1 .
რაც შეეხება იმას, თქვენ რომ მომწერეთ: კაცისთვის კარგია არ გაეკაროს დედაკაცს.
2 .
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს - თავისი ქმარი.
3 .
ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს.
4 .
ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ - ცოლი.
5 .
ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა შეთანხმებით და ისიც დროებით, რომ ლოცვა-მარხვისთვის მოიცალოთ, და კვლავ ერთად იყავით, რათა სატანამ არ გამოგცადოთ თქვენი თავშეუკავებლობით.
6 .
ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით.
7 .
ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი ისე იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღმერთისგან, ზოგს - ასე და ზოგს - ისე.
8 .
ხოლო დაუქორწინებლებსა და ქვრივებს ვეუბნები, რომ კარგია მათთვის ჩემსავით დარჩნენ.
9 .
მაგრამ თუ არ ძალუძთ თავშეკავება, იქორწინონ; ვინაიდან უმჯობესია იქორწინონ, ვიდრე აღეგზნონ.
10 .
ხოლო დაქორწინებულებს მე კი არა, უფალი ეუბნება: ცოლი არ გაეყაროს ქმარს.
11 .
ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს.
12 .
სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას;
13 .
დედაკაციც, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს, ხოლო კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ გაეყრება ქმარს.
14 .
რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
15 .
მაგრამ თუ ურწმუნოს გაყრა სურს, გაეყაროს; ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისკენ მოგვიწოდა ღმერთმა.
16 .
რადგან, რა იცი შენ ცოლო, თუ იხსნი ქმარს? ანდა რა იცი შენ ქმარო, თუ იხსნი ცოლს?
17 .
თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული - როგორც უფალმა მოუწოდა. ასე ვუწესებ ყოველ ეკლესიას.
18 .
თუ რომელიმე მოწოდებული წინადაცვეთილია, ნუ დამალავს; თუ რომელიმე მოწოდებული წინადაუცვეთელია, ნუ წინადაიცვეთს.
19 .
არაფერია წინადაცვეთა და არაფერია წინადაუცვეთელობა, თუ არა ღვთის მცნებათა დაცვა.
20 .
თითოეული იმ მოწოდებაში დარჩეს, რომლითაც მოუწოდეს.
21 .
თუ მონობაში მყოფს მოგიწოდეს, ნუ ითაკილებ; მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო.
22 .
ვინაიდან უფლის მიერ მოწოდებული მონა უფლის თავისუფალია; ისევე, როგორც მოწოდებული თავისუფალი - ქრისტეს მონაა.
23 .
ფასით ხართ ნაყიდნი, ნუ გახდებით ადამიანთა მონები.
24 .
ძმებო, რა მდგომარეობაშიც იქნა მოწოდებული თითოეული, ისე დარჩეს ღმერთთან.
25 .
ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.
26 .
ვფიქრობ, რომ ახლანდელი გაჭირვებისას ადამიანისთვის უმჯობესია დარჩეს როგორც არის.
27 .
თუ შეუღლებული ხარ ცოლთან, გაყრას ნუ ეძებ; ხოლო თუ უცოლო ხარ, ცოლს ნუ ეძებ.
28 .
თუმცა ცოლიც რომ მოიყვანო, არ შესცოდავ. და თუ ქალწული გათხოვდება, არ შესცოდავს. მაგრამ ასეთებს ხორციელი ჭირი ექნებათ და ამისთვის არ მეთმობით.
29 .
ხოლო ამას გეტყვით ძმანო: დრო შემოკლდა, ამიტომ ამიერიდან ცოლიანები ისე უნდა იყვნენ, როგორც უცოლონი.
30 .
მოტირალნი, როგორც არამოტირალნი, მხიარულნი, როგორც არამხიარულნი; მქონენი, როგორც არამქონენი;
31 .
ამ ქვეყნიერებით მოსარგებლენი, თითქოს სრულად არ სარგებლობენ მისით; რადგან წარმავალია ქვეყნიერების ამჟამინდელი სახე.
32 .
მე კი მსურს, რომ უზრუნველად იყოთ. უცოლო უფლისაზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს უფალს;
33 .
ხოლო ცოლიანი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ცოლს.
34 .
ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.
35 .
ამას გეუბნებით თქვენდა სასარგებლოდ, არა იმიტომ, რომ მარყუჟი მოგდოთ, არამედ იმიტომ რომ ღირსეულად მოიქცეთ და განუწყვეტლივ, დაუბრკოლებლად ემსახუროთ უფალს.
36 .
თუ ვინმეს შეუფერებლად მიაჩნია, რომ მისი ქალწულობა ახალგაზრდობის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს; დაე, დაქორწინდნენ ასეთნი.
37 .
ხოლო ვინც მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში, რომ არ უჭირს, არამედ უფლობს საკუთარ ნებაზე, და იმგვარად განსაჯა თავის გულში, რომ დაიცვას თავისი ქალწულობა, კარგად იქცევა.
38 .
ამიტომ ვინც შეაუღლებს თავის ქალწულს, კარგად მოიქცევა, ხოლო ვინც არ შეაუღლებს, უკეთესად მოიქცევა.
39 .
ცოლი რჯულითაა შეკრული, სანამ ცოცხალი ჰყავს ქმარი; თუ გარდაიცვლება ქმარი, თავისუფალია - გაჰყვეს, ვისაც უნდა, ოღონდ უფალში.
40 .
მაგრამ უფრო ნეტარი იქნება, თუ ჩემი რჩევისამებრ დარჩება; რადგან, ვფიქრობ, რომ მეც მაქვს ღვთის სული.