1 .
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.
2 .
თორემ შეწყვეტდნენ შესაწირს, ცოდვილი სინდისის არქონის გამო, ვინაიდან, ერთი შეწირვით განიწმიდებოდნენ შემწირველნი.
3 .
მაგრამ ამ მსხვერპლებში არის ცოდვების ყოველწლიური გახსენება.
4 .
ვინაიდან ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვების მოსპობა შეუძლებელია.
5 .
ამიტომ ამბობს წუთისოფელში მოსვლისას ქრისტე: "მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, არამედ სხეული განმიმზადე მე.
6 .
სრულადდასაწველნი და ცოდვების გამოსასყიდი არ იყო შენთვის მოსაწონი.
7 .
მაშინ ვთქვი: აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”.
8 .
როცა ზემოთ თქვა: არც მსხვერპლები, არც შესაწირი, არც ყოვლადდასაწველი, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რჯულის თანახმად რომ სწირავენ, არ გეწადა და არც იყოო შენთვის მოსაწონი,
9 .
იქვე დასძინა: "აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო”. ამრიგად, იგი აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.
10 .
სწორედ ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი - იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.
11 .
მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა.
12 .
მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისთვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.
13 .
მას შემდეგ კი ელის, ვიდრე მისი მტრები მის ფეხთა სადგამად მოექცევიან;
14 .
რადგან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.
15 .
სულიწმიდაც გვიმოწმებს ამას, ვინაიდან ნათქვამია:
16 .
"აჰა, აღთქმა, რომელსაც აღვუთქვამ ისრაელის სახლს იმ დღეების შემდეგ - ამბობს უფალი - დავწერ ჩემს რჯულს მათ გულებზე და ჩავდებ მათ გონებაში,
17 .
და აღარ გავუხსენებ მათ თავიანთ ცოდვებსა და ურჯულოებას”.
18 .
სადაც ცოდვების მიტევებაა, იქ საჭირო აღარ არის შესაწირი მათთვის.
19 .
მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში,
20 .
ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, - რაც მისი სხეულია,
21 .
და მღვდელმთავრით ღვთის სახლზე,
22 .
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
23 .
მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;
24 .
ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;
25 .
ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.
26 .
ვინაიდან თუ კვლავ ნებსით ვცოდავთ მას მერე, რაც ჭეშმარიტების შემეცნება მივიღეთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვისთვის,
27 .
არამედ განკითხვის შემაძრწუნებელი მოლოდინი და მოწინააღმდეგეთა შთანთქმისთვის გამზადებული აგიზგიზებული ცეცხლი.
28 .
თუკი ვინმე, მოსეს რჯულის უარმყოფელი, ორი ან სამი კაცის მოწმობით, შეუწყალებლად ისჯება სიკვდილით,
29 .
როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?
30 .
რადგან ვიცნობთ ამ სიტყვის მთქმელს: "მე მეკუთვნის შურისგება და სამაგიეროს მიზღვა” და კიდევ: "განიკითხავს უფალი თავის ხალხს”.
31 .
შემაძრწუნებელია ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა!
32 .
გაიხსენეთ უწინდელი დღეები, როცა სინათლე მოგეფინათ და მრავალი ტანჯვა დაითმინეთ.
33 .
ერთი მხრივ, შეურაცხყოფასა და ჭირში იყავით სხვათა სასეიროდ ქცეული, მეორე მხრივ კი მათ თანაუგრძნობდით, ვისაც იგივე დაემართა.
34 .
ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ზეცაში.
35 .
მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.
36 .
მოთმინება გესაჭიროებათ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.
37 .
ვინაიდან კიდევ ცოტა, ძალიან ცოტა და მოვა, რომელიც უნდა მოვიდეს, არ დააყოვნებს.
38 .
ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.
39 .
ჩვენ კი უკან მიქცეულთაგანნი კი არა ვართ დასაღუპად, არამედ მორწმუნენი სულის სახსნელად.