1 .
"ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2 .
მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა; ასე რომ არ ყოფილიყო გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ.
3 .
როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4 .
და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა”.
5 .
უთხრა თომამ: "უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?”
6 .
უთხრა მას იესომ: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
7 .
მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”.
8 .
უთხრა ფილიპემ: "უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”.
9 .
უთხრა მას იესომ: "რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
10 .
ნუთუ არ გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, მე რომ გეუბნებით, ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეებს.
11 .
მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12 .
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13 .
რასაც ჩემი სახელით ითხოვთ, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14 .
თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, მე გავაკეთებ.
15 .
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
16 .
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
17 .
ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება.
18 .
ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19 .
კიდევ ცოტაც და წუთისოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ; რადგან მე ცოცხალი ვარ - თქვენც იცოცხლებთ.
20 .
იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემში ვარ, თქვენ ჩემში ხართ, და მე - თქვენში.
21 .
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ის არის ჩემი მოყვარული, ჩემს მოყვარულს კი მამაჩემიც შეიყვარებს; მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები”.
22 .
იუდამ, არა ისკარიოტელმა, ჰკითხა: "უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთისოფელს?”
23 .
მიუგო იესომ და უთხრა: "ვისაც ვუყვარვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ბინას.
24 .
ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. ხოლო სიტყვა, თქვენ რომ ისმენთ, ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25 .
ეს გელაპარაკეთ თქვენთან ყოფნისას.
26 .
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
27 .
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. წუთისოფელი რომ იძლევა, მე ისე არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28 .
ხომ მოისმინეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაიხარებდით, რადგან ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი, რადგან მამა ჩემზე დიდია.
29 .
ახლა გითხარით ეს, სანამ ამხდარა, რათა ირწმუნოთ, როცა ახდება.
30 .
ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ამ წუთისოფლის მთავარი და არაფერი აქვს ჩემში.
31 .
მაგრამ, რათა გაიგოს წუთისოფელმა, რომ მიყვარს მამა და, როგორც მამამ მამცნო, ისე ვაკეთებ; ადექით, წავიდეთ აქედან.