დაბალი თვითშეფასების შესახებ


საკვანძო მუხლები:

1.6.15. დაბალი თვითშეფასების შესახებ

__თემაზე წერდნენ__
***
დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს.
__ მაქსველ შოლცი __

***
ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რაც კი შეიძლება გონებამ წარმოიდგინოს და დაიჯეროს.
__ ნაპოლეონ ჰილი __

***
წახალისება ყოვლისშემძლე იარაღია საკუთარი თავის შესახებ სასურველი რწმენის ჩასანერგად.
__ ნიკი კარნევალე __

***
გამოიცანით, რა ხდება, როდესაც თავს დაუცველად გრძნობთ? მთელი სამყარო გაძლევთ ამის მიზეზს. ნუ შეგაშინებთ გამოწვევა და ნუ გააუფასურებთ თქვენს შესაძლებლობებს. იმაზე უეთესი ხართ, ვიდრე ფიქრობთ.
__ თი ჰარვ ეკერი __

***
საკუთარ თავს წლობით აკრიტიკებდით და ამან არაფერი მოგიტანათ. სცადეთ მისი მიღება და დაელოდეთ შედეგს.
__ ლუის ელ ჰეი __

***
თვითშეფასების ამაღლებისთვის უნდა კონცენტრირდეთ წარმატებაზე და დაივიწყოთ ყველა მარცხი თუ ნეგატივი თქვენს ცხოვრებაში.
__ დენის ვეიტლი __

***
არასოდეს ჩაახშოთ საკუთარი პიროვნება. ნუ გამოიყვანთ თავს მსხვერპლად. თქვენს ცხოვრებას სხვისი სიტყვებით ნუ განსაზღვარვთ.
__ ჰარვი ფაიერშტაინი __

***
სხვად ქცევის სურვილი იმ ადამიანის ფლანგვაა, რომელიც ხართ.
__ მერლინ მონრო __

***
თვითშეფასება გულისხმობს იმ მოსაზრებებს, რომლებიც ადამიანს გააჩნია საკუთარი თავის შესახებ. ის უყალიბდება ნებისმიერ პიროვნებას და ეს ფენომენი, ვიზიარებთ თუ არა მას, ყოველთვის მთავარ ხაზად გასდევს ჩვენს ცხოვრებას; გვიყალიბდება ადრეულ ასაკში და საფუძვლად ურთიერთობრივი და ტემპერამენტული ფაქტორები უდევს. თვითშეფასება პოზიტიურიდან ნეგატიურ ხარისხში ვარირებს, აქვს ყველა ჩვენგანს, თუმცა არა იდენტური. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები რადიკალურად განსხვავდებიან დაბალი თვითშეფასების მქონეთაგან .ეს ბუნებრივიცაა, თუმცა საკმაოდ სახიფათო. დაბალ თვითშეფასებას უამრავი ნეგატიური მახასიათებელი ახლავს თან. ასეთი პიროვნებები საკუთარი თავისადმი უნდობლობით ხასიათდებიან, აქვთ არასრულფასოვნების გრძნობა, ურთიერთობის და საკუთარი თავის წარმოჩენის შიში, რაც დღევანდელი ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით ნამდვილად არასწორი ტაქტიკაა.
მუდმივად ჩრდილში ყოფნა ასეთ ადამიანებს არ უტოვებს შანსს, გახდნენ წარმატებულები და იცხოვრონ აქტიური ცხოვრებით. საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გამო დაბალი თვითშეფასების მქონეებს ეშინიათ ახალი გამოწვევების მიღების. ისინი, ფაქტობრივად, თავად იხშობენ გზას წარმატებისაკენ. უფრო მეტიც, დაბალი თვითშფასების მქონენი მეტად არიან მიდრეკილი სუიციდისაკენ.
შიშს, რომ უარგვყოფენ, საბოლოოდ მივყავართ რწმენამდე, რომ ჩვენი შიშები აუცილებლად გამართლდება.ერთი შეხედვით უმნიშვნელო დამოკიდებულებები უდიდესი წარმატების ან კრახის დეტერმინანტად შეიძლება იქცეს.
დღევანდელ სწრაფადცვალებად ცხოვრებაში, რომელშიც აუცილებელია მოერგო და აყვე სიახლეებს, დაბალ თვითშეფასებასთან გამკლავება უმნიშვნელოვანესია. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია მომავალსა და პერსპექტივებზე მართებული ხედვის ჩამოყალიბება.
როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება?
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის თვითშეფასება ძალიან ცვალებადია - როგორც წესი საკუთარ თავზე წარმოდგენა საკმაოდ ხშირად გვეცვლება: ზოგჯერ შეიძლება მაღალი თვითშეფასება გვქონდეს, ზოგჯერ კი პირიქით, ამიტომაც გარკვეული წესების გათვალისწინებით და საკუთარ თავზე მუშაობით შეგვიძლია ავიმაღლოთ თვითშეფასება.
ფსიქოლოგებმა თვითშეფასების ამაღლების 6 პრინციპი შეიმუშავეს. ესენია: 1. თავი მიიღეთ და შეიყვარეთ; 2. თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ; 3. თავი დაიცავით; 4. საკუთარ ქმედებებსა და სურვილებზე თავს ანგარიში ჩააბარეთ; 5. თავთან მართალი იყავით; 6. მიზანსწრაფულად იცხოვრეთ.
ამ პრინციპების დაცვა ადვილი არ არის. ვის აქვს სურვილი ან გამბედაობა, თავისი არასრულყოფილება აღიაროს, თავისი ემოციები მუდამ აკონტროლოს და რაღაცის ჩადენის შედეგების გამო მთელი პასუხისმგებლობა თავზე აიღოს? მაგრამ თუ ყველა პრინციპს შეასრულებთ, თქვენი "თვითღირებულება" უსათუოდ გაიზრდება.
ეცადეთ სწორად აღიქვათ ფაქტები. შეეცადეთ რეალისტურად და დაბალანსებულად შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. ადამიანები, რომლებიც საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში რწმენის ნაკლებობას განიცდიან, ნეგატიური ჭრილიდან იმზირებიან; მეორენი – პირიქით, ცაში იყურებიან და ვარსკვლავების სილამაზის შეფასებისას ვერ ამჩნევენ მიწაზე არსებულ ტალახს. სიმართლე კი ერთია – სრულყოფილი არავინაა! კომპლექსები ყველას აქვს, მაგრამ ყველა არ ქმნის ამის გამო ტრაგედიას.
ეცადეთ ადამიანებისაგან პოზიტიური უკუკავშირი მიიღოთ იქ, სადაც შესაბამისია. არ დაიჩაგროთ თავი, არ თქვათ უარი ქებასა და აღიარებაზე. როდესაც კომპლიმენტს გეუბნებიან – შეიფერეთ. ზედმეტი თავმდაბლობა ხელს შეგიშლით საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებაში.
დაიჯერეთ საკუთარი ძალების, არ მისცეთ სხვებს იმის უფლება, რომ თავი უღირსად ან უვარგისად გაგრძნობინონ. ეცადეთ, თანდათან "გამოჯანმრთელდეთ". ყოველი მცირედი მიღწევისთვის თავი შეაქეთ. წარმატება შესანიშნავი იმპულსია იმისათვის, რომ თავისადმი პატივისცემა გაიზარდოს.
__ მარიამ ღრეული __