ნათლობისთვის საჭიროა მისი მნიშვნელობის გააზრება


საკვანძო მუხლები:

მარკოზი 16 : 16 ; იოანე 3 : 5 ; საქმენი მოციქულთა 2 : 41 ; საქმენი მოციქულთა 8 : 12 ; 1პეტრე 3 : 21 ; რომაელთა 6 : 3 ;
1.10.5. ნათლობისთვის საჭიროა მისი მნიშვნელობის გააზრება

ხოლო გააზრებისთვის, რაღა თქმა უნდა, საჭიროა ზრდასრულობის ასაკი მარ.16,16 ინ.3,4.5 საქ.2,41; 8,12.34-36; 1პეტ.3,21 რომ.6,3.4

ბიბლიის მუხლები

მარკოზი 16
16. ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს მსჯავრი დაედება.

იოანე 3
4. უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?
5. მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.

საქმენი მოციქულთა 2
41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.

საქმენი მოციქულთა 8
12. მაგრამ როდესაც ერწმუნენ ფილიპეს, ღვთის სასუფევლისა და იესო ქრისტეს სახელის მახარებელს, ნათელს იღებდა ქალიც და კაციც.
34. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?
35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.
36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?

1პეტრე 3
21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,

რომაელთა 6
3. ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით?
4. მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში.

__თემაზე წერდნენ__
***
ბიბლიის მიხედვით ნათლობა ეს არის ადამიანის პიროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც ის შეგნებულ ასაკში იღებს. მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება. ნათლობისას ადამიანი ეფლობა წყალში, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ეს ადამიანი თავის ძველ ცხოვრებაზე და ძველ ბუნებაზე უარს ამბობს და პირდება ღმერთს, რომ წყლიდან ამოსვლის შემდეგ, იცხოვრებს განახლებული ცხოვრებით. თვითონ ქრისტეც კი მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ და დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ვისაც უნდა გაჰყვეს უფალს, წყლით უნდა მოინათლოს და ზეციდან იშვას. იოანეს 3:5 იესო ამბობს: „ ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება ვერ შევა ცათა სასუფეველში“.
წყლით ნათლობა არ არის ხორციელი ჭუჭყის მოშორება, როგორც ამას პეტრე მოციქული თავის პირველ წერილში განმარტავს, არამედ ეს არის ღმერთისათვის წმიდა სინდისის შეპირება. ნათლობის დროს ადამიანი შედის ღმერთთან აღთქმაში, პირობას დებს რომ ნათლობის შემდეგ მისი ცხოვრების წესი განსხვავებული იქნება.
რაც შეეხება ნათლობის ასაკს, სახარებაში არ გვხვდება ადგილი, სადაც ნახსენებია ნათლობისათვის განსაზღვრული ასაკი. მარკოზის 16:16 მაცხოვარი ასეთ სიტყვებს ამბობს: „ ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს მსჯავრი დაედება“. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნათლობას წინ უნდა უძღოდეს რწმენა. ვინაიდან ბავშვს არ შეუძლია გაცნობიერებულად უფლის რწმენა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ბავშვთა ნათლობა ეწინააღმდეგება ნათლობის სახარებისეულ დამოკიდებულებას.
აქედან გამომდინარე, სახარების რწმენის ეკლესია ბავშვთა და ზოგადად გაუცნობიერებულ ნათლობას არ ემხრობა. ქრისტე იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ადამიანი შეგნებულ ასაკში გაცნობიერებულად უნდა მოინათლოს (მაცხოვარი 30 წლიის ასაკში მოინათლა).
ნათლობისას ადამიანი თავის და არა სხვის რწმენას ეყრდნობა. რწმენას იმისას, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ხორცში მოვიდა, ადამიანთა ცოდვები იტვირთა და ადამიანებს ხსნა მოუტანა.
სახარების რწმენის ეკლესიაში არ ხდება ჩვილ ბავშვთა ნათლობა. ეკლესიის შეხედულებით ბავშვზე მოქმედებს მადლი იმ ლოცვა-კურთხევისა, რომელსაც ის იღებს მშობლებისა და ეკლესიისაგან. ბიბლია ლაპარაკობს რომ მაცხოვართან მიჰყავდათ ბავშვები სალოცავად, საკურთხებლად და არა მოსანათლად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაცხოვარი რეალურად, ფიზიკურად არ გვყავს, მისი დანატოვარი ეკლესია გვაქვს და შესაბამისად, ბავშვების ლოცვა -კურხევა ეკლესიაში ხდება. ბავშვი სანამ შეგნებულ ასაკამდე მივა და გადაწყვეტს მოინათლოს თუ არა, მანამდე ღმერთის მადლი მშობლისა და ეკლესიის ლოცვა კურთხევით მოქმედებს მასზე.
რაც შეეხება ნათლიას, ნათლია არის ის ვინც ნათლავს. ნათლისმცემლად პირველად იოანე ნთლისმცემელია ნახსენები. ბიბლიის მიხედვით ნათლიის მოვალეობა არის შემდეგი: ნათლიამ უნდა მოუწოდოს ნათლულს ღმერთისადმი მიძღვნილი წმიდა ცხოვრებისაკენ. ცოდვისაგან და ბოროტებისაგან განდგომისაკენ.
სახარების რწმენის ეკლესიაში მონათვლას ახორციელებს ნათლობაზე უფლებამოსილი მღვდელმსახური. ადამიანი, რომელზეც ოფიციალურად განხორციელდა მღვდელმსახურად კურთხვა.
__ გია ჯვარშეიშვილი __
სტატიაზე მუშაობდნენ: გურანდა სურგულაძე
მარიამ კახიაშვილი

***
კითხვა: რა არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ ნათლობაში?
პასუხი: ბიბლიის თანახმად, ნათლობა ხილული მტკიცებულებაა იმისა, თუ რა მოხდა მორწმუნის ცხოვრებაში. ქრისტიანული ნათლობა გულისხმობს მორწმუნის მიერ ქრისტეს სიკვდილის, დაფლვისა და აღდგომის აღიარებას. ბიბლიაში ნათქვამია: “ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით” (რომაელთა 6:3–4). ქრისტიანულ ნათლობაში წყალში ჩაშვება სიკვდილი და ქრისტესთან ერთად დამარხვის სიმბოლოა. წყლიდან ამოსვლა კი ქრისტეს აღდგომას ნიშნავს.
ქრისტიანული ნათლობისას, სანამ ადამიანი მოინათლება არსებობს ორი მოთხოვნა:
1) მონათლულ ადამიანს უნდა სწამდეს ქრისტესი, როგორც მხსნელისა, და
2) ადამიანს უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ნათლობა. თუ ადამიანს სწამს ქრისტე და სურს მონათვლა, მაშინ არ არსებობს მიზეზი მისთვის ნათლობაზე უარის თქმისა.
ბიბლიის თანახმად, ქრისტიანული ნათლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არის მორჩილების გამოხატულება - საჯაროდ გაცხადება ქრისტეს რწმენისა და მისდამი მორჩილებისა; ეს არის აღიარება ქრისტეს სიკვდილისა, დაფლვისა და აღდგომისა.