1 . გუნდის ლოტბარს, გალობა კორახის ძეთა, ალამოთის საკრავზე. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, შემწე გაჭირვებაში, საძებარი ფრიად.
2 . ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც პირი იცვალოს ქვეყნიერებამ და მთები დაიძრნენ ზღვათა გულისაკენ.
3 . იხმაურებენ, იბობოქრებენ წყალნი მათნი, მთები შეირყევიან მათი მედიდურობით. სელა.
4 . მდინარე, მისი ნაკადები გაახარებენ ღმერთის ქალაქს, წმიდა სადგომს ზენაარისას.
5 . ღმერთი მის შუაგულშია; არ წაბორძიკდება, ღმერთი შეეწევა მას გარიჟრაჟზე.
6 . ახმაურდნენ ხალხები, შეიძრნენ სამეფონი, გამოსცა ხმა - გაქრა ქვეყანა.
7 . ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
8 . მოდით, იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა.
9 . შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით.
10 . შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი; ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.
11 . ძალთა უფალი ჩვენთან არის; ჩვენი ბურჯია ღმერთი იაკობისა. სელა.
1 . "ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 . მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ.
3 . როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4 . და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”.
5 . უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”
6 . უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
7 . მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
8 . უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”.
9 . უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
10 . ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11 . მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13 . რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14 . თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.
15 . თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
16 . მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
17 . ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
18 . ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19 . კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.
20 . იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.
21 . ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
22 . იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?”
23 . მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
24 . ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25 . ეს გელაპარაკეთ თქვენთან ყოფნისას.
26 . ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
27 . მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28 . ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
29 . ახლა გითხარით ეს, სანამ ამხდარა, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 . ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
31 . მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.
1 . და მეც, თქვენთან მოსვლისას, ძმებო, მაღალფარდოვანი სიტყვითა და სიბრძნით არ მოვსულვარ ღვთის მოწმობის გასაცხადებლად,
2 . რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა.
3 . ვიყავი თქვენთან უძლურებით, შიშითა და დიდი თრთოლვით.
4 . ჩემი სიტყვა და ქადაგება ჩემი სიბრძნის დამარწმუნებელი სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოვლინებით,
5 . რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.
6 . ხოლო სიბრძნეს ვლაპარაკობთ მოწიფულთა შორის, ოღონდ არა სიბრძნეს ამ წუთისოფლისას ან წუთისოფლის მთავრებისას, რომლებიც წარმავალნი არიან,
7 . არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.
8 . რაც ვერავინ შეიცნო წუთისოფლის მთავართაგან; ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.
9 . მაგრამ, როგორც წერია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს.
10 . ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
11 . რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.
12 . ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
13 . რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
14 . მშვინვიერი ადამიანი კი არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულისგანაა, ვინაიდან სისულელედ მიაჩნია და არ ძალუძს გაგება, რადგან სულიერად განისჯება.
15 . ხოლო სულიერი ყოველივეს განსჯის, თავად კი არავისგან განისჯება.
16 . ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ განსაჯოს იგი? ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს!
1 . ვამბობ: მემკვიდრე-მეთქი, მაგრამ ვიდრე ის ჩვილია, არაფრით განირჩევა მონისგან, თუმცა ყოვლის მფლობელია.
2 . არამედ აღმზრდელთა და მოურავთა ხელქვეით იმყოფება იგი მამამისის მიერ დანიშნულ ვადამდე.
3 . ასევე ჩვენც, ვიდრე ყრმანი ვიყავით, წუთისოფლის წესებს ვემონებოდით.
4 . და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
5 . რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა შვილობა მიგვეღო.
6 . და რაკიღა თქვენ ძენი ხართ, ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული, რომელიც შესძახის: "აბბა, მამაო!”
7 . ამიტომ, უკვე აღარ ხარ მონა, არამედ ძე, ხოლო თუ ძე, მემკვიდრეც ხარ ღვთის მიერ.
8 . თუმცა მაშინ, როცა არ იცნობდით ღმერთს, ემსახურებოდით მათ, რომლებიც ბუნებით ღმერთები არ არიან.
9 . ახლა კი, როცა ღმერთი იცანით, უფრო მეტიც, როცა ღვთისგანაც შეცნობილი ხართ, როგორღა უბრუნდებით უძლურ და ღატაკ საწყისებს და გინდათ ხელახლა დაემონოთ მათ?
10 . დღეებს აკვირდებით და თვეებს, ჟამსა და წელიწადებს.
11 . ვშიშობ, ამაოდ ხომ არ გავისარჯე თქვენ შორის!
12 . გახდით ჩემნაირნი, როგორც მე - თქვენნაირი, ძმებო გევედრებით, ცუდად არაფერში მომქცევიხართ.
13 . იცით, რომ ხორცის უძლურებით გახარეთ პირველად.
14 . და არ მოიძულეთ ჩემი განსაცდელი სხეულში, არც უგულებელყავით, არამედ მიმიღეთ როგორც ღვთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
15 . სად არის თქვენი მაშინდელი ნეტარება! ვამოწმებ თქვენზე: რომ შეგძლებოდათ, თვალებს ამოითხრიდით და მე მომცემდით.
16 . მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?
17 . სასიკეთოდ როდი არიან თქვენთვის მოშურნენი, არამედ სურთ თქვენი დაცილება ჩვენგან, რათა მათთვის გქონდეთ მოშურნეობა.
18 . კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
19 . ჩემო შვილებო, რომელთათვისაც ჯერაც განვიცდი მშობიარობის ტკივილებს, ვიდრე თქვენში ქრისტე გამოისახება.
20 . ვისურვებდი თქვენთან ყოფნას და კილოს შეცვალას, ვინაიდან გაოგნებული ვარ თქვენ გამო.
21 . მითხარით, ვისაც რჯულის ქვეშ ყოფნა გსურთ, განა არ უსმენთ რჯულს?
22 . ვინაიდან დაწერილია, რომ ორი ძე ჰყავდა აბრაჰამს, ერთი მხევლისგან, მეორე კი - თავისუფლისგან.
23 . მაგრამ მხევლისგან გამოსული ხორციელად იყო შობილი, ხოლო თავისუფლისგან გამოსული - აღთქმის მიხედვით.
24 . ამაში არის ქარაგმა. ეს არის ორი აღთქმა: ერთი სინაის მთიდან, რომელიც მონობისთვის შობს; და ეს აგარია.
25 . ვინაიდან აგარი არის სინაის მთა არაბეთში და ამჟამინდელ იერუსალიმს შეესაბამება, ვინაიდან ის მონობაშია თავის შვილებთან ერთად.
26 . ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია - ის ყველა ჩვენგანის დედაა.
27 . რადგან დაწერილია: "იხარებდე, ბერწო, უშობელო! სიხარულით აყიჟინდი, სალმობის განუცდელო! რადგან მიტოვებულს მეტი შვილები ეყოლება, ვიდრე გათხოვილს”.
28 . და თქვენც, ძმებო, ისაკის მიხედვით აღთქმის შვილები ხართ.
29 . მაგრამ როგორც მაშინ სდევნიდა ხორციელად შობილი სულით შობილს, ასევეა ახლაც.
30 . თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: "განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”
31 . ამრიგად, ძმებო, მხევლის შვილები კი არა ვართ, არამედ - თავისუფლისა!
1 . და ბოლოს, ჩემო ძმებო, იხარეთ უფალში. ამის მოწერა თქვენდამი საძნელო არ არის ჩემთვის, თქვენთვის კი გამხნევებაა.
2 . ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ავ ბოროტმოქმედებს, ერიდეთ წინადაცვეთას,
3 . რადგან ჩვენ ვართ წინადაცვეთილობა - სულით რომ ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი მოქადულნი და არა ხორცზე დაიმედებულნი.
4 . თუმცა ხორცისადმი ნდობაც შემეძლო. თუ სხვა ვინმე ფიქრობს, რომ ხორცს მიენდოს, მე - მით უმეტეს.
5 . წინადაცვეთილი ვარ მერვე დღეს, მოდგმით ისრაელიანი, ბენიამინის ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, რჯულით ფარისეველი,
6 . ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
7 . მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.
8 . ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;
9 . და აღმოვჩნდე მასში არა ჩემი სიმართლით, რომელიც რჯულიდანაა, არამედ იმით, რაც ქრისტეს რწმენის მეშვეობით არის, რწმენაზე დამყარებული ღვთიური სიმართლით,
10 . რათა შევიცნო იგი, მისი აღდგომის ძალა და მის ტანჯვებში მოზიარეობა, მის სიკვდილს რომ მივემსგავსო,
11 . რათა როგორმე მივწვდე მკვდრეთით აღდგომას.
12 . არა იმიტომ, რომ უკვე მივაღწიე ან სრულქმნილი გავხდი, არამედ ვისწრაფი, რომ იქნებ მივაღწიო, როგორც ჩემამდე მოაღწია ქრისტე იესომ.
13 . ძმებო, არ მიმაჩნია, რომ უკვე მივაღწიე, არამედ ერთს ვაკეთებ - ვივიწყებ, რაც უკან დარჩა და იმას ველტვი, რაც ჩემს წინაა.
14 . ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
15 . ამიტომ, ვინც ჩვენს შორის სრულქმნილია, ასე უნდა იაზროვნოს, და თუ სხვანაირად აზროვნებთ, ამასაც ღმერთი გამოგიცხადებთ.
16 . ამრიგად, რასაც მივაღწიეთ, იგივე უნდა შევინარჩუნოთ.
17 . ძმებო, იყავით ჩემი მომბაძველები და დაუკვირდით მათ, ვინც იმ ნიმუშის თანახმად იქცევა, ჩვენში რომ გაქვთ.
18 . ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებაც ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები.
19 . მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
20 . ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია, საიდანაც ველით მხსნელს, უფალ იესო ქრისტეს,
21 . რომელიც ჩვენს დამდაბლებულ სხეულს თავისი დიდების სხეულის მსგავსად გარდაქმნის, იმ ძალის მეშვეობით, რომლითაც ყოველივეს თავის თავს დაუმორჩილებს.
1 . ხოლო რწმენა არის მტკიცედ დარწმუნება იმაში, რისი იმედიც გვაქვს, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.
2 . რწმენაში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება.
3 . რწმენით ვგებულობთ, რომ საუკუნენი ღმერთის სიტყვით არის მოწყობილი, რადგან უხილავისგან წარმოიშვა.
4 . რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მისი ძღვენის შესახებ, და კვლავ მისითვე ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგაც.
5 . რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ენახა; ვეღარავინ ნახა იგი, ვინაიდან ღმერთმა წაიყვანა, რადგან წაყვანამდე მიიღო დამოწმება, რომ ღმერთს აამა.
6 . ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;
7 . რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.
8 . რწმენით დაემორჩილა აბრაჰამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო; და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.
9 . რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს, და კარვებში ცხოვრობდა ისაკთან და იაკობთან - იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად;
10 . ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია.
11 . სარამაც, უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12 . ამიტომ ერთისგან, ისიც ლამის მკვდრისგან, იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და აურაცხელი ქვიშა ზღვის ნაპირზე.
13 . რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.
14 . ვინაიდან ისინი ასეთი ლაპარაკით ცხადყოფენ, რომ სამშობლოს ეძებენ.
15 . ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
16 . მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.
17 . რწმენით მიიყვანა აბრაჰამმა მსხვერპლად ისაკი, როცა გამოიცადა; და რაკი აღთქმა ჰქონდა, მხოლოდშობილსაც სწირავდა.
18 . რომელზეც ითქვა: "ისაკში გეყოლება შენ შთამომავლობა”.
19 . ვინაიდან სჯეროდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს; ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიბრუნა იგი, როგორც მკვდართაგან აღმდგარი.
20 . რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.
21 . რწმენით აკურთხა იაკობმა სათითაოდ იოსების ძეები და თავის კვერთხს დაყრდნობილმა თაყვანი სცა ღმერთს.
22 . რწმენით მოიხსენია აღსასრულისას იოსებმა ისრაელიანთა გამოსვლა და ანდერძი დატოვა თავისი ძვლების თაობაზე.
23 . რწმენით მალავდნენ მოსეს მშობლები დაბადებიდან სამი თვის მანძილზე, რადგან ხედავდნენ, რომ მშვენიერი იყო ბავშვი; არ შეუშინდნენ ფარაონის ბრძანებას.
24 . რწმენით თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა, ფარაონის ასულის ძეობაზე.
25 . და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა, დროებით განცხრომას ცოდვაში;
26 . ქრისტესათვის ლანძღვა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან საზღაურს უყურებდა.
27 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
28 . რწმენით დატოვა ეგვიპტე, არ შეუშინდა მეფის რისხვას, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო.
29 . რწმენით გადავიდნენ მეწამულ ზღვაზე, როგორც ხმელეთზე; ეგვიპტელებმაც სცადეს, მაგრამ დაინთქნენ.
30 . რწმენით დაეცა იერიხოს გალავნები შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ.
31 . რწმენამ არ დაღუპა ურჩებთან ერთად მეძავი რახაბი, რომელმაც მშვიდობით მიიღო მზვერავები.
32 . კიდევ რა გითხრათ? დრო არ მეყოფა, რომ გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იფთახზე, დავითზე, სამუელსა და წინასწარმეტყველებზე ვილაპარაკო,
33 . რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკრავდნენ ლომებს.
34 . შრეტდნენ ცეცხლის ძალას, ირიდებდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს,
35 . ცოლები გაცოცხლებულებს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს; სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ.
36 . ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.
37 . მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, განიცდიდნენ ნაკლოვანებას, შევიწროებას, ტანჯვას.
38 . ისინი, რომელთა ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაეხეტებოდნენ უდაბნოებსა და მთებში, დედამიწის მღვიმეებსა და ხევებში.
39 . და ყველა მათგანმა რწმენის მეშვეობით მიიღო მოწმობა, მაგრამ ვერ მიიღო აღთქმული,
40 . იმის გამო, რომ ღმერთმა წინასწარ გაითვალისწინა ჩვენთვის მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1 . ამიტომ ჩვენც, გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი,
2 . და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულმყოფელ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯვარი დაითმინა, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
3 . დაუკვირდით მას, ვინც ესოდენი სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი.
4 . ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგებიხართ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად.
5 . და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი მომართული, როგორც შვილებისადმი: "შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
6 . რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.
7 . წვრთნას გაუძელით, რადგან როგორც ძეებს, ისე გექცევათ ღმერთი. რომელ ძეს არ წვრთნის მამა?
8 . ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რომელშიც ყველას უწევს გავლა, მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები.
9 . თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10 . ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი - ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
11 . ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.
12 . მაშ, გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები.
13 . მოასწორეთ გზები თქვენი ფეხებისთვის, რათა კოჭლმა კი არ გადაუხვიოს, არამედ უფრო განიკურნოს.
14 . ეცადეთ მშვიდობა და სიწმიდე იქონიოთ ყველასთან, ურომლისოდაც ვერავინ იხილავს უფალს.
15 . გაფრთხილდით, რომ რომელიმე თქვენგანს არ მოაკლდეს ღვთის მადლი, რათა რაიმე მწარე ფესვი არ აღმოცენდეს, ზიანი არ მოიტანოს და ამით ბევრი არ შეიბილწოს;
16 . რომ არ იყოს თქვენ შორის მრუში ან უღვთო, როგორც ესავი, რომელმაც ერთი შეჭამადისთვის გაყიდა პირმშოობა.
17 . რადგან იცით, რომ ამის შემდეგ, როცა მემკვიდრეობით კურთხევის მიღება მოისურვა, უკუგდებულ იქნა, და ვერ მონახა მონანიების ადგილი, თუმცა ცრემლებით კი ითხოვდა ამას.
18 . ვინაიდან არ მიახლოებულხართ მთას, ხელშესახებსა და ცეცხლით აგიზგიზებულს, ან ბურუსით, წყვდიადითა და ქარიშხლით მოცულს,
19 . არც საყვირისა და სიტყვათა ხმას, რომლის გამგონენიც ითხოვდნენ, აღარ გაგრძელებულიყო სიტყვა,
20 . ვინაიდან აღარ შეეძლოთ ნაბრძანების ატანა: "მხეციც რომ შეეხოს მთას, ჩაიქოლოს”.
21 . იმდენად საშინელი იყო ეს სანახაობა, რომ მოსემ თქვა: "შეძრწუნებული ვარ და ვკანკალებ”.
22 . არამედ მიეახლეთ სიონის მთასა და ცოცხალი ღვთის ქალაქს - ზეციურ იერუსალიმს და ათიათასობით ანგელოზს,
23 . მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;
24 . და ახალი აღთქმის შუამავალს - იესოს და საპკურებელ სისხლს, რომელიც აბელის სისხლზე უკეთ მეტყველებს.
25 . ფრთხილად! ნუ უარყოფ მოლაპარაკეს, რადგან თუკი ისინი ვერ გადარჩნენ, რომელთაც ქვეყნად მაუწყებელი უარყვეს, მით უფრო ჩვენ - თუ ზეციდან მაუწყებელს შევაქცევთ ზურგს,
26 . რომლის ხმამაც შეძრა მაშინ დედამიწა; ახლა კი, აღგვითქვამს და ამბობს: "კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო დედამიწას, არამედ ცასაც”.
27 . ეს "კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.
28 . ამიტომ ჩვენ, ვინც შეუძრავ სამეფოს ვღებულობთ, გამოვიჩინოთ მადლიერება, რომლითაც ვემსახურებით ღმერთს სათნოდ, მოწიწებითა და მოშიშებით.
29 . რადგან ჩვენი ღმერთი მშთანმთქმელი ცეცხლია.
1 . "სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ.
2 . გამოფხიზლდი და განამტკიცე ის, რაც დაგრჩა და სიკვდილის პირასაა: ვინაიდან ვერ ვხედავ, რომ შენი საქმენი აღსრულებული იყოს ჩემი ღმერთის წინაშე.
3 . გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, და დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც ქურდი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ.
4 . თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.
5 . გამარჯვებული ჩაიცვამს თეთრ სამოსელს, მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამისა და მისი ანგელოზების წინაშე”.
6 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
7 . "ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, წმიდა, ჭეშმარიტი, დავითის გასაღების მქონე, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8 . ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
9 . აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.
10 . რაკი დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისგან, რომელიც მოვა მთელს ქვეყანაზე, რომ გამოსცადოს დედამიწის მკვიდრნი.
11 . აჰა, მალე მოვალ; გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
12 . გამარჯვებულს სვეტად დავადგენ ჩემი ღმერთის ტაძარში, და გარეთ აღარ გავა; დავაწერ ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისგან, და ჩემს ახალ სახელს”.
13 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
14 . "ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე, ღმერთის ქმნილების დასაბამი:
15 . ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ, არც ცხელი; ო, ნეტა ან ცივი იყო ან ცხელი!
16 . მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17 . რადგან ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლიაო. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18 . გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსელი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის აუგი, და თვალის მალამო, რათა იცხო თვალებზე, რომ დაინახო.
19 . ვინც მიყვარს, მათ ვამხელ და ვწვრთნი. აბა, იყავი მოშურნე და მოინანიე.
20 . აჰა, ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. მე მასთან ვივახშმებ და ის ჩემთან.
21 . გამარჯვებული ჩემთან ერთად დაჯდება ჩემს ტახტზე, ისევე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე”.
22 . ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
1 . და ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა, ვინაიდან პირველმა ცამ და პირველმა დედამიწამ გადაიარეს, და ზღვა აღარ იყო.
2 . და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისგან რომ ეშვებოდა ციდან, გამზადებული, როგორც თავისი საქმროსთვის მორთული საპატარძლო.
3 . და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: "აჰა, ღმერთის კარავი კაცთა შორისაა, ის დამკვიდრდება მათ შორის; იქნებიან ისინი მისი ხალხები და თვით ღმერთი იქნება მათთან.
4 . მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
5 . და თქვა ტახტზე მჯდომმა: "აჰა, ვქმნი ყოველივე ახალს”. მითხრა: "დაწერე, რადგან სარწმუნო და ჭეშმარიტია ეს სიტყვები”.
6 . და მითხრა: "აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.
7 . გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე.
8 . ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შემბილწველთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით. ეს არის მეორე სიკვდილი”.
9 . და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: "მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.
10 . წამიყვანა სულში დიდსა და მაღალ მთაზე, და მაჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, ციდან რომ ეშვებოდა ღმერთისგან;
11 . ღვთის დიდების მქონე, მისი შუქი პატიოსან თვალს ჰგავს, ბროლივით გამჭვირვალე იასპის ქვას.
12 . დიდი და მაღალი გალავანი აქვს, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებში - თორმეტი ანგელოზი; და ზედ დაწერილი სახელები, რომლებიც ისრაელიანთა თორმეტ ტომს ეკუთვნის.
13 . სამი კარიბჭე - აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე - ჩრდილოეთიდან, სამი - სამხრეთიდან და სამიც - დასავლეთიდან.
14 . ქალაქის გალავანს თორმეტი საძირკველი აქვს და მათზეა კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
15 . ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა, ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და გალავნის გასაზომად.
16 . ქალაქი ოთხკუთხედია. მისი სიგრძე იგივეა, რაც სიგანე; და გადაზომა ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე; მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარია.
17 . გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
18 . გალავანი იასპით არის ნაგები, ხოლო ქალაქი - წმიდა მინის მსგავსი სუფთა ოქროთი.
19 . ქალაქის გალავნის საძირკვლები ყოველგვარი ძვირფასი ქვით არის მოპირკეთებული; პირველი საძირკველი იასპია, მეორე - საფირონი, მესამე - ქალკედონი, მეოთხე - ზურმუხტი;
20 . მეხუთე - სარდონიქსი, მეექვსე - სარდიონი, მეშვიდე - ქრიზოლითი, მერვე - ბივრილი, მეცხრე - ტოპაზი, მეათე - ქრისოპრასი, მეთერთმეტე - იაკინთი, მეთორმეტე - ამეთვისტო.
21 . თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტია: ყოველი კარიბჭე - თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქროა, გამჭვირვალე მინის მსგავსი.
22 . ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, ვინაიდან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23 . ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი ლამპარი.
24 . ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას და პატივს.
25 . არ დაიკეტება დღისით მისი კარიბჭენი, რადგან ღამე აღარ იქნება იქ.
26 . და მიიტანენ მასში ერების დიდებასა და პატივს.
27 . ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური, ვერავინ ცრუ და სიბილწის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი.
1 . 1. მიპასუხა და თქვა: უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი - მცირედთა გულისთვის. 2. ერთ იგავს გეტყვი, ეზრა: თუ შეეკითხები მიწას, გეტყვის, რომ უამრავი თიხაა მიწაში ჭურჭლის საკეთებლად, მაგრამ მცირედზე მცირეა მტვერი, საიდანაც ოქრო გამოდის. ასეთია ჩვენი წუთისოფლის საქმეც. 3. ბევრია შექმნილი, მაგრამ მცირედნი გადარჩებიან. 4. ვუპასუხე და ვთქვი: შეისრუტე, სულო, აზრი და შთანთქე, რაც საცოდნელია. 5. მორჩილი უნდა იყო წინასწარმეტყველების მსურველი. სხვა ასპარეზი არ არის მოცემული შენთვის, გარდა ერთი ცხოვრებისა. 6. მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს. 7. შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს. 8. დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა. 9. თავად ის, რაც ინახავს, და ისიც, რაც ინახება, ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო, ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა. 10. შენ ბრძანე, რომ თავად სხეულის ნაკვთთაგან, ანუ ძუძუთაგან, მოგვეცეს, რძე ძუძუთა ნაყოფი. 11. რათა იკვებებოდეს ერთხანს, რაც გამოსახულია, შემდეგ კი შენს გულმოწყალებას მიანდობ მას. 12. შენ აღზარდე იგი შენი სამართლით, მოძღვრავდი მას შენი რჯულით და არცხვენდი შენი სიბრძნით. 13. შენ მოაკვდინებ მას, რადგან შენი ქმნილებაა, და შენ გააცოცხლებ მას, რადგან შენია. 14. თუკი დაღუპავ ამდენი შრომით გამოსახულს, ადვილი იქნებოდა შენი ბრძანებითვე გადარჩენილიყო შენი ქმნილება. 15. ახლა კი ვიტყვი, უფალო, მთელ კაცთა მოდგმაზე, რომელიც შენ უკეთ უწყი, შენს ხალხზე, რომლის გამო ვიტანჯები. 16. შენს წილხვედრილზე, რომელსაც ვგლოვობ, ისრაელზე, რომლის გამო შეჭირვებული ვარ, იაკობზე, რომლის გამო ვიტანჯები; 17. ამიტომ ვიწყებ ლოცვას შენს წინაშე ჩემთვის და მათთვის, რადგან ვხედავ ცოდვებს ჩვენსას, ვინც მიწაზე ვსახლობთ. 18. მაგრამ გავიგე სიჩქარე მსაჯულისა, რომელიც მოდის. 19. ამიტომ ისმინე ჩემი ხმა და გაიგე ჩემი სიტყვა, და ვილაპარაკებ შენს წინაშე. 20. ეზრას სიტყვათა დასაწყისი, ვიდრე წაიყვანდნენ. ვთქვი: უფალო, რომელიც მკვიდრობ საუკუნოდ, რომლის თვალები მაღლისკენაა მიმართული, 21. რომლის ტახტიც ფასდაუდებელია და დიდება მიუწვდომელი, ვისაც ანგელოზთა ლაშქარი ახლავს ზარდამცემი, 22. და ქარისა და ცეცხლის სახით ემსახურება, რომლის სიტყვა ჭეშმარიტია და ნათქვამი გარდაუვალი, 23. რომლის ბრძანება მტკიცეა და განკარგულება საშინელი, რომლის მზერა უფსკრულებს აშრობს და რისხვა მთებს ადნობს, და რომლის ჭეშმარიტება დამოწმებულია. 24. ისმინე ლოცვა შენი მორჩილისა და ყურადიღე ვედრება შენი ქმნილებისა. 25. ვიდრე ცოცხალი ვარ, ვილაპარაკებ, და ვიდრე გაგების უნარი შემრჩენია, გიპასუხებ. 26. ნუ შეხედავ შენი ხალხის შეცოდებებს, არამედ იმათ მოხედე, ვინც ჭეშმარიტებით გემსახურებოდა. 27. ნუ უყურებ ხალხთა უღვთო საქციელს, არამედ იმათ უყურე, ვინც ტანჯვა-წამებით იცავდნენ შენს აღთქმებს. 28. ნუ ფიქრობ მათზე, ვინც უკუღმართად იქცეოდა შენს თვალწინ, არამედ ისინი გახსოვდეს, ვინც ნებით აღიარეს შენი შიში. 29. ნუ მოისურვებ იმათ დაღუპვას, ვისაც პირუტყვის ზნე სჭირდათ; არამედ მოხედე იმათ, ვინც შენი დიდებული რჯული შეისწავლა. 30. ნუ აღგაშფოთებს ისინი, ვინც მხეცებზე უარესად ჩანან, არამედ ისინი შეიყვარე, ვისაც მუდამ სწამს შენი სამართალი და შენი დიდება. 31. რადგან ჩვენცა და ჩვენი მამა-პაპაც ამგვარი სენით ვართ დაუძლურებულნი; შენ კი ჩვენ ცოდვილთა გამო გულმოწყალედ იწოდები. 32. თუ შენ მოისურვე ჩვენი შეწყალება, ვისაც სამართლიანი საქმეები არ ჩაგვიდენია, მაშინ გულმოწყალედ მოიხსენები. 33. რადგან მართალნი, რომელთაც მრავალი საქმე აქვთ ჩადენილი, საკუთარ საქმეთათვის მიიღებენ საზღაურს. 34. მაგრამ რა არის კაცი, რომ აღშფოთდე მასზე? ან ხრწნადი მოდგმა, რომ ესოდენ გამწარდე მისგან? 35. სინამდვილეში არავინაა შობილთაგან ისეთი, ვინც უკეთურად არ მოქცეულიყოს, მორწმუნეთაგან ისეთი, ვისაც არ შეეცოდოს. 36. ამით გაცხადდება შენი სამართალი და შენი სიკეთე, უფალო, თუ მოწყალე იქნები მათ მიმართ, რომელთაც არა აქვთ კეთილ საქმეთა მარაგი. 37. მიპასუხა და თქვა: სწორად ამბობ ზოგ რამეს და შენი სიტყვები გამართლდება კიდეც. 38. რადგან ნამდვილად არ ვიფიქრებ იმათ ნასახზე, რომელთაც შესცოდეს სიკვდილამდე, სამსჯავრომდე, დაღუპვამდე; 39. არამედ გავიხარებ მართალთა შექმნით და გავიხსენებ მათ მწირობასაც, მათ ხსნას და საზღაურს. 40. როგორც ვთქვი, ისე იქნება. 41. როგორც მიწისმუშაკი თესავს თესლს მრავლად მიწაზე და აშენებს უამრავ ნარგავებს, მაგრამ რაც დათესილია, ყველა როდი გადარჩება, და რაც დარგულია, ყველა როდი მოიკიდებს ფესვს; ასევე ისინი, ვინც ამ წუთისოფელში არიან დათესილნი, ყველანი როდი გადარჩებიან. 42. ვუპასუხე და ვთქვი: თუ ვპოვე მადლი, ვილაპარაკებ. 43. როგორც მიწისმუშაკის დათესილი თესლი იღუპება, თუ არ აღმოცენდა, ან თუ დროულად არ მიიღო წვიმა, ან თუ ბევრი წვიმისაგან დალპა, 44. ასევეა ადამიანიც, რომელიც შენი ხელით არის გამოსახული და შენს ხატად იწოდება, რადგან შენი მსგავსია იგი, ვისთვისაც შექმენი ყოველივე და მიწისმუშაკის თესლს მიამსგავსე. 45. ნუ განრისხდები ჩვენზე, არამედ დაინდე შენი ხალხი და შეიწყალე შენი მემკვიდრეობა; რადგან შენი ქმნილებების შემწყალე ხარ. 46. მიპასუხა და თქვა: ყველაფერი, რაც აწმყოშია, აწმყოთათვის არის, და რაც მყოფადშია, მყოფადთათვის არის. 47. რადგან ბევრი რამ გაკლია იმისათვის, რომ ჩემზე მეტად შეიყვარო ჩემი ქმნილება; მე ხშირად მოვსულვარ ახლოს შენთან, უსამართლოებთან კი - არასდროს. 48. მაგრამ ამითაც საოცარი ხარ უზენაესის წინაშე, 49. რადგან დაიმდაბლე თავი, როგორც შეგეფერება, და არ მოითხოვე, მართალთა შორის მეტად განდიდებულიყავი. 50. რადგან ბევრი მწუხარება შეხვდებათ წუთისოფლის მკვიდრთ უკანასკნელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ. 51. შენ კი შენს თავზე იფიქრე და შენს მსგავსთათვის ეძებე დიდება. 52. თქვენთვის ღიაა სამოთხის კარი, დარგულია სიცოცხლის ხე, გამზადებულია მომავალი ჟამი, გამზადებულია სიუხვე, აგებულია ქალაქი, მონიჭებულია შვება, სრულქმნილია სიკეთე და სრულქმნილია სიბრძნე. 53. ბოროტების ძირი დაბეჭდილია თქვენთვის, სენი და მატლი დაფარულია თქვენგან და ხრწნილება ქვესკნელში გადაიხვეწა დასავიწყებლად. 54. გაივლის სატანჯველი და ბოლოს გამოჩნდება უკვდავების საუნჯე. 55. ამიტომ ნუღარაფერს მკითხავ იმათ სიმრავლეზე, ვინც იღუპებიან, 56. რადგან მათაც მიიღეს თავისუფლება, მაგრამ მოიძულეს უზენაესი, არად ჩააგდეს მისი რჯული და მისი გზები მიატოვეს. 57. აქამდე ფეხით თელავენ მის მართალ ხალხს 58. და ამბობენ გულში: არ არსებობსო ღმერთი, თუმცა იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ. 59. როგორც თქვენ მოგელით ის, რაც წინასწარ ითქვა, ასევე გამზადებულია მათთვის წყურვილი და წამება. უზენაესს არ სურს ადამიანის განადგურება, 60. მაგრამ თავად მისმა ქმნილებებმა წაბილწეს თავიანთი შემოქმედის სახელი, უმადურად მოექცნენ მას, ვინც სცოცხლე განამზადა მათთვის. 61. ამიტომაც ახლოვდება ჩემი სამსჯავრო. 62. არ გამიმჟღავნებია ეს ბევრისათვის, მხოლოდ შენ გაგიმჟღავნე და მცირეოდენთ, შენნაირებს. ვუპასუხე და ვთქვი; 63. აჰა, გამიმჟღავნე ახლა, უფალო, იმის ნიშნები, რის ქმნასაც აპირებ უკანასკნელ ჟამს, ოღონდ არ გამიმჟღავნო, როდის.