1 . წავიდა აბიმელექი, იერუბაყალის ძე, შექემში თავისი დედის ძმებთან და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მთელ მამისსახლს:
2 . "ჩააგონეთ შექემის ყველა მცხოვრებს: "რა გირჩევნიათ, იერუბაყალის სამოცდაათი ძე ბატონობდეს თქვენზე, თუ ერთი კაცი იყოს თქვენი ბატონი?” გახსოვდეთ, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი”.
3 . ჩააგონეს დედის ძმებმა შექემელების ყურს ეს სიტყვები და მიიდრიკა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ჩვენი ძმააო იგი.
4 . და მისცეს სამოცდაათი შეკელი ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან. დაიქირავა ამ ფულით აბიმელექმა უკეთური და უღირსი კაცები და თან გაიყოლა.
5 . მივიდა მამის სახლში, ყოფრაში და ერთ ქვაზე დაკლა თავისი ძმები, იერუბაყალის ძენი, სამოცდაათი კაცი; მხოლოდ იოთამი, იერუბაყალის უმცროსი ძე გადარჩა, რადგან დაიმალა.
6 . შეიკრიბა ყველა შექემელი და მილოს მთელი სახლეული, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი შექემში, მუხასთან აღმართულ სვეტთან.
7 . როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა, დადგა გერიზიმის მთაზე, აღიმაღლა ხმა და გადმოსძახა მათ: "ისმინეთ ჩემი, შექემის მცხოვრებნო, რათა ღმერთმაც მოგისმინოთ!”
8 . მოინდომეს ხეებმა მეფის არჩევა; უთხრეს ზეთისხილს: "იმეფე ჩვენზე”.
9 . მიუგო მათ ზეთისხილმა: "მივატოვებ განა ჩემს სიმსუყეს, რომლითაც ღმერთსა და ხალხს პატივს მიაგებენ და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
10 . უთხრეს ხეებმა ლეღვს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
11 . უპასუხა მათ ლეღვმა: "მივატოვებ განა ჩემს სიტკბოებასა და კეთილ ნაყოფს და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?”
12 . უთხრეს ხეებმა ვაზის ლერწს: "მოდი, შენ იმეფე ჩვენზე”.
13 . მიუგო მათ ვაზის ლერწმა: "მივატოვებ განა ჩემს მაჭარს - ღვთისა და ადამიანთა გამხარებელს - და ხეთა შორის სახეტიალოდ წავალ?
14 . უთხრა ყველა ხემ კვრინჩხს: მოდი, შენ იმეფე ჩვენზე.
15 . და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: "თუ ნამვილად მეფედ გინდივართ, მოდით, შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს; თუ არადა, გამოვა ცეცხლი კვრინჩხიდან და შთაინთქმებიან ლიბანის კედრები”.
16 . განა ჭეშმარიტად და წრფელად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? ნუთუ ამით კეთილი მიაგეთ იერუბაყალსა და მის სახლეულს? დამსახურებისამებრ მოექეცით მას?
17 . თქვენთვის იბრძოდა მამაჩემი, საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს და გიხსნათ მიდიანელთაგან;
18 . თქვენ კი აუჯანყდით დღეს მამაჩემის სახლს და მისი სამოცდაათი ძე ერთ ქვას დააკალით, აბიმელექი კი, მისი მხევლის ძე, მეფედ დაუსვით შექემის მკვიდრთ, რადგან თქვენი ძმაა იგი.
19 . ახლა კი, თუ ჭეშმარიტად და კეთილსინდისიერად მოექეცით იერუბაყალსა და მის სახლეულს, იხარებდეთ აბიმელექით და მანაც გაიხაროს თქვენით;
20 . თუ არადა, გამოვიდეს ცეცხლი აბიმელექისგან და შთანთქას შექემის მკვიდრნი და მილოს სახლეული, გამოვიდეს ცეცხლი შექემის მკვიდრთაგან და მილოს სახლეულიდან და შთანთქას აბიმელექი!”
21 . გამოიპარა იოთამი, გაიქცა და ბეერში ჩავიდა; იქ მკვიდრობდა თავისი ძმის, აბიმელექის გამო.
22 . სამი წელი ბატონობდა აბიმელექი ისრაელზე.
23 . მიავლინა ღმერთმა ბოროტი სული აბიმელექსა და შექემის მკვიდრთა შორის და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს,
24 . რათა არ შერჩენოდათ იერუბაყალის სამოცდაათი ძის სისხლი აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი და შექემელებს, რომლებიც გვერდში ედგნენ ძმების დახოცვისას.
25 . ხალხი ჩაასაფრეს მის წინააღმდეგ შექემელებმა მთებზე და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ გვერდით გაივლიდა გზაზე. და მოახსენეს ამის შესახებ აბიმელექს.
26 . მოვიდნენ გაყალ ყებედის ძე და ძმანი მისნი, დადიოდნენ შექემში და მიემხრნენ შექემის მკვიდრნი.
27 . გადიოდნენ ვენახში, კრეფდნენ ყურძენს, წურავდნენ საწნახელში, დღესასწაულობდნენ, თავიანთი ღმერთის სახლში დადიოდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ და წყევლიდნენ აბიმელექს.
28 . თქვა გაყალ ყებედის ძემ: "სად აბიმელექი და სად შექემი, რომ ვემონებოდეთ? განა იერუბაყალის ძე არაა იგი და განა ზაბული არაა მისი მოურავი? ხამორის, შექემის მამის კაცებს დაემორჩილეთ, მაგას რატომ უნდა ვემსახურებოდეთ?
29 . ეს ხალხი, რომ ჩემს ხელქვეით იყოს, მოვაშორებდი აბიმელექს; ვეტყოდი აბიმელექს გაიმრავლე ჯარი და გამოდი!”
30 . ესმა ზებულს, ქალაქის მთავარს, გაყალ ყებედის ძის სიტყვები და ძალიან გაჯავრდა.
31 . ფარულად წარგზავნა მოციქულნი აბიმელექთან და შეუთვალა: "აჰა, მოდის გაყალ ყებედის ძე თავის ძმებთან ერთად შექემში და შენს წინააღმდეგ განაწყობს ქალაქს.
32 . ადექი ღამე შენი ხალხით და ველზე ჩაუსაფრდი.
33 . დილაადრიანად, განთიადისას, მზის ამოსვლისთანავე ადექი და შეესიე ქალაქს; გამოვლენ შენს წინააღმდეგ ის და მისი ხალხი და ისე მოექეცი მას, რასაც შენი ხელი შეძლებს”.
34 . ღამიანად ადგნენ აბიმელექი და მთელი მისი ხალხი და ოთხი რაზმი ჩაუსაფრა შექემთან.
35 . გამოვიდა გაყალ ყებედის ძე და დადგა ქალაქის კარიბჭესთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად.
36 . გაყალმა რომ ხალხი დაინახა, უთხრა ზებულს: "შეხედე ხალხი ეშვება მთის ფერდობებზე”. უპასუხა ზებულმა: "მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება”.
37 . კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: "ხალხი ეშვება მაღლობიდან, ერთი რაზმი კი მისნების მუხნარის გზით მოდის”.
38 . უთხრა ზებულმა: "შენ არ ამბობდი, ვინაა აბიმელექი, რომ მას ვემსახუროთო? ეს ის ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ”.
39 . გავიდა გაყალი შექემელებთან ერთად და შეება აბიმელექს.
40 . გამოედევნა აბიმელექი გაქცეულ გაყალს და შექემელთაგან მრავალი დაეცა მოკლული კარიბჭემდე.
41 . ყარუმაში რჩებოდა აბიმელექი, ზებულმა კი განდევნა გაყალი და მისი ძმანი, რათა შექემში არ დამკვიდრებულიყვნენ.
42 . გავიდა ხალხი ველად მეორე დღეს და შეატყობინეს ეს ამბავი აბიმელექს.
43 . გაიყვანა თავისი ხალხი, სამ რაზმად დაჰყო და ველზე ჩასაფრდა. როცა ქალაქიდან გამომავალი ხალხი დაინახა, თავს დაესხა და მოსრა.
44 . აბიმელექი და მისი ხალხი წავიდნენ და ქალაქის კარიბჭესთან დადგნენ, ხოლო ორი სხვა რაზმი ველზე გამოსულებს ესხმოდა თავს და მუსრს ავლებდა.
45 . მთელი ის დღე იბრძოლა აბიმელექმა ქალაქში, ბოლოს აიღო, დახოცა მაცხოვრებლები, ქალაქი დაანგრია და მარილი დათესა.
46 . როდესაც ესმათ ეს ამბავი შექემის კოშკის მთავრებს, შეცვივდნენ ბერითის საკერპო სახლში.
47 . და ეუწყა აბიმელექს, სად შეიკრიბნენ შექემის კოშკის მკვიდრნი.
48 . ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე თავის ხალხთან ერთად, აიღო ცული, თავის ხელით მოჭრა ხის ტოტი, ასწია და მხარზე დაიდო; უთხრა თავის ხალხს: "ხომ დაინახეთ, რაც გავაკეთე, ისწრაფეთ და ჩემსავით მოიქეცით”.
49 . მოჭრა თითოეულმა თითო ტოტი და გაჰყვა აბიმელექს; შემოულაგეს ტოტები საკერპოს და ცეცხლით დაწვეს და მოკვდა შექემის კოშკის ყოველი მკვიდრი, დაახლოებით ათასი კაცი და ქალი.
50 . წავიდა აბიმელექი თებეცში, ალყა შემოარტყა და აიღო.
51 . მყარი კოშკი იდგა შუა ქალაქში, შიგ შეცვივდა ყველა კაცი, ქალი და ქალაქის მთავარი; ჩარაზეს კარი და ავიდნენ კოშკის ერდოზე.
52 . მივიდა აბიმელექი კოშკთან და ალყა შემოარტყა; ახლოს მივიდა კოშკის შესასვლელთან, რათა ცეცხლით დაეწვა.
53 . ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა.
54 . მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: "იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.
55 . იხილეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, წავიდა თითოეული და დაუბრუნდა თავის სახლს.
56 . ასე მიაგო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისთვის, რაც უყო მან მამამისს, როცა დახოცა თავისი სამოცდაათი ძმა.
57 . შექემელთა ბოროტება მათზევე მოაქცია ღმერთმა. ეწიათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა.
1 . უთხრა ელია თიშბელმა, გილყადის მცხოვრებმა, ახაბს: "ცოცხალია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით!”
2 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
3 . "წადი აქედან, აღმოსავლეთისკენ იბრუნე პირი და ქერითის ხევში დაიმალე, იორდანეს გასწვრივ.
4 . იმ ხევიდან სვი წყალი; ყორნებს ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ”.
5 . წავიდა და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; ჩაჯდა წყაროსთან ქერითის ხევში, იორდანეს გასწვრივ.
6 . და მოჰქონდათ ყორნებს პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ნაკადულიდან სვამდა.
7 . გამოხდა ხანი და დაშრა ნაკადული, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყნად.
8 . გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
9 . "ადექი, წადი ციდონის ცარფათში და იქ იცხოვრე; ნაბრძანები მაქვს იქ ერთი ქვრივი ქალისთვის, რომ გამოგკვებოს.
10 . ადგა და წავიდა ცარფათში; ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, შეშას აგროვებს ქვრივი ქალი. დაუძახა და უთხრა: "გთხოვ, ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო”.
11 . წავიდა თუ არა მოსატანად, კვლავ დაუძახა მან და უთხრა: "გთხოვ, პურის ნაჭერიც წამომიღე შენი ხელით”.
12 . მიუგო ქალმა: "ცოცხალია უფალი, შენი ღმერთი, რომ პური არ გამაჩნია; ერთი მუჭა ფქვილი მაქვს ქოთანში და ცოტაოდენი ზეთი ქილაში; აჰა, ცოტაოდენ შეშას ვაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, შევჭამთ ამას და მერე დავიხოცებით”.
13 . უთხრა ელიამ: "ნუ გეშინია, წადი და ისე მოიქეცი, როგორც თქვი. მაგრამ ჯერ მე გამომიცხვე მცირედი პური და მომიტანე; შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ.
14 . რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: არ გამოილევა ფქვილი ქოთანში და ქილაში ზეთი არ დაიკლებს, ვიდრე უფალი წვიმას არ მისცემს მიწის ზედაპირს”.
15 . წავიდა და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა; და ჭამდა თვითონ, მისი სახლეული და ელია, მრავალი დღის განმავლობაში.
16 . არც ფქვილი ილეოდა ქოთანში და არც ზეთი იკლებდა ქილაში, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ჰქონდა ნათქვამი ელიას მეშვეობით.
17 . ამ ამბების შემდეგ დასნეულდა იმ ქალის, სახლის პატრონის ვაჟი; იმდენად მძიმე იყო მისი სენი, რომ სიცოცხლის სუნთქვა აღარ იყო მასში.
18 . უთხრა ქალმა ელიას: "რა საქმე მაქვს შენთან, ღვთისკაცო? ჩემი ცოდვების შესახსენებლად მოხვედი ჩემთან და ძეს მიკლავ?”
19 . უთხრა ელიამ: "მომეცი შენი ძე”. უბიდან გამოართვა დედას ვაჟი და აიყვანა ზემოთვალში, სადაც თვითონ ცხოვრობდა; და დააწვინა თავის საწოლზე.
20 . უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო! ნუთუ ამ ქვრივზეც მოაწევ უბედურებას, რომელთანაც მდგმურად ვარ, და შვილს მოუკლავ?”
21 . სამგზის გადაემხო ბავშვს, უფალს მოუხმო და თქვა: "უფალო, ჩემო ღმერთო, ჩააბრუნე სიცოცხლე ამ ბავშვში!”
22 . ისმინა უფალმა ელიას ხმა, დაუბრუნდა ბავშვს მშვინვა და გაცოცხლდა.
23 . აიყვანა ბავშვი ელიამ, ჩამოიყვანა ზემოთვალიდან და მისცა დედამისს. თქვა ელიამ: "შეხედე, ცოცხალია შენი ვაჟი!”
24 . უთხრა ქალმა ელიას: "ახლა კი ვიცი, რომ ღვთისკაცი ხარ და ჭეშმარიტია უფლის სიტყვა შენს ბაგეებში!”
1 . ასე შეღაღადა ერთმა ქალმა, წინასწარმეტყველთა ცოლთაგან, ელისეს: "მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური; შენ იცი, რომ უფლის მოშიში იყო იგი. ახლა კი მევახშე მომადგა, რათა ორივე ჩემი შვილი მონებად წაიყვანოს თავისთვის”.
2 . უთხრა ელისემ: "რა გაგიკეთო? მითხარი, რა გაქვს სახლში?” უპასუხა: "ერთი დოქი ზეთის მეტი არაფერი აქვს სახლში შენს მხევალს”.
3 . უთხრა ელისემ: "წადი და მთელი შენი სამეზობლოდან ითხოვე ჭურჭელი; ყველა მეზობლისგან წამოიღე, რაც შეიძლება ბევრი ცარიელი ჭურჭელი ინათხოვრე.
4 . მერე შედით და შეიკეტეთ კარი შენ და შენმა ძეებმა; ჩაასხი ზეთი ყოველ ამ ჭურჭელში და სავსეები განზე გადგი”.
5 . წავიდა და შეიკეტა კარი თავის ძეებთან ერთად. აწვდიდნენ მას ჭურჭელს, ის კი ზეთს ასხამდა.
6 . როცა ყველა ჭურჭელი აივსო, უთხრა თავის ძეს: "კიდევ მომიტანე ჭურჭელი”. უპასუხა: "აღარაა მეტი ჭურჭელი” და ზეთიც შეწყდა.
7 . მივიდა ქალი და უამბო ღვთისკაცს. უთხრა მან: "წადი, გაყიდე ზეთი და გადაიხადე შენი ვალი; დანარჩენით კი თავი ირჩინეთ შენ და შენმა ძეებმა”.
8 . ერთ დღეს შუნამში მივიდა ელისე; იყო იქ ერთი დიდგვაროვანი ქალი; დაჟინებით მიიწვია პურის საჭმელად; გავლისას ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე მასთან პურის საჭმელად.
9 . უთხრა ქალმა თავის ქმარს: "აჰა, ვიცი, რომ წმიდაა ის ღვთისკაცი, რომელიც ჩვენთან დადის მუდამ.
10 . მოვუწყოთ პატარა ოთახი ზედა სართულზე, დავუდგათ საწოლი, მაგიდა, სკამი, სასანთლე და როცა ჩვენთან შემოივლის, იქ გაჩერდეს”.
11 . ერთ დღესაც მივიდა ელისე, ავიდა ზედა ოთახში და დაწვა.
12 . უთხრა ელისემ გეხაზს, თავის მსახურს: "მოუხმე იმ შუნამელ ქალს”. მოუხმო და დადგა ქალი მის წინაშე.
13 . უთხრა მსახურს: "უთხარი: აჰა, ასე მოწიწებით ზრუნავ ჩვენზე, რა გავაკეთო შენთვის? ხომ არ ველაპარაკო მეფეს ან მხედართმთავარს შენზე?” მიუგო ქალმა: "არაფერი მჭირდება, მე ჩემს ხალხში ვცხოვრობ”.
14 . ჰკითხა გეხაზს: "რაღა გავაკეთო მისთვის?” მიუგო გეხაზმა: "ძე არ ჰყავს, ხოლო ქმარი მოხუცებულია”.
15 . უთხრა ელისემ: "დაუძახე”. მოუხმო და დადგა კართან ქალი.
16 . უთხრა: "გაისად ამ დროს, ძეს ჩაიკონებ”. მიუგო ქალმა: "ნუ, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მოატყუებ შენს მხევალს”.
17 . დაორსულდა ის ქალი და ერთი წლის მერე ძე გააჩინა, როგორც ელისემ უთხრა.
18 . გაიზარდა ბიჭი და ერთ დღეს მამამისს გაჰყვა მომკელებთან.
19 . შესჩივლა მამამისს: "თავი მტკივა! თავი მტკივა! უთხრა მან მსახურს: "წაიყვანე დედამისთან”.
20 . წაიყვანა და დედას მიუყვანა. შუადღემდე მუხლებზე ეჯდა დედამისს და მოკვდა.
21 . ავიდა და ღვთისკაცის საწოლზე მიაწვინა ბავშვი, გამოიკეტა კარი და გამოვიდა.
22 . მოიხმო ქმარი და უთხრა: "გთხოვ, ვინმე მსახური და ერთი ვირი გამომიგზავნე, ღვთისკაცთან გავიქცევი და მოვბრუნდები”.
23 . ჰკითხა ქმარმა: "რისთვის მიდიხარ მასთან? არც ახალმთვარობაა დღეს და არც შაბათი!” უთხრა ქალმა: "მშვიდად იყავი!”
24 . შეკაზმა სახედარი და უთხრა მსახურს: "წაიყვანე და წინ წადი, ნუ შემაჩერებ, ვიდრე არ გეტყვი”.
25 . წავიდა და ქარმელის მთაზე მივიდა ღვთისკაცთან; შორიდან დაინახა იგი ღვთისკაცმა და უთხრა გეხაზს, თავის მსახურს: "აგერ, ის შუნამელი ქალი.
26 . ახლა გაიქეცი, შეეგებე და ჰკითხე, ხომ მშვიდობით ხართ შენ, შენი ქმარი და ბავშვი-თქო?” უპასუხა: "მშვიდობით”.
27 . როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: "დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
28 . უთხრა ქალმა: "განა მე ვითხოვე შვილი ჩემი ბატონისგან? აკი ვთქვი, ამაოდ ნუ დამპირდები-მეთქი”.
29 . უთხრა გეხაზს: "შემოისარტყლე, აიღე ჩემი კვერთხი და წადი. თუ ვინმეს შეხვდი, ნუ მიესალმები და თუ მოგესალმოს ვინმე, ნუ უპასუხებ. სახეზე დაადე ყრმას კვერთხი”.
30 . უთხრა ბიჭუნას დედამ: "ვფიცავ უფალს და ვფიცავ შენს სულს, თუ მიგატოვო!” ადგა ელისე და წაჰყვა.
31 . მათზე ადრე მივიდა გეხაზი და სახეზე დაადო ყრმას კვერთხი, მაგრამ არც ხმა გაისმა და არც ჩქამი. მობრუნდა მათთან შესახვედრად და შესჩივლა: "ვერ გაიღვიძა ყრმამ”.
32 . შევიდა ელისე სახლში და, აჰა, მკვდარია ყრმა, მის საწოლზეა მიწვენილი.
33 . შევიდა ოთახში, კარი შეიკეტა და ილოცა უფლის წინაშე.
34 . ადგა და ზემოდან დააწვა ყრმას; პირი პირზე დაადო, თვალები თვალებზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე, განერთხა მასზე და გათბა ყრმის სხეული.
35 . გაიარ-გამოიარა ოთახში და შემდეგ კვლავ განერთხა მასზე. შვიდჯერ დააცემინა ყრმამ და თვალები გაახილა.
36 . უთხრა ელისემ გეხაზს: "მოუხმე იმ შუნამელს”. მანაც მოუხმო. მივიდა ქალი და უთხრა ელისემ: "წაიყვანე შენი ძე”.
37 . მის ფერხთით დაემხო ქალი, მდაბლად მოიდრიკა, მერე აიყვანა თავისი ძე და ოთახიდან გავიდა.
38 . ელისე გილგალში დაბრუნდა. შიმშილი იყო იმ მიწაზე; მის წინაშე ისხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. უთხრა თავის მსახურს: "დიდი ქვაბი შემოდგი ცეცხლზე და შეჭამანდი მოხარშე წინასწარმეტყველთა ძეთათვის”.
39 . ერთი მათგანი ველზე გავიდა მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური მცენარე, მოკრიფა მისი ველური ნაყოფი, აივსო სამოსელი, მივიდა და წვრილად ჩააჭრა შეჭამანდის ქვაბში _ მათ კი არ იცოდნენ რა იყო.
40 . დაუსხეს კაცებს საჭმელად და შეჭამანდს რომ შეექცეოდნენ, შეჰყვირეს: "სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!” და ვეღარ შეძლეს ჭამა.
41 . თქვა ელისემ: "მოიტანეთ ფქვილი”. ჩაყარა ქვაბში და თქვა: "დაუსხი ხალხს, რათა ჭამონ”. საზიანო აღარაფერი დარჩა ქვაბში.
42 . კაცი მივიდა ბაყალ-შალიშადან და მიუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პურეულისგან: ქერის ოცი პური და ნედლი მარცვლეული გუდით. თქვა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ”.
43 . ჰკითხა მსახურმა: "განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: "მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.
44 . მისცა, ჭამეს და კიდეც დარჩათ, უფლის სიტყვისამებრ.
1 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ; მივიდა მასთან ესაია წინასწარმეტყველი, ძე ამოცისა, და უთხრა: "ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ”.
2 . გადაბრუნდა კედლისკენ ხიზკიაჰუ და ასე ილოცა უფლისადმი:
3 . "უფალო! ახლა გაიხსენე, როგორ ერთგულად და მთელი გულით დავდიოდი და კეთილად ვიქცეოდი შენ წინაშე”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4 . ჯერ შუა ეზოდან არ გასულიყო ესაია, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა:
5 . "დაბრუნდი და უთხარი ხიზკიაჰუს, ჩემი ხალხის მთავარს, ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: ვისმინე შენი ლოცვა, ვიხილე შენი ცრემლები. აჰა, განგკურნავ და ახვალ უფლის ტაძარში მესამე დღეს.
6 . თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს, გიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს; დავიცავ ამ ქალაქს ჩემთვის და ჩემი მსახური დავითისთვის”.
7 . თქვა ესაიამ: "აიღეთ ლეღვის ჩირი”. აიღეს, წყლულზე დაადეს და განიკურნა იგი.
8 . ჰკითხა ხიზკიაჰუმ ესაიას: "რა არის ნიშანი, რომ უფალი განმკურნავს და უფლის ტაძარში ავალ მესამე დღეს?”
9 . მიუგო ესაიამ: "ესაა შენთვის ნიშანი უფლისგან, რადგან აღასრულებს უფალი თავის ნათქვამს: ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი, თუ ათი საფეხურით უკან დაბრუნდეს?
10 . უპასუხა ხიზკიაჰუმ: "ადვილია აჩრდილის ათი საფეხურით წინ გადახრა; არა, ათი საფეხურით უკან მობრუნდეს ჩრდილი”.
11 . შეღაღადა ესაია წინასწარმეტყველმა უფალს და ათი საფეხურით უკან დააბრუნა ჩრდილი ახაზის გაკეთებულ მზის საათზე, როცა მასზე დაბლა ჩამოდიოდა.
12 . იმ დღეებში გაუგზავნა ბეროდახ-ბალადანმა, ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, წერილები და ძღვენი ხიზკიაჰუს, რადგან შეიტყო, რომ სნეულად იყო იგი.
13 . მოუსმინა ხიზკიაჰუმ წარმოგზავნილთ და უჩვენა მათ საუნჯეთა სახლი: ვერცხლი და ოქრო, სურნელებანი და საცხებელი ზეთები, თავისი საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც საგანძურში მოეპოვებოდა; არაფერი დარჩენილა თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში, რაც არ უჩვენებია მათთვის ხიზკიაჰუს.
14 . მოვიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიაჰუსთან და უთხრა: "რას ამბობდნენ ეს კაცები და საიდან მოვიდნენ შენთან?" უპასუხა ხიზკიაჰუმ: "შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან მოვიდნენ".
15 . ჰკითხა ესაიამ: "რა იხილეს შენს სახლში?” მიუგო ხიზკიაჰუმ: "ყველაფერი იხილეს, რაც ჩემს სახლშია; არაფერი დარჩენილა, რომ არ მეჩვენებინოს ჩემს საგანძურში”.
16 . უთხრა ესაიამ ხიზკიაჰუს: "ისმინე უფლის სიტყვა:
17 . აჰა მოდის დღეები და ყოველივე, რაც შენს სახლშია და რაც შენმა მამებმა დააგროვეს დღემდე - ბაბილონს იქნება წაღებული, არაფერი დარჩება! - ამბობს უფალი.
18 . შენს ძეებსაც, რომლებიც შეგეძინება, წაიყვანენ და საჭურისებად დააყენებენ ბაბილონის მეფის სასახლეში”.
19 . მიუგო ხიზკიაჰუმ ესაიას: "კეთილია უფლის სიტყვა, რომელიც წარმოთქვი”. თან დასძინა: "რადგან მშვიდობა და კეთილდღეობა იქნება ჩემს დღეებში!”
20 . ხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი გმირობანი, წყალი რომ გაიყვანა ქალაქში, წყალსატევი და არხი რომ ააშენა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
21 . განისვენა ხიზკიაჰუმ თავის მამებთან, მის ნაცვლად კი მისი ძე, მენაშე გამეფდა.
1 . 1. მგზავრები საღამო ხანს მიადგნენ ტიგროს-მდინარეს და იქ შეისვენეს. 2. ყმაწვილი რომ ჩავიდა განსაბანად, ამოხტა მდინარიდან თევზი და დააპირა შთაენთქა ყმაწვილი. 3. ანგელოზმა კი უთხრა მას: ამოიყვანე თევზი. დაიჭირა ყმაწვილმა თევზი და დააგდო მიწაზე. 4. უთხრა ანგელოზმა: გაკვეთე თევზი, ამოიღე გული, ღვიძლი და ნაღველი და ცალკე შეინახე. 5. შეასრულა ყმაწვილმა, რაც უთხრა ანგელოზმა. თევზი კი შეწვეს და შეჭამეს. 6. გაუდგნენ გზას ორივენი და მიადგნენ ეკბატანას. 7. უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, რა არის ეს თევზის გულ-ღვიძლი და ნაღველი? 8. უთხრა ანგელოზმა: გულ-ღვიძლი, თუკი ვინმვს ტანჯავს ეშმაკი, ან ბოროტი სული, უნდა უკმიო კაცს ან ქალს, და მეტად აღარ დაიტანჯება. 9. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება. 10. რაგეს რომ მიუახლოვდნენ, 11. უთხრა ანგელოზმა ყმაწვილს: ძმაო, შევისვენოთ რაღუელთან. ისიც ხომ შენი ნათესავია. ერთადერთი ასული ჰყავს მას, სახელად სარა. 12. სიტყვას ჩამოვუგდებ მასზე მის მშობლებს და მოგცემენ ცოლად, რადგან წესით შენ უნდა გერგოს იგი. აკი ერთადერთი შენა ხარ მისი გვარისა. 13. ახლა კი მისმინე: მე ჩამოვუგდებ სიტყვას მამამისს და რომ დავბრუნდებით რაგედან, გავმართოთ ქორწილი. რადგან ვიცნობ რაღუელს: მოსეს რჯულს არ გადავა და სხვა კაცს არ მისცემს თავის ასულს. რადგან სიკვდილის თანამდები იქნება, რადგან სხვებზე მეტად, წესით, შენ უნდა გერგოს იგი. 14. მაშინ უთხრა ყმაწვილმა ანგელოზს: ყაზარია, ძმაო, გამიგია, რომ ეს ქალიშვილი შვიდ ქმარს იყო აღთქმული და ყველა დაიღუპა სანთიობაში. 15. მე კი ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და მეშინია, არ მოვკვდე სასიძოდ მისულ წინამორბედთა მსგავსად. ეს ქალი ხომ უყვარს ეშმაკს, რომელიც მხოლოდ იმას ერჩის, ვინც ამ ქალს მიეკარება. მეც მეშინია, არ მოვკვდე და არ გავუმწარო სიცოცხლე ჩემზე დარდით მამაჩემსა და დედაჩემს სიკვდილის წინ. 16. უთხრა მას ანგელოზმა: ნუთუ არ გახსოვს სიტყვა, მამაშენმა რომ დაგაბარა, შენი გვარის ცოლი უნდა მოიყვანოო? ახლა მისმინე, ძმაო, რაკი შენთვის ცოლად არის იგი განკუთვნილი, ეშმაკის შიში ნუ გექნება - იმავე ღამეს მოგეცემა ის ასული ცოლად. 17. როგორც კი შეხვალ სანთიობოში, აიღე სასაკმევლედან ნაკვერჩხალი და მოუკიდე თევზის გულღვიძლს და აკმიე. სუნი რომ ეცემა ეშმაკს, გაიქცევა და აღარ დაბრუნდება უკუნისამდე. 18. როცა დააპირებ ქალთან მიახლოებას, ორივენი შეევედრეთ მოწყალე ღმერთს, და გიხსნით და შეგიწყალებთ. ნურაფრის გეშინია, რადგან შენთვის არის განკუთვნილი ეს ქალი უკუნისამდე და შენ იხსნი მას. შენ გამოგყვება და მჯერა, რომ შვილები გეყოლება მისგან. 19. ეს რომ მოისმინა ტობიამ, შეიყვარა ქალი და მისი სული ძლიერ მიეწება მას.
1 . 1. დაასრულა ტობითმა აღსარება. 2. ორმოცდათვრამეტი წლისა იყო, როცა დაკარგა თვალისჩინი და რვა წლის მერე აეხილა თვალი. გაიღო მრავალი მოწყალება და შეემატა უფლის, ღვთის შიში და მოწიწება მისდამი. 3. ღრმად მოხუცდა და მოუხმო თავის ძეს მისი შვილებითურთ და უთხრა: შვილო, წაიყვანე შენი შვილები. აჰა, მოვხუცდი და ვეთხოვები სიცოცხლეს. 4. წადი მიდიაში, შვილო, რადგან მჯერა, რაც იონა წინასწარმეტყველმა თქვა ნინევეზე, დაემხობაო იგი. მიდიაში კი მშვიდობა იქნება, ვიდრე ჟამი მოუწევდესო, ჩვენი ძმები მადლიანი ქვეყნიდან განიფანტებიანო, იერუსალიმი გაუკაცრიელდება და გადაიბუგება ღვთის სახლი და უკაცრიელი იქნება, ვიდრე არ მოვაო მისი ჟამი. 5. მერე კვლავ შეიწყალებს მათ ღმერთი და დააბრუნებს აღთქმულ მიწაზე და ააშენებენ სახლს, არა წინანდელის მსგავსს, ვიდრე საუკუნის დრო-ჟამი ამოიწურებოდეს. ამის შემდეგ დაბრუნდებიან ტყვეობიდან და ააშენებენ იერუსალიმს პატიოსნად, აშენდება მასში ღვთის სახლი საუკუნის ყოველი მოდგმისთვის - დიდებული სახლი, როგორც ამას გვაუწყებენ წინასწარმეტყველნი. 6. ყოველი ხალხი მოიქცევა უფლის, ღვთის შიშისკენ ჭეშმარიტებით, დაამხობენ თავიანთ კერპებს და განადიდებს ყოველი ხალხი უფალს. 7. მისი ერი აღიარებს ღმერთს და აღამაღლებს უფალი თავის ერს და გაიხარებენ უფლის, ღვთის ყოველნი მოყვარულნი ჭეშმარიტებითა და სიმართლით, მოწყალების გამღებნი ჩვენი ძმებისთვის. 8. ახლა, შვილო: წადი ნინევედან, რადგან ჭეშმარიტად აღსრულდება, რაც გვაუწყა წინასწარმეტყველმა იონამ. 9. ხოლო შენ დაიცავი რჯული და მცნებები და იყავი მოწყალებისა და სიმართლის მოყვარული, რათა შენც კარგად იყო. დამარხე დედაშენიც ჩემთან ერთად და ნუღარ დაყოვნდები ნინევეში. 10. იცოდე, შვილო, რა გაუკეთა ჰამანმა აქიაქაროსს, თავის გამზრდელს, ნათელიდან წყვდიადში რომ შეიყვანა იგი. როგორ მიეზღო მას: აქიაქაროსი გადარჩა, მას კი საკადრისად მიეზღო - ჩავიდა შავეთში. მენაშემ გაიღო მოწყალება და გადაურჩა აქიაქაროსი სიკვდილის მახეს, რომელიც მისთვის იყო დაგებული, ჰამანი კი გაება მახეში და დაიღუპა. 11. ახლა შვილო: ხომ ხედავ რა ძალა აქვს მოწყალებას და როგორ იხსნის კაცს სამართალი. ამას რომ ამბობდა, დასტოვა იგი სულმა სარეცელზე. ას ორმოცდათვრამეტი წლისა იყო და პატივით დამარხეს იგი. 12. როცა მოკვდა ხანა, დამარხა ტობიამ იგი მამამისთან ერთად, და წავიდა თავისი ცოლ-შვილითურთ ეკბატანაში რაღუელთან, თავის სიმამრთან. 13. მიაწია ღირსეულ სიბერემდე და პატივით დამარხა თავისი სიმამრი და დაიმკვიდრა მისი და მამამისის, ტობითის ქონება. 14. მოკვდა ას ოცდა შვილი წლისა მიდიის ეკბატანში. 15. ვიდრე მოკვდებოდა, ეუწყა მას დაღუპვა ნინევესი, რომელიც წარტყვევნეს ნაბუქოდონოსორმა და ახაშვეროშმა. სიკვდილამდე გაიხარა ნინევეს ტყვეობაზე.
1 . 1. ფხიზლობა სიმდიდრის გამო ხორცს განლევს და მასზე ზრუნვა ძილს აფრთხობს. 2. ფხიზელი ზრუნვა რულს განაგდებს და მძიმე სნეულებას ძილი მიაქვს. 3. დაშვრება მდიდარი დოვლათის მოხვეჭაში და განსვენების ჟამს გულსაც მოიჯერებს ნაჭირნახულევით. 4. დაშვრება ღატაკი ცხოვრების სიდუხჭირეში და განსვენების ჟამსაც ღატაკად დარჩება. 5. ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე წყალობით აერევა გზა-კვალი. 6. მრავალნი დაეცნენ ოქროს გულისთვის და მათსავე თვალწინ მოხდა მათი დამხობა. 7. იგი შებრკოლების ძელია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით. 8. ბედნიერია მდიდარი, რომელიც უმწიკვლო აღმოჩნდა და რომელიც უკან არ გამოდგომია ოქროს. 9. ვინ არის იგი? ნეტარად შევრაცხავთ მას, რადგან სასწაულები მოახდინა თავის ხალხში. 10. ვინ გამოიცადა ოქროთი და მაინც უმწიკვლო დარჩა? იყოს ეს მისთვის საამაყო. ვინ იყო, რომ შეეძლო ცოდვის ქმნა და არ შესცოდა? ბოროტება ჩაედინა და არ ჩაიდინა? 11. მყარი იქნება მისი ქონება და მის მოწყალებებს გამოაცხადებს საკრებულო. 12. მდიდრულ სუფრას მიუჯექი? ნუ დააღებ პირს და ნუ იტყვი: რა უხვი სუფრააო. 13. გახსოვდეს, რომ ცუდია ხარბი თვალი. თვალზე უფრო გაუმაძღარი რა შექმნილა? ამიტომაც მისტირის ყველაფერს, რასაც კი ხედავს. 14. საითკენაც გაიხედავს, ხელს ნუ გაიწოდებ, და ლანგარზე ნუ შეეხლები მეზობლის ხელს. 15. მახლობელზე საკუთარი თავის მიხედვით იმსჯელე და ყოველ საქმეს დაუფიქრდი. 16. როგორც კაცმა, ისე შეჭამე, რაც წინ გიწყვია და ნუ იცოხნები, რომ არ შეგიძაგონ. 17. პირველმა შეწყვიტე ჭამა ზრდილობის გამო და გაუმაძღარი ნუ იქნები, რომ არასოდეს ჩავარდე საცთურში. 18. თუ მრავალთა შორის დაჯდები, ხელს პირველი ნუ გაიწოდებ. 19. კარგად აღზრდილი კაცი მცირედსაც იკმარებს და საწოლზე ქშენას არ მოჰყვება. 20. ჯანსაღი ძილი ზომიერ კუჭზეა; დილით ადრე ადგება და მასთანაა მისი სული. გაუმაძღარ კაცს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა გასტანჯავს. 21. სასმელ-საჭმელი თუ დაგამძიმებს, სუფრიდან ადექი და შეისვენე. 22. მისმინე, შვილო, და ნუ უგულებელმყოფ მე და ბოლოს დააფასებ ჩემს სიტყვებს. ყველა შენს საქმეში სიფრთხილით იყავი და არავითარი ისინი არ შეგეყრება. 23. პურადს ბაგენი დალოცავენ და მოწმობა მისი სიკეთისა სარწმუნოა. 24. პურადძვირზე ქალაქი დრტვინვას დაიწყებს და მტკიცება მისი სიავისა სწორია. 25. ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს. 26. ფოლადის სიმტკიცეს ქურა გამოცდის, ქედმაღალთა გულებს კი - ღვინო ჩხუბში. 27. კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა. 28. გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო. 29. სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში. 30. სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ, ართმევს ძალასა და ჭრილობებს აყენებს. 31. ნუ ამხილებ მახლობელს ნადიმზე ღვინის სმისას და მხიარულებაში მყოფს ნუ დაამცირებ; ნუ დაუწყებ საყვედურს და თხოვნით ნუ შეაწუხებ.
1 . ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი - როგორც ძმები,
2 . დედაკაცები - როგორც დედები, ყმაწვილქალები - როგორც დები, მთელი სიწმიდით.
3 . პატივი ეცი ქვრივებს, რომლებიც ნამდვილი ქვრივები არიან.
4 . ხოლო თუ შვილები ან შვილიშვილები ჰყავს ქვრივს, უწინარეს ყოვლისა, ისწავლონ თავიანთი ოჯახის პატივისცემა და მშობლებისთვის სამაგიეროს მიგება, ვინაიდან ეს კეთილი და მოსაწონია ღვთისათვის.
5 . ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
6 . განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
7 . ეს ამცნე, რათა ბრალდაუდებელნი იყვნენ.
8 . ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.
9 . ქვრივებად უნდა ჩაითვალონ არანაკლებ სამოცი წლისანი, ერთი ქმრის ნაცოლარნი,
10 . თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.
11 . ახალგაზრდა ქვრივები კი არ მიიღო, რადგან, როცა ქრისტეს საწინააღმდეგო აღგზნება დაეუფლებათ, გათხოვება უნდებათ.
12 . ისინი განისჯებიან, ვინაიდან უარყვეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.
13 . და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
14 . ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.
15 . ვინაიდან ზოგიერთი მათგანი სატანის კვალს გაჰყვა.
16 . თუ რომელიმე მორწმუნე კაცს ან ქალს ჰყავს ქვრივი ახლობლები, დაეხმაროს მათ, რათა ტვირთად არ დააწვნენ ეკლესიას და ნამდვილ ქვრივებს მიეხედოს.
17 . ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.
18 . ვინაიდან წერილი ამბობს: "პირს ნუ აუკრავ მეკალოე ხარს”; და კიდევ: "მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.
19 . ხუცესებზე ბრალდებას ნუ მიიღებ, თუ ორი ან სამი მოწმე არ იქნება.
20 . შემცოდენი ამხილე ყველას წინაშე, რათა სხვებმაც იქონიონ შიში.
21 . ვმოწმობ ღმერთის, უფალ იესო ქრისტესა და რჩეულ ანგელოზთა წინაშე, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ჩემი რჩევები და მიკერძოებით არაფერი გააკეთო.
22 . არავის დაასხა ხელი ნაჩქარევად და სხვათა ცოდვების მოზიარე არ გახდე; წმიდად შეინახე თავი.
23 . ამიერიდან მარტო წყალს ნუღარ დალევ, ცოტა ღვინოც იხმარე შენი კუჭისა და შენი ხშირი უძლურების გამო.
24 . ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარვე ცხადნი არიან და სამსჯავროსკენ მიუძღვიან წინ, ზოგიერთს კი უკან მისდევენ.
25 . ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან, და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან.
1 . იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: "ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”
2 . კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს;
3 . ამბობდა: "გევედრები, გაიხსენე უფალო, ჭეშმარიტებით და მთელი გულით რომ დავდიოდი შენ წინაშე და კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში”. მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ.
4 . და იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ. ეთქვა:
5 . "წადი და უთხარი ხიზკიაჰუს, ასე ამბობს-თქო უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: "შევისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და აჰა, კიდევ თხუთმეტ წელს შევმატებ შენს დღეებს.
6 . დაგიხსნით აშურის მეფის ხელიდან შენ და ამ ქალაქს და დავიცავ ამ ქალაქს”.
7 . ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისგან, რომ შეასრულებს უფალი სიტყვას, რომელიც წარმოსთქვა:
8 . "აჰა, უკან დავაბრუნებ მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზიას საფეხურებზე, ათი საფეხურით უკან დავაბრუნებ”. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, უკვე ჩავლილი რომ ჰქონდა.
9 . ხიზკიაჰუს, იუდას მეფის წერილი, როცა სნეული იყო და განიკურნა სნეულებისგან.
10 . ვთქვი: "ჩემი ცხოვრების შუაძალს შავეთის კარიბჭეში შევდივარ; წამერთვა დარჩენილი წლები”.
11 . ვთქვი: "ვეღარ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის.
12 . მწყემსის კარავივით ამოიძირკვა ჩემი სამკვიდრო და გამეცალა; მქსოველივით ვახვევდი ჩემი ცხოვრების ძაფს, სართავის ძირშივე მოვიკვეთე; დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი.
13 . დილამდე ველოდი, ლომივით შემიმუსრა ყველა ძვალი, დღედაღამ ველოდი, რომ ბოლოს მომიღებდი;
14 . როგორც მერცხალი, როგორც წერო, ისე ვჭყიოდი; მტრედივით ვკვნესოდი და ცისკენ მქონდა თვალები აპყრობილი; უფალო, მიჭირს, მიშველე;
15 . რა ვთქვა? მითხრა და თვითონვე აღასრულა; ვიხეტიალებ მთელი წლები სულის სიმწარეში.
16 . უფალო! ამით ცოცხლობენ ადამიანები და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე; გამაჯანსაღე და გამაცოცხლე.
17 . აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
18 . რადგან საფლავი ვერ შეგაქებს, სიკვდილი ვერ შეგასხამს ხოტბას და საფლავში ჩამავალნი ვერ დაიმედდებიან შენს ერთგულებაზე.
19 . ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.
20 . უსათუოდ გადამარჩენს უფალი და ჩვენც ავაჟღერებთ ჩემს საკრავებს მთელი სიცოცხლე უფლის სახლში”.
21 . თქვა ესაიამ: "მოუტანეთ ლეღვის კვერი, დაადეთ წყლულზე და იცოცხლებს”.
22 . თქვა ხიზკიაჰუმ: "რა იქნება იმის ნიშნად, რომ შევძლებ უფლის სახლში ასვლას?”