შემეცნების შესახებ


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 50 : 10 ; იოანე 1 : 18 ; იოანე 14 : 6 ;
1.6.18. შემეცნების შესახებ

__თემაზე წერდნენ__
***
ღმერთის მარადიული არსებობის უარყოფა ნიშნავს მისი დროში წარმოშობის აღიარებას, რაც შეუძლებელია; ღმერთი არ შეიძლება რაიმე მისი მსგავსი არსებისაგან წარმოიშვას, რადგან მისი თანასწორი არავინაა; არც მისგან განსხვავებულისაგან შეიძლება მომდინარეობდეს, რადგან მშობელი ან შემოქმედი არ შეიძლება შობილსა ან შექმნილზე დაბლა იდგას. ღმერთი ცოცხალი, თუმცა ადამიანებისა და ცხოველებისაგან განსხვავებით, არაორგანული არსებაა; ის ნაწილებისაგან არ შედგება; ერთიანად ხედავს, ისმენს და გაიაზრებს ყველაფერს; არაფერთან აქვს ფიზიკური კონტაქტი, თუმცა დისტანციურად, ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ გონებით განაგებს ყველაფერს, რაც არსებობს.
__ქსენოფანე__

***
სხეულის გავლენით სულს არასოდეს შეუძლია შემეცნება წმინდა სახით, ვერ მისწვდება ჭეშმარიტებას. რაიმეს წმინდა სახით შემეცნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ სული თვითონ არის აღებული წმინდა სახით და პირდაპირ ხედავს მის საგანს. სიცოცხლეში ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას, სულის სრული გათავისუფლების შემდეგ კი უშუალოდ მივწვდებით მას.
__პლატონი__


***
შემეცნება ყოფიერის დაფარული საზრისის წვდომაა.
__არისტოტელე__

***
ჩაწვდომა ტანჯვას წარმოშობს.
__არისტოტელე__

***
თვით ჭეშმარიტებასაც კი კერპად აქცევენ, რადგან ჭეშმარიტება სიყვარულის გარეშე ღმერთი კი არ არის, არამედ მხოლოდ მისი ხატია და გოროზი კერპი, რომლის სიყვარული და, მით უმეტეს, თაყვანისცემა, არ მართებს კაცს. რაღა თქმა უნდა, მით უფრო ნაკლები სიყვარულისა და თაყვანისცემის ღირსია ის, რაც მას უპირისპირდება, ე. ი. სიყალბე.
მე დიახაც შემიძლია მიყვარდეს სრული სიბნელე, მაგრამ თუ ღმერთი ამ სიბნელეს გამინახევრებს, მე აღარ მომწონს ეს ნაკლულოვანი სიბნელე, და რაკი მასში სრული სიბნელის ღირსებას ვერ ვხედავ, ათვალწუნებით ვუყურებ ამ ნახევრადსიბნელეს. ეს კი ნაკლია და უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სიბნელისგან მე კერპს ვქმნი, არსთა გამრიგის სამყაროული წესრიგისგან განკერძოებულ კერპს, მაგრამ უნდა გვიყვარდეს და თაყვანს ვცემდეთ მხოლოდ ამ წესრიგს.
__ნეტარი ავგუსტინე__

***
ოდეს ყოვლითა კრძალულებითა დავიცვნეთ ჩუენ სულნი და განვიწმიდნეთ გონებანი და დავსთესოთ სიმართლჱ, ამისსა შემდგომად, ვითარცა დავით და სოლომონ და იერემია იტყჳან, განვნათლდეთ ნათლითა მით ცნობისაჲთა და ესოდენი მოვიღოთ ღმრთისაგან სიბრძნისა იგი საიდუმლოჲ დაფარული.
__წმ.გრიგოლ ღმრთისმეტყველი__

***
შენში, ადამიანო, ღმერთის წვდომისა და შემეცნების ის საზომია შთადებული, რომლის დატევნაც შენს ბუნებას და შენს პიროვნულ შესაძლებლობებს ძალუძს, რამეთუ შენი არსების შედგენილობაში ღმერთმა ისე აღბეჭდა საკუთარი საღმრთო ბუნების სიკეთეთა მსგავსება, როგორც ცვილზეა ხოლმე აღბეჭდილი რაღაც კეთილი გამოსახულება.
__წმ.გრიგოლ ნოსელი__

***
ღმერთის ხატი და მსგავსება ადამიანის არსების გონიერ ნაწილში უნდა ვეძიოთ, ანუ მის სულსა და გონებაში.
__წმ.გრიგოლ ნოსელი__

***
არავის მართლიად გამომეტყუელთაგანსა დაეფარვის ჭეშმარიტებაჲ.
__არსენი ვაჩეს ძე__

***
[ღვთის შემეცნებისთვის ავტორი ჯერ მიმართავს საგანთა შემეცნებას]
1. საგნების შემეცნება
როდესაც ვამბობ, რომ შევიმეცნებ რამეს, მაგ. მაგიდას, ნიშნავს, რომ ამ მაგიდას შემოვსაზღვრავ, რათა მოვახდინო მისი იგივეობა (ταὐτότης). არისტოტელეს შემოაქვს ეს პრინციპი, რომელიც ცნობილია, როგორც „გარკვეულობის“ (τὸδε τὶ) პრინციპი. საგნის შეცნობა ხდება მაშინ, როდესაც მიუთითებ ამ საგანზე, ახდენ მის იგივეობას და ამბობ, რომ ეს საგანი არის ასე და არა სხვაგვარად, ანუ შემეცნებას მუდამ აქვს კავშირი რაღაც იგივეობასთან. იმ მომენტიდან, როდესაც ქრება რამე საგნის იგივეობა, ქრება შემეცნებაც ამ საგნის შესახებ. თუკი ეს მაგიდა არ არის ეს მაგიდა, არამედ სხვა, მაშინ მე არ მაქვს ცოდნა მის შესახებ. მაშასადამე, ერთი კონკრეტული საგნის იგივეობა (იდენტურობა) არის აუცილებელი წინაპირობა შემეცნებისათვის.
როგორაა შესაძლებელი სხვადასხვა საგნის იდენტურობა? საკითხის გამარტივებისთვის „რა წესით ვახდენ ამ მაგიდის იდენტურობას და ვამბობ, რომ მას შევიცნობ?“
ეს წესი თავის პირველ სტადიაში შეიცავს უარყოფით მოქმედებას, ანუ ვახდენ ამ მაგიდის იდენტურობას და ვამბობ, რომ არის ეს მაგიდა და ამით გამოვრიცხავ სხვას. ვამბობ რომ A არის A და არ არის B. მაშასადამე, A–ს გარკვეულობისათვის, ვცდილობ, ვთქვა, ის თუ რა არ არის A, რითაც გამოვრიცხავ (უარვყოფ) სხვა საგნის არსებობას. როდესაც ვამბობ, რომ რამე არის ეს, ნიშნავს, რომ ეს რამე არ არის ის.
მეორე მნიშვნელოვანი მოქმედება ცოდნისათვის არის შემდეგი – სხვა საგნების გამორიცხვის (უარყოფის) შემდეგ ვადგენ ჩემი შემეცნების ობიექტის გარშემო საზღვრებს მისი გარკვეულობისათვის. რას ნიშნავს „გარკვეულობა“? გარკვეულობა თავისთავად შეიცავს საზღვრის მნიშვნელობას, რომელსაც ვადგენ რამე საგნის გარშემო, რითაც მას გავმიჯნავ სხვებისაგან.
....საგნის თვისებების საფუძველზე (მაგ. ფორმა), უფრო მეტიც, საგნების თვისებების საფუძველზე. ვამბობ, რომ ეს მაგიდა არის ოთხკუთხა და ამით მის შესახებ შემეცნება წინ მიიწევს, რადგან უმეტესად ვარკვევ მის ფორმას, ვამბობ რა რომ არის ოთხკუთხა.
მაგრამ საიდან ვიღებ ოთხკუთხედის ცნებას? პლატონის თანახმად, ეს არის იდეა, რომელსაც ვიღებთ იდეების სამყაროდან და მას მივუსადაგებთ გრძნობად საგნებს. არისტოტელეს თანახმად კი, რეალური თვისებებია, რომლებიც აქვს ამ საგანს. ამგვარად, ამ მაგიდას აქვს ოთხკუთხედის თვისება.
ყოველ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ამ მაგიდის შესახებ ვთქვა, რომ არის ოთხკუთხა, უნდა გამოვიყენო ერთი ზოგადი ლოგიკური ფორმა, რომელიც არ მიესადაგება მხოლოდ ამ მაგიდას, არამედ სხვა საგნებსაც. მაგრამ თუ დავუშვებდით, რომ მთელ სამყაროში მხოლოდ ეს მაგიდაა ოთხკუთხა, მაშინ ამ მაგიდის შესახებ ვერ ვიტყოდით, რომ ის ოთხკუთხაა. ოთხკუთხედის ცნებას ვსესხულობ სხვა საგნების გამოცდილებიდან.
ვაგრძელებ ამ მაგიდის შემოსაზღვრას და ამისთვის, მისი ფორმის გარდა, ვიყენებ მის სხვა თვისებებსაც. რაც უფრო მეტია ეს თვისებები (მაგ. ოთხკუთხა), მით უფრო კარგად შევიცნობ ამ საგანს. შემდეგ ვუმატებ ფერს და ა. შ. საბოლოოდ კი მივდივარ ამ მაგიდის დანიშნულებამდე, რაც არის მნიშვნელოვანი მიზანი არისტოტელესათვის–„რისთვის“, ანუ რამე საგნის დანიშნულება. ეს მიზანი არისტოტელესათვის არის საბოლოო მიზეზი. ამ მაგიდის დანიშნულებაა, რომ ის გამოვიყენო წერისათვის ან ჭამისთვის. შეიძლება ითქვას, რომ შემეცნების პროცესში ყოველთვის არსებობს ლატენტური უტილიტარისტული მხარე, რომელიც მომდინარეობს ერთი კონკრეტული საგნის თვისებებიდან და მიმართულია გამოყენებისათვის. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გამოყენება არის გრძნობითი (მაგ. ლამაზი), თუ პრაგმატული, ყოველ შემთხვევაში, მას ვიყენებ გარკვეული მიზნისათვის.
ეს არის ის მეთოდი, რომელიც გამოიყენება მეცნიერებაში. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აინშტაინის, და განსაკუთრებით კვანტური თეორიის შემდეგ, გარკვეულწილად შეიცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა პოზიციას ან, გნებავთ, დისტანციას იჭერს მკვლევარი ან შემმეცნებელი თავისი შემეცნების ობიექტის მიმართ. რადგან, როგორც ცნობილია, საბუნებისმეტყველო მეცნიერება დღეს მიიჩნევს, რომ მკვლევარი პირდაპირ ჩაბმულია (რომ არ ვთქვათ, ჩახლართული) ობიექტის შემეცნების პროცესში და გავლენას ახდენს თვით შემეცნებაზე. მაშასადამე, იმისათვის, რომ შევიმეცნო, რომ ეს მაგიდა არის ოთხკუთხა, არ არის საჭირო ოთხკუთხედობის, როგორც თვისების, რომელიც აქვს ამ მაგიდას, შემოსაზღვრა (გარკვეულობა). თავად შემ[ა]მეცნებელიც ახდენს გავლენას შემეცნებაზე. ამრიგად, ცოდნა არ არის უბრალოდ „ობიექტი“, რომელსაც აქვს რაღაც თვისებები. ამ თვისებებს ჩვენ თავადაც ვიძლევით. შემეცნება ჩვენი ამ პროცესში ჩაბმულობის თანაშეწყობილი ხდება იმ დონეზე, რომ სრულიად შესაძლებელია შეიცვალოს ეს ცოდნა. საკითხი საკმაოდ ვრცელია და ამიტომ აქ შეუძლებელია მისი დეტალური განხილვა. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ, ძირითადად, კლასიკურ, აინშტაინამდელ პერიოდამდე, შემეცნების შესახებ წარმოდგენა იყო იმგვარი, როგორიც ჩვენ აღვწერეთ.

2. ღმერთის შემეცნება
ყოველივე ზემოთქმული აუცილებელია ერთი რომელიმე საგნის შესამეცნებლად, მაგრამ თუ მოვისურვებთ ყველაფერ ზემოთქმულის მისადაგებას ღმერთის შემეცნებისათვის? გარკვეული მიზეზების გამო ეს აბსოლუტურად შეუძლებელია და ამის მიზეზი არის შემდეგი:
ა) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რამე საგნის შემეცნებისას ვახდენთ გამორიცხვას, მაგ., რომ A არ არის B. ეს კი იმას ნიშნავს, რომ A–ს შემეცნებისათვის საჭიროა მის გვერდით არსებობდეს რაღაც სხვა რამ, რომელსაც გამოვრიცხავთ. მაშასადამე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ღმერთთან ერთად მუდამ უნდა არსებობდეს რაღაც, თუნდაც ეს რაღაც იყოს არაარსი (არარსებობა, არამყოფობა). ვამბობთ, რომ ღმერთი ქმნის არაარსიდან. რა არის ეს არაარსი? არაარსს არა აქვს თვითმყოფადობა. არაარსი მრავალთათვის (თომა აკვინელი, კარლ ბართი) არის ის, რასაც ღმერთი უარყოფს. არაარსი უარიყოფება. მაშასადამე, რაღაცას უარყოფ ღმერთის იდენტობისათვის. თუ ამ მეთოდს მიუსადაგებ ღმერთს, მაშინ უნდა დაუშვა, რომ ღმერთი არის ის, რაც არ არის ღმერთი. რა არის ის, რაც არ არის ღმერთი? შეუძლებელია ღმერთი შეადარო სხვა საგნებს, რადგან ამით იკარგება წარმოდგენა ღმერთის შესახებ. ღმერთი იმდენად ერთადერთია, რომ ის არ არსებობს სხვა რამესთან ერთად. მაშასადამე, შეუძლებელია სხვა რამის გამორიცხვით მისი შემეცნება.
ბ) მეორე მიზეზი არის გარეშემოწერა, რაც თავისთავად გულისხმობს სივრცეს და დროს (შეუძლებელია რაიმე საგნის ან არსის იდენტობის დადგენა სივრცესა და დროში მისი გარეშემოწერის გარეშე), მაგრამ არ შეიძლება მისი მისადაგებაც ღმერთთან. ანუ შეუძლებელია უფლის გარეშემოწერა. ამისათვის საჭიროა მის არსებობაში სივრცისა და დროის შემოტანა. მაგრამ თუ ღმერთის არსებობაში დავუშვებთ სივრცისა და დროის ფაქტორს, მაშინ შემოქმედიც ქმნილება ხდება დროითი საწყისით, რადგან სივრცე და დრო გულისხმობს რაღაც დასაწყისს. ამიტომაცაა საგნებს შორის განსხვავება და სივრცე. შეუძლებელია ვთქვათ, რომ ღმერთი გარეშემოიწერება. ეკლესიის მამებთან ღმერთის შესახებ ვხვდებით ტერმინს – „გარეშემოუწერელი“, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია რაიმე თქვა მის შესახებ და იმავდროულად მასთან მიმართებაში გამოიყენო საზღვრის ცნება, ანუ ის მეთოდი, რაც გამოვიყენეთ მაგიდასთან (რომ მას აქვს გარკვეული ფორმა), არ შეიძლება გამოიყენო ღმერთთან მიმართებაში. სქოლასტურ ღვთისმეტყველებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ უფლის შემეცნება შესაძლებელია მისი თვისებების მეშვეობით. თითქმის ყველა დოგმატურ სახელმძღვანელოში ვხვდებით ღმერთის ამ თვისებების სრულ ანალიზს. იგი არის კეთილი, ყოვლისშემძლე, ყოვლადძლიერი და ა. შ. ღმერთის ამგვარი დახასიათება სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ რამე საგანს შევიმეცნებთ მისი თვისებების საფუძველზე, რომელ თვისებებსაც ვიღებ სხვა საგნების გამოცდილებიდან, სხვაგვარად, არ შეიძლება რომ ეს თვისებები გააჩნდეს მხოლოდ ერთ კონკრეტულ შესამეცნებელ საგანს (წარმოიდგინეთ სხეულებრივი ანატომიის მიხედვით თავისებური ადამიანი, ისეთი, რომლის შემეცნება სხვა ადამიანების გამოცდილების ანალოგიით შეუძლებელია. გასაგებია, რომ ასეთი ადამიანის გასინჯვაც კი წარმოუდგენელი სიძნელე იქნება ექიმისათვის იმ მიზეზის გამო, რომ ექიმის შემეცნება იმ საერთო თვისებებს ეფუძნება, რომლებსაც ის იღებს სხვა ადამიანების გამოცდილებიდან).
ეს ყველაფერი არის ჭეშმარიტება ჩვეულებრივ საგნებთან მიმართებაში, მაგრამ როცა საქმე ეხება ღმერთის შემეცნებას, საიდან ხდება მოპოვება იმ თვისებებისა, რომლებსაც მას მივაკუთვნებთ? მაგ., ღმერთი არის კეთილი. „კეთილის“ ცნებას უეჭველად ვიღებთ გამოცდილებიდან, ვიცით, რომ რომელიღაც ადამიანი არის კეთილი, ან ღმერთი არის ძლიერი, ამ ცნებასაც ძლიერი ადამიანების გამოცდილებიდან ვიღებთ. ამგვარად, ღმერთი ხდება ჩვენეული ფანტაზიის და გამოცდილების ნაყოფი, რადგან მისადმი მიკუთვნებულ თვისებებს სხვა საგნებიც ფლობენ. ამიტომაც, გარკვეულ ეპოქებში სხვადასხვა არსებით შეანაცვლებდნენ უფალს. რომელი თვისებაც უნდა იყოს ეს, თუნდაც ყველაზე დადებითი – „კეთილი“ – აუცილებლად ვსესხულობთ იმ საგნის გამოცდილებიდან, რომელიც არ არის ღმერთი.
ვთქვათ, მოვიაზროთ ღმერთი, როგორც მამა. ეს ყველაზე რთული გაგებაა მის შესახებ, რადგან გარკვეულწილად შეიცავს ანთროპომორფიზმის საფრთხეს. ადამიანი პატარაობიდან სწავლობს ღმერთის სახელს–„მამა“, მაგრამ რა გაგებით? ბავშვებისთვის ამის საფუძველი საკუთარი მამაა. ისინი მას მიაკუთვნებენ თვისებებს საკუთარი მამის გამოცდილებიდან, რომ ის არის მათზე ძლიერი, რომ ზრუნავს მათზე და ა. შ. ერთი სიტყვით, ბავშვი იქმნის გარკვეულ იდეას ღმერთის შესახებ. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ბავშვი ხდება სრულწლოვანი და მასში ფორმირებას იწყებს თავისუფლების გაგება, ის ცდილობს გათავისუფლდეს საკუთარი მამის მეურვეობისაგან. სწორედ ამ დროს იჩენს თავს პრობლემა. რადგან ის პატერნალიზმი, რომლისგანაც ახალგაზრდას სურს თავის დაღწევა, საკმაოდ მჭიდროდაა გადახლართული ღმერთის შესახებ მისეულ გაგებასთან. ერთგვარმა წინააღმდეგობამ ავტორიტეტის წინაშე შეიძლება უფალთან დაკავშირებითაც ჰპოვოს გამოხატულება. უღმერთობის კრიზისიც ამ დროს იჩენს თავს, როგორც პიროვნულ ისე ცივილიზაციის ისტორიის დონეზე. ღმერთის იდეა სწორედ იმ კულტურულ პერიოდში ქრება, როდესაც მსგავსი თავისუფლევა ვლინდება ავტორიტეტის წინააღმდეგ. რადგან ღმერთის შემეცნება მოხდა იმ გამოცდილებისა და თვისებების საფუძველზე, რომელიც ოჯახური მდგომარეობიდან გამოვიყენეთ, ამიტომაც შეუძლებელია ღმერთის შემეცნების გზაზე თავი დააღწიო ამ საფრთხეებს და არ განუკუთვნო მას ის თვისებები, რომლებიც იმავდროულად სხვა საგნებსაც (არსებებს) ეკუთვნით.
ყველაფერ აქამდე თქმულს, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეცნობილი საგნების გამოყენებამდე დადის, ღმერთსაც მიუსადაგებენ ხოლმე. მისი შემეცნება ხშირ შემთხვევაში აღრეულია იმ შედეგებთან, რომლებსაც ეს მცდარი გზა გვთავაზობს. იცით, რამდენი ადამიანი კარგავს რწმენას ღმერთისადმი იმ მიზეზით, რომ იგი ვითომდა არ პასუხობს მათ ლოცვებს (მსგავსად იმისა, როგორც უარყოფენ მაგიდას, რომელიც აღარ პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს), ანუ „არ ვცნობ“ (ἀγνοέω). მსგავსადვე არ ვცნობ ღმერთსაც, რომელიც ჩემთვის ისეთივე უხმარი საგანი ხდება. „არ ვცნობ“ არ ნიშნავს, რომ სრულიად არ არსებობს, მაგრამ არ არსებობს ჩემთვის, არ შევიმეცნებ, უარვყოფ. ადვილი მისახვედრია, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ღმერთის შემეცნება, გნოსეოლოგია, რომელიც მის თვისებებს ეფუძნება. ყოველივე ამან შესაძლოა სრულ ათეიზმამდეც კი მიგვიყვანოს, რადგანაც ღმერთი ამგვარი დეფინიციებით ვერ შეიმეცნება, შეუძლებელია მისი გაგება, როგორც გამოყენებითი რამ ობიექტისა.
ღმერთის შემეცნებისათვის შეუძლებელია ისეთი კატეგორიების გამოყენება, როგორიცაა სივრცე და დრო, რადგან ერთიც და მეორეც შესაქმესთან ერთად ჩნდება. ბუნებრივად იბადება კითხვა: „როგორ არის შესაძლებელი ღმერთის იდენტურობა?“ არის შესაძლებელი რამე არსის იდენტურობა ყოველივე იმ ოპერაციების გარეშე, რომელიც ეფუძნება გამორიცხვის, გამიჯვნის, თვისებებისა და გამოყენების პრინციპებს? ცხადია, დადებითი პასუხის შემთხვევაში ღმერთის იდენტურობაც შესაძლებელი იქნება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ორი გზა არსებობს: ერთი, რომ სრულიად შეუძლებელია ღმერთის იდენტურობის გარკვევა, ანუ შეუძლებელია ღმერთის შეცნობა, და მეორე, – „შემიძლია მისი შემეცნება, მაგრამ არ ძალმიძს მისი გამოთქმა, ანუ არ შემიძლია ღმერთი ცნებებში გამოვხატო.
ამ ორი გზის შესახებ ბევრი რამ თქმულა საუკუნეების განმავლობაში. პირველი არის აპოფატური გზა (რაც ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია რამეს თქმა ღმერთის შესახებ – აბსოლუტური დუმილი), და მეორე, მისტიციზმის ერთგვარი ფორმა, რომელიც უშვებს ღმერთის შემეცნების შესაძლებლობას (იმ პირობით, რომ საუბარია გრძნობებსა და პიროვნულ გამოცდილებაზე, რომლებიც მისტიციზმის უკიდურეს ფორმაში შეუმჩნეველს ხდის განსხვავებას შემმეცნებელსა და შესამეცნებელს შორის). ორივე ეს გზა თანაარსებობს ღვთისმეტყველებაში, თუმცა ეს თანაარსებობა გარკვეულ გაუგებრობებს ქმნიდა მართლმადიდებლურ სამყაროშიც. ბერძენ მამებში საკმაოდ ვხვდებით როგორც აპოფატიზმის, ისე მისტიციზმის ფორმებს.
ამ ორი გზის თანაარსებობის შესახებ საუბრობს ცნობილი რუსი თეოლოგი ვლადიმერ ლოსკი, რომლის გამოკვლევამ „აღმოსავლეთის ეკლესიის მისტიური თეოლოგია“ ერთგვარი გაურკვევლობაც კი გამოიწვია. მართლაც, პრობლემა რეალურია: თუკი აპოფატიზმის შემთხვევაში გნოსეოლოგია არის ის, რომ ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, მაშინ უპასუხოდ რჩება კითხვა: რა შეგვიძლია ვთქვათ ღმერთის შესახებ (ვგულისხმობთ კატაფატურ გნოსეოლოგიას). გაცილებით უფრო ადვილია თქმა იმისა, თუ რა არ არის ღმერთი, მაგრამ კატაფატური მსჯელობისას აუცილებელია გათვალისწინება იმ საფრთხისა, რომ არ იქნეს გამოყენებული სხვა საგნების გამოცდილებითი მეთოდი.
აპოფატიზმისთვის დამახასიათებელი ნიშანია ერთგვარი განსხვავება ღმერთსა და სამყაროს შორის. ღმერთის შემეცნებისათვის საჭიროა ამ სამყაროს მიღმა გასვლა, პრინციპი, რომელიც გვხვდება ნეოპლატონიკოსებთანა – „არსების მიღმიერობა“ (ἐπέκεινα τῆς οὐσίας). დიონისე არეოპაგელთან ეს გამოიხატება „ზე“ წინდებულით. აქ მნიშვნელობა ენიჭება ამ პრინციპის ორ მხარეს: ერთი, რომ ხდება ანთროპომორფიზმის საფრთხის თავიდან აცილება, და მეორე, რომ წინდებული „ზე“ არ გამოიყენება რამე სიტყვის გარეგნული გამოხატულების გასაძლიერებლად (მაგ. კეთილი–ზეკეთილი), არამედ „მიღმიერობის“ („ზესთაობის“) მისანიშნებლად. ზეკეთილი ნიშნავს, რომ ღმერთი დგას ყოველგვარ კეთილზე მაღლა. როდესაც ვამბობთ, რომ ის არის არა არსი, არამედ ზეარსი, ნიშნავს, რომ ის მყოფობს ყოველგვარ არსზე მაღლა.

3. შემეცნება ძის და სიტყვის მიერ
ღმერთის შემეცნებისათვის ეკლესიის მამების მოსაზრებების გასაგებად საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი ისტორიული ასპექტები: პირველად მეორე საუკუნის შუა წლებში იუსტინეს შემოაქვს ლოგოსის ცნება. მისი სწავლების თანახმად, ადამიანის გონება არის ერთგვარი შემმეცნებელი იარაღი. განსაკუთრებულად ვითარდება ეს აზრი ორიგენესთან. შემდეგ ამ სწავლებას თავისებური ელფერი მისცა ევაგრე პონტოელმა და მასთან დამოკიდებულმა სამონაზვნო წრეებმა. ამ სწავლების არსი, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, იუსტინესგან იღებს სათავეს, გონების გრძნობადისაგან განწმენდაში მდგომარეობს. მისი აზრით, ღმერთისა და ადამიანის გონებას აქვთ რაღაც საერთო. საუბარია ონტოლოგიურად საერთოზე, ნივთიერისაგან განსხვავებულზე. საღვთო ბუნების მსგავსად, ადამიანის გონებაც არის სულიერი, არამატერიალური, უსხეულო და, შესაბამისად, ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი ღმერთსა და ადამიანს შორის. აქედან გამომდინარე, ადამიანის გონება არის იარაღი ღმერთის შემეცნებისათვის.
ამ ტრადიციას თავისი საფრთხეებიც ჰქონდა. უპირველესად კი ეს ღმერთის შემეცნებაში გრძნობადის, ადამიანის გრძნობების არსებობას გულისხმობს. მაგრამ, როგორც ცნობილია, ქრისტოლოგიაში უფლის შემეცნების გზა არის იესო ქრისტე. ღმერთი გამოჩნდა ქრისტეში გრძნობადი სახით, რაც თავისთავად მიღწევადია ადამიანის გრძნობებისთვისაც. თუმცა ეს არ წარმოადგენს ერთადერთ სირთულეს, რომელსაც ეს ტრადიცია გამოავლენს. უმთავრესი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანური გონება წარმოჩნდება როგორც ასპარეზი, სადაც გამოჩნდება ღმერთი. ეს არის პოზიცია, რომელიც ჰქონდათ ძველ ბერძნებს და განსაკუთრებით პლატონს.
მთელი ეს ტრადიცია ორიგენისტებთან მთავრდება. მოგვიანებით კი ისევ სამონაზვნო წრეებში, მაკარი ეგვიპტელის მიერ, იღებს სათავეს ახალი სწავლება, რომლის მიხედვითაც, ღმერთის შემეცნების გზაზე გონების ადგილს იკავებს გული. ამიერიდან შემეცნების იარაღი არის არა გონება, არამედ გული. მაგრამ აქაც გარკვეული საფრთხე არსებობს, რადგან, კლასიკური ფსიქოლოგიის თანახმად, ადამიანის გულში თავს იყრის გრძნობები და ემოციები. მაგრამ მაკარი ეგვიპტელთან არ არის საუბარი გრძნობების აზროვნებასთან დაპირისპირებაზე. მაშ, რა არის ის, რაც არც გრძნობაა და არც აზროვნება, კონკრეტულად რა იგულისხმება გულში?
ჯერ კიდევ სემიტურ მენტალიტეტში ჩნდება გული, როგორც ღმერთის შემეცნების იარაღი („გული წმიდაი…“ ფს. 50.10). წმინდა წერილისათვის დამახასიათებელია ამგვარი მენტალიტეტი. გული არის ადამიანის მორჩილების სამკვიდრებელი, ესაა თავისუფლების ადგილი, სადაც ადამიანი გამოხატავს თანხმობას ღმერთის ნებისადმი, ან უარყოფს მას. ამგვარი გაგება, რომ ადამიანი გულის მეშვეობით აქცევს საქმედ საღვთო ნებას, ბიბლიის მიხედვით, არის, ე. წ. პრაქტიკული გზა ღმერთის შემეცნებისათვის. მისი შემეცნება უფრო საქმითი და ზნეობრივი საკითხია, ვიდრე გონებრივი და გრძნობადი, ანუ აღსრულება იმისა, რაც ღვთის ნებას წარმოადგენს. ეს მისაღები იყო სემიტური მენტალიტეტისათვის, მაგრამ სრულიად უცხო ბერძნული ფილოსოფიისათვის. ზოგადად, ბერძენისათვის შემეცნება მუდამ გარკვეული ონტოლოგიური შინაარსიის შემცველია, აუცილებლად რამე არსია, იდენტურობაა; ანუ არ არის რაიმე ზნეობითი განკარგულება, ის, რაზედაც შეიძლება ითქვას ან „ჰო“, ან „არა“. მაკარისეულ სწავლებას, რომ გული არის შემეცნების იარაღი, აქვს ონტოლოგიური ხასიათი; ანუ იძლევა შესაძლებლობას რაღაცის იდენტურობისათვის, რომ არსებობს ეს რაღაც. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შემეცნება შეუძლებელი იქნებოდა.
მაკარი ეგვიპტელის ამ სწავლებას ბრწყინვალედ იყენებს პატერიკული აზროვნების მწვერვალი მაქსიმე აღმსარებელი, ევაგრესეული პოზიციის გამოსასწორებლად. იმავეს იქმს მაქსიმე ორიგენესთან მიმართებაშიც, რომლის სწავლების მთელ ფორმასა და შინაარსს შემოაბრუნებს დადებითი მიმართულებით. ცნობილია, რომ პატერიკულ ტრადიციაში ხშირად ყოველგვარი ხმაურის გარეშე დიდი ცვლილებები მომხდარა. ორიგენეს უდიდესი ავტორიტეტი ასევე უდიდეს გავლენას ახდენდა ეკლესიის მამების სწავლებებზე. ამიტომაც, ათანასე და კაპადოკიელი მამები, და განსაკუთრებით მაქსიმე აღმსარებელი, მას ცვლიან რადიკალურად, ყოველგვარი ბრძოლისა და ანათემების გარეშე. განსაკუთრებით კი ეს ცვლილება შეეხება ლოგოსის გააზრებას. მაქსიმე აღმსარებელი მაკარისეული ტრადიციის დახმარებით შემეცნების იარაღად გულს სახელდებს, მაგრამ შემდეგი შინაარსით:
სიტყვა მაქსიმესათვის, ძირითადად, არის ღვთის სიტყვა, ანუ ქრისტეს პირი. და ამ სიტყვის მიერ შეიცნობს ღმერთს ადამიანი. მაქსიმესათვის ღვთის სიტყვას კოსმოლოგიური დატვირთვაც აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა არსებას თავისი მიზეზი აქვს ღვთის სიტყვაში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მაქსიმე აღმსარებელი ღმერთის სიტყვას იგებს როგორც პირს, პიროვნებას, რომელთანაც მამა ღმერთს აქვს სიყვარულისმიერი კავშირი (ἀγαπητική σχέσις). ამ წესთან მიმართებაში გული, როგორც სიყვარულის სამკვიდრებელი, გარდაიქმნება იმ იარაღად, რომელიც ღმერთის შემეცნებისათვის არა უბრალოდ გრძნობებს გვთავაზობს, არამედ პიროვნულ ურთიერთობას, ორი პირის ურთიერთობას, რომელსაც მაქსიმე სიყვარულისმიერ ურთიერთობას უწოდებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს მხოლოდ მისი სიტყვა იცნობს, რადგან მხოლოდ ისაა მამასთან მარადის სიყვარულისმიერ ურთიერთობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სიტყვა გამოაცხადებს, გამოაჩენს ღმერთს, როგორც მამას, როგორც პირის იდენტურობას. იოანეს სახარების მიხედვით, არავინ იცის მამა გარნა ძემ და მხოლოდ ძის მიერ შეიცნობა მამა (შდრ. იოანე 1, 18; 14, 6). მაქსიმეს მიხედვით, ის, რომ მხოლოდ ძემ იცის მამა, არის მათ შორის მარადიული სიყვარულისმიერი ურთიერთობის თემა. მამისა და ძის ამ ურთიერთობაში გამოცხადდება ღმერთი, შეიცნობა იგი როგორც ჭეშმარიტება. მსგავს მინიშნებებს აკეთებს ათანასე ალექსანდრიელიც არიანელებთან პოლემიკაში. იგი ამბობს, რომ ძე მარადიულად არის მამასთან ერთად, რომ შეუძლებელია ღმერთი ყოფილიყო თავისი ძის გარეშე, რადგან, როგორც შენიშნავს ათანასე, ძე არის მამის ხატი და ჭეშმარიტება. ხატი და ჭეშმარიტება ერთი და იმავე მნიშვნელობის მქონეა. ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გნოსეოლოგიური საკითხი – მამა შეიცნობს საკუთარ თავს ხატის მეშვეობით, რომელიც არის თავისი ძე. არავის ძალუძს საკუთარი თავის შეცნობა ამ ურთიერთობის გარეშე; საჭიროა უკუასახვითი ურთიერთობა, მარტივად რომ ვთქვათ, სარკე. ღმერთის სარკე არის თავისი ძე. ამიტომაც უწოდებს ათანასე ძეს ღმერთის ხატს და ჭეშმარიტებას თავის ცნობილ სიტყვაში – „არიანელთა წინააღმდეგ“. სიყვარულისმიერი პიროვნული ურთიერთობა გამოავლენს, გამოაცხადებს ჭეშმარიტებას, ხდის შეცნობადს რამე არსს ისე, რომ სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა მისი შეცნობა.
მაშასადამე, ღმერთი შეიმეცნება თავისი ძის მიერ, რომელიც იმავდროულად არის მისი სიტყვა. სიტყვა არა მოაზროვნეობითი გაგებით, როგორც ღმერთის გონება (ამგვარი გაგება უცხო იყო ბერძენი მამებისათვის, განსხვავებით ავგუსტინესაგან, რომელმაც ვერ დააღწია თავი ამგვარი გაგების საფრთხეს), არამედ როგორც პირი, რომელიც სიყვარულისმიერ ურთიერთობაშია და ამ სიყვარულით იცნობს მამას. ამიტომაც ღმერთი მარადიულად შეიმეცნება, ანუ არსებობს მარადიული ცოდნა ღმერთის შესახებ. არ არის საჭირო სამყაროს შექმნა იმისათვის, რომ შემეცნებულ იქნას ღმერთი. იგი შეიმეცნება თავისი ძის მიერ და თავის ძეში სიყვარულის საშუალებით, რომელიც არსებობს ამ ორ პირს შორის.
ამრიგად, გონება აღარა არის ის შემეცნებითი იარაღი, როგორც ეს არის ორიგენესა და ევაგრესთან, არამედ შეერთებულია გულთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გული იძენს მოაზროვნეობით თვისებებს, როგორც ერთიანი, მთლიანი, იარაღი. გულისა და გონების ეს შეერთება, ანუ, ტექნიკური ტერმინით რომ ვთქვათ, გონების დამკვიდრება გულში გვაძლევს იმ გნოსეოლოგიას, რომელიც გვაშორებს ორიგენიზმისაგან. მაქსიმეს გნოსეოლოგიის უმთავრესი ნიშანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის ის, რომ ღვთის სიტყვა, გონება და სიყვარული, რითაც მარადიულად შეიმეცნება ღმერთი, არის თავისი ძე. ადამიანები მხოლოდ ძის მიერ და ძეში შეიმეცნებენ ღმერთს და არა გონებისა და გულის ასკეზით, ბუდისტური მოღვაწეობის მსგავსად; ანუ შეუძლებელია ქრისტეს გარეშე ღმერთის შემეცნება.
ძე არის ღვთის სიტყვა, მხოლოდშობილი ძე იმ გაგებით, რომ მხოლოდ ის არის სიყვარულისმიერ ურთიერთობაში ღმერთთან. ღმერთი სწორედ ამ სიყვარულისმიერი ურთიერთობით შეიმეცნება სხვათაგან. მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება სიყვარულისმიერი ურთიერთობა წარმოადგენდეს შემეცნებას, რაიმე არსის იდენტურობას?
__პერგამოს მიტროპოლიტი იოანე ზიზიულასი__