რწმენით ცხოვრება


საკვანძო მუხლები:

იაკობი 2 : 14 ; რომაელთა 10 : 17 ; რომაელთა 14 : 22 ; გალატელთა 5 : 6 ; ფილიპელთა 3 : 9 ; ებრაელთა 11 : 1 ;
2.1.3. რწმენით ცხოვრება

იაკ.2,14-23 რომ.10,17,, 14,22.23 გალ.5,6 ფლპ.3,9 ებრ.11,1-13

ბიბლიის მუხლები

იაკობი 2
14. რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?
15. თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
16. ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?
17. ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.
18. მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“. მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას.
19. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.
20. შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია?
21. განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა?
22. ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა.
23. და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი.

რომაელთა 10
17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.

რომაელთა 14
22. გაქვს რწმენა? შენი ღმერთის წინაშე გქონდეს. ნეტა მას, ვინც თავს არ ისჯის იმით, რასაც აირჩევს.
23. ხოლო ვინც ჭამისას ეჭვობს, განიკითხება, რადგანაც რწმენით როდი ჭამს. ვინაიდან ყოველივე ის, რაც რწმენით არ არის, ცოდვაა.

გალატელთა 5
6. რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობასა აქვს რაიმე ძალა და არც წინადაუცვეთელობას, არამედ რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით.

ფილიპელთა 3
9. და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული;

ებრაელთა 11
1. ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა.
2. რადგანაც რწმენით მიეცა მოწმობა უხუცესთ.
3. რწმენით შევიცნობთ, რომ ღვთის სიტყვით შეიქმნენ საუკუნენი, და რომ ხილული უხილავისაგან იღებს დასაბამს.
4. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს უკეთესი მსხვერპლი, ვიდრე კაენმა; რწმენით მიიღო მოწმობა, რომ მართალი იყო, როგორც უმოწმა ღმერთმა მის მსხვერპლს; და სიკვდილის შემდეგაც კვლავ რწმენით მეტყველებს.
5. რწმენით გარდაიცვალა ენოქი, ისე, რომ არ უხილავს სიკვდილი, და ვეღარავინ დალანდა, რადგანაც ღმერთმა წაიყვანა იგი; ვინაიდან სიკვდილამდე მიიღო მოწმობა, რომ ესათნოვა ღმერთს.
6. რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ.
7. რწმენით მიიღო ნოემ ჩვენება იმისა, რაც ჯერ კიდევ უხილავი იყო, და ღვთისმოშიშებით ააგო კიდობანი თავისი სახლის სახსნელად; რწმენით განიკითხა ქვეყანა და რწმენითვე გახდა სიმართლის მემკვიდრე.
8. რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდითდა.
9. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, ისე, ვით უცხოს, და მკვიდრობდა კარვებში ისააკსა და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად.
10. ვინაიდან ელოდა ქალაქს, რომელიც მტკიცე საძირკველზე დგას და რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელიც არის ღმერთი.
11. რწმენითვე იყო, რომ უნაყოფო სარამაც მიიღო ჩასახვის ძალა და ხანგადასულმა შვა, რადგანაც სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი.
12. ამიტომ ერთისგან, და ისიც ლამის მკვდრისაგან, იშვნენ მრავალნი, როგორც მრავალი ვარსკვლავი ცაზე და ურიცხვი ქვიშა ზღვის პირას.
13. რწმენაში აღესრულნენ ყველა ისინი და ვერ მიიღეს აღთქმული, არამედ შორიდან ხედავდნენ, შორითვე მოიკითხავდნენ მას და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყნად.

__თემაზე წერდნენ__
***
რწმენა ყველაფრის უპირობო წინამძღვარია და მისთვის უცხოა შინაგანი წინააღმდეგობა, რადგან ღმერთის რწმენა თავისი მარტივი არსით, რაღაც სრულიად სხვაა, ვიდრე მტკიცება: მე მწამს ღმერთი; ეს უკანასკნელი უკვე გულისხმობს რელექსიას და იმის შეგნებას, რომ რწმენას რაღაც სხვა უპირისპირდება; ზემოხსენებულ მტკიცებაში უკვე ვლინდება თვითგამართლების, რეზონირების, პოლემიკის მოთხოვნილება. ღვთისმოსავი კაცის უშუალო რელიგიური განცდა არ არის ჩაკეტილი მისი ცხოვრების სხვა მხარეებისგან, მისი ამწამიერი არსებობისგან განმხოლოებული. ამ კაცის ცნობიერება თავის ყველა მიზანს, თავისი ამქვეყნიური არსებობის ყველა საგანს ღმერთს უკავშირებს, როგორც თავის უსასრულო და საბოლოო მიზეზს. თავისი ამწამიერი და მსწრაფლწარმავალი არსებობის, თავისი საქმიანობისა თუ მოღვაწეობის ყველა მომენტი, მთელი თავისი მწუხარება თუ სიხარული ჭეშმარიტად მორწმუნე კაცს საკუთარი პიროვნების ვიწრო რკალს გარეთ გააქვს. საკუთარი სიმდაბლიდან ზე აზიდავს და ამ აზიდულობაში აღიქვამს და შეიგრძნობს თავის მარადიულ არსს.
__ ჰეგელი __

***
რწმენა არის უხილავის დაჯერება, ცოდნა არის ხილული რწმენა.
__ შპენგლერი __

***
ო, გინს მტკიცედ სწამდა, რომ "უსათნოესმა, უმოწყალესმა და უტკბესმა ქალწულმა სანტა-მარია-სამამ მუცლად იღო" უცოდველად და რომ "მოკვდინებული ჯვარცმითა, დადებული საფლავსა კლდოვანსა", მიწაში ღრმად დამარხული ძე სუსუ სამი დღის შემდეგ მკვდრეთით აღდგა. ასევე სწამდა, რომ ოდესმე გაიხმიანებს საყვირი საშინელი სამსჯავროსი და "უფალი დიდებითა დიდითა, ძალითა ძლიერითა გარდამოვალს ზეცით", შეაერთებს კაცთა წინანდელ ანიმას აწ მტვრადქცეულ სხეულებს, ცხოველ სულს შთაჰბერავს მათ, აღადგენს და მართალნი ზეციურ ნეტარებას ეზიარებიან, ხოლო "ცოდვილნი შთახდებიან ჯოჯოხეთს, საცა ჰგიეს ეშმაკნი". ყველაზე მეტად მაინც დიადი საგურამენტო სწამდა, როცა "ძალითა უფლის სიტყისაითა", პურისა და ღვინის ბოღლიწო, სახეშეუცვლელად, უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა.
__ აკუტაგავა რიუნოსკე __


2.1.3. Жить по вере
Иак.2,14-23 Рим.10,17,, 14,22.23 Гал.5,6 Флп.3,9 Евр.11,1-13