1 . და იყო, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2 . მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
3 . უთხრა უფალმა: "შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
4 . და თუ ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, გულის სიწმიდითა და სიმართლით, ისე მოიქცევი, როგორც მაქვს შენთვის ნაბრძანები და დაიცავ ჩემს წესებსა და სამართალს,
5 . მაშინ უკუნისამდე განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ მოგაკლდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომი.
6 . მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს,
7 . მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის.
8 . ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
9 . იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა მათი მამები და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ. ამის გამო მოუვლინა უფალმა ყველა ეს უბედურება”.
10 . ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის: უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება.
11 . ხირამი, ცორის მეფე, აწვდიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს, ასევე ოქროს, მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა კი ოცი ქალაქი მისცა ხირამს გალილეის ქვეყანაში.
12 . მოვიდა ხირამი ცორიდან, სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13 . თქვა ხირამმა: "ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ჩემო ძმაო?” და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა ამ დღემდე.
14 . და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო.
15 . ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
16 . ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17 . ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18 . ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში,
19 . სამარაგო ქალაქები, რომლებიც სოლომონს ჰქონდა, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა სოლომონს იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამეფოში.
20 . ხოლო ყველა ის ხალხი, რომელიც დარჩა ამორელთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომლებიც ისრაელის ძეთაგან არ ყოფილან,
21 . მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, რომელთა მოსპობაც ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა, მონა-მსახურებად განაწესა სოლომონმა და დღემდე ასე არიან.
22 . ისრაელის ძეთაგან არავინ დაუმონებია სოლომონს, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მისი მსახურები, მეთაურები და მხედართმთავრები, მისი ეტლებისა და მხედრების სარდალნი.
23 . ესენი იყვნენ ზემდგომთა მთავრები, სოლომონის სამუშაოების ზედამხედველნი: ხუთას ორმოცდაათი კაცი მმართველობდა მომუშავე ხალხს.
24 . და ავიდა ფარაონის ასული დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა სოლომონმა; მაშინ ააშენა მან მილო.
25 . წელიწადში სამჯერ აღავლენდა სოლომონი სრულადდასაწველებსა და სამშვიდობო მსხვერპლებს სამსხვერპლოზე, რომელიც აუშენა უფალს და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სოლომონმა სახლი.
26 . ხომალდები ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომის ქვეყანაში.
27 . ზღვის მცოდნე მსახურები დაუმგზავრა ხირამმა ხომალდებით სოლომონის მსახურებს.
28 . მივიდნენ ისინი ოფირში, წამოიღეს ოთხას ოცი ტალანტი ოქრო და მოუტანეს მეფე სოლომონს.
1 . იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის დასაწყისში, ეს სიტყვა იყო უფლისგან.
2 . ასე ამბობს უფალი: "დადექი უფლის სახლის ეზოში და უთხარი უფლის სახლში თაყვანსაცემად მოსულ იუდას ყველა ქალაქს ეს სიტყვები, მე რომ გიბრძანე მათთვის სათქმელად. არცერთი სიტყვა არ დააკლო.
3 . იქნებ შეისმინონ და მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან. მაშინ აღარც მე დავუშვებ იმ უბედურებას, მათ რომ ვუპირებდი მათი ბოროტი საქმეების გამო.
4 . უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: თუ არ მომისმენთ და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, წინ რომ დაგიდეთ,
5 . თუ არ მოუსმენთ ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს, რომლებსაც გამუდმებით გიგზავნიდით და გიგზავნიდით, თქვენ კი არ უსმენდით მათ,
6 . მაშინ ამ სახლსაც შილოსავით მოვექცევი: დედამიწის ყველა ერის საწყევლად გავხდი ამ ქალაქს!”
7 . უსმენდნენ მღვდლები, წინასწარმეტყველები და მთელი ხალხი იერემიას, როცა იგი ყველა ამ სიტყვას ამბობდა უფლის სახლში.
8 . დაასრულა თუ არა იერემიამ ყველაფრის თქმა, რაც უფალმა უბრძანა ხალხისთვის სათქმელად, შეიპყრეს იგი მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა, და უთხრეს: "უნდა მოკვდე!
9 . რატომ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით, რომ ამბობ: შილოსავით გაუდაბურდება და გაუკაცრიელდება ეს სახლი და ეს ქალაქიო?!” მთელი ხალხი იერემიას ირგვლივ შექუჩდა უფლის სახლში.
10 . ეს ამბავი რომ იუდას მთავრებმა გაიგეს, მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ და უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში დასხდნენ.
11 . უთხრეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებსა და მთელ ერს: "მოსაკლავია ეს კაცი, რადგან ამ ქალაქის საწინააღმდეგოდ იწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურით მოისმინეთ!”
12 . მაშინ უთხრა იერემიამ ყველა მთავარსა და მთელ ერს: "უფალმა გამომგზავნა, რომ ამ სახლისა და ამ ქალაქის წინააღმდეგ მეწინასწარმეტყველა ყველა ეს სიტყვა, რაც მოისმინეთ.
13 . ახლა კი გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები, და დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას; მაშინ უფალიც გადაიფიქრებს იმ უბედურების დაშვებას, თქვენ რომ გიპირებთ.
14 . მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ. ისე მომექეცით, როგორც უკეთესად და სამართლიანად მიგაჩნიათ.
15 . მაგრამ იცოდეთ: თუ მომკლავთ, მაშინ უდანაშაულო სისხლს დაიდებს ეს ქალაქი და მისი მცხოვრებლები, რადგან ნამდვილად უფალმა გამომგზავნა, რომ თქვენს გასაგონად მელაპარაკა ყველა ეს სიტყვა”.
16 . მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველებს: "ეს კაცი სიკვდილს არ იმსახურებს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით გველაპარაკებოდა”.
17 . წამოდგნენ ქვეყნის უხუცესთაგანნი და უთხრეს ხალხის მთელ კრებულს:
18 . "ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში მიქა მორეშეთელიც წინასწარმეტყველებდა და ეუბნებოდა იუდას მთელ ერს: ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი და სახლის მთა - ტყიან სიმაღლედ.
19 . განა მოკლეს იგი იუდას მეფე ხიზკიაჰუმ და იუდას მთელმა ერმა? განა არ შეეშინდათ უფლისა და განა არ გამოითხოვეს უფლის კეთილგანწყობა? და უფალმაც გადაიფიქრა იმ უბედურების დაშვება, მათ რომ უპირებდა. ჩვენ კი თვითონ ჩავდივართ დიდ უკეთურებას ჩვენივე თავისთვის!”
20 . კიდევ იყო კაცი, რომელიც უფლის სახელით წინასწარმეტყველებდა - ურია შემაყიას ძე, კირიათ-იეყარიმიდან. ისიც ამ ქალაქისა და ამ ქვეყნის წინააღმდეგ წინასწარმეტყველებდა, იერემიას მიერ ნათქვამი სიტყვებით.
21 . მოისმინეს მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა, ყველა მისმა ძლიერმა მეომარმა, ყველა მთავარმა; მისი მოკვლა განიზრახა მეფემ; ეს რომ ურიამ გაიგო, შეეშინდა, გაიქცა და ეგვიპტეში ჩავიდა.
22 . და იყო, გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და მასთან ერთად სხვა კაცებიც.
23 . წამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მეფე იეჰოიაკიმს მოჰგვარეს, რომელმაც მახვილით მოკლა იგი, მისი გვამი კი მდაბიოთა სასაფლაოზე გადააგდო.
24 . იერემიას კი ახიკამ შაფანის ძის ხელი იფარავდა, რომ ხალხს ხელში არ ჩავარდნოდა და არ მოეკლათ.
1 . და იყო სიტყვა უფლისა ჩემ მიმართ:
2 . "შენ, ძეო კაცისავ, ასე ეუბნება უფალი ღმერთი ისრაელის მიწას: აჰა, დასასრული! დასასრული მოადგა ქვეყნის ოთხივე კიდეს.
3 . ახლა დასასრულია შენზე; ჩემს რისხვას დავუშვებ შენს წინააღმდეგ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელ შენს სისაძაგლეებს გაზღვევინებ.
4 . არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, აუცილებლად დაგსჯი შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!
5 . "ასე ამბობს უფალი ღმერთი: უბედურება, აჰა, გაუგონარი უბედურება მოდის.
6 . დასასრული დგება; დადგა დასასრული! შენს წინააღმდეგ გამოიღვიძა, აჰა, დადგა!
7 . დადგა შენი ჯერი, ამ ქვეყნის მცხოვრებო! მოვიდა ჟამი, მოახლოვდა დღე, დღე შფოთისა და არა მთებზე მხიარული შეძახილებისა.
8 . მალე გადმოვღვრი ჩემს რისხვას შენზე და დავასრულებ ჩემს რისხვას შენ მიმართ, შენი გზების მიხედვით გაგასამართლებ და მთელი შენი სისაძაგლეებისთვის გაზღვევინებ.
9 . არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ დაგინდობ, არამედ გაზღვევინებ შენი ქცევებისა და საძაგელი ჩვევების გამო. მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალი ვმუსრავ!
10 . გაფრთხილდით, დადგა სასჯელის დღე! კვერთხმა კვირტები გამოიღო, აყვავდა ამპარტავნება.
11 . ძალადობა ბოროტების კვერთხად აღიმართა და აღარ იქნებიან ისინი, არც მათი ხალხი, არც მათი ქონება; აღარ იქნება არაფერი გამორჩეული მათში.
12 . დადგა ჟამი, მოაწია დღემ. ნუ გაიხარებს მყიდველი, ნუ იგლოვებს გამყიდველი, რადგან რისხვაა მთელი მათი სიმრავლის წინააღმდეგ.
13 . გამყიდველი სიცოცხლის ბოლომდე ვეღარ დაიბრუნებს გაყიდულს, რადგან ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ გაცუდდება; თავისი ურჯულოებით სიცოცხლეს ვერავინ შეინარჩუნებს.
14 . საყვირს ჩაჰბერავენ და გაემზადებიან, მაგრამ ვერავინ გავა საბრძოლველად, რადგან ჩემი რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე.
15 . გარეთ მახვილია, შინ - შავი ჭირი და შიმშილი. მინდორში მყოფი მახვილით მოკვდება; ქალაქში მყოფს შიმშილი და შავი ჭირი შთანთქავს.
16 . გადარჩენილებიც კი მთებში მყოფი ხეობის მტრედებივით იქნებიან - ყველა თავის ურჯულოების გამო იგლოვებს.
17 . ყველა ხელი მოდუნდება და ყველა მუხლი გაწყალდება.
18 . ძაძას შემოირტყამენ და შიშის ზარი დაეცემათ უცაბედად; სირცხვილი იქნება ყველას სახეზე და სიქაჩლე - ყველას თავზე.
19 . თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და ოქრო საზიზღრობად ექცევათ; ვერცხლი და ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს, თავს ვერ გაიძღობენ და მუცლებს ვერ ამოიყორავენ, რადგან იგი იყო მათი უკეთურების მიზეზი.
20 . მისი მშვენიერი მორთულობით ამაყობდნენ და საძაგელი და ბილწი კერპები გაიკეთეს, ამიტომ სისაძაგლედ გავხდი მას მათთვის.
21 . უცხოთა ხელს გადავცემ მას გასაძარცვად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ - ნადავლად, ისინი შებილწავენ მას.
22 . სახეს მივაბრუნებ მათგან, შებღალავენ ჩემს წმიდა ადგილს, მძარცველები შევლენ მასში და შებილწავენ მას.
23 . ჯაჭვი გააკეთე, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი - ძალადობით.
24 . უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.
25 . როცა ტანჯვა მოვა, მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
26 . უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
27 . იგლოვებს მეფე, მთავარი შიშით შეიმოსება და ქვეყნის ხალხს ხელები აუკანკალდებათ. მათი გზების მიხედვით მოვექცევი მათ და მათი სამართლის მიხედვით გავასამართლებ; გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!”
1 . დარიოს ახაშვეროშის ძის, მოდგმით მიდიელის, მეფობის პირველ წელს, ქალდეველთა სამეფოზე რომ გამეფდა,
2 . მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
3 . პირი ვიბრუნე უფალი ღმერთისკენ და ლოცვითა და ვედრებით შევევედრე მარხვაში, ჯვალოსა და ნაცარში.
4 . ვილოცე ჩემი უფალი ღმერთის წინაშე, ვაღიარე და ვუთხარი: "ოჰ, უფალო, დიდებულო და მრისხანე ღმერთო, აღთქმასა და წყალობას რომ უნახავ შენს მოყვარულებსა და შენი მცნებების დამცველთ!
5 . აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
6 . ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს.
7 . სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს.
8 . უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ.
9 . უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით.
10 . ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ.
11 . დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
12 . დაადასტურა თავისი სიტყვა, რომელიც თქვა ჩვენზე და ჩვენს მსაჯულებზე, სამართალს რომ გვიჩენდნენ, და დიდი უბედურება დაგვატეხა თავს. არაფერი მომხდარა იმის მსგავსი მთელ ცისქვეშეთში, იერუსალიმში რომ მოხდა.
13 . როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.
14 . ამიტომაც დაგვატეხა თავს უფალმა ეს უბედურება, რადგან მართალია უფალი, ჩვენი ღმერთი, თავის ყველა საქმეში, რომელიც მან მოიმოქმედა; მაგრამ ჩვენ მაინც არ ვუგდებდით ყურს მის ხმას.
15 . ახლა კი, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ძლიერი ხელით გამოიყვანე შენი ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან და სახელი გაითქვი, დღეს რომ გაქვს! შევცოდეთ და ბოროტად მოვიქეცით.
16 . უფალო, მთელი შენი სიმართლით განარიდე შენი რისხვა და გულისწყრომა შენს ქალაქ იერუსალიმს და შენს წმიდა მთას, რადგან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამების ურჯულოების გამო არიან იერუსალიმი და შენი ხალხი შერცხვენილნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
17 . ახლა კი, ჩვენო ღმერთო, ისმინე შენი მსახურის ლოცვა-ვედრება; და შენი გულისთვის კეთილგანწყობით მოხედე შენს გაპარტახებულ საწმიდარს, უფალო.
18 . ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
19 . უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს”.
20 . ჯერ კიდევ ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი და ვაღიარებდი ჩემი და ჩემი ხალხის, ისრაელის ცოდვებს და ვევედრებოდი უფალს, ჩემს ღმერთს, ჩემი ღმერთის წმიდა მთის გამო,
21 . ჯერ კიდევ ვლოცულობდი, რომ კაცი გაბრიელი, რომელიც ადრე ხილვაში ვიხილე, მომიახლოვდა დაღლილ-დაქანცულს, საღამოს მსხვერპლშეწირვის ჟამს.
22 . შემაგონა, მელაპარაკა და მითხრა: "დანიელ! ახლა გამოვედი, რომ მოგცე წვდომა და გონიერება.
23 . შენი ვედრების დასაწყისში გამოვიდა სიტყვა და მოვედი, რომ გაცნობო იგი, რადგან დიდად პატივდებული კაცი ხარ; ჩაუკვირდი ამ სიტყვას და ჩაწვდი ხილვას.
24 . სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შენი ხალხისა და შენი წმიდა ქალაქის დანაშაულის აღსაკვეთად და ცოდვისთვის ბოლოს მოსაღებად, რათა გამოსყიდულ იქნას ურჯულოება და დამყარდეს საუკუნო სიმართლე, რათა დაიბეჭდოს ხილვა, წინასწარმეტყველება და ცხებულ იქნას წმიდათა წმიდა.
25 . ოღონდ იცოდე და ჩაწვდი: იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან, ცხებული მმართველის მოსვლამდე, იქნება შვიდი შვიდეული. და სამოცდაორ შვიდეულში ხელახლა აშენდება იერუსალიმი, თავისი მოედნითა და თხრილით, ძნელბედობის ჟამსაც კი.
26 . სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ მოიკვეთება ცხებული და მას არაფერი დარჩება. ქალაქსა და საწმიდარს მომავალი მთავრის ხალხი დაანგრევს და მისი აღსასრული წარღვნასავით მოვა; აღსასრულის დადგომამდე იქნება ომი. გაპარტახებანი გადაწყვეტილია.
27 . იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, ხოლო შვიდეულის ნახევარში შეაჩერებს მსხვერპლსა და ძღვენს; სიბილწე და უკიდურესი გატიალება იქნება იმ ადგილზე, სანამ დადგენილი განადგურება არ ეწევა ამაოხრებელს.
1 . ვთქვი: ისმინეთ, იაკობის თავკაცნო და ისრაელის სახლის მთავარნო; განა თქვენი ვალი არაა სამართლის ცოდნა?
2 . სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.
3 . ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ და ტყავს აძრობთ მათ; ძვლებს უმტვრევთ და ანაკუწებთ, როგორც ქოთანში და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.
4 . მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.
5 . ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, გზა-კვალს რომ ურევენ ჩემს ხალხს; კბილებით საჯიჯგნს მისცემ და მაშინვე მშვიდობას ქადაგებენ, მაგრამ პირში ჩასადებს თუ არაფერს მისცემ, მაშინვე ომს აცხადებენ.
6 . ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვათა გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე. მზე ჩავა წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაბნელდება.
7 . გაწბილდებიან მისნები და შერცხვებიან მკითხავები; ყველანი პირზე აიფარებენ ხელს, რადგან პასუხი არ იქნება ღმერთისგან.
8 . მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს - მისი ცოდვა.
9 . ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის მთავარნო, სამართალი რომ შეგიძულებიათ და ყოველივე სწორი გაგიმრუდებიათ.
10 . სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.
11 . ქრთამით რომ სჯით სამართალს თავკაცნო და გასამრჯელოს საფასურად მოძღვრავთ მღვდლებო; ვერცხლზე მისნობთ წინასწარმეტყველნო, თანაც უფალს ეყრდნობით და ამბობთ: "განა ჩვენ შორის არ არისო უფალი? არ გვეწევა უბედურება!”
12 . ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი - ტყიან მაღლობად.
1 . გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
2 . ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
3 . ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
4 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
5 . ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
6 . ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 . რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
8 . ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 . მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
10 . მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
11 . მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
12 . და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
13 . მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
14 . და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
15 . ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
16 . მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
17 . ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
18 . ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
19 . მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
20 . ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
21 . რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
22 . ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 . მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
24 . რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
25 . აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
26 . თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
27 . რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
28 . რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
29 . მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
30 . მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
31 . იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
32 . ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
33 . ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
34 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
35 . ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
36 . მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
37 . როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
38 . რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
39 . და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
40 . მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
41 . ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
42 . ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 . ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
44 . ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
45 . ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
46 . ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
47 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
48 . ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
49 . და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
50 . მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
51 . შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.
1 . შევიდა და გაიარა იერიხოზე.
2 . აჰა, იყო ვინმე მდიდარი კაცი, სახელად ზაქე - მებაჟეთა უფროსი.
3 . უნდოდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო, რადგან ტანდაბალი იყო.
4 . წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რომ დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.
5 . როცა იმ ადგილამდე მივიდა, აიხედა იესომ მაღლა და უთხრა: "ზაქე, სწრაფად ჩამოდი! რადგან დღეს შენს სახლში მომიწევს დარჩენა”.
6 . და სწრაფად ჩამოსულმა, სიხარულით მიიღო იგი.
7 . ვინც ეს დაინახა, ყველანი აბუზღუნდნენ; ამბობდნენ: "ცოდვილ კაცთან შევიდა დასარჩენად”.
8 . ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: "უფალო, აჰა, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ, ხოლო თუ ვინმესთვის რაიმე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ”.
9 . უთხრა იესომ: "დღეს მოხდა ამ სახლის გადარჩენა, რაკი ისიც აბრაჰამის ძეა.
10 . ვინაიდან ძე კაცისა დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა”.
11 . ამას რომ ისმენდნენ, ერთი იგავიც დაურთო, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და ეგონათ, ღმერთის სამეფო ახლავე გამოჩნდებაო.
12 . ამის გამო თქვა: "წავიდა ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
13 . მოუხმო თავის ათ მონას, მისცა ათი მინა და უთხრა, ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.
14 . მაგრამ მისი ქალაქის მკვიდრთ სძულდათ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს: არ გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზეო.
15 . მეფობა რომ მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მოეგვარათ მისთვის ის მონები, ვერცხლი რომ მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ ივაჭრა.
16 . მოვიდა პირველი და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო.
17 . უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფებაო.
18 . მოვიდა მეორე და უთხრა: ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიტანა.
19 . მასაც უთხრა: შენ ხუთ ქალაქზე დადექიო.
20 . სხვა მოვიდა და უთხრა: ბატონო, აჰა, შენი მინა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
21 . შემეშინდა, რადგან მკაცრი კაცი ხარ - იღებ, რაც არ დაგიდევს, და იმკი, რაც არ დაგითესავს.
22 . უთხრა მას: შენივე ნათქვამით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ მკაცრი კაცი ვარ - ვიღებ, რაც არ დამიდევს და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
23 . მაშ, რატომ არ მიეცი ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთ, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო უკან?
24 . და უთხრა იქ მდგომთ: წაართვით ამას მინა და მიეცით ათი მინის მქონეს.
25 . მათ უთხრეს: უფალო, მას ისედაც ათი მინა აქვს.
26 . გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს კიდევ მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
27 . ჩემი მტრები კი, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემ წინაშე”.
28 . ეს თქვა და გაუდგა გზას იერუსალიმში ასასვლელად.
29 . ბეთბაგესა და ბეთანიას რომ მიუახლოვდა, ზეთისხილად წოდებული მთის მოპირდაპირედ, მოწაფეთაგან ორნი მიავლინა.
30 . უთხრა: "წადით მოპირდაპირე სოფელში. შეხვალთ თუ არა, დაბმულ ჩოჩორს დაინახავთ, რომელზეც ჯერ არ მჯდარა კაცი. ახსენით და მომიყვანეთ.
31 . თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ ხსნითო, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო”.
32 . წავიდნენ წარგზავნილები და ჰპოვეს მისი ნათქვამისამებრ.
33 . ჩოჩორის ახსნისას, ჰკითხეს მისმა პატრონებმა: "რატომ ხსნით ჩოჩორს?”
34 . უპასუხეს: "უფალს ესაჭიროება”.
35 . მიჰგვარეს იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იგი.
36 . მიმავალს კი თავის ტანისამოსს უფენდნენ გზაზე.
37 . ზეთისხილის მთის დაღმართს რომ მიუახლოვდა, მისმა მრავალრიცხოვანმა მოწაფეებმა ხმამაღლა და სიხარულით იწყეს ღმერთის ქება-დიდება ყველა ძალთაქმედებისათვის, რაც იხილეს.
38 . ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”
39 . ამბობდნენ: "კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”
40 . მიუგო მან პასუხად: "თქვენ გეუბნებით, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები აღაღადდებიან”.
41 . ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო.
42 . ამბობდა: "დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
43 . რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები გამოვლენ შენს წინააღმდეგ, ყოველი მხრიდან მიწაყრილს შემოგავლებენ და შეგავიწროვებენ.
44 . მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ შეიცანი შენი მონახულების ჟამი”.
45 . შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.
46 . ეუბნებოდა მათ: "დაწერილია, ჩემი სახლი, სამლოცველო სახლია, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.
47 . ყოველდღე ტაძარში ასწავლიდა. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი მის დაღუპვას ცდილობდნენ.
48 . მაგრამ ვერ მოიფიქრეს, რა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.