1 .
მაშ, რა არის იუდევლის უპირატესობა, ან რა სარგებელია წინადაცვეთაში?
2 .
დიდია უპირატესობა ყოველნაირად. უწინარეს ყოვლისა კი იმით, რომ მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა.
3 .
მერედა რა, თუ ზოგიერთი არ იყო ერთგული? განა მათი ორგულობა გააბათილებს ღვთის ერთგულებას?
4 .
არამც და არამც! ღმერთია ჭეშმარიტი, და ყოველი ადამიანი - ცრუ, როგორც წერია: "რათა გამართლდე შენი სიტყვებით, გაიმარჯვო შენი განკითხვისას”.
5 .
ხოლო თუ ჩვენი უმართლობა გამოაჩენს ღვთის სამართლიანობას, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? ვლაპარაკობ ადამიანურად.
6 .
არამც და არამც! სხვაგვარად, როგორღა განიკითხოს ღმერთმა ქვეყნიერება?
7 .
მაგრამ, თუ ჩემი სიცრუით გამრავლდა ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რაღად გავსამართლდე როგორც ცოდვილი?
8 .
მაშ, ხომ არ ვაკეთო ბოროტი, რათა კეთილი გამოვიდეს? - როგორც ზოგიერთები ავსიტყვაობენ ჩვენზე და ამბობენ, თითქოს ასე ვასწავლიდეთ? სამართლიანია მსჯავრი ასეთებზე.
9 .
მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან.
10 .
როგორც წერია: "არავინ არის მართალი.
11 .
არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს.
12 .
ყველამ გადაუხვია, უსარგებლონი გახდნენ; არ არის სიკეთის მქმნელი, არ არის არავინ.
13 .
მათი ხორხი ღია სამარეა; ენებით ცრუობენ; მათ ბაგეებზე ასპიტის გესლია.
14 .
მათი პირი წყევლით და გესლით არის სავსე.
15 .
მათი ფეხები სწრაფია სისხლის დასაღვრელად.
16 .
ნგრევა და უბედურებაა მათ გზებზე
17 .
და არ იციან მშვიდობის გზა.
18 .
ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ”.
19 .
ხოლო ჩვენ ვიცით, რომ, რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშ მყოფთათვის ამბობს, რათა დაიხშოს ყოველი ბაგე და მთელი ქვეყნიერება დაექვემდებაროს ღვთის სამსჯავროს.
20 .
რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.
21 .
ხოლო ახლა, რჯულის გარეშე გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი.
22 .
ანუ ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენის მეშვეობით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არსებობს განსხვავება,
23 .
ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას.
24 .
და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
25 .
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით,
26 .
რომელთაც ითმენდა ღმერთი, რათა ახლა ეჩვენებინა თავისი სიმართლე, რომ ის არის მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.
27 .
მაშ სადღაა დასაკვეხნი? გამოირიცხა! რომელი რჯულით? საქმეთა რჯულით, არა! არამედ რწმენის რჯულით!
28 .
რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთა გარეშე.
29 .
განა ღმერთი მარტო იუდეველთა ღმერთია, განა წარმართებისაც არა? დიახ, წარმართებისაც არის.
30 .
ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ - რწმენით.
31 .
მაშ, ჩვენ რწმენით ვაბათილებთ რჯულს? არამც და არამც; არამედ განვამტკიცებთ რჯულს.