1 .
იუდეიდან ჩამოსულთაგან კი, ზოგიერთი ასწავლიდა ძმებს, თუ მოსეს წესით წინ არ დაიცვეთთ, ვერ გადარჩებითო.
2 .
პავლესა და ბარნაბას უთანხმოება და არამცირე დავა მოუხდათ მათთან, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვაც ამ საკითხის გამო იერუსალიმში მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ.
3 .
ეკლესიის მიერ წარგზავნილებმა ფინიკიასა და სამარიაში გაიარეს, იქაურებს წარმართთა მოქცევაზე უამბობდნენ, და ძმათაგან ყველას დიდად ახარებდნენ.
4 .
იერუსალიმში რომ მივიდნენ, ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს; და უამბეს, რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა მათი ხელით.
5 .
მაშინ წამოდგა მორწმუნეთაგან ზოგიერთი, ადრე ფარისეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდა და თქვა, რომ საჭიროა მათი წინადაცვეთა და მოსეს რჯულის მცნებად დადება.
6 .
შეიკრიბნენ მოციქულნი და უხუცესნი ამ საკითხის გასარჩევად.
7 .
ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: "კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემგან მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ.
8 .
გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ.
9 .
განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის, რადგან რწმენით განწმიდა მათი გულები.
10 .
ახლა რაღატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და მოწაფეებს ისეთი უღელი დაადგათ ქედზე, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს და ვერც ჩვენ?
11 .
ჩვენ გვწამს, რომ უფალ იესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი”.
12 .
მაშინ მთელი ხალხი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც უამბობდნენ, რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა წარმართებს შორის, მათი მეშვეობით.
13 .
მათი საუბრის შემდეგ, თქვა იაკობმა: "კაცნო, ძმანო, მომისმინეთ!
14 .
მოგვითხრო სიმონმა, პირველად როგორ მოხედა ღმერთმა წარმართებს, რომ მათგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისთვის.
15 .
ამას ეთანხმება წინასწარმეტყველთა სიტყვებიც, როგორც დაწერილია:
16 .
ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს,
17 .
რათა ეძიოს უფალი ადამიანთა ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა - ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი.
18 .
საუკუნეთაგან ცნობილია ღვთისთვის ყოველი მისი საქმე.
19 .
ამიტომ მივიჩნევ, რომ არ დავაბრკოლოთ ისინი, წარმართთაგან ღვთისკენ რომ არიან მოქცეულნი,
20 .
არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეიკავონ კერპების მიერ შებილწულისგან, სიძვისგან, დამხრჩვალისა და სისხლისგან.
21 .
ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ჰყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში.
22 .
მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა, მთელ ეკლესიასთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს და ამოირჩიეს თავიანთი წრიდან კაცები - ბარსაბად წოდებული იუდა, და სილა, ძმებს შორის რომ პირველობდნენ, რათა ანტიოქიაში მიევლინათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად.
23 .
და ასე მიწერეს თავიანთი ხელით: "მოციქულები, უხუცესები და ძმები - ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
24 .
როგორც გავიგეთ, ზოგიერთებმა, ჩვენგან რომ გამოვიდნენ, შეგაშფოთათ თავიანთი სიტყვებით და გულები აგიფორიაქათ; გეუბნებოდნენ, უნდა წინადაიცვითოთ და რჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია მათთვის;
25 .
ამის გამო, ერთსულოვნად მივიჩნიეთ საჭიროდ, კაცების არჩევა და თქვენთან გამოგზავნა ჩვენს საყვარელ ბარნაბასა და პავლესთან ერთად.
26 .
კაცებთან, რომელთაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისთვის.
27 .
გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გაუწყებენ სიტყვიერად.
28 .
რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია.
29 .
თავი შეიკავეთ კერპთშენაწირებისა და სისხლისგან, დამხრჩვალისა და სიძვისგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ. იყავით ჯანმრთელად!”
30 .
წამოსულნი ანტიოქიაში მივიდნენ, შეკრიბეს კრებული და წერილი გადასცეს.
31 .
როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშისცემით.
32 .
იუდამ და სილამ, რომლებიც წინასწარმეტყველებიც იყვნენ, მრავალი სიტყვით გაამხნევეს ძმები და განამტკიცეს.
33 .
დაჰყვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუმრეს ძმებმა მათ წარმომგზავნელებთან.
34 .
სილამ იქვე ინება დარჩენა.
35 .
ხოლო პავლე და ბარნაბა ანტიოქიაში დარჩნენ ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას.
36 .
რამდენიმე დღის შემდეგ უთხრა პავლემ ბარნაბას: "წავიდეთ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები იმ ქალაქებში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა; ვნახოთ, როგორ არიან”.
37 .
ბარნაბას მარკოზად წოდებული იოანეს წაყვანა უნდოდა.
38 .
პავლე კი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო არ წაეყვანათ ის, ვინც პამფილიაში ჩამოშორდა მათ და თან არ წაჰყვა საქმეზე.
39 .
ჩამოვარდა უთანხმოება; ისე რომ, დასცილდნენ ერთმანეთს; ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და კვიპროსისკენ გასცურა.
40 .
ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა, ძმათაგან უფლის მადლს მინდობილი.
41 .
დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.