1 .
ხოლო სულიერ ნიჭებზე, არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი იყოთ.
2 .
იცით, რომ სანამ წარმართები იყავით, უტყვ კერპებთან დადიოდით, თითქოს ვიღაც გეწეოდათ.
3 .
ამიტომ გეუბნებით, რომ ვერავინ, ვინც ღვთის სულით ლაპარაკობს, ვერ იტყვის: "შეჩვენებულია იესო”; და არავის შეუძლია თქვას: "უფალია იესო” - თუ არა სულიწმიდით.
4 .
სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული იგივეა.
5 .
მსახურებანიც სხვადასხვანაირია, უფალი კი იგივეა.
6 .
მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი იგივეა, რომელიც ამოქმედებს ყოველივეს ყოველივეში.
7 .
თითოეულს კი სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლინება.
8 .
ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა, მეორეს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9 .
სხვას რწმენა - იმავე სულით და ზოგს - განკურნების ნიჭები იმავე სულით;
10 .
ზოგს - სასწაულთმოქმედება, ზოგს - წინასწარმეტყველება, ზოგს - სულების გარჩევა, ზოგს - სხვადასხვა ენები, ზოგს - ენების განმარტება.
11 .
ხოლო ყველაფერ ამას ამოქმედებს ერთი და იგივე სული, რომელიც თითოეულს თავისი ნებისამებრ უნაწილებს.
12 .
რადგან, როგორც სხეულია ერთი, თუმცა მრავალი ასო აქვს, ხოლო სხეულის ყველა ასო, თუმცა ბევრნი არიან, ერთი სხეულია, ასეა ქრისტეც.
13 .
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
14 .
სხეულიც ერთი ასო კი არ არის, არამედ ბევრი.
15 .
ფეხმა რომ თქვას, მე ხელი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
16 .
ანდა ყურმა რომ თქვას, მე თვალი არა ვარ, ამიტომ სხეულს არ ვეკუთვნიო, განა ამიტომ არ ეკუთვნის იგი სხეულს?
17 .
თუ მთელი სხეული თვალია, სადღაა სმენა? თუ ყველაფერი სმენაა, სადღაა ყნოსვა?
18 .
და, აჰა, ღმერთმა თითოეული ასო ისე განალაგა სხეულში, როგორც ნებავდა.
19 .
ჰოდა, ყველა რომ ერთი ასო იყოს, სადღა იქნება სხეული?
20 .
აჰა, ასოები ბევრია, სხეული კი - ერთი.
21 .
თვალი ვერ ეტყვის ხელს - არ მჭირდებიო; ვერც თავი ეტყვის ფეხს - არ მჭირდებიო.
22 .
არამედ სხეულის ის ასოები, რომლებიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან.
23 .
ხოლო რომლებიც ნაკლებ საპატიოდ გვეჩვენება სხეულში, მათ უფრო უხვად ვმოსავთ პატივით და ჩვენი უსახურობა მეტი პატივით იმოსება.
24 .
კეთილსახიერ ასოებს ჩვენში, არ აქვთ ამის საჭიროება; მაგრამ ღმერთმა ისე შეაზავა სხეული, რომ უფრო უხვი პატივი არგუნა იმას, რომელსაც ნაკლებად აქვს.
25 .
რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
26 .
და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
27 .
თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე - მისი ასოები.
28 .
და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.
29 .
ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველას აქვს ძალთა მოქმედება?
30 .
ყველას აქვს განკურნების ნიჭი? ყველანი ლაპარაკობენ ენებით? ყველანი განმარტავენ?
31 .
ეშურეთ დიდ ნიჭებს და მე გაჩვენებთ უფრო აღმატებულ გზას.