დაბადება - ბიბლიის პირველი წიგნი


საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 1 ;
1.1.59 დაბადება - ბიბლიის პირველი წიგნი

სახელწოდება
დაბადება (ებრ. בְּרֵאשִׁית‎, ბერეშით — ”თავდაპირველად”; ლათ. Genesis - გენეზისი; ძვ.ბერძ. Γένεσις — გენესის, ღენესეოს. 70-ის თარგმანში, სეპტუაგინტაში ის გამოყენებულია წიგნის სათაურად. ნიშნავს წარმომავლობას, წარმოშობას, წყაროს. წიგნის ებრაული დასახელება, ისევე როგორც თორას სხვა წიგნებისა, აღებულია პირველი სიტყვიდან. თალმუდისტურ ლიტერატურაში ამ წიგნს ხშირად მოიხსენიებენ როგორც «ספר מעשה בראשית» (სეფერ მაასე ბერეშით) — ”წიგნი არსებობის დასაწყისისა”, საიდანაც წარმოდგება ამ წიგნის სახელწოდება ბიბლიის მრავალ თარგმანში. თალმუდში ჰქვია ასევე ”სეფერ ა-შარ” (სიტყვასიტყვით ”პირდაპირი წიგნი”), იმ პატრიარქების პატივსაცემად, რომლებიც იყვნენ ”პირდაპირები” (ანუ მართლები ადამიანებთან და ღმერთისთვის თავდადებულები). ზოგიერთ შუა საუკუნეების ხელნაწერში ვხვდებით ასევე სახელწოდებას ”სეფერ რიშონ” (”პირველი წიგნი”) ან ”სეფერ ბრიათ ა-ოლამ” (”წიგნი სამყაროს შექმნისა”).

"ქართული სახელწოდება ამ წიგნისა - შესაქმე, დაბადება თარგმნილია ბერძნულიდან და იმასვე გამოხატავს, რასაც ბერძნული."
__ბიბლია განმარტებებით ტ.1__

დაბადების წიგნში 50 თავია და 1533 მუხლი

ავტორი
ებრაული გადმოცემის თანახმად, დაბადებისა და მომდევნო ოთხი წიგნის ავტორად მოსე ითვლება.
ამ წიგნებს, ჩვეულებრივ, ხუთწიგნეულს უწოდებენ. იესომ თქვა: `თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან დაწერა ჩემს შესახებ~ (იოან. 5:46).
ხუთწიგნეულში მოსე, როგორც მწერალი, ერთგვარი განვრცობილი წერის მანერით ხასიათდება. იხილეთ გამ. 17:14; 24:4; 2 რჯ. 31:24.
საქმეების 7:22 გვეუბნება, რომ `განისწავლა მოსე ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით~.
ტექსტის თანმხლებ შენიშვნებში ეგვიპტურიდან ნასესხები რამდენიმე ისეთი სიტყვა გვხდება, რომლებიც დაბადების წიგნშიც მოიპოვება. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ მოციქულთა საქმეების ავტორს, მოსეს მსგავსად, ეგვიპტური ფესვები ჰქონდა.

თარიღი
ტრადიციულად ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღად ძველი წელ-
თაღრიცხვით მეთხუთმეტე საუკუნის შუა ხანები ითვლება. 1მეფ. 6:1 გვეუბნება, რომ სოლომონმა ტაძრის მშენებლობა `ისრაელის ძეთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს~ დაიწყო. ფიქრობენ,
რომ სოლომონი ტაძრის აგებას დაახლოებით ძვ. წ. აღ-ით 960 წელს შეუდგა. შესაბამისად, გამოსვლის თარიღად ძვ. წ. 1440 წელი (960+480=1440) უნდა მივიჩნიოთ.
ამრიგად, დაბადება მოსეს, ქრისტეშობამდე 1440 წელს, უდაბნოში ორმოცწლიანი ხეტიალის დროს უნდა დაეწერა.

შინაარსი
დაბადება მზის სისტემის ფორმირებით, დედამიწის დასასახლებლად მომზადებითა და მასზე სიცოცხლის შექმნით იწყება.
დაბადების რვავე აქტი ექვს დღეში დასრულდა.
მომდევნო ათი თავი ცხოვრების მრავალი იდუმალი მხარის წარმოშობაზე მოგვითხრობს. ეს იდუმალი მხარეებია: ადამიანის სექსუალურობა, ქორწინება, ცოდვა, ავადმყოფობა, შობის ტკივილები, სიკვდილი, ღვთის რისხვა, ადამიანთა ურთიერთ მტრობა და რასებისა და ენების დედამიწაზე მიმოფანტვა.
მე-12 თავიდან დაბადება აბრაჰამის მოწოდებასა და მასთან ღვთაებრივი აღთქმის დადებაზე მოგვითხრობს. ეს დიდებული საუკუნო აღთქმა ისაკისა და იაკობის დროს განახლდა. აღსანიშნავია დაბადებისთვის დამახასიათებელი თხრობის დახვეწილი მანერა, მაგრამ თვით ასეთ ფონზეც კი მკაფიოდ იკვეთება იოსების თავგადასავლისა და ეგვიპტეში ღვთის ერის სასწაულებრივი ჩაყვანის, დაცვისა და გამრავლების შთამაგონებელი აღწერა. რომაელთა მე-9 თავში წარმოდგენილი პავლე მოციქულის შეფასების თანახმად, ეს გახლავთ ღვთიური არჩევანის გაკვეთილი.
დაბადება მრავალი ასპექტით მოგვაგონებს ახალ აღთქმას: პიროვნული ღმერთით, სამებით, ქორწინების ინსტიტუტით, ცოდვის სერიოზულობით, ღვთაებრივი სამსჯავროთი, რწმენით გამართლებით. დაბადების წიგნში დაკარგულ სიცოცხლის ხეს ხელახლა ვხედავთ გამოცხადების 22-ე თავში. წიგნი იაკობის მიერ იუდას კურთხევით მთავრდება. იუდას ტომიდან მესია უნდა მოსულიყო: `არ განშორდება კვერთხი იუდას, არც არგანი მმართველობისა მის ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი; და დაემორჩილებიან მას ხალხები!~ (49:10). მრავალი საუკუნე და ურიცხვი სატანჯველი გადაივლის, ვიდრე ეს წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს მოსვლით აღსრულდება.

პირადი გამოყენება
დაბადება ეჭვქვეშ აყენებს მრავალ ამქვეყნიურ თვალსაზრისს, ასე რომ, მისი გულმოდგინედ შესწავლის მსურველები სხვაგვარად აზროვნებას უნდა შეეჩვიონ. ქვეყნიერება და მისი ისტორია ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ამას ძველი ბიბლიური ავტორები წარმოგვიდგენენ. მაგალითად, ის, რაც 1-3 თავებშია მოთხრობილი ალეგორიულად არ უნდა გავიგოთ. აქ საქმე გვაქვს რეალურ ისტორიასთან. ღვთის სიტყვა ყოველთვის ადამიანის სიტყვაზე მაღლა უნდა იდგეს. ჩვენ არ გვმართებს მისი განსჯა, პირიქით, ჩვენ ყველას ის განგვსჯის. ამდენად, ძველი ებრაელების მიჩნევა პრიმიტიულ ადამიანებად მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რეალობას განსხვავებულად აღიქვამდნენ, არასწორი იქნებოდა. რაციონალური ბერძნული აზროვნების მიერ ჩვენი სამყაროს რეალობებზე შემოთავაზებული მოსაზრებები, დიდი ხანია კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქცა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი როდია მისაღები.
დაბადება მრავალ სხვა ტიპის გაკვეთილსაც გვთავაზობს: აბრაჰამი ჩვენთვის რწმენით განმსჭვალული ადამიანის ნიმუშია (15:6; გალ. 3:7); იოსების ცხოვრება საშუალებას იძლევა ყველა უსამართლოდ ტანჯულს კარგი ქადაგება შევთავაზოთ და მტკიცე ერთგულების მაგალითი დავუსახოთ დღევანდელ სიმტკიცეს მოკლებულ, მოშვებულ და ყველაფრის ნებადართულობის ეპოქაში.
და ბოლოს, ადამიანურ ბუნებას სათანადო სიღრმით მხოლოდ მაშინ შევიმეცნებთ, როცა `პირველი ცოდვის~ ჭეშმარიტებას ჩავწვდებით. ადამის შეცოდებით ჩვენც, ყველა დანარჩენმა ადამიანმაც, შევცოდეთ. მთავარი კი მაინც ის არის, რომ ამ აქტით ჩვენში ცოდვილი ბუნება დამკვიდრდა (8:21; რომ. 5:19; 7:18). მხოლოდ მხსნელს შეუძლია ამგვარი შინაგანი გახრწნილებისგან ჩვენი გათავისუფლება.

ქრისტეს გამოვლინება
განკაცებამდე ქრისტე, როგორც ცოცხალი სიტყვა, აქტიურად იყო ჩართული დაბადებაში. `ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა~ (იოან. 1:3). იესოს მომავალი მსახურების მოლოდინი უკვე დაბ. 3:15-ში ჩანს. ითვლება, რომ დედაკაცის `თესლი~, რომელიც გველს თავს გაუჭეჭყავს, ისევე, როგორც პავლეს მიერ გალატელთა 3:16-ში ნახსენები აბრაჰამის `თესლი~ _ იესო ქრისტეა.
მე-14 თავში იდუმალ მეფე-მღვდელს მელქისედეკს ვხედავთ. ვინაიდან იესო ქრისტე მეფეც არის და მღვდელმთავარიც, მოგვიანებით, ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილი სწორედ მათ შორის არსებულ ანალოგიაზე მიგვითითებს (ებრ. 6:20).
ქრისტეს გამოცხადება დაბადების მე-15 და მე-17 თავებში აბრაჰამთან ღმერთის აღთქმის დადებისას ჩანს. ღმერთმა დიდებული დაპირებები მისცა აბრაჰამს, რომლებიც უმთავრესად სწორედ იესოს მოვლინებით და მისი საქმეებით განახორციელა. ამ ჭეშმარიტებას პავლე მოციქული დეტალურად ხსნის გალატელთა მიმართ მიწერილ წერილში. ბიბლიის დიდი ნაწილი აბრაჰამთან დადებულ აღთქმასა და იესო ქრისტეში მის მაქსიმალურ გამოვლინებაზე მოგვითხრობს.
ღვთის ბრძანებისამებრ აბრაჰამი მზად იყო მსხვერპლად შეეწირა ისაკი. ამ დრამატული ეპიზოდის ანალოგიურობა ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან, ძნელი დასანახი არ არის. `წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს; წადი მორიას მხარეში და სრულადდასაწველ მსხვერპლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გაჩვენებ~ (22:2). ეს სიტყვები გვახსენებს ღვთის
ნებას, რომლის თანახმადაც, თავის დროზე იგი თავის ერთადერთ ძეს წუთისოფლის ცოდვების გამოსასყიდად შესწირავს.
და ბოლოს, იაკობისგან იუდას კურთხევა `შილოს~ მოსვლის მოლოდინითაა აღსავსე, რომელიც მესიასთან იგივდება. `და დაემორჩილებიან მას ხალხები~ (49:10).

სულიწმიდის მოქმედება
`ღმერთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ~ (1:2). აქ ჩვენ სულიწმიდის დაბადებაში მონაწილეობას ვხედავთ. იგი ასევე შრომობდა იოსებში, რაც ფარაონისთვის ცხადი ფაქტი იყო: `ნუთუ ვიპოვით ისეთ კაცს, რომელშიც ღვთის სულია?~ (41:38).
მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდის მოქმედებაზე დაბადების წიგნში უშუალოდ მეტი აღარაფერია ნათქვამი, მისი ძალა უნდა დავინახოთ დედამიწის ოთხივე კუთხის ცხოველების ნოეს კიდობნისკენ მოზიდვაში. მისი მოქმედება ასევე შეინიშნება პატრიარქების ცხოვრებაშიც, მათ და მათი ოჯახების დაცვასა და მატერიალურ კურთხევაში. რჩეულ ოჯახს ათასგვარი სიძნელენი და წარმოუდგენელი ვითარებანი უღობავდა გზას, რაც აბრაჰამის მიერ ღვთის ნების ასრულებას თითქოსდა სათუოს ხდიდა, მაგრამ ღვთის წმიდა სული თავისი ზებუნებრივი ძალისხმევით ყველა პრობლემას აგვარებდა.
__ბიბლია კომენტარებით 2015__

***
შესაქმის ავტორი ამზადებს ადამიანებს იმის გასათავისებლად, რომ ყოველივე შემოქმედმა ღმერთმა შექმნა და მის კონტროლს ემორჩილება და არა გამოგონილ ღვთაებებს. შესაქმე ამზადებდა ღვთის ერს მოსეს რჯულის მისაღებად. ღმერთმა ქაოსისგან გამოიყვანა ქვეყნიერება, სიბნელიდან სინათლეში... და თავისი ნათელი გააბრწყინა მორწმუნეთა გულებში 2კორ.4,6

დაბადების წიგნის გეგმა
---
შესაქმის თხრობა 1:1-2:25
- სამყაროს შექმნა და სიცოცხლის გაჩენა 1:1-2:3
- მამაკაცის და დედაკაცის შექმნა 2:4-25

ადამიანის ცდუნება და ცოდვაში ჩავარდნა 3:1-24
- ცოდვა ავლენს თავს კაენისგან აბელის მოკვლაში 4,1-16
- უღმერთო ცივილიზაციის გავრცელება 4,17-26
- ადამის მოდგმა და მისი გარყვნა 5,1-6,8

ნოეს და მისი შვილების ცხოვრება 6:1-9:29
- წარღვნა 6,9-8,22
- აღთქმა ნოესთან 9,1-17

ხალხთა ნუსხა 10:1-32
ენების არევა 11:1-9

აბრამის გენეალოგია 11:10-32

პატრიარქები 12:1-50:26
- აბრამი 12:1-23:20
- აბრაამის მოწოდება 12:1-13:18
- მეფეთა ბრძოლა 14:1-24
- ღვთის აღთქმა აბრაამთან 15:1-21:34
- აბრაამის გამოცდა 22:1-24
- სარას სიკვდილი 23:1-20
- ისაკი 24:1-26:35
- ისაკის საცოლე მესოპოტამიიდან 24:1-67
- აბრაამის სიკვდილი 25:1-11
- ისმაელი, ესავი და იაკობი 25:12-34
- ღვთის აღთქმის განმტკიცება ისაკთან 26:1-35
- იაკობი 27:1-35:29
- იაკობი ატყუებს მამას 27:1-46
- იაკობის ხარანში გაქცევა 28:1-10
- ღმერთის აღთქმის განმტკიცება იაკობთან 28:11-22
- იაკობის ქორწინება ხარანში 29:1-30:43
- იაკობის დაბრუნება ქანაანში 31:1-35:29
- ესავი 36:1-43
- იოსები 37:1-50:26
- იოსების მონად გაყიდვა 37:1-40:23
- იოსების განდიდება 41:1-57
- იოსები ძმებთან საქმეს არკვევს 42:1-45:28
- იაკობი ეგვიპტეში გადადის 46:1-48:22
- იაკობის კურთხევა და დასაფლავება 49:1-50:21
- იოსების ბოლო დღეები 50:22-26


ებრაული ტრადიციით დაბადების წიგნი იყოფა 12 დაუყოფავ თავებად:
1. ბერეშით (1:1-6:8)
2. ნოაჰ (6:9-11:32)
3. ლეჰ ლეჰა (12:1-17:27)
4. ვეერა (18:1-22:24)
5. ხაეი სარა (23:1-25:18)
6. თოლდოტ (25:19-28:9)
7. ვაეცე (28:10-32:3)
8. ვაიშლაჰ (32:4-36:43)
9. ვაეშევ (37:1-40:23)
10, მიქეც (41:1-44:17)
11. ვაიჰაშ (44:18-47:27)
12. ვაეხი (47:28-50:26)