა მაგარ-მაგარი სიტყვის ლოდებით. 6. დაათია ომი ამ ხალხს და ფერდობზე შემუსრა მოწინააღმდეგენი, რათა წარმართებს შეეცნოთ მისი აღჭურვილობა, რომ უფლის წინაშე იყო მისი ბრძოლა, 7. თავად კი უკან მიჰყვებოდა მეუფეს. მოსეს დღეებში ჩაიდინეს სიქველე მან და ქალებმა, იეფუნეს ძემ; ისინი წინ; აღუდგნენ კრებულს - ცოდვას აარიდეს ხალხი და ბოროტი დრტვინვა მათი დააცხრეს. 8. ეს ორნიღა გადარჩნენ ექვსასიათასი ქვეითისგან, რათა შეეყვანათ ხალხი სამკვიდრებელში, ქვეყანაში, სადაც ღვარად დის რძე და თაფლი. 9. მისცა უფალმა ქალებს ძალა, რომელიც სიბერემდე შეინარჩუნა, რათა ასულიყო მთაზე და მის შთამომავლობას დაემკვიდრებინა იგი; 10. რათა დაენახა ყველა ისრაელიანს, რა კარგია უფლის კვალზე სიარული. 11. ასევე მსაჯულნიც, სახელდებით, რომელთაც არ წაიბილწეს გული და უფალს არ განუდგნენ (კურთხეულთა შორის იყოს ხსენება მათი! 12. აყვავდეს მათი ძვლები, სადაც არიან და მათი სახელი სადიდებლად გადაეცეს შვილებს!); 13. თავისი უფლის შეყვარებული სამეული, უფლის წინასწარმეტყველი, ვინც სამეფო დააარსა და თავის ხალხს მეფეები უკურთხა. 14. იგი ხალხს უფლის რჯულით განიკითხავდა და მოხედა უფალმა იაკობს. 15. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი იყო თავისი რწმენით და მის სიტყვებში სარწმუნო ხილვები შეიცნობოდა. 16. მოუხმო მან ყოვლისშემძლე უფალს, როცა მტრებმა ყოველი მხრივ შეავიწროვეს, და შესწირა მას ძუძუს ბატკანი. 17. დაიქუხა ზეცით უფალმა და გრიალში ასმენინა თავისი ხმა. 18. შემუსრა ტვიროსელთა წინამძღოლნი და ფილისტიმელთა ყველა მთავარი. 19. საუკუნო მიძინების წინ აღიარა უფლისა და მისი მირონცხებულის წინაშე, არათუ ქონება, ფეხსაცმელიც კი არ ამიღიაო, ხორციელისგან, და არავის უთქვამს მისთვის საყვედური. 20. მან იწინასწარმეტყველა თავისი მიძინების შემდგომაც და მეფეს აუწყა მისი აღსასრული. მიწიდან აიმაღლა ხმა და იწინასწარმეტყველა, რათა ურჯულოება ხალხისა წარხოცილიყო.