წყალში დაფლვა თუ წყლის პკურება (სხურება, დასხმა)


საკვანძო მუხლები:

მათე 3 : 16 ; იოანე 3 : 23 ; საქმენი მოციქულთა 2 : 38 ; საქმენი მოციქულთა 8 : 38 ; საქმენი მოციქულთა 22 : 16 ; 1პეტრე 3 : 21 ; რომაელთა 6 : 3 ; კოლასელთა 2 : 12 ;
1.10.21 წყალში დაფლვა თუ წყლის პკურება (სხურება, დასხმა)

- დაფლვის სასარგებლოდ მეტყველებს ის, რომ წყლით ნათლობას ბევრი ანუ ღრმა წყალი ესაჭიროება ინ.3,23

- წმ. წერილში სამგზის წყალში დაფლვა არ არის ნახსენები, რადგან ქრისტე ერთხელ მოკვდა და აღსდგა, ჩვენც ერთხელ დავეფლობით და ამოვდივართ მასში სასიცოცხლოდ მათ.3,16 საქ.8,38

- წყალში დაფლვა, მოციქულ პავლეს სიტყვებით არის ქრისტეს სიკვდილში ნათლობა და აღდგომა განახლებულ სიცოცხლეში. ამასვე მიუთითებენ ძველი კომენტატორები და მართლად აღნიშნავენ, რომ პკურება არ არის დაფლვა რომ.6,3.4 კოლ.2,12

- დაფლვის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ ნათლობის წინაპირობაა მოსანათლავისგან მონანიება ანუ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის (რასაც ესაჭიროება გააზრება, ხოლო გააზრებას - ზრდასრული ასაკი. ამ საკითხზე სდუმან კომენტატორები) საქ.2,38; 8,16; 22,16; 1პეტ.3,21

ბიბლიის მუხლები

მათე 3
16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხილა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე.

იოანე 3
23. იოანეც ნათლავდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ; მოდიოდნენ და ინათლებოდნენ,

საქმე მოციქულთა 2
38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.

საქმე მოციქულთა 8
16. რადგან ამ დრომდე არც ერთ მათგანზე არ იყო გადმოსული, მხოლოდ ინათლებოდნენ უფალ იესოს სახელით.
38. უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ. ფილიპე და საჭურისი ერთად ჩავიდნენ წყალში, და მონათლა იგი.

საქმე მოციქულთა 22
16. ახლა რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე, ჩამოირეცხე შენი ცოდვები და უფლის სახელს მოუხმე.

1პეტრე 3
21. ეს ნათლობის ხატება იყო - რაც ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის შეპირება ღვთისთვის - რომელიც ამჟამად გიხსნით იესო ქრისტეს აღდგომით,

რომაელთა 6
3. ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?
4. ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ასე ვიაროთ განახლებულ სიცოცხლეში.

კოლასელთა 2
12. მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.

__კომენტატორები მე 9 საუკუნემდე ახსენებენ მხოლოდ დაფლვას, ხოლო მას შემდეგ პკურება ჩნდება და დღემდე მიდის კამათი__

ნათლისღების დიდი საიდუმლო, ბრძანებს წმ. ბასილი დიდი (IV ს.), აღესრულება წყალში სამგზის შთაფლვით და ამდენივე მოწოდებით.

წმ. დიონისე არეოპაგელის (I ს.) სახელით ცნობილ თხზულებაში "საეკლესიო იერარქიის შესახებ"(IV ს.) მოკლედ და მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ "იერარქი... სამჯერ შთაფლავს მას (მოსანათლავს).

"და ნათელ-სცის მას მღვდელთ-მთავარმან და სამსა მას ზედა შთაყოფისა და აღმოყოფისა სრულ-ყოფასა ხმობნ სამ-გუამოვნებასა საღმრთოისა ნეტარებისასა"(პეტრე იბერიელი (ფსევდო დიონისე არეგოპაგელი).

"ამრიგად, სიმბოლური სწავლება საიდუმლოდ გვასწავლის, რომ წყალში სამგზისი შთაფლვა მოსანათლავისა ცხოვრების მომცემელი იესუს სამი დღის განმავლობაში დამარხვის სახეს წარმოადგენს..."(დიონისე არეოპაგელი)

"სანათლავ წყალში, ამბობს წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.), სიმბოლურად გამოისახება საფლავი და სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე და ეს ყოველივე ერთად იქმნება. როდესაც თავს შთავყოფთ წყალში, როგორც საფლავში, ჩვენთან ერთად იმარხება ძველი კაცი და, შთაიფლება რა ქვემოთ, სრულიად დაიფარება. შემდეგ, როდესაც აღმოვიმართებით, - ამოდის ახალი კაცი. როგორც ადვილია ჩვენთვის შთაფლვა და აღმოსვლა, ასევე ადვილი იყო ღმრთისთვის დაემარხა ძველი კაცი და განეახლებინა იგი. მაგრამ ეს აღსრულდება სამგზის, რათა უწყოდე, ეს ყოველივე აღესრულება მამის, ძის და სულიწმიდის ძალით"

"როგორც მაცხოვარი დაჰფარა მიწამ, ასევე დავიფარებით ჩვენ წყალში და მესამე დღის აღგდომის მადლს მასში სამგზისი შთაფლვით გამოვხატავთ" (გრიგოლ ნოსელი)

"ამ პერიოდში ნათლობის საიდუმლო აღესრულებოდა შთაფლვითი ფორმით, საჭიროდ მივიჩნევთ მივუთითოთ კიდევ იმ ფაქტს, რომ მოსანათლავები ნათლისღების დროს სრულიად შიშვლდებოდნენ, რაც შეუძლებელია მომხდარიყო სხვაგვარად ნათლობის შემთხვევაში"(ა. ალმაზოვი).

"შესვლის უმალ განიძარცვეთ კვართი და ეს იყო სახე ძველი კაცის განძარცვისა საქმეებითურთ მისით (კოლ. 3,9). განძარცვულნი შიშველნი იყავით და ამითაც მიჰბაძეთ ჯვარზე გაშიშვლებულ ქრისტეს... ყველას თვალწინ შიშველნი იყავით და არ გრცხვენოდათ. ჭეშმარიტად ემსგავსეთ პირველქმნულ ადამს, რომელიც სამოთხეში შიშველი იყო და არ რცხვენოდა (დაბ. 2,25) (ციტ. "წმიდა კირილე იერუსალიმელი).

წმ. იოანე ოქროპირიც, როცა მოსანათლავის გაშიშვლებას ადარებს პირველქმნული ადამის სიშიშვლეს სამოთხეში, სხვათა შორის ამბობს: "აქაც სიშიშვლეა და იქაც; მაგრამ იქ (ცოდვილი) გაშიშვლდა, რადგან შესცოდა; ხოლო აქ შიშვლდება იმისთვის, რათა თავისუფალ იქმნეს (ცოდვისგან)"

სხურებით-პკურებითი "ნათლობა"არც ქრისტესთან თანადამარხვას გამოხატავს და არც თანააღდგომას.

ეჭვმიუტანლად დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ნათლისღების ფორმა უძველეს ეკლესიაში იყო შთაფლვითი ფორმის და არა დასხმითი.

ცელეჰათის კრება (IX ს.), რომელმაც განაწესა არავინ მონათლულიყო დასხმით, არამედ მხოლოდ შთაფლვით.

არსად დასხმითი ფორმა კანონიკური განწესებებით დაცული არ არის, პირიქით, მოციქულთა 50-ე კანონი განაწესებს: "თუ რომელიმე ეპისკოპოსმა ან მღვდელმა შეასრულოს არა სამგზის შთაფლვა ერთი საიდუმლო ქმედებისა, არამედ ერთგზის და ეს უფლის სიკვდილთან მიმართებაში აღასრულოს, განკვეთილ იქნეს, რამეთუ არ უთქვამს უფალს: "ჩემი სიკვდილის მიმართ ნათელ-სცემდითო", არამედ: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა"(მათ. 28,19)

აი, ასეთია I-VIII საუკუნეთა თვალსაჩინო წმიდა მამათა სწავლება ნათლისღების საიდუმლოსა და მასში შთაფლვითი ფორმის მნიშვნელობის შესახებ და არსად არც ერთი წმიდა მამა სიტყვასაც არ ძრავს "შთაფლვის" სიმბოლურობისა და "შთაფლვა-პკურების" იდენტურობის შესახებ. არსად წმიდა მამები არაფერს ასწავლიან დასხმით-პკურებით ნათლობაზე; არსად განმარტავენ, არსად იცავენ... მეტიც, ძველაღთქმისეული პკურება-სხურება მათთვისაც ახალაღთქმისეული მადლის წინასახე იყო, როგორც განმარტავს ამას წმ. ამბროსი მედიოლანელი: "ამრიგად, იცოდე თუ რა მიიღე. წმიდა დავით წინასწარმეტყველი ხედავდა ამ მადლს წინასახეებში და ძლიერ სურდა იგი. გინდა გაიგო, რაოდენ ძლიერი იყო მისი მოსურვება? მაშ ისმინე, რას ამბობს იგი: "მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე"(ფსალმ. 50:9). რატომ? იმიტომ, რომ თოვლი, თუმც კი თეთრია, სწრაფად შავდება მტვრისგან და შემდეგ ქრება. ხოლო მადლი, რომელიც მიგიღია, სამუდამოდ დაგრჩება, თუკი შეინარჩუნებ იმას, რაც მიიღე"

1 კორ. 15:29), - ერთნი საკუთარ მიცვალებულთ ნათლავდნენ, ხოლო სხვები ცოცხლებს ნათლავდნენ მიცვალებულთათვის; მაგრამ კანონმა ეს აკრძალა, რადგან მოციქულს არ უბრძანებია მიცვალებულთა ნათლობა, არც სხვათა მონათვლა მიცვალებულთათვის; არამედ, რადგან მოსანათლავნი, შეიმეცნებენ რა ჩვენი საიდუმლოს ძალას, სხვა ყველაფერთან ერთად, მკვდართა (ანუ სხეულთა) აღდგომის სასოებასაც შეიმეცნებენ და სწავლობენ რწმენას, რომ ემბაზში შთაფლვა და მისგან აღმოსვლა ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას. სწორედ ამ რწმენისადმი დაეჭვებულთ ეუბნება მოციქული, თუ აღდგომა არ არის, რისი მოქმედება შეუძლიაო მკვდართა აღდგომის სასოებით მონათლულს? თუ მიცვალებულთა აღდგომა ეეჭვებათ, განა ამაო არ იქნება მათი ნათლისღება? რადგან იმით, რასაც აკეთებენ (ანუ შთაიფლვებიან და აღმოვლენ რა ემბაზიდან - არქიეპ. პ.), ისინი გამოხატავენ რწმენას, რომ ელიან აღდგომას, ხოლო რასაც ახლა ამბობენ, იმით უარყოფენ - რადგან ინათლებიან რა მიცვალებულთათვის, სწამთ, რომ ისინიც გარდაიქმნებიან უხრწნელებად, რამეთუ სული თავისი ბუნებით უკვდავია და მარადიული, ხოლო სხეული ხრწნადი და ცვალებადი; ამიტომაც, ვინც რამეს აღიარებს სიტყვით და სწამს მისი, იმას მღვდელი საქმით აჩვენებს, როდესაც წყალში გამოსახავს ჭეშმარიტებას" (ანუ შთაფლავს მოსანათლავს სამგზის - არქიეპ. პ.) (მთელი ეს ტრაქტატი აღებულია წმ. იოანე ოქროპირის 40-ე ჰომილიიდან კორინთელთა მიმართ 1 ეპისტოლეზე) (Алфавитная Синтагма Матфей Властаря. Москва 1996 г., стр. 94).

სხვათა შორის, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ძალზე მნიშვნელოვან გარემოებასაც. სჯულის ისეთი ავტორიტეტული კომენტატორები, როგორებიც იყვნენ ზონარა (XII ს.) და ბალსამონი (XII ს.), ასევე, მათე ბლასტარისი (XIV ს.), არაფერს ამბობენ დასხმით-პკურებით "ნათლობაზე" და წმიდა მოციქულ პავლეს ზემოთ დამოწმებული სიტყვების განმარტებისას აღნიშნავენ, რომ ნათლობა აღსრულდება წყალში შთაფლვით და აღმოსვლით, რაც არისო "სიკვდილისა და აღდგომის სახე".

იბადება კითხვა: თუ დასხმა-დაპკურება ისეთივე ცნობილი და კანონიკური ფორმა იყო ეკლესიაში, როგორც შთაფლვა, რატომ სიტყვითაც არ ახსენა არც ერთმა, რომ "ემბაზში შთაფლვა ან დასხმა" ნიშნავს სიკვდილსა და აღდგომას?" ან რატომ არ განმარტეს წმიდა მამებმა, რა და როგორ მიანიშნებს დასხმით ნათლობაში "საფლავითგან აღდგომას"? ხომ აშკარაა, რომ წყალში შთაფლვისა და წყლის სიღრმითგან აღმოსვლის სახე უაშკარესად სწორედ მიცვალებულის დამარხვისა და მისი აღდგომის სახეზე მიანიშნებს, მაგრამ როგორ მიანიშებს ამაზე წყალდასხმა (აქ სიმბოლურად შეიძლება მოვიაზროთ "დამარხვა", მაგრამ "აღდგომა" არანაირად) - და წყალპკურება, რომელიც გარეგნულად საერთოდ არ მიანიშნებს არც დამარხვას და არც აღდგომას.

წყალპკურება მხოლოდ მადლის სხურების სიმბოლო შეიძლება იყოს და არა დამარხვა-აღდგომისა, რასაც უნდა წარმოაჩენდეს ნათლისღების საიდუმლო; ან რატომ არსად არც ერთმა წმიდა მამამ არ გვასწავლა, რომ "შთაფლვა" უნდა გავიგოთ სიმბოლური და არა პირდაპირი მნიშვნელობით? განა აშკარა არ არის, რომ წმ. იოანე ოქროპირიც და სჯულის ხსენებული კომენტატორებიც ნათლისღების საიდუმლოში მხოლოდ სამგზის შთაფლვას გულისხმობენ და არა დასხმა-დაპკურებას. მეტიც, ისინი განგვიმარტავენ, რომ ამას თვით მოციქული პავლე ასწავლიდა, რადგან მათი კონკრეტული სწავლება სწორედ მოციქულის სიტყვების განმარტებას წარმოადგენს.