1 . კიდევ შეირთო ცოლი აბრაჰამმა, სახელად კეტურა.
2 . და შვა მან ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3 . იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი.
4 . მიდიანის ძენი: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ესენი იყვნენ კეტურას შვილები.
5 . და მისცა აბრაჰამმა ისაკს ყველაფერი, რაც გააჩნდა.
6 . ხოლო თავის ხარჭათა შვილებს, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ, თავის სიცოცხლეშივე დაურიგა აბრაჰამმა საჩუქრები და თავისი ძის - ისაკისგან შორს, აღმოსავლეთის მხარეში გაუშვა.
7 . და იცოცხლა აბრაჰამმა ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8 . ტკბილ სიბერეში აღესრულა აბრაჰამი, მოხუცებული და დღეებით მაძღარი; და შეერთო თავის ხალხს.
9 . დაკრძალეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოყარის ძისეულ მინდორზე, მამრეს მოპირდაპირედ.
10 . მინდორზე, რომელიც ხეთელებისგან იყიდა აბრაჰამმა. იქ დაიკრძალნენ აბრაჰამი და სარა, მისი ცოლი.
11 . აკურთხა ღმერთმა აბრაჰამის სიკვდილის შემდეგ ისაკი, მისი ძე. და დამკვიდრდა ისაკი ბეერ-ლახაი-როისთან.
12 . ეს არის აბრაჰამის ძის, ისმაელის შთამომავლობა რომელიც უშვა მას ეგვიპტელმა ჰაგარმა, სარას მხევალმა.
13 . ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთი მოდგმის მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, მერე კედარი, ყადბეელი და მიბსამი,
14 . მიშმაყი, დუმა, მასა,
15 . ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16 . ესენი იყვნენ ისმაელის ძენი, ეს იყო მათი სახელები მათ სოფლებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი თავ-თავისი ტომისა.
17 . იცოცხლა ისმაელმა ას ოცდაჩვიდმეტი წელი; გარდაიცვალა და შეერთო თავის ხალხს.
18 . და ბინადრობდნენ ისინი ხავილადან შურამდე, ეგვიპტის პირდაპირ, აშურის მიმართულებით. ყველანი ერთმანეთის პირისპირ დამკვიდრდნენ.
19 . აი, ისაკის, აბრაჰამის ძის, შთამომავლობა. აბრაჰამმა შვა ისაკი.
20 . და იყო ისაკი ორმოცი წლისა, როდესაც ცოლად შეირთო რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21 . ემუდარებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი; ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22 . მაგრამ ერთმანეთს ეხლებოდნენ ძენი მის მუცელში და თქვა მან: "თუ ასეა, რატომ ჩამესახნენ?” და წავიდა უფალთან შესაკითხად.
23 . უთხრა უფალმა: "ორი ერია შენს მუცელში, ორი ხალხი გამოვა შენი საშოდან. ერთი მეორეზე ძლიერი იქნება და უფროსი დაემონება უმცროსს”.
24 . დადგა მშობიარობის ჟამი და, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25 . გამოვიდა პირველი მთლად წითური, თითქოს ბეწვის ქურქით შემოსილი; და სახელად ესავი უწოდეს
26 . მერე მისი ძმა გამოვიდა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და სახელად იაკობი უწოდეს; სამოცი წლის იყო მაშინ ისაკი.
27 . გაიზარდნენ ყმაწვილები; მარჯვე მონადირე დადგა ესავი - კაცი ველისა; იაკობი კი მშვიდი კაცი იყო, კარვების მკვიდრი.
28 . უყვარდა ისაკს ესავი, რადგან მის ნანადირევს ჭამდა. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29 . ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა.
30 . უთხრა ესავმა იაკობს: "გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი.
31 . უთხრა იაკობმა: "მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.
32 . და თქვა ესავმა: "აჰა, სიკვდილის პირას ვარ, რაღად მინდა პირმშოობა?”
33 . უთხრა იაკობმა: "შემომფიცე!” მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოება.
34 . მისცა იაკობმა ესავს პური და ოსპის შეჭამანდი; ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოება.
1 . მივუბრუნდი და ვნახე, ყოველი ძალადობა, რაც მზისქვეშეთში ხდება: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და ნუგეშისმცემელი არა ჰყავთ მათ! მჩაგვრელთა ხელთ არის ძალა, ნუგეშისმცემელი კი არა ჰყავთ მათ.
2 . და ცოცხლებზე უფრო იღბლიანებად მკვდრები ჩავთვალე, რომლებიც უკვე დაიხოცნენ, იმათზე მეტად, დღემდე ცოცხლები რომ არიან.
3 . ამ ორზე კარგად კი ის არის, ვინც ჯერ არ გაჩენილა, ვისაც არ უხილავს ის ბოროტება, მზისქვეშეთში რომ ხდება.
4 . და ვიხილე, რომ ყოველგვარი შრომა და წარმატება საქმეში, კაცის ქიშპობაა მისი მოყვასისადმი; ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
5 . ბრიყვს გულზე ხელები დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
6 . ერთი მუჭა სიმშვიდე სჯობს, ორ მუჭა გარჯას და ქარის დევნას.
7 . და კვლავ ვიხილე ამაოება მზისქვეშეთში.
8 . იყო კაცი მარტოხელა: არც ძე ჰყავდა, არც - ძმა, მის შრომას კი ბოლო არ უჩანდა და ვერც მისი თვალები ძღებოდა სიმდიდრით. "ვისთვის ვშრომობ და სიკეთეს რისთვისღა ვაკლებ ჩემს სულს?” - ესეც ამაოება და ავი საქმეა!
9 . ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი საზღაური აქვთ თავის შრომაში.
10 . თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის მეგობარს, მაგრამ ვაი მარტოხელას, დაეცემა და არავინა ჰყავს წამომყენებელი.
11 . დიახ, თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან, მარტოხელა კი როგორ გათბება?
12 . თუ ერთს დაჯაბნის ვინმე, ორნი აღსდგებიან მის წინააღმდეგ; სამმაგი თოკი მალე არ გაწყდება.
13 . ღატაკი, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი სჯობს, მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც აღარ ისმენს რჩევას,
14 . რადგან ჭაბუკი საპყრობილედან გამოვა გასამეფებლად, თუმცა ღატაკად იყო შობილი იმ სამეფოში.
15 . ვიხილე, რომ ყოველი, ამ მზისქვეშეთში მცხოვრები და მოარული, ამ მეორე ჭაბუკის მხარეს დგანან, რომელიც მის ნაცვლად დადგება.
16 . ბოლო არ უჩანს იმ ხალხს, ვისაც ის წარუძღვება, თუმცა მოვლენ სხვანი მათ შემდგომ და არ გაიხარებენ მისით, რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
1 . იმ ჟამს მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: "ვინ უფრო დიდია ცათა სამეფოში?”
2 . იესომ დაუძახა ბავშვს და მათ შორის ჩააყენა.
3 . თქვა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ისე არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში.
4 . ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.
5 . ვინც მიიღებს ერთ ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მღებულობს.
6 . ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა ჰკიდებოდა კისერზე და ზღვის სიღრმეში ჩაძირულიყო.
7 . ვაი წუთისოფელს ცდუნებათა გამო, რადგან ცდუნებები იქნება, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც ცდუნება წამოვა.
8 . თუ შენი ხელი ან შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე. გიჯობს უხელო ან უფეხო შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით ან ორი ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.
9 . თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე. ცალი თვალით შესვლა გერჩივნოს სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.
10 . ფრთხილად, აბუჩად არ აიგდოთ არც ერთი ამ მცირეთაგანი. გეუბნებით თქვენ, რომ მათი ანგელოზები ზეცაში გამუდმებით უყურებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს.
11 . ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
12 . როგორ ფიქრობთ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, განა მთაში არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა გზააბნეულის მოსაძებნად?
13 . თუ მოხდება და იპოვის, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უფრო მეტად გაიხარებს მასზე, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტზე, რომლებსაც გზა არ აბნევიათ.
14 . ასევე არ უნდა თქვენს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ მცირეთაგანნი.
15 . თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
16 . ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.
17 . თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
18 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ხოლო რასაც გახსნით დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც.
19 . ასევე ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება დედამიწაზე ნებისმიერ რამეზე და ითხოვენ, მიეცემათ მათ ჩემი მამისგან, რომელიც ზეცაშია.
20 . ვინაიდან, სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის”
21 . მაშინ მივიდა მასთან პეტრე და ჰკითხა: "უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდავს? შვიდჯერ?”
22 . უთხრა მას იესომ: "არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ.
23 . ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც ანგარიშის გასწორება ისურვა თავის მონებთან.
24 . ანგარიშსწორება რომ დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი, რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა.
25 . და რაკი არაფერი გააჩნდა, რომ გადაეხადა, ბრძანა ბატონმა გაეყიდათ იგი, მისი ცოლი, შვილები და ყოველივე, რაც ებადა, რომ ვალი დაეფარა.
26 . მაშინ პირქვე დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემ მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
27 . შეებრალა ბატონს ის მონა, გაუშვა და ვალიც აპატია.
28 . ამ მონამ გამოსვლისთანავე იპოვა ერთი თავისი თანამონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა; დაიჭირა, ყელში სწვდა და უთხრა: გადამიხადე, რაც გმართებსო.
29 . პირქვე დაემხო ამხანაგი, შეევედრა და უთხრა: სულგრძელი იყავ ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო.
30 . მაგრამ მან არ ინება, არამედ წავიდა და ჩააგდებინა იგი საპყრობილეში, ვიდრე ვალს გადაუხდიდა.
31 . მისმა თანამონებმა რომ ნახეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ, მივიდნენ თავიანთ ბატონთან და ყოველივე აუწყეს.
32 . მაშინ დაიბარა იგი მისმა ბატონმა და უთხრა: ბოროტო მონავ! რაკი მთხოვე, მე მთელი ვალი გაპატიე.
33 . განა არ გმართებდა, ისევე შეგეწყალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიწყალე?
34 . განრისხდა ბატონი და გადასცა იგი მტანჯველებს, ვიდრე მთელ ვალს არ გადაუხდიდა.
35 . ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ ყოველი თქვენგანი გულით არ მიუტევებს თავის ძმას მის შეცოდებებს”.
1 . ასევე თქვენ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სიტყვას, უსიტყვოდ იქნენ შეძენილნი ცოლების ქცევით,
2 . იხილავენ რა თქვენს სუფთა და მოშიშ ქცევას.
3 . ზედაპირული ნუ იქნება თქვენი მშვენება: თმის ნაწნავებში, ოქროს სამკაულებსა ან ჩაცმულობაში,
4 . არამედ შინაგან, დაფარულ კაცში, უხრწნელ სილამაზეში, ფაქიზ და მშვიდ სულში, რაც ესოდენ ძვირფასია ღმერთის წინაშე.
5 . ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.
6 . როგორც სარა დაემორჩილა და ბატონი უწოდა აბრაჰამს, ვისი შვილებიც ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
7 . ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.
8 . და ბოლოს, იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათამოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი,
9 . ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.
10 . რადგან ვისაც უყვარს სიცოცხლე და კეთილდღეობის ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან მზაკვრულს.
11 . ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, მშვიდობას ეძიებდეს და მისკენ ისწრაფოდეს,
12 . რადგან უფლის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი - მათი ვედრების მიმართ; ხოლო მისი სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა.
13 . ბოროტს ვინ გაგიკეთებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
14 . მაგრამ ნეტარნი ხართ, სიმართლისთვის ტანჯვაც რომ მოგიწიოთ. მათი შიშით ნუ შეშინდებით და ნურც შეძრწუნდებით.
15 . წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
16 . კეთილი სინდისი იქონიეთ, რათა ისინი, რომლებიც თქვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, შერცხვნენ თავიანთი სიტყვების გამო, როდესაც თქვენს კეთილ ცხოვრებას დაინახავენ ქრისტეში.
17 . რადგან, თუ ღმერთს ნებავს, უმჯობესია კარგი საქმეების გამო იტანჯოთ, ვიდრე ბოროტ საქმეთა გამო.
18 . რადგან ერთხელ ქრისტეც მოკვდა ჩვენი ცოდვების გამო, მართალი - უმართლოთა გამო, რათა ღმერთთან მივეყვანეთ; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით,
19 . რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში მყოფ სულებს -
20 . ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;
21 . ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,
22 . რომელიც ღმერთის მარჯვნივ არის მას შემდეგ, რაც ზეცად ამაღლდა, რომელსაც დაემორჩილნენ ანგელოზნი, ხელმწიფებანი და ძალნი.
1 . რაც შეეხება იმას, თქვენ რომ მომწერეთ: კაცისთვის კარგია არ გაეკაროს დედაკაცს.
2 . მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს - თავისი ქმარი.
3 . ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს.
4 . ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ცოლი.
5 . ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით.
6 . ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით.
7 . ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი ისე იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისგან, ზოგს - ასე და ზოგს - ისე.
8 . ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ვეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავით დარჩნენ.
9 . მაგრამ თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ.
10 . ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
11 . ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს.
12 . სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას;
13 . დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს.
14 . რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
15 . მაგრამ თუ ურწმუნოს გაყრა სურს, გაეყაროს; ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.
16 . რადგან, რა იცი შენ ცოლო, თუ იხსნი ქმარს? ანდა რა იცი შენ ქმარო, თუ იხსნი ცოლს?
17 . თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული - როგორც უფალმა მოუწოდა. ასე ვუწესებ ყოველ ეკლესიას.
18 . თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს; თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს.
19 . არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა.
20 . თითოეული იმ მოწოდებაში დარჩეს, რომლითაც მოუწოდეს.
21 . თუ მონობაში მყოფს მოგიწოდეს, ნუ ითაკილებ; მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო.
22 . ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი - ქრისტეს მონაა.
23 . ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.
24 . ძმებო, რა მდგომარეობაშიც იქნა მოწოდებული თითოეული, ისე დარჩეს ღმერთთან.
25 . ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.
26 . ვფიქრობ, რომ ახლანდელი გაჭირვებისას ადამიანისთვის უმჯობესია დარჩეს როგორც არის.
27 . თუ შეუღლებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ; ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ.
28 . თუმცა ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი ჭირი ექნებათ და ამისთვის არ მეთმობით.
29 . ხოლო ამას გეტყვით ძმანო: დრო შემოკლდა, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები ისე უნდა იყვნენ, როგორც უცოლონი.
30 . მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;
31 . ამ ქვეყნიერებით მოსარგებლენი, თითქოს სრულად არ სარგებლობენ მისით; რადგან წარმავალია ქვეყნიერების ამჟამინდელი სახე.
32 . მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს;
33 . ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ცოლს.
34 . ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.
35 . ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმიტომ, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმიტომ რომ ღირსეულად მოიქცეთ და განუწყვეტლივ, დაუბრკოლებლად ემსახუროთ უფალს.
36 . თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი ქალწულობა ახალგაზრდობის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს; დაე, დაქორწინდნენ ასეთნი.
37 . ხოლო ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა.
38 . ამიტომ ვინც შეაუღლებს თავის ქალწულს, კარგად მოიქცევა, ხოლო ვინც არ შეაუღლებს, უკეთესად მოიქცევა.
39 . ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია - გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.
40 . მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.