1 .
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა;
2 .
იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირად და მსხვერპლად, სასიამოვნო კეთილსურნელებად.
3 .
ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით.
4 .
ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,
5 .
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.
6 .
არავინ გაცდუნოთ ცარიელი სიტყვებით, ვინაიდან ამისთვის ღვთის რისხვა ეწევა ურჩ შვილებს.
7 .
ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
8 .
ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით, ახლა კი სინათლე ხართ უფალში. მაშ, იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით,
9 .
რადგან სინათლის ნაყოფი ყოველ სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაშია;
10 .
გამოსცადეთ, რა არის უფლის მოსაწონი.
11 .
და ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ.
12 .
რადგან, რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამარცხვინოა.
13 .
და მაინც, ყველაფერი სინათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია.
14 .
ამიტომ ითქვა: "გაიღვიძე, მძინარევ, აღსდექ მკვდრეთით და გაგინათებს შენ ქრისტე”.
15 .
მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
16 .
გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
17 .
მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეეცადეთ ჩაწვდეთ, რა არის ღმერთის ნება.
18 .
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
19 .
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
20 .
მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისთვის ღმერთს და მამას, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით.
21 .
დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთის მოშიშებით.
22 .
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23 .
ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.
24 .
და როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.
25 .
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
26 .
რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.
27 .
და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
28 .
ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს.
29 .
ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
30 .
იმიტომ, რომ მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.
31 .
ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან.
32 .
დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.
33 .
ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს - მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.