1 . უთხრა უფალმა აბრამს: "წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ.
2 . დიდ ერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
3 . ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი”.
4 . წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა; და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. სამოცდათხუთმეტი წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა.
5 . თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას; და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში.
6 . გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე - მორეს მუხამდე; ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
7 . გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: "შენს შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას”. და იქ აუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას.
8 . გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი: ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი - აღმოსავლეთით; იქ აუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს.
9 . დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა.
10 . შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან მძვინვარებდა შიმშილი.
11 . ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: "ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ.
12 . დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.
13 . ამიტომ თქვი, რომ და ხარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო.
14 . როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო.
15 . ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს; და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე.
16 . კარგად მოექცნენ აბრამს მისი ცოლის გამო. ჰყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევალნი, სახედრები და აქლემები.
17 . დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის, აბრამის ცოლის გამო.
18 . იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: "ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი?
19 . რატომ თქვი ჩემი და არისო? მე ხომ მის ცოლად შერთვას ვაპირებდი! აი, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი აქედან!”
20 . უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი, და წაიღეს თან, რაც გააჩნდათ.
1 . უთხრა უფალმა მოსეს:
2 . "გააკეთე ნაჭედი ვერცხლის ორი საყვირი, თემის შესაკრებად და ბანაკთა ასაყრელად გქონდეს ისინი.
3 . როდესაც ჩაჰბერავენ მათ, საკრებულო კარვის შესასვლელთან შეიკრიბება მთელი თემი,
4 . თუ ერთ ბუკს ჩაჰბერავენ, შენთან შეიკრიბებიან მთავარნი, თავკაცნი და ისრაელის ათასისთავნი.
5 . როდესაც საგანგაშოს ჩაჰბერავენ, დაიძრებიან ბანაკები, რომლებიც აღმოსავლეთით არიან დაბანაკებულნი.
6 . როდესაც მეორედ ჩაჰბერავენ საგანგაშოს, დაიძვრებიან ბანაკები, რომლებიც სამხრეთით ბანაკობენ; საგანგაშო ჩაჰბერონ მათი დაძვრისთვის.
7 . თემის შესაკრებადაც ჩაჰბერეთ, ოღონდ არა საგანგაშო.
8 . აჰარონის ძეებმა, მღვდლებმა, უნდა ჩაჰბერონ ბუკებს; და იქნება ეს მარადიულ წესად თქვენთვის თაობიდან თაობამდე.
9 . როცა თქვენსავე ქვეყანაში გახვალთ საბრძოლველად მტრის წინააღმდეგ, რომელიც გავიწროებთ, მაშინ ჩაჰბერეთ ბუკებს საგანგაშო; რათა იყოთ გახსენებულნი უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და დახსნილნი თქვენი მტრებისგან.
10 . თქვენი სიხარულის დღეს, დღესასწაულებზე და ყოველი თვის დასაწყისში, ჩაჰბერეთ ბუკებს თქვენს სრულადდასაწველებზე და თქვენს სამშვიდობო შესაწირებზე; იქნება ეს თქვენთვის სამახსოვროდ თქვენი ღმერთის წინაშე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
11 . მეორე წლის მეორე თვეს, თვის მეოცე დღეს აიწია ღრუბელი მოწმობის კარვიდან.
12 . დაიძრნენ ისრაელის ძენი სინაის უდაბნოდან; და შეჩერდა ღრუბელი ფარანის უდაბნოში.
13 . დაიძრნენ პირველად, მოსეს მეშვეობით გადაცემული უფლის ბრძანებით.
14 . პირველი დაიძრა იუდას ძეთა ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, მისი მეთაური იყო ნახშონი, ყამინადაბის ძე.
15 . ისაქარის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ნათანელი, ცუყარის ძე.
16 . ზებულონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიაბი, ხელონის ძე.
17 . დაშალეს სავანე და ამის მერე დაიძრნენ გერშონისა და მერარის ძენი, სავანის მზიდველნი.
18 . დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, მისი ლაშქრის მეთაური იყო ელიცური, შედეურის ძე.
19 . სიმონის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი, ცურიშადაის ძე.
20 . გადის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ელიასაფი, რეღუელის ძე.
21 . შემდეგ დაიძრნენ კეჰათელები, საწმიდრის მზიდველნი; რათა სავანე მათ მისვლამდე ყოფილიყო აღმართული.
22 . დაიძრა ეფრემის ძეთა ბანაკის დროშა თავისი ლაშქრით, ლაშქრის მეთაური იყო ელიშამაყი, ყამიჰუდის ძე.
23 . მენაშეს ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო გამალიელი, ფედაცურის ძე.
24 . ბენიამინის ტომის ლაშქრის მეთაური იყო აბიდანი, გედეონის ძე.
25 . შემდეგ დანის ძეთა ბანაკის დროშა დაიძრა, თავისი ლაშქრით - ეს ბანაკი ყოველთვის ზურგს ამაგრებდა, მისი ლაშქრის მეთაური იყო ახიყეზერი, ყამიშადაის ძე.
26 . აშერის ტომის ლაშქრის მეთაური იყო ფაგეყიელი, ყაქრანის ძე.
27 . ნაფთალის ძეთა ტომის ლაშქრის მეთაური იყო ახირაყ ყენანის ძე.
28 . ასეთი იყო ისრაელიანთა ლაშქართა წყობა, როცა დაიძრებოდნენ ხოლმე.
29 . უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: "ჩვენ იმ ადგილისკენ მივემგზავრებით, რომელიც უფალმა აღგვითქვა მოსაცემად. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთეს შეპირდა უფალი ისრაელს”.
30 . უპასუხა: "არ წამოვალ, ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში დავბრუნდები”.
31 . უთხრა მოსემ: "ნუ მიგვატოვებ, ვინაიდან იცი შენ, როგორ უნდა დავიბანაკოთ უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.
32 . თუ გამოგვყვები, რა სიკეთესაც მოგვმადლებს უფალი, იმავე სიკეთეს შენც გაგიზიარებთ”.
33 . დაიძრნენ უფლის მთიდან სამი დღის სავალ გზაზე და მათ წინაშე სამი დღის სავალ გზაზე მიდიოდა უფლის აღთქმის კიდობანი, რათა დასასვენებელი ადგილი აღმოეჩინა მათთვის.
34 . ფარავდა მათ დღისით უფლის ღრუბელი, ბანაკიდან მათი დაძვრისას.
35 . როცა დაიძრებოდა კიდობანი, იტყოდა მოსე: "აღსდექ, უფალო, და გაიფანტებიან შენი მტრები და გაიქცევიან შენი მოძულენი შენი პირისგან”.
36 . როცა ჩერდებოდა კიდობანი, იტყოდა: "დაბრუნდი, უფალო, ისრაელთა მრავალ ათასეულთან”.
1 . "შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი რომ გამოჩნდეს და ნიშანი ან სასწაული მოგცეს,
2 . და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გამოგიცხადა და თან გითხრას: გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და მათ ვემსახუროთო,
3 . ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდის უფალი, შენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვარს თუ არა უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და მთელი შენი არსებით!
4 . უფლის, შენი ღმერთის კვალს გაჰყევი და მისი გეშინოდეს; მისი მცნებანი დაიცავი, მისი ხმა გაიგონე, მას ემსახურე და მიეწებე.
5 . ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან უფლის, შენი ღმერთისგან განდგომა გირჩია, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანა და მონობის სახლიდან გამოგისყიდა; რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზე სიარულიც უფალმა, შენმა ღმერთმა, გიბრძანა; ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენს შორის.
6 . თუ ჩურჩულით წაგაქეზებს შენი ძმა - დედაშენის შვილი, შენი ძე ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან შენი მეგობარი, საკუთარი სულივით რომ გიყვარს: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები,
7 . იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენ გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, დედამიწის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე,
8 . არ დასთანხმდე და ნუ გაუგონებ; ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ და ნუ დაიფარავ;
9 . არამედ მოკალი იგი; პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე მთელი ხალხისა.
10 . ჩაქოლეთ იგი, რომ მოკვდეს; რადგან შენი ჩამოცილება ჰქონდა განზრახული უფლის, შენი ღმერთისგან, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან, მონობის სახლიდან გამოგიყვანა.
11 . მთელი ისრაელი გაიგებს ამას, შეშინდება და აღარ ჩაიდენს ასეთ ბოროტებას შენს შორის.
12 . თუ გაიგებ, რომ რომელიმე შენს ქალაქში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი საცხოვრებლად,
13 . გამოჩნდა უღირსი ხალხი შენი წიაღიდან და შეაცდინეს ქალაქის მცხოვრებლები ამ სიტყვებით: წავიდეთ და ვემსახუროთო სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ,
14 . მაშინ გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და კარგად გამოიკითხეთ ყველაფერი; აჰა, მართლა მოხდა ეს სისაძაგლე შენს წიაღში,
15 . მახვილის პირით შემუსრეთ იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია, მისი პირუტყვიც გაჟლიტეთ მახვილით.
16 . მთელი ნადავლი შუაგულ მოედანზე მოაგროვე და დაწვი ქალაქი და ნადავლი უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ნანგრევებად დარჩეს უკუნისამდე და აღარასოდეს აშენდეს.
17 . დარისხებულიდან არაფერს მიეკაროს შენი ხელი, რათა განელდეს უფლის მძვინვარე რისხვა და გიჩვენოს წყალობა, შეგიწყალოს და გაგამრავლოს, როგორც დაუფიცა შენს მამებს;
18 . თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის ხმას, დაიცავ ყველა მის მცნებას, რომელსაც გიბრძანებ დღეს და სწორად მოიქცევი უფლის, შენი ღმერთის თვალში.
1 . ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელის ძენი სიკვდილის წინ.
2 . თქვა: "უფალი მოვიდა სინაიდან და სეყირიდან ამობრწყინდა მათთვის, ფარანის მთიდან ამოანათა და მოვიდა ათი ათასობით წმიდანით; მარჯვნივ რჯულის მოელვარე ცეცხლი ჰქონდა მათთვის.
3 . დიახ, უყვარს ხალხები; მათი ყოველი წმიდა კაცი შენს ხელშია, ფეხდაფეხ დაგყვებიან და ღებულობენ შენს სიტყვას.
4 . რჯული გვიბრძანა მოსემ, იაკობის კრებულის მემკვიდრეობა.
5 . ის იყო მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ხალხის თავკაცნი, ისრაელის ტომებთან ერთად.
6 . იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს. ნუ იქნება მისი ხალხი მცირერიცხოვანი!”
7 . ეს თქვა იუდაზე: "ისმინე, უფალო, იუდას ხმა და თავის ხალხთან მიიყვანე იგი; საკუთარი ხელებით იბრძოლოს თავისთვის და მტერთაგან დამხმარედ შენ ეყოლები”.
8 . ლევის შესახებ თქვა: "იყოს შენი თუმიმი და ურიმი შენს წმიდა კაცთან, რომელიც გამოსცადე მასაში და ედავებოდი მერიბას წყლებთან.
9 . რომელმაც თქვა: არ ვუყურებო ჩემს დედ-მამას; არ აღიარებს თავის ძმებს და არ ცნობს შვილებს; რაკი შეასრულეს ლევიანებმა შენი ნათქვამი და შეინახეს შენი აღთქმა,
10 . ასწავლონ შენი სამართალი იაკობს და შენი რჯული ისრაელს; დადებენ საკმეველს შენს წინაშე და სრულადდასაწველს შენს სამსხვერპლოზე.
11 . აკურთხე, უფალო, მისი ძალა და მიიღე მისი ხელის ნამოქმედარი; მოსწყვიტე წელი მის წინააღმდეგ აღმდგართ და ფეხზე ვეღარ ადგნენ მისი მოძულენი”.
12 . ბენიამინის შესახებ თქვა: "უფლის მიერ სიმშვიდეში დამკვიდრებულა უფლის მიერ შეყვარებული, დღენიადაგ მფარველობს მას და უფალი მკვიდრობს მის მხრებს შორის.
13 . იოსების შესახებ თქვა: "უფლის მიერ იყოს კურთხეული მისი ქვეყანა, ცის ძვირფასი ცვარითა და უფსკრულის ღრმა მდინარეებით,
14 . მზისგან მომადლებული მოსავლითა და მთვარისგან მომადლებული ნაყოფით,
15 . უძველესი მთების საუკეთესო ნაყოფებითა და მარადიული მწვერვალების ნარჩევი დოვლათით,
16 . მიწის სიმდიდრითა და სისავსით. მადლი ჰპოვოს მაყვლოვანში დავანებულისგან; და გადმოვიდეს ეს კურთხევები იოსების თავზე და ძმათა შორის გამორჩეულის თხემზე.
17 . პირველმონაგები ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქაა მისი რქები, ერთიანად ურქენს ყველა ხალხს ქვეყნის კიდეებამდე; ესენია ათი ათასები ეფრემისა და ათასეულნი მენაშესი”.
18 . ზებულონზე თქვა: "იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში.
19 . დაუძახებენ ხალხებს მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის შესაწირს, რადგან ისინი გამოწოვენ ზღვის სიუხვეს და ქვიშაში ჩაფლულ საგანძურებს”.
20 . გადის შესახებ თქვა: "კურთხეულია გადის განმვრცობი. ლომივით დავანებულა და გლეჯს მკლავსა და თხემს.
21 . ქვეყნის საუკეთესო ნაწილი შეარჩია, რადგან იქ არის შენახული რჯულმდებლის წილი; მოვიდა იგი ერის მთავრებთან ერთად და აღასრულა უფლის სამართალი და დადგენილებები ისრაელთან”.
22 . დანის შესახებ თქვა: "ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან მხტომარე”.
23 . ნაფთალზე თქვა: "ნაფთალი უფლის კეთილგანწყობითაა მაძღარი და მისი კურთხევითაა სავსე; დაიმკვიდრებს ზღვასა და სამხრეთს”.
24 . აშერის შესახებ თქვა: "კურთხეული იყოს ძეთა შორის აშერი; სასურველი იქნება თავისი ძმებისთვის და ზეთში ჩადგამს ფეხს.
25 . რკინა და სპილენძია შენი ურდულები; გაგიმრავლდება როგორც დღეები, ისე ძალა შენი.
26 . არავინ არის იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაზეა ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში - თავისი დიდებით.
27 . შენი თავშესაფარია საუკუნო ღმერთი და ქვემოდანაა მისი მარადიული მკლავები; დევნის მტერს შენგან და თქვა: გაანადგურე!
28 . მარტო ბინადრობს უსაფრთხოდ ისრაელი, თვალი იაკობისა მარცვლეულისა და ღვინის მიწაზე და ცანი მისი ნამს აწვეთებენ.
29 . ნეტარი ხარ, ისრაელ! ვინ შეგედრება? ხალხი, გადარჩენილი უფლის მიერ, რომელიც შენი შეწევნის ფარია და შენი დიდების მახვილი! იმედი გაუცრუვდებათ შენს მტრებს შენს წინაშე და გათელავ მათ სიმაღლეებს”.
1 . იმ დღეებში, მსაჯულთა მმართველობის დროს, შიმშილი იყო ქვეყანაზე. იუდას ბეთლემიდან კაცი გაიხიზნა მოაბის ველებზე საცხოვრებლად, თავის ცოლსა და ორ ძესთან ერთად.
2 . ელიმელექი ერქვა იმ კაცს, მის ცოლს - ნაყომი, ძეებს კი - მახლონი და ქილიონი, ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. და მივიდნენ მოაბის ველებზე და იქ დარჩნენ.
3 . მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ძით.
4 . შეირთეს მათ მოაბელი ცოლები - ერთს ყორფა ერქვა, მეორეს - რუთი და თითქმის ათი წელი ცხოვრობდნენ იქ.
5 . მაგრამ დაიხოცნენ მახლონი და ქილიონი და დარჩა ნაყომი თავის ქმრისა და შვილების გარეშე.
6 . და როცა შეიტყო მოაბის ქვეყანაში, რომ მოხედა თავის ხალხს უფალმა და მისცა სანოვაგე, სახლში დასაბრუნებლად მოემზადა ნაყომი თავის რძლებთან ერთად.
7 . დატოვა თავის რძლებთან ერთად ის ადგილი, სადაც ცხოვრობდა და გაუდგა გზას იუდას მიწისკენ.
8 . უთხრა ნაყომიმ თავის რძლებს: "წადით, თითოეული თქვენი დედის სახლში დაბრუნდით! კეთილად მოგექცეთ უფალი, როგორც თქვენ გვექცეოდით გარდაცვლილებსა და მე!
9 . უფალმა გაპოვნინოთ სიმშვიდე, თითოეულს თავისი ქმრის სახლში!” და ეამბორა რძლებს. მათ კი ხმა აიმაღლეს და ტიროდნენ.
10 . უთხრეს ნაყომის: "შენთან ერთად დავბრუნდებით შენს ხალხთან!”
11 . მაგრამ უპასუხა ნაყომიმ: "გაბრუნდით, ჩემო ასულნო, რად მომყვებით? განა კიდევ მეყოლება ვაჟები, რომ თქვენზე იქორწინონ?
12 . გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი,
13 . ნუთუ დაელოდებით მათ დაზრდას? განა მათი გულისთვის დარჩებით გაუთხოვარნი? არა, ჩემო ასულნო, ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა უფლის ხელი!”
14 . კვლავ აღიმაღლეს ხმა და აქვითინდნენ. და ეამბორა ყორფა თავის დედამთილს გამოსამშვიდობებლად, რუთი კი არ მოეშვა.
15 . უთხრა: "აჰა, შენი მაზლის ცოლი ბრუნდება თავის ხალხთან და ღმერთთან. შენც დაბრუნდი!”
16 . უპასუხა რუთმა: "ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი - ჩემი ღმერთი.
17 . სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!”
18 . დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა.
19 . და გაუდგნენ გზას ორივენი, ვიდრე ბეთლემს მიაღწევდნენ. ბეთლემში რომ შევიდნენ, მთელი ქალაქი შეჩოჩქოლდა. ამბობდნენ: "ნუთუ ნაყომია ეს ქალი?”
20 . უთხრა მათ ნაყომიმ: "ნუღარ მიწოდებთ ნაყომის (სასიამოვნოს), არამედ დამიძახეთ მარა (სიმწარე), რადგან ფრიად გამამწარა ყოვლადძლიერმა.
21 . სავსე წავედი და ცარიელი დამაბრუნა უფალმა. რაღად მიწოდებთ ნაყომის? ჩემს წინააღმდეგ განეწყო უფალი და უბედურება დამატეხა ყოვლადძლიერმა.
22 . ასე დაბრუნდა ნაყომი თავის რძალთან, მოაბელ რუთთან ერთად და ქერის მკა იწყებოდა ბეთლემში რომ მივიდნენ.
1 . როცა ლოცულობდა ეზრა და ტირილით ინანიებდა ღვთის სახლის წინ გართხმული, შემოიკრიბა მის ირგვლივ ისრაელიანთა დიდძალი კრებული - კაცები, ქალები, ბავშვები, რადგან მწარედ ტიროდა ხალხიც.
2 . მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: „ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!
3 . აღთქმა დავდოთ ჩვენს ღმერთთან, რომ ჩვენი უფლისა და ჩვენი ღმერთის მცნებების მოშიშთა რჩევის მიხედვით გავუშვებთ ცოლებს და მათგან შეძენილ შვილებს. და რჯულის მიხედვით აღსრულდეს
4 . ადექი, რადგან შენზეა ეს საქმე და ჩვენც შენთან ვართ; გამხნევდი და აღასრულე!”
5 . ადგა ეზრა და დააფიცა მთავარი მღვდლები, ლევიანები და მთელი ისრაელი, რომ მოიქცეოდნენ ფიცის თანახმად. მათაც დაიფიცეს.
6 . ადგა ეზრა ღვთის სახლიდან და წავიდა იოხანანის, ელიაშიბის ძის ოთახისკენ; მაგრამ პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია, რადგან გლოვობდა გადასახლებული ხალხის ორგულობის გამო.
7 . და გამოუცხადეს იუდასა და იერუსალიმში ყველა გადასახლებაში ნამყოფთ, რომ თავი მოეყარათ იერუსალიმში.
8 . და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთელი ქონება ჩამოერთმეოდა მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით და მოკვეთილი იქნებოდა გადასახლებაში ნამყოფთა კრებულიდან.
9 . სამ დღეში შეიკრიბა იერუსალიმში ბენიამინისა და იუდას ყველა კაცი; ეს იყო მეცხრე თვეს, თვის მეოცე დღეს. იჯდა მთელი ხალხი ღვთის სახლის მოედანზე, კანკალებდა ამ საქმისა და თავსხმა წვიმის გამო.
10 . ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: „შესცოდეთ, რადგან უცხოელი ცოლები შეირთეთ და ამით დანაშაული გაუმრავლეთ ისრაელს.
11 . ახლა აღიარეთ ცოდვა უფლის, თქვენი მამების ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: გამოეყავით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს!”
12 . უპასუხა მთელმა კრებულმა და ხმამაღლა უთხრა: „როგორც თქვი, ისე მოვიქცევით!
13 . ოღონდ ხალხი ბევრია, წვიმების დროა და გარეთ დგომა არ შეგვიძლია; თანაც ეს ერთი ან ორი დღის საქმე არ არის, რადგან ბევრს შეგვიცოდავს ამ საქმეში.
14 . დადგნენ ჩვენი მთავრები მთელი კრებულის ნაცვლად, ხოლო ის, ვისაც ჩვენს ქალაქში უცხოელი ცოლი ჰყავს, მოვიდეს დანიშნულ დროს თავისი ქალაქის უხუცესებთან და მსაჯულებთან ერთად, ვიდრე არ მიიქცევა ჩვენგან ჩვენი ღმერთის რისხვა ამ საქმის გამო”.
15 . მხოლოდ იონათანი, ყასელის ძე და იახზეია, თიკვას ძე გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ; მეშულამი და ლევიანი შაბეთაი უჭერდნენ მათ მხარს.
16 . ასეც მოიქცნენ გადასახლებაში ნამყოფები. გამოარჩია ეზრა მღვდელმა კაცები, მეთაურები, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, ყველანი სახელდებით გამორჩეულნი; და დასხდნენ ისინი მეათე თვის პირველ დღეს ამ საქმის გამოსაძიებლად.
17 . პირველი თვის პირველი დღისთვის დაასრულეს ყველა იმ მამაკაცთა საქმე, რომელთაც უცხოელი ცოლები ჰყავდათ.
18 . მღვდლების ძეებში, რომელთაც უცხოელი ცოლები ესვათ, აღმოჩნდნენ: იეშუა იოცადაკის ძის ძენი და მისი ძმები: მაყასეია, ელეაზარი, იარიბი და გედალია.
19 . მათ ხელი მისცეს, რომ გაუშვებდნენ ცოლებს და შესწირავდნენ ვერძს თავიანთი ცოდვის გამოსასყიდად.
20 . იმერის ძეთაგან: ხანანი და ზებადია;
21 . ხარიმის ძეთაგან: მაყასეია, ელია, შემაყია, იეხიელი, ყუზია;
22 . ფაშხურის ძეთაგან: ელიოყენაი, მაყასეია, ისმაელი, ნეთანელი, იოზაბადი და ელყასა;
23 . ლევიანთაგან: იოზაბადი, შიმყი, კელაია, იგივე კელიტა, ფეთახია, იუდა და ელეაზარი.
24 . მგალობელთაგან: ელიაშიბი. კარის მცველთაგან: შალუმი, ტელემი და ური.
25 . ისრაელიდან - ფარყოშის ძეთაგან: რამია, იეზია, მალქია, მიამინი, ელეაზარი, მალქია, ბენაია;
26 . ყელამის ძეთაგან: მათანია, ზაქარია, იეხიელი, ყაბდი, იერემოთი, ელია;
27 . ზათუს ძეთაგან: ელიოყენაი, ელიაშიბი, მათანია, იერიმოთი, ზაბადი, ყაზიზა;
28 . ბებაის ძეთაგან: იეჰოხანანი, ხანანია, ზაბაია, ყათლაი;
29 . ბანის ძეთაგან: მეშულამი, მალუქი, ყადაია, იაშუბი, შეალი, იერამოთი;
30 . ფათახ-მოაბის ძეთაგან: ყადნა, ქელალი, ბენაია, მაყასეია, მათანია, ბეცალელი, ბინუი და მანაშე;
31 . ხარიმის ძეთაგან: ელეაზარი, იშია, მალქია, შემაყია, შიმყონი;
32 . ბენიამინი, მალუქი, შემარია;
33 . ხაშუმის ძეთაგან: მათენაი, მათათა, ზაბადი, ელიფელეტი, იერემაი, მენაშე, შიმყი;
34 . ბანის ძეთაგან: მაყადაი, ყამრამი, უელი,
35 . ბენაია, ბედეია, ქელუჰუ,
36 . ვანია, მერემოთი, ელიაშიბი,
37 . მათანია, მათენაი და იაყასაი;
38 . ბანი, ბინუი, შიმყი,
39 . შელემია, ნათანი, ყადაია,
40 . მაქნადბაი, შაშაი, შარაი,
41 . ყაზარიელი, შელემიაჰუ, შემარია,
42 . შალუმი, ამარია, იოსები.
43 . ნებოს ძეთაგან: იეყიელი, მათითია, ზაბადი, ზებინა, იადაი, იოელი და ბენაია.
44 . ყველა ამათ უცხოელი ცოლები ჰყავდათ შერთული; და ზოგიერთს შვილებიც ჰყავდა მათგან.
1 . გუნდის ლოტბარს, შოშანის საკრავზე: მოძღვრება კორახისა, გალობა სიყვარულისა. აღმოთქვა ჩემმა გულმა სიტყვა კეთილი. მე ვამბობ: ჩემი ნახელავი - მეფეს; ჩემი ენა კალამია სწრაფად მწერლისა.
2 . ადამის ძეთა უმშვენესი ხარ, მადლი იღვრება შენთა ბაგეთაგან, ამიტომ გაკურთხა ღმერთმა უკუნისამდე.
3 . წელზე შემოირტყი შენი მახვილი, გმირო, შენი დიდებით და მშვენებით.
4 . და ამ შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლის გულისათვის, და აჩვენებს საოცრებას მარჯვენა შენი.
5 . შენი ისრები წამახულია, ხალხები ეცემიან შენს ფეხქვეშ; გულში ერჭობიან მეფის მტრებს.
6 . ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა.
7 . შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთი შენს მეგობრებზე უმეტეს.
8 . მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ.
9 . მეფეთა ასულნი შენს დიდებულებს შორის არიან; შენს მარჯვნივ დადგა დედოფალი ოფირის ოქროთი შემკული.
10 . მისმინე, ასულო, გამოიხედე და მომაპყარ ყური. და დაივიწყე ხალხი შენი და სახლი მამაშენისა.
11 . და დატკბება მეფე შენი მშვენებით, რადგან ის არის შენი უფალი, და თაყვანი ეცი მას.
12 . და ასულნი ტვიროსისა ძღვენით მოვლენ; მუდარას დაგიწყებენ ერის მდიდარნი.
13 . მთელი დიდება მეფის ასულისა შიგნითაა; მოოქროვილია მისი სამოსი.
14 . მოქარგული კაბით მოჰყავთ იგი მეფესთან; მის უკან ქალწულნი, დობილნი მისნი მოჰყავთ შენთან.
15 . მოჰყავთ სიხარულით და ლხინით, შედიან მეფის სრა-სასახლეში.
16 . შენს წინაპართა ადგილას იქნებიან ძენი შენნი; მათ დააყენებ მთავრებად მთელ დედამიწაზე.
17 . გავიხსენებ შენს სახელს თაობიდან თაობაში, ამიცომ ხალხები ხოტბას შეგასხამენ უკუნითი უკუნისამდე.
1 . და იყო ჩემ მიმართ უფლის სიტყვა:
2 . "ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ძეებს და ასულებს ამ ადგილზე;
3 . რადგან ასე ამბობს უფალი ამ ადგილზე შობილ ძეებსა და ასულებზე, დედებზე რომლებიც მათ შობენ და მამებზე, რომლებიც მათ ჩასახავენ ამ ქვეყანაში:
4 . სასიკვდილო სნეულებებით დაიხოცებიან, არც დაიტირებენ და არც დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწაზე. მახვილითა და შიმშილით მოისპობიან და მათი გვამები ცის ფრინველთა და მიწის ცხოველთა საჭმელად იქცევა”.
5 . რადგან ასე ამბობს უფალი: "მგლოვიარეთა სახლში ნუ შეხვალ, მათ დასატირებლად და მისასამძიმრებლად ნუ წახვალ, რადგან ჩემი მშვიდობა, წყალობა და სიბრალული წავართვი ამ ხალხს, ამბობს უფალი.
6 . დაიხოცება დიდებულიც და ღატაკიც ამ ქვეყანაში, არავინ დამარხავს მათ, არც დაიტირებს, არავინ ჩამოიხოკავს სახეს და არავინ გადაიპარსავს თმას მათთვის.
7 . არავინ გატეხს გლოვის პურს ნუგეშის საცემლად და არავინ მიაწვდის სამძიმრის თასს მამისა და დედის გამო.
8 . ნადიმის სახლში ნუ მიხვალ მათთან დასაჯდომად, საჭმელად და სასმელად”.
9 . რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: "აჰა, გავაქრობ ამ ადგილიდან, თქვენს თვალწინ და თქვენს დღეებში, სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფის ხმას და პატარძლის ხმას.
10 . და ახლა, როცა ეტყვი ამ ხალხს ყველა ამ სიტყვას, ისინი გკითხავენ: რის გამო უშვებს ასეთ დიდ უბედურებას ჩვენზე უფალი? რა დანაშაული ჩავიდინეთ, რა შევცოდეთ ჩვენს უფალ ღმერთსო?
11 . შენ ასე უპასუხე: იმის გამო, რომ მიმატოვეს თქვენმა მამებმა! ამბობს უფალი, უცხო ღმერთებს რომ მიჰყვებოდნენ, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ; მე კი დამივიწყეს და ჩემი რჯული არ დაიცვეს.
12 . თქვენც ჩაიდინეთ ბოროტება, თქვენს მამებსაც კი გადააჭარბეთ. აჰა, თითოეული თქვენგანი თავისივე ბოროტი გულის სიჯიუტეს მიჰყვება და მე არ მისმენთ.
13 . ამიტომ გადაგასახლებთ ამ ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობთ და არც თქვენი მამები იცნობდნენ; იქ მოემსახურეთ უცხო ღმერთებს დღედაღამ, რადგან არ შეგიწყნარებთ.
14 . ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო.
15 . არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.
16 . აჰა, გავაგზავნი ბევრ მეთევზეს, ამბობს უფალი, მათ დასაჭერად; ამის შემდეგ გავაგზავნი მრავალ მონადირეს და მოინადირებენ ისინი ყოველი მთის თავზე, ყოველი ბორცვის თავზე და კლდეთა ნაპრალებში,
17 . რადგან ჩემი თვალია მათ გზებზე, ვერ დამემალებიან და ვერც დანაშაულს დამიმალავენ.
18 . ჯერ ორმაგად გადავუხდი მათი დანაშაულისა და ცოდვის გამო, რომ შებილწეს ჩემი ქვეყანა; საკერპო გვამებითა და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო”.
19 . ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: "მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.
20 . "განა შეუძლია კაცს ღმერთები გაიკეთოს? მაინც არ იქნებიან ისინი ღმერთები!
21 . ამიტომ, აჰა, მე გავაგებინებ; ამჯერად მე გავაგებინებ მათ ჩემს ძალას და ჩემს ძლიერებას, და გაიგებენ, რომ ჩემი სახელი არის - უფალი”.
1 . მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად.
2 . იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა.
3 . მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ პურებად იქცნენ ეს ქვები”.
4 . იესომ მიუგო პასუხად: "დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.
5 . მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
6 . უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”.
7 . იესომ უპასუხა: "ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”.
8 . ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება.
9 . უთხრა: "ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”.
10 . იესომ კი უპასუხა: "განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
11 . მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.
12 . ესმა რა იესოს, რომ შეიპყრეს იოანე, გალილეას გაემართა.
13 . მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულონისა და ნაფთალის საზღვრებში.
14 . რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:
15 . "ზებულონის მიწა და ნაფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა,
16 . ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”.
17 . იმ დროიდან დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: "მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო”.
18 . გალილეის ზღვის ნაპირს რომ მიუყვებოდა, დაინახა ორი ძმა: სიმონი - პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, ბადეს ისროდნენ ზღვაში, რადგან მებადურები იყვნენ.
19 . უთხრა მათ: "გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
20 . მათაც მაშინვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
21 . იქიდან მიმავალმა დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ნავში ბადეებს აკერებდნენ, და მოუხმო მათ.
22 . მათაც მყისვე მიატოვეს ნავიც, მამაც და გაჰყვნენ მას.
23 . დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.
24 . და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.
25 . დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.
1 . მთიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან.
2 . აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: "უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
3 . გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: "მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.
4 . უთხრა მას იესომ: "იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.
5 . კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა.
6 . უთხრა: "უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”.
7 . იესომ მიუგო: "მოვალ და განვკურნავ”.
8 . ასისთავმა კი პასუხად უთხრა: "უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური.
9 . ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.
10 . ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა.
11 . ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში.
12 . ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”.
13 . უთხრა იესომ ასისთავს: "წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
14 . მივიდა იესო პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი.
15 . შეეხო მის ხელს და მიატოვა ქალი ცხელებამ; წამოდგა და ემსახურა მათ.
16 . მოსაღამოვებულზე მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და განკურნა ყველა სნეული.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: "მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი”.
18 . თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, უბრძანა იესომ გაღმა გასულიყვნენ.
19 . მაშინ მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: "მოძღვარო, გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.
20 . უთხრა მას იესომ: "მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს - ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!”
21 . სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.
22 . მაგრამ იესომ უთხრა მას: "შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ”.
23 . ჩაჯდა ნავში და მისი მოწაფეებიც მიჰყვნენ.
24 . და აჰა, დიდი ღელვა მოხდა ზღვაზე, ისე რომ, ნავი ტალღებით იფარებოდა. მას კი ეძინა.
25 . მივიდნენ მასთან, გააღვიძეს და უთხრეს: "უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით”.
26 . უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ, მცირედ მორწმუნენო?” შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა დიდი მყუდროება.
27 . ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ქარებიც და ზღვაც რომ ემორჩილებიან?”
28 . გაღმა, ღადარინელთა ქვეყანაში რომ მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული. სამარხებიდან იყვნენ გამოსულნი, ძალზედ მძვინვარენი; ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას.
29 . და აჰა, მორთეს ყვირილი, ამბობდნენ: "რა გინდა ჩვენგან, ღმერთის ძეო? ვადაზე ადრე მოსულხარ აქ ჩვენს სატანჯველად?”
30 . მათგან მოშორებით ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
31 . ეშმაკებმა ვედრება დაუწყეს: "თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მაინც შეგვიშვი”.
32 . უთხრა მათ: "წადით!” ისინიც გამოვიდნენ და ღორებში შევიდნენ. და აჰა, მთელი კოლტი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და წყალში დაიღუპა.
33 . მეღორეები გაიქცნენ, ქალაქში მივიდნენ და ყველაფერი თქვეს, იმის ჩათვლით, რაც ეშმაკეულებს დაემართათ.
34 . და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, შეევედრნენ, მათ საზღვრებს გასცლოდა.
1 . მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება.
2 . აი, თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა; იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე;
3 . ფილიპე და ბართლომე; თომა და მებაჟე მათე; იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც თადეოზი ეწოდა;
4 . სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5 . ეს თორმეტი გაგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა: "წარმართთა გზაზე არ იაროთ და სამარიელთა ქალაქში არ შეხვიდეთ;
6 . არამედ წადით ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან.
7 . როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.
8 . სნეულნი განკურნეთ, მკვდრები აღადგინეთ, კეთროვანნი განწმინდეთ, ეშმაკები განდევნეთ. უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9 . ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც სპილენძს თქვენი სარტყლებით;
10 . ნურც აბგას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, რადგან ღირსია მშრომელი თავისი საზრდოსი.
11 . რომელიმე ქალაქში ან სოფელში რომ შეხვალთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და იქ დარჩით, ვიდრე გამოხვიდოდეთ.
12 . სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13 . და თუ ღირსი იქნება სახლი, მიუვა მას თქვენი მშვიდობა; ხოლო თუ არ იქნება ღირსი, თქვენვე დაგიბრუნდებათ თქვენი მშვიდობა.
14 . ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.
16 . აჰა, გგზავნით თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი.
17 . უფრთხილდით ადამიანებს, ვინაიდან ისინი გადაგცემენ სამსჯავროებს და თავიანთ სინაგოგებში გაგშოლტავენ.
18 . გამგებლების და მეფეების წინაშე მიგიყვანენ ჩემ გამო, მათთვის და წარმართთათვის დასამოწმებლად.
19 . ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.
20 . რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
21 . ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა - შვილს; შვილები მშობლების წინააღმდეგ აღდგებიან და დახოცავენ მათ.
22 . ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.
23 . როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.
24 . მოწაფე მოძღვარზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი.
25 . მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
26 . მოწაფისთვის საკმარისია ისეთი იყოს, როგორიც მისი მოძღვარია და მონისთვის - როგორიც მისი ბატონია. თუ სახლის პატრონს ბელზებული უწოდეს, მით უმეტეს მისი ოჯახის წევრებს.
27 . რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ.
28 . ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
29 . განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? და არც ერთი მათგანი არ ვარდება მიწაზე თქვენი მამის ნების გარეშე.
30 . თქვენს თავზე კი თმებიც მთლიანად დათვლილია.
31 . ნუ გეშინიათ: ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
32 . ამიტომ ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, იმას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33 . ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34 . ნუ გგონიათ, რომ მშვიდობის მოსატანად მოვედი დედამიწაზე. მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი.
35 . რადგან მოვედი, რათა გავყო კაცი თავის მამისგან, ასული - თავის დედისგან და რძალი - თავის დედამთილისგან.
36 . კაცის მტრები კი მისი ოჯახის წევრები იქნებიან.
37 . ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
38 . ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი;
39 . ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.
40 . ვინც თქვენ გღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელს ღებულობს.
41 . ვინც წინასწარმეტყველის სახელით ღებულობს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს, და ვინც მართლის სახელით ღებულობს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
42 . ვინც ერთს ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს მოწაფის სახელით, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას არ დაეკარგება თავისი საზღაური”.
1 . იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2 . დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: "აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.
3 . იესომ უპასუხა: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?
5 . ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?
6 . ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
7 . თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
8 . რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
9 . წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.
10 . და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
11 . მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?
12 . ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.
13 . და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
14 . ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15 . იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა,
16 . და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.
19 . არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
20 . ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;
21 . და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
22 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
23 . მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”
24 . ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
25 . იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
26 . თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27 . თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.
28 . მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
29 . ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.
30 . ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
31 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32 . ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33 . ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.
34 . იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35 . კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
36 . თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37 . რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.
38 . მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.
39 . მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
40 . რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.
41 . ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
42 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
43 . როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.
44 . მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
45 . მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.
46 . როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.
47 . მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.
48 . მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”
49 . გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
50 . რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
1 . ეს სიტყვები რომ დაასრულა, გალილეიდან იუდეის საზღვრებში წავიდა იესო და იორდანეს გაღმა მივიდა.
2 . დიდძალი ხალხი მისდევდა და კურნავდა მათ იქ.
3 . მაშინ მივიდნენ მასთან ფარისეველნი და გამოსაცდელად ჰკითხეს: "თუ არის ნებადართული კაცისთვის ნებისმიერი მიზეზით გაუშვას ცოლი?”
4 . ხოლო მან უთხრა პასუხად: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი?
5 . და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.
6 . ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”
7 . უთხრეს მას: "აბა, მოსემ რაღატომ დადო მცნებად გაყრის მოწმობის მიცემა და გაშვება?”
8 . უთხრა მათ: "მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
9 . მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.
10 . უთხრეს მას მოწაფეებმა: "თუკი ასეთია კაცის მოვალეობა ცოლის მიმართ, უმჯობესია არ შეირთოს ცოლი”.
11 . უთხრა მათ: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს.
12 . ვინაიდან არიან საჭურისნი, რომლებიც დედის მუცლიდან იშვნენ ასეთებად; არიან საჭურისნი, რომლებიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სამეფოსთვის. ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს”.
13 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ.
14 . იესომ თქვა: "გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
15 . დაადო ხელები და წავიდა იქიდან.
16 . და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: "კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?”
17 . ხოლო მან უთხრა: "რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.
18 . ჰკითხა: "რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: "არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.
19 . პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
20 . უთხრა მას ჭაბუკმა: "ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”
21 . უთხრა მას იესომ: "თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!
24 . კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
25 . ეს რომ მოისმინეს, მოწაფეებს ძალიან გაუკვირდათ და ჰკითხეს: "აბა, ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
26 . გადახედა მათ იესომ და თქვა: "კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია”.
27 . მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოგყევით, მაშ, რა გვექნება?”
28 . ხოლო იესომ უთხრა მათ: "ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ თქვენ, ვინც მე გამომყევით, ხელახლა დაბადებისას, როცა ძე კაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად.
29 . და ყველა, ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.
30 . ჰოდა მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება, უკანასკნელთაგან კი - პირველი”.
1 . დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
2 . როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
3 . ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
4 . მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
5 . იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
6 . აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
7 . ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
8 . მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
9 . და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
10 . და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
11 . ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
12 . და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
13 . ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
14 . მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
15 . ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
16 . გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
17 . უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
18 . მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
19 . ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
20 . მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
21 . კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
22 . გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
23 . იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
24 . "რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
25 . იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
26 . არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
27 . ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
28 . და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
29 . სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
30 . სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
31 . მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
32 . საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
33 . მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
34 . ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
35 . განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
36 . სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
37 . იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
38 . უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
39 . დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
40 . მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
41 . შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
42 . მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
43 . მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
44 . უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
45 . ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.
1 . კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.
2 . უთვალთვალებდნენ მას, განკურნავს თუ არაო შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.
3 . უთხრა ხელგამხმარ კაცს: "შუაში დადექი”.
4 . მათ კი მიმართა: "შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სულის ხსნა თუ დაღუპვა?” ისინი დუმდნენ.
5 . იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.
6 . იქიდან გამოსულმა ფარისევლებმა მაშინვე მოითათბირეს ჰეროდიანელებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
7 . იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა; უამრავი ხალხი მიჰყვებოდა მას გალილეიდან და იუდეიდან,
8 . იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან; მრავალნი მოვიდნენ მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდანაც, როცა ესმათ, რა მოიმოქმედა მან.
9 . უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროებინა იგი.
10 . რადგან ბევრი განკურნა, ყველა, ვისაც რაიმე სნეულება სჭირდა, ზედ აწყდებოდა და ცდილობდა შეხებოდა მას.
11 . როცა კი არაწმიდა სულები დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: "შენა ხარ ძე ღვთისა”.
12 . იესო მკაცრად უკრძალავდა მათ, რომ არავისთან გაეცხადებინათ იგი.
13 . შემდეგ მთაზე ავიდა და მოიხმო, ვინც სურდა; და წავიდნენ მასთან.
14 . თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი,
15 . და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.
16 . სიმონი, რომელსაც უწოდა პეტრე;
17 . იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს;
18 . ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზ და სიმონ კანანელი.
19 . და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
20 . მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პური ვეღარ ჭამეს.
21 . მისიანებმა გაიგეს და წამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან ამბობდნენ შეშლილიაო.
22 . იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ, ბელზებელი ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნისო ეშმაკებს.
23 . დაუძახა მათ და იგავებით უთხრა: "როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
24 . თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
25 . თუ სახლი თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
26 . და თუ სატანა საკუთარ თავს აღუდგება წინ და დაიყოფა, ვეღარ გაძლებს და აღსასრული დაუდგება.
27 . ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ შებოჭავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ.
29 . მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია”.
30 . რადგან ამბობდნენ, არაწმიდა სული ჰყავსო.
31 . მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.
32 . მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ დედაშენი და შენი ძმანი და დანი არიან და გეძებენო.
33 . მან კი პასუხად უთხრა: "ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?”
34 . და გადახედა რა გარშემო მსხდომთ, თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
35 . რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
1 . ადგა და იქიდან იუდეაში, იორდანეს გაღმა მივიდა. მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
2 . მივიდნენ ფარისევლები იესოსთან და გამოსაცდელად ჰკითხეს: "ნებადართულია თუ არა კაცისთვის ცოლის გაშვება?”
3 . მან მიუგო და ჰკითხა: "რა დაგიწესათ მოსემ?”
4 . უთხრეს: "მოსემ დაგვრთო ნება დავწეროთ გაყრილობის წიგნი და გავუშვათ”.
5 . უთხრა მათ იესომ: "თქვენი გულქვაობის გამო დაგიწესათ ეს მცნება.
6 . მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
7 . ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკვრება თავის ცოლს.
8 . და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
9 . ამრიგად, ვისაც ღმერთი შეაუღლებს, კაცი ნუ განაშორებს”.
10 . სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
11 . უთხრა: "ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.
12 . თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს”.
13 . და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
14 . ეს რომ იესომ დაინახა, გაწყრა და უთხრა მათ: "გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, რადგან მაგათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
15 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, ვერ შევა შიგ”.
16 . მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
17 . გზაზე რომ გამოვიდა, ვიღაც კაცმა მიირბინა, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: "კეთილო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?”
18 . ხოლო იესომ უთხრა: "რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა - ღმერთისა.
19 . იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, ცრუმოწმე ნუ იქნები, ნუ იცრუებ, პატივი ეცი შენს მამას და დედას”.
20 . მან მიუგო: "მოძღვარო, ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ!”
21 . იესომ შეხედა მას, შეუყვარდა და უთხრა: "ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.
22 . მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
23 . იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: "რა ძნელი იქნება მდიდრებისთვის ღმერთის სამეფოში შესვლა”.
24 . მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კი კვლავ მიუგო მათ და უთხრა: "შვილებო, რა ძნელი იქნება ღმერთის სამეფოში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
25 . აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . იმათ უფრო მეტად გაიოცეს და ამბობდნენ ერთმანეთში: "ვისღა შეუძლია გადარჩენა?”
27 . შეხედა მათ იესომ და თქვა: "ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია”.
28 . დაუწყო პეტრემ ლაპარაკი: "აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით”.
29 . უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვოს სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან ყანა,
30 . და ასწილად არ მიიღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები, დები, მშობლები, შვილები და ყანები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31 . მაგრამ მრავალი პირველი უკანასკნელი იქნება და მრავალი უკანასკნელი - პირველი”.
32 . იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იდგნენ და იესო წინ მიუძღოდა მათ; ისინი გაოცებულნი იყვნენ, მისი მიმდევრები კი შეშინებულნი. კვლავ მოუხმო თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, რაც უნდა შემთხვეოდა მას:
33 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ, სადაც ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს გადაეცემა; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
34 . შეურაცხყოფენ, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება”.
35 . მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე, და უთხრეს: "მოძღვარო, გვინდა, რომ შეგვისრულო, რასაც გთხოვთ”.
36 . ჰკითხა: "რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?”
37 . მათ უთხრეს: "ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი მარჯვნივ დაგიჯდეს, ხოლო მეორე - მარცხნივ, შენს დიდებაში”.
38 . იესომ უპასუხა: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შევსვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?”
39 . უთხრეს: "შეგვიძლია”. იესომ მიუგო: "სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით.
40 . მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემგან არ არის, არამედ, ვისთვისაც გამზადებულია”.
41 . ეს რომ ათმა გაიგო, დრტვინვა იწყეს იაკობსა და იოანეზე.
42 . იესომ მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავრებად მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
43 . თქვენ შორის კი ასე ნუ იქნება, არამედ ვისაც თქვენში დიდობა სურს, თქვენი მსახური იყოს იგი.
44 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
45 . რადგან ძე კაცისა იმისთვის როდი მოსულა, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად ემსახუროს და მრავალთა გამოსასყიდად მისცეს თავისი სული”.
46 . მივიდნენ იერიქოში; იერიქოდან რომ თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად გამოდიოდა, გზის პირას ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმეოსი იჯდა.
47 . როცა ყური მოჰკრა, ეს იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო; ამბობდა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
48 . ბევრი უწყრებოდა, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ მან უფრო უმატა ყვირილს: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
49 . შეჩერდა იესო და თქვა: "დაუძახეთ”. დაუძახეს ბრმას და უთხრეს: "ნუ გეშინია, ადექი, გეძახის”.
50 . გადააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
51 . იესომ ჰკითხა მას: "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” ბრმამ უთხრა: "რაბუნი, კვლავ რომ ვხედავდე”.
52 . იესომ უთხრა: "წადი, შენმა რწმენამ გიხსნა”. მყისვე აეხილა თვალი და გაჰყვა იესოს გზაზე.
1 . ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.
2 . ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;
3 . იოანა, ჰეროდეს სახლმმართველ ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
4 . დიდძალი ხალხი რომ მოგროვდა და ქალაქის მცხოვრებნიც მოვიდნენ, იგავის მეშვეობით ილაპარაკა მან:
5 . "გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
6 . ზოგი კლდოვან ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და მაშინვე გახმა, რადგან სინოტივე აკლდა.
7 . ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო.
8 . ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო”. ეს თქვა და დაიძახა: "ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!”
9 . მოწაფეებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს იგავი?
10 . მან თქვა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11 . ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
12 . გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
13 . კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
14 . ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
15 . კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
16 . არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.
17 . რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18 . ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.
19 . მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.
20 . შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
21 . ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.
22 . და იყო, ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო, და გაცურეს.
23 . ცურვისას ჩაეძინა; ტბაზე გრიგალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში ჩავარდნენ.
24 . მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით”. წამოდგა, შერისხა ქარი და ტალღები, დაცხრნენ და მყუდროება ჩამოვარდა.
25 . მაშინ უთხრა მათ: "სად არის თქვენი რწმენა?” ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: "ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?”
26 . გაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარესაა.
27 . ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
28 . როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.
29 . რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.
30 . ჰკითხა მას იესომ: "რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: "ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული;
31 . და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
32 . იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება.
33 . გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო.
34 . ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.
35 . გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.
36 . უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.
37 . შეევედრა გერასენელთა შემოგარენის მთელი ხალხი, რომ გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38 . ხოლო კაცი, ვისგანაც ეშმაკები გავიდნენ, იესოს შეევედრა, წამოგყვებიო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39 . "შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
40 . იესო რომ დაბრუნდა, ხალხი შეეგება მას, რადგან ყველანი ელოდნენ.
41 . და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო; დაემხო იესოს ფერხთით და შეევედრა, შინ გამომყევიო.
42 . რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. გზად მიმავალ იესოს კი ხალხი აწყდებოდა ზედ.
43 . და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა.
44 . უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
45 . და იკითხა იესომ: "ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: "მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?”
46 . ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.
47 . დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
48 . უთხრა მას: "ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
49 . ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.
50 . იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.
51 . სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.
52 . ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.
53 . ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54 . მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”
55 . დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
56 . გაოცდნენ ბავშვის მშობლები; ხოლო მან ბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.
1 . მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად.
2 . მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად.
3 . უთხრა მათ: "გზაში არაფერი წაიღოთ, არც კვერთხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ.
4 . რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.
5 . ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად”.
6 . გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.
7 . მეოთხედმთავარმა ჰეროდემ რომ გაიგო, რასაც იესო აკეთებდა, საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგი ამბობდა, იოანე აღდგაო მკვდრეთით;
8 . ზოგიც - ელია გამოჩნდაო, სხვები - ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღმდგარაო.
9 . თქვა ჰეროდემ: "იოანეს თავი მე მოვკვეთე, ეს ვინღაა, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?” და უნდოდა მისი ნახვა.
10 . დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს, რაც გააკეთეს. წაიყვანა ისინი და ბეთ-საიდად წოდებულ ქალაქთან ახლოს განმარტოვდა.
11 . მაგრამ ხალხმა მაინც შეიტყო და გაჰყვა მას. ისიც ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღმერთის სამეფოზე, ხოლო ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა.
12 . დღე რომ საღამოსკენ გადაიხარა, მიუახლოვდა თორმეტი და უთხრეს: "გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ და გარშემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევი და საზრდო იშოვნონ, რადგან უდაბურ ადგილას ვიმყოფებით”.
13 . მან კი მიუგო: "თქვენ მიეცით საჭმელი”. უთხრეს: "ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავედით და საჭმელი არ ვუყიდეთ მთელ ხალხს”.
14 . რადგან ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა იქ. უთხრა თავის მოწაფეებს: "ჯგუფებად დასხით ისინი, თითოში ორმოცდაათამდე იყოს”.
15 . ასე მოიქცნენ და ყველანი დასხეს.
16 . აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.
17 . ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო ნარჩენებით თორმეტი გოდორი გაავსეს.
18 . და იყო: ერთხელ განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ. ჰკითხა მათ იესომ: "რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?”
19 . მიუგეს: "ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო; ზოგი ელიად გთვლის, სხვები კი ამბობენ, ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიაო”.
20 . იესომ უთხრა: "თქვენ თვითონ რას ამბობთ, ვინა ვარ მე?” პეტრემ მიუგო: "ღმერთის ცხებული”.
21 . მან კი მკაცრად უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს.
22 . უთხრა: "მრავალ ტანჯვას გადაიტანს ძე კაცისა და უარყოფილ იქნება უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკვლება და მესამე დღეს აღდგება”.
23 . ყველას გასაგონად კი თქვა: "თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.
24 . ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სულს, იგი იხსნის მას.
25 . რადგან რა სარგებელია ადამიანისთვის, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
26 . ვინაიდან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვების რცხვენია, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი, მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით”.
27 . "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ ღმერთის სამეფოს არ იხილავენ”.
28 . ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ, წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა სალოცად.
29 . როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა, ხოლო მისი სამოსელი მოელვარე და სპეტაკი გახდა.
30 . და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; მოსე და ელია.
31 . დიდებაში გამოჩნდნენ და ელაპარაკობდნენ მის გამოსვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო.
32 . პეტრე და მასთან მყოფნი ძილით იყვნენ დამძიმებულნი; როცა გამოფხიზლდნენ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომი ორი კაცი.
33 . ისინი რომ შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: "მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, მოდი გავაკეთოთ სამი კარავი - ერთი შენ, ერთი მოსეს, და ერთიც ელიას”. ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.
34 . ამას რომ ამბობდა, ღრუბელი გამოჩნდა და დაჩრდილა ისინი. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ.
35 . და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: "ეს არის ძე ჩემი რჩეული, მას უსმინეთ”.
36 . ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო აღმოჩნდა. ისინი კი დადუმდნენ და არავისთვის უთქვამთ, რაც იმ დღეებში იხილეს.
37 . მეორე დღეს მთიდან რომ ჩამოვიდნენ, უამრავი ხალხი შეეგება მას.
38 . და აჰა, კაცმა შეჰყვირა იმ ხალხში: "მოძღვარო, გევედრები, ჩემს ვაჟს მოხედე, რადგან მხოლოდშობილია ჩემი.
39 . აჰა, სული იპყრობს მას; მოულოდნელად აკივლებს, ძირს ახეთქებს, დუჟს ადენს, და ძნელად თუ განშორდება ნაგვემს.
40 . შევევედრე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს”.
41 . იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ვაჟი".
42 . ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა ძირს დაახეთქა და კრუნჩხვაში ჩააგდო. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და მამამისს ჩააბარა.
43 . ყველა გაოცებული იყო ღმერთის სიდიადით; და რაკი ყველას უკვირდა იესოს ნამოქმედარი, უთხრა თავის მოწაფეებს:
44 . "ყურად იღეთ ეს სიტყვები: კაცის ძე გადაცემულ იქნება ადამიანთა ხელში”.
45 . მაგრამ ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს და დაფარული იყო მათთვის, რათა ვერ ჩასწვდომოდნენ; თან ეშინოდათ, რომ ეკითხათ, ნათქვამის აზრის შესახებ.
46 . მაგრამ ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს და დაფარული იყო მათთვის, რათა ვერ ჩასწვდომოდნენ; თან ეშინოდათ, რომ ეკითხათ, ნათქვამის აზრის შესახებ.
47 . იესომ იცოდა მათი გულის ფიქრები, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა.
48 . უთხრა მათ: "ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს. ხოლო, ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი, ყველაზე დიდი იქნება”.
49 . მიუგო იოანემ პასუხად: "მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი სახელით სდევნის ეშმაკებს და დავუშალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება”.
50 . იესომ უთხრა: "ნუ დაუშლით, ვინაიდან, ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, თქვენკენაა”.
51 . მისი ამაღლების დღეები რომ მოახლოვდა, პირი იერუსალიმში ასასვლელად იბრუნა.
52 . წინდაწინ მიავლინა მაცნეები. ისინიც გაემგზავრნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა ადგილი გაემზადებინათ მისთვის.
53 . მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან სახე იერუსალიმისკენ წასასვლელად ჰქონდა მიმართული.
54 . ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: "უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?”
55 . მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუჯავრდა და უთხრა: "არ იცით, ვისი სულისანი ხართ!
56 . ვინაიდან, ძე კაცისა ადამიანთა სულების დასაღუპად კი არა, სახსნელად მოვიდა!” და წავიდნენ მეორე სოფელში.
57 . გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა: "გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.
58 . იესომ უთხრა: "მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. კაცის ძეს კი თავის მისადრეკი არ გააჩნია”.
59 . მეორეს კი უთხრა: "გამომყევი”. მან თქვა: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.
60 . მან კი მიუგო: "მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სამეფო”.
61 . სხვამ უთხრა: "გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი შინაურებს გამოვემშვიდობო”.
62 . უთხრა მას იესომ: "ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!”
1 . ისე მოხდა, რომ შაბათს, ფარისეველთა ერთ-ერთ მთავართან მივიდა პურის საჭმელად, ისინი კი უთვალთვალებდნენ.
2 . და აჰა, მის წინაშე ერთი წყალმანკით დაავადებული კაცი წარსდგა.
3 . ჰკითხა იესომ რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: "შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?”
4 . ისინი დუმდნენ. მაშინ შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.
5 . მათ კი უთხრა: "რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი ჭაში რომ ჩაუვარდეს, განა მაშინვე არ ამოიყვანს შაბათ დღეს?”
6 . და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის გაცემა.
7 . როცა დაინახა, რომ საპატიო ადგილებს ირჩევდნენ მოწვეულნი, უთხრა მათ იგავი:
8 . "თუ ვინმე ქორწილში მიგიწვევს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული.
9 . რომ არ მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: დაუთმე ამას ადგილი! მაშინ შერცხვენილს ბოლო ადგილის დაკავება მოგიწევს.
10 . როცა მიგიწვევენ, მიდი და ბოლო ადგილზე დაჯექი, რომ მოვიდეს შენი მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, უფრო საპატიო ადგილზე გადაბრძანდიო! მაშინ მეტი პატივი დაგედება ყოველი თანამეინახის წინაშე.
11 . რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება”.
12 . თავის მასპინძელსაც უთხრა: "როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და სამაგიერო არ მიიღო.
13 . არამედ ლხინს რომ გამართავ, გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები მოიწვიე.
14 . ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება”.
15 . ეს რომ გაიგონა, ერთმა სტუმარმა უთხრა მას: "ნეტარია, ვინც ღმერთის სამეფოში ჭამს პურს”.
16 . მან კი უთხრა: "ერთმა კაცმა დიდი ვახშამი გამართა და ბევრი მიიწვია.
17 . სერობის დრომ რომ მოაწია, მონა გაგზავნა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.
18 . ყველამ ერთიანად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
19 . მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო.
20 . მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლიაო მოსვლა.
21 . დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.
22 . უთხრა მონამ: ბატონო, რაც ბრძანე აღსრულებულია, მაგრამ კიდევ დარჩა ადგილი.
23 . უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ და აივსოს ჩემი სახლი;
24 . რადგან გეუბნებით, ვერავინ იმ წვეულ კაცთაგან ვერ იგემებს ჩემს ვახშამს!”
25 . დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა უკან. მიუბრუნდა და უთხრა:
26 . "თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.
27 . ვინც თავის ჯვარს არ იტვირთავს და ისე არ გამომყვება, ჩემი მოწაფე ვერ გახდება.
28 . რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?
29 . ვინაიდან საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს.
30 . იტყვიან: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.
31 . ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს?
32 . თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის მომხდური და ზავს სთხოვს.
33 . ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.
34 . მარილი კარგია, მაგრამ თუ მარილმა გემო დაკარგა, რიღათი დამარილდეს?
35 . არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ გადაყრიან. ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
1 . უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.
2 . თქვა: "ერთ ქალაქში ერთი მოსამართლე იყო. არც ღმერთისა ეშინოდა და არც ხალხისა რცხვენოდა.
3 . იმავე ქალაქში ერთი ქვრივი ქალიც ცხოვრობდა. მივიდა მოსამართლესთან და უთხრა: დამიცავი ჩემი მეტოქისგან.
4 . დიდხანს უარობდა. მერე კი თქვა თავისთვის: მართალია, არც ღმერთისა მეშინია და არც ხალხისა მრცხვენია,
5 . მაგრამ, რაკი ეს ქვრივი აღარ მასვენებს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და არ გამტანჯოს”.
6 . თქვა უფალმა: "გესმით, რას ამბობს უმართლო მოსამართლე?
7 . მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
8 . თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს კი რწმენას დედამიწაზე?”
9 . ზოგიერთებს, რომლებსაც სჯეროდათ, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, ეს იგავი უთხრა:
10 . "ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე - მებაჟე.
11 . ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ - მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა.
12 . კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
13 . ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.
14 . თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.
15 . მიუყვანეს იესოს ჩვილები, რომ შეხებოდა მათ. მოწაფეებმა რომ დაინახეს, დაუშალეს.
16 . მაგრამ იესომ თავისთან მიიხმო ისინი და თქვა: "გამოუშვით ბავშვები ჩემთან და ნუ აბრკოლებთ, რადგან მათნაირებისაა ღმერთის სამეფო.
17 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სამეფოს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში”.
18 . ერთმა მთავარმა ჰკითხა: "კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო საუკუნო სიცოცხლის დასამკვიდრებლად?”
19 . ხოლო იესომ უთხრა მას: "რატომ მიწოდებ კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
20 . იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას?”
21 . მან თქვა: "ყოველივე ამას სიჭაბუკიდან ვიცავ”.
22 . ეს რომ მოისმინა, უთხრა იესომ: "ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი”.
23 . ეს რომ გაიგონა, დამწუხრდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
24 . იესომ შეხედა მას და თქვა: "რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღმერთის სამეფოში.
25 . რადგან აქლემი უფრო იოლად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.
26 . მსმენელებმა იკითხეს: "ვიღას შეუძლია გადარჩენა?”
27 . მან კი უთხრა: "ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია”.
28 . პეტრემ უთხრა: "აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და გამოგყევით”.
29 . ხოლო იესომ მიუგო: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინაა ისეთი, ღმერთის სამეფოსთვის მიატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,
30 . და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში, მომავალ საუკუნეში კი - საუკუნო სიცოცხლე”.
31 . წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: "აჰა, ავდივართ იერუსალიმში, სადაც აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ ძე კაცისაზე.
32 . ვინაიდან წარმართებს გადაეცემა, გალანძღავენ, შეურაცხყოფას მიაყენებენ, აფურთხებენ,
33 . გაშოლტავენ, მოკლავენ და აღდგება მესამე დღეს”.
34 . მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ, რადგან დაფარული იყო ეს სიტყვა მათთვის და ვერ გაიგეს ნათქვამი.
35 . იერიხოს, რომ მიუახლოვდა, ვიღაც ბრმა იჯდა გზის პირას და მოწყალებას ითხოვდა.
36 . გამვლელთა ხმა რომ შემოესმა, იკითხა: "რა ხდება?”
37 . უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო.
38 . მაშინ შეჰყვირა და თქვა: "იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!”
39 . წინ მიმავალნი უჯავრდებოდნენ, გაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა: "დავითის ძეო, შემიწყალე!”
40 . შეჩერდა იესო და ბრძანა მასთან მიეყვანათ. რომ მიუახლოვდა, ჰკითხა:
41 . "რა გინდა, რომ გაგიკეთო?” მან უთხრა: "უფალო, თვალი რომ ამეხილოს”.
42 . უთხრა იესომ: "აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა”.
43 . მყისვე აეხილა და გაჰყვა მას, თან ღმერთს ადიდებდა. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.
1 . მაშინ ჰკითხა მღვდელმთავარმა: "ასეა, როგორც ამბობენ?”
2 . მან თქვა: "კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ! დიდების ღმერთი ეჩვენა ჩვენს მამას აბრაჰამს შუამდინარეთში ყოფნისას, ვიდრე ხარანში დამკვიდრდებოდა.
3 . და უთხრა: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4 . მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და დაემკვიდრა ხარანში. მამამისის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა გადმოიყვანა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ მკვიდრობთ.
5 . მასში ფეხის დასადგმელი ადგილიც კი არ მისცა სამკვიდროდ, ოღონდ აღუთქვა, რომ მისცემდა სამკვიდრებლად მას და მის თესლს მის შემდეგ, თუმცა ჯერ შვილიც არ ჰყავდა.
6 . ღმერთმა უთხრა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დაიმონებდნენ და ავად მოექცეოდნენ ოთხას წელიწადს.
7 . მე განვიკითხავ იმ ხალხს, ვისთანაც მონებად იქნებიან, თქვა ღმერთმა, მერე გამოვლენ იქიდან და მემსახურებიან ამ ადგილზე.
8 . და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა. შვა მან ისაკი და წინადაცვითა იგი მერვე დღეს, ისაკმა კი - იაკობი, ხოლო იაკობმა - თორმეტი მამამთავარი.
9 . შეშურდათ მამამთავრებს იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
10 . იხსნა იგი ყოველი გასაჭირიდან და უბოძა მას სიბრძნე და წყალობა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე, და დააყენა იგი ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის მმართველად.
11 . შიმშილობა და დიდი განსაცდელი ჩამოვარდა მთელ ეგვიპტესა და ქანაანში; საზრდოს ვეღარ შოულობდნენ ჩვენი მამები.
12 . როცა ესმა იაკობს, ეგვიპტეშიაო პური, ჯერ ჩვენი მამები გააგზავნა.
13 . მეორე ჯერზე გაუმხილა იოსებმა თავისი თავი ძმებს და ცნობილი გახდა ფარაონისთვის იოსების წარმომავლობა.
14 . გაგზავნა იოსებმა და მოიწვია მამამისი იაკობი და მთელი თავისი ნათესაობა, სამოცდათხუთმეტი სული.
15 . ჩავიდა იაკობი ეგვიპტეში; იქვე გარდაიცვალნენ ისიც და ჩვენი მამებიც.
16 . იქიდან შექემს გადმოასვენეს და იმ სამარხში მოათავსეს, აბრაჰამმა რომ იყიდა ვერცხლის ფასად ემორის ძეთაგან.
17 . ღმერთის მიერ აბრაჰამისთვის მიცემული აღთქმის შესრულების ჟამის მოახლოვებასთან ერთად ხალხი მატულობდა და მრავლდებოდა ეგვიპტეში,
18 . ვიდრე აღდგებოდა ეგვიპტეზე სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.
19 . ის ვერაგულად ექცეოდა ჩვენს მოდგმას, ავად ექცეოდა მამებს, რათა გადაეყარათ თავიანთი ჩვილები, რომ არ ეცოცხლათ.
20 . იმ დროს დაიბადა მოსე, რომელიც მშვენიერი იყო ღვთის წინაშე. სამ თვეს თავისი მამის სახლში იზრდებოდა.
21 . როცა გადააგდეს, ფარაონის ასულმა აიყვანა იგი და თავის შვილად გაზარდა.
22 . ეგვიპტელთა მთელი სიბრძნით განისწავლა მოსე და იყო ძლიერი თავის სიტყვებსა თუ საქმეებში.
23 . ორმოცი წელი რომ შეუსრულდა, გულში სურვილი გაუჩნდა თავისი ძმები, ისრაელიანები მოენახულებინა.
24 . დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.
25 . ეგონა მიუხვდებოდნენ ძმები, რომ ღმერთი მისი ხელით იხსნიდა მათ, მაგრამ ვერ მიხვდნენ.
26 . მეორე დღეს მოევლინა მათ, როცა ჩხუბობდნენ ერთმანეთში; მოუწოდა მათ მშვიდობისკენ და უთხრა: კაცებო, თქვენ ხომ ძმები ხართ, რატომ ჩაგრავთ ერთმანეთს?
27 . მაგრამ მოყვასის დამჩაგვრელმა ხელი ჰკრა მას და უთხრა: ვინ დაგნიშნა ჩვენს მთავრად და მსაჯულად?
28 . ხომ არ გინდა მეც მომკლა, როგორც ეგვიპტელი მოკალი გუშინ?
29 . ეს სიტყვები რომ გაიგონა, გაიქცა მოსე და მიდიამის ქვეყანაში გაიხიზნა, სადაც ორი ვაჟი შეეძინა.
30 . ორმოცი წელი რომ გავიდა, უფლის ანგელოზი ეჩვენა ალმოდებული ბუჩქიდან, სინაის მთის უდაბნოში.
31 . გაოცდა ამ სანახაობის შემყურე მოსე; ხოლო რომ მიუახლოვდა, უფლის ხმა შემოესმა:
32 . მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაჰამისა, ისაკისა და იაკობისა. აკანკალდა მოსე და შეხედვა ვეღარ გაბედა.
33 . უთხრა უფალმა: გაიხადე ფეხსაცმელი შენი ფეხიდან, რადგან ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.
34 . ვიხილე ჩემი ხალხის შეჭირვება ეგვიპტეში, მისი კვნესა გავიგონე და ჩამოვედი მის გამოსახსნელად. ახლა წადი, მე გაგზავნი ეგვიპტეში.
35 . ეს ის მოსეა, რომელიც უარყვეს მათ და უთხრეს: ვინ დაგნიშნაო ჩვენს მთავრად და მსაჯულად. ღმერთმა მთავრად და მხსნელად იგი
36 . მან გამოიყვანა ისინი; ახდენდა სასწაულებსა და ნიშნებს ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
37 . ეს არის მოსე, რომელმაც ისრაელიანებს უთხრა: ღმერთი ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენს ძმათაგან, მას უსმინეთ!
38 . ეს ის არის, ვინც უდაბნოში იყო კრებულში, სინაის მთაზე მასთან მოლაპარაკე ანგელოზთან და ჩვენს მამებთან ერთად; და ვინც მიიღო ცოცხალი სიტყვები, რომ ჩვენთვის გადმოეცა;
39 . ვისი მორჩილებაც არ ისურვეს ჩვენმა მამებმა, არამედ განუდგნენ და ეგვიპტისკენ მიიქცნენ თავიანთი გულებით.
40 . უთხრეს აჰარონს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ წაგვიძღვებიან, რადგან არ ვიცით, რა დაემართა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის მიწიდან.
41 . გააკეთეს იმ დღეებში ხბო, მსხვერპლი შესწირეს კერპს და შეჰხაროდნენ თავიანთი ხელის ქმნილებას.
42 . ხოლო ღმერთმა ზურგი აქცია მათ და ციური მხედრობისთვის თაყვანსაცემად გადასცა ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: ისრაელის სახლო, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში, ორმოც წელიწადს?
43 . მოლოქის კარავს დაატარებდით და რომფა-ღმერთის ვარსკვლავს, გამოსახულებებს, რომლებიც თქვენ გააკეთეთ, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; მეც გაგასახლებთ ბაბილონს იქით.
44 . მოწმობის კარავი იყო ჩვენს მამებთან უდაბნოში, როგორც დაუდგინა მოსეს მასთან მოლაპარაკემ, რათა გაეკეთებინა იმ სახის მიხედვით, რომელიც იხილა.
45 . ჩვენმა მამებმა მიიღეს იგი და იეშუასთან ერთად შეიტანეს იმ ხალხთა სამკვიდრებელში, რომლებიც ჩვენი მამების პირიდან განდევნა ღმერთმა. ასე იყო დავითის დღეებამდე.
46 . მან მადლი ჰპოვა ღვთის წინაშე და სთხოვდა, რომ სამკვიდრებელი ეპოვა იაკობის ღმერთისთვის.
47 . თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი.
48 . მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებული, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს:
49 . ცა ტახტია ჩემი, დედამიწა - ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი?
50 . განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ეს ყოველივე?
51 . ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
52 . წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!
53 . თქვენ, რომლებმაც ანგელოზთა მეშვეობით მიიღეთ რჯული და არ დაიცავით იგი!”
54 . ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ მასზე.
55 . ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.
56 . თქვა: "აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.
57 . მათ კი ხმამაღალი ყვირილით დაიცვეს ყურები და ერთსულოვნად ეძგერნენ მას.
58 . ქალაქგარეთ გაათრიეს და ჩაქოლეს. მოწმეებმა თავიანთი ტანისამოსი დააწყვეს ერთი ჭაბუკის ფერხთით, რომელსაც სავლე ერქვა.
59 . ქვას რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: "უფალო იესო, მიიღე ჩემი სული”.
60 . მუხლი მოიყარა და ხმამაღლა შეჰღაღადა: "უფალო, ნუ მიუთვლი ამათ ამ ცოდვას”. ეს თქვა და განისვენა.
1 . და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი.
2 . ვინაიდან ამბობს: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე”. აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე.
3 . არაფერში არანაირად არ გაბრკოლებთ, რათა მსახურება არ შეიბღალოს,
4 . არამედ წარმოგიდგენთ თავებს, როგორც ღვთის მსახურნი ყველაფერში: დიდ მოთმინებაში, ჭირში, გაჭირვებაში, შევიწროებაში,
5 . ცემაში, საპყრობილეებში, შფოთში, უძილობაში, მარხვაში,
6 . სიწმინდეში, შემეცნებაში, სულგრძელობაში, სიკეთეში, სულიწმიდაში, უანგარო სიყვარულში,
7 . ჭეშმარიტების სიტყვაში, ღვთის ძალაში, სიმართლის იარაღით მარჯვენასა და მარცხენაში,
8 . დიდებასა და სირცხვილში, გმობასა და ქებაში; მაცდურებად გვთვლიან, მაგრამ ჭეშმარიტნი;
9 . ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; ვითომც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ; გვსჯიან, მაგრამ არ ვკვდებით;
10 . თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
11 . ბაგე ჩვენი გახსნილია თქვენ მიმართ, კორინთელნო, და გული ჩვენი - ღია.
12 . თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენს შიგნით არის სივიწროვე.
13 . ამის სანაცვლოდ კი გეუბნებით, როგორც შვილებს: თქვენც იყავით გახსნილნი.
14 . ნუ შეებმებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა აქვს საერთო სიმართლეს ურჯულოებასთან? რა აქვს საერთო ნათელს წყვდიადთან?
15 . რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
16 . რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ცოცხალი ღვთის ტაძარი ხართ, როგორც თქვა ღმერთმა: "დავმკვიდრდები და ვივლი თქვენ შორის და ვიქნები თქვენი ღმერთი და იქნებით ჩემი ხალხი.
17 . ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით! - ამბობს უფალი - უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ.
18 . ვიქნები თქვენთვის მამა, და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი - ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი”.
1 . და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულითა და ცოდვებით,
2 . რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.
3 . რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.
4 . ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,
5 . ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად - მადლით ხართ გადარჩენილნი,
6 . აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,
7 . რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
8 . ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
9 . არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,
10 . ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.
11 . ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ - ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა -
12 . იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
13 . ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.
14 . ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.
15 . თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
16 . და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.
17 . მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ - შორეულთ და ახლობელთ.
18 . ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.
19 . მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
20 . შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,
21 . რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,
22 . რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.
1 . და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2 . ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ ბოროტმოქმედებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3 . რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
4 . თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
5 . წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,
6 . ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
7 . მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.
8 . ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;
9 . და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
10 . რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
11 . რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12 . არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
13 . ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
14 . ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
15 . ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16 . ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17 . ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
18 . ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19 . მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20 . ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,
21 . რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . ჰკითხეს უფალს ისრაელის ძეებმა იეშუას გარდაცვალების შემდეგ: "ჩვენგან პირველი ვინ გავა ქანაანელებთან საომრად?”
2 . თქვა უფალმა: "იუდა გავა; აჰა, მას ჩავუგდე ხელში ის მიწა”.
3 . უთხრა იუდამ სიმონს, თავის ძმას: "გამოდი ჩემთან ქანაანელებთან საომრად, ჩემს წილხვედრში, მე კი შენს წილხვედრში გამოგყვები”. და გაჰყვა სიმონი.
4 . გავიდა იუდა და ხელში ჩაუგდო უფალმა ქანაანელნი და ფერიზელნი, ბეზეკში მოსრა ისინი, ათი ათასი კაცი.
5 . იქ შეხვდნენ ადონი-ბეზეკს, შეებრძოლნენ და მოსრეს ქანაანელნი და ფერიზელნი ბეზეკში,
6 . გაიქცა ადონი-ბეზეკი; დაედევნენ მას, შეიპყრეს და ცერები მოჰკვეთეს ხელ-ფეხზე.
7 . ამბობდა ადონი-ბეზეკი: "ხელ-ფეხზე ცერმოკვეთილი სამოცდაათი მეფე ჩემი მაგიდის ქვეშ აგროვებდა ნარჩენებს; ჩემი ნამოქმედარისამებრ მომაგო ღმერთმა”. წაიყვანეს იგი იერუსალიმში და იქ მოკვდა.
8 . შეებრძოლნენ იუდას ძენი იერუსალიმს, დაიპყრეს და მოსრეს იგი მახვილის პირით, ქალაქი კი ცეცხლს მისცეს.
9 . ამის მერე მთებში, ნეგებსა და დაბლობზე მცხოვრებ ქანაანელებთან საბრძოლველად გავიდნენ იუდას ძენი.
10 . გაილაშქრა იუდამ ხებრონში დამკვიდრებულ ქანაანელებზე; უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა; და განგმირეს შეშაი, ახიმანი და თალმაი.
11 . იქიდან დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ გავიდნენ; უწინ დებირს კირიათ-სეფერი ერქვა.
12 . თქვა ხალებმა: "ვინც გაილაშქრებს კირიათ-სეფერზე და დაიპყრობს, ჩემს ასულს, ყაქსას შევრთავ ცოლად”.
13 . და დაიპყრო ქალაქი ღოთენიელმა, ხალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ და მიათხოვა მას ყაქსა, თავისი ასული.
14 . ერთხელ, ხალებთან მისვლისას, წააქეზა იგი, რომ მინდორი გამოეთხოვა თავისი მამისგან. და როცა ყაქსა სახედრიდან ჩამოხდა, ჰკითხა ხალებმა: "რა გინდა?”
15 . მიუგო: "მომეცი კურთხევა, რაკი ნეგების ურწყავ მიწას მაძლევ, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მისცა ხალებმა როგორც ზედა, ისე ქვედა წყაროები.
16 . და გამოყვნენ იუდას ძეებს კენიელი ითროს, მოსეს სიმამრის ძენი, პალმების ქალაქიდან იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა. წავიდნენ და დამკვიდრდნენ იმ ხალხს შორის.
17 . წაჰყვა იუდა სიმონს, თავის ძმას, და მოსრეს ქანაანელნი, ცეფათის მკვიდრნი, ააოხრეს ის ქალაქი და უწოდეს სახელად ხორმა.
18 . დაიპყრო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, აშკელონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი.
19 . უფალი იყო იუდასთან და დაიმკვიდრა მთა, ხოლო ბარის მკვიდრთა განდევნა ვერ შეძლო, რადგან რკინის ეტლები ჰქონდათ.
20 . მისცეს ხალებს ხებრონი მოსეს ნათქვამისამებრ და ყენაკის სამივე ძე განდევნა იქიდან.
21 . ხოლო იერუსალიმის მკვიდრი იებუსელნი არ განდევნეს ბენიამინის ძეებმა და დღემდე მკვიდრობენ იებუსელნი ბენიამინის ძეთა შორის იერუსალიმში.
22 . შეუტია ბეთელს იოსების სახლმა და უფალი იყო მასთან.
23 . და გააგზავნა იოსების სახლმა მზვერავები ბეთელს; ამ ქალაქს უწინ ლუზი ერქვა.
24 . დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამომავალი კაცი და უთხრეს: "გვიჩვენე როგორ შევიდეთ ამ ქალაქში და წყალობით მოგექცევით”.
25 . უჩვენა ქალაქში შესასვლელი და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, ხოლო ის კაცი და მთელი მისი ოჯახი გაუშვეს.
26 . წავიდა ეს კაცი ხეთელთა ქვეყანაში, ააშენა ქალაქი და უწოდა მას ლუზი. დღემდე შემორჩა მას ეს სახელი.
27 . არც ბეთ-შეანისა და მისი შემოგარენის, თაყანაქისა და მისი შემოგარენის, დორისა და მისი შემოგარენის, იბლეყამისა და მისი შემოგარენის, მეგიდოსი და მისი შემოგარენის მკვიდრნი განდევნა მენაშემ და ინებეს ქანაანელებმა ამ ქვეყანაში დარჩენა.
28 . როცა გაძლიერდა ისრაელი, თავის მოხარკედ აქცია ქანაანელები, მაგრამ ვერ განდევნა.
29 . არც ეფრემმა აყარა გაზერის მკვიდრი ქანაანელნი და მკვიდრობდნენ ქანაანელები მათ შორის, გაზერში.
30 . არც ზებულონმა განდევნა კიტრონის და ნაჰალალის მკვიდრნი; დარჩნენ ქანაანელნი მათ შორის და იქცნენ მოხარკედ.
31 . არც აშერმა განდევნა ყაქოს და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფეკისა და რეხობის მკვიდრნი.
32 . მკვიდრობდა აშერი ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის, რადგან არ განდევნა ისინი.
33 . ნაფთალმაც არ აყარა ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი; ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის დამკვიდრდა და მოხარკეებად გაიხადა ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი.
34 . ავიწროებდნენ ამორელნი დანის ძეებს მთაში, არ აძლევდნენ ბარში ჩასვლის უფლებას.
35 . ამორელებმა კი ხერესის მთაზე ინებეს დამკვიდრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა იოსების სახლის ხელი მათზე და მოხარკეებად გაუხდნენ ისინი.
36 . კლდიდან ზემოთ, ყაკრაბიმის მაღლობისკენ იყო ამორელთა საზღვარი.