1 . იმ ხანებში, შაბათ დღეს, ყანებზე გაიარა იესომ. მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების კრეფა და ჭამა.
2 . დაინახეს ეს ფარისევლებმა და უთხრეს: "აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რაც ნებადართული არ არის შაბათს”.
3 . იესომ უპასუხა: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს მოშივდათ?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?
5 . ანდა არც ის ამოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით მღვდლები ტაძარში არღვევენ შაბათს, მაგრამ მაინც უდანაშაულონი არიან?
6 . ხოლო მე გეუბნებით თქვენ, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია.
7 . თქვენ რომ გცოდნოდათ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარც მსჯავრს დაადებდით უდანაშაულოებს.
8 . რადგან ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.
9 . წამოვიდა იქიდან იესო და მათ სინაგოგაში შევიდა.
10 . და აჰა, ხელი ჰქონდა კაცს გამხმარი. ჰკითხეს იესოს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის: ნებადართულია თუ არა განკურნება შაბათს?
11 . მან კი უთხრა მათ: "რომელიმე თქვენგანს, ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს?
12 . ადამიანი კი რამდენად აღმატებულია ცხვარზე! ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება”.
13 . და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და ისეთივე საღი გაუხდა, როგორც მეორე.
14 . ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.
15 . იესომ იცოდა რა ეს, გაეცალა იქაურობას. დიდძალი ხალხი მიყვებოდა მას და ყველა განკურნა,
16 . და აუკრძალა მათ მისი ვინაობის გამხელა.
17 . რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს:
18 . "აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სულმა; ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამართალს წარმართებს.
19 . არ იდავებს და არც იყვირებს, ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას.
20 . ნაგვემ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს;
21 . და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
22 . მაშინ მოიყვანეს მასთან ბრმა და მუნჯი ეშმაკეული და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა.
23 . მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: "ეს ხომ არ არის დავითის ძეო?”
24 . ხოლო ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს, თქვეს: ნამდვილად ეშმაკთა მთავრის, ბელზებელის ძალით დევნისო ეშმაკებს.
25 . იცოდა იესომ, რას ფიქრობდნენ ისინი და უთხრა მათ: "ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება; და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ გაიყოფა, ვერ გაძლებს.
26 . თუ სატანა სდევნის სატანას, თავისავე წინააღმდეგ გაყოფილა იგი და როგორღა გაძლებს მისი სამეფო?
27 . თუ მე ბელზებელით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მოსამართლენი.
28 . მაგრამ თუ მე ღმერთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა, მოსულა თქვენთან ღმერთის სამეფო.
29 . ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.
30 . ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია; და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
31 . ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ.
32 . ვინც სიტყვას იტყვის ძე კაცისას წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ თუ ვინმე სულიწმიდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში.
33 . ან ხეც ვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ანდა ხეც უვარგისად სცანით და მისი ნაყოფიც; ვინაიდან ხე მისი ნაყოფით შეიცნობა.
34 . იქედნეთა ნაშობნო, როგორ შეგიძლიათ კეთილი ილაპარაკოთ, როცა ბოროტები ხართ? რადგან გულის სისავსისგან მეტყველებს პირი.
35 . კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს; ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.
36 . თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს;
37 . რადგან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით იქნები მსჯავრდადებული”.
38 . მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა უთხრა მას: "მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან”.
39 . მან კი უპასუხა: "ბოროტი და მრუში თაობა ეძიებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა.
40 . რადგან, როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში სამ დღესა და სამ ღამეს, ასევე ძე კაცისა იქნება სამ დღესა და სამ ღამეს მიწის გულში.
41 . ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი.
42 . სამხრეთის დედოფალი აღდგება სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, რადგან დედამიწის კიდიდან მოვიდა იგი სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
43 . როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.
44 . მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს,
45 . მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.
46 . როცა ჯერ კიდევ ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები და სალაპარაკოდ ეძებდნენ მას.
47 . მაშინ ვიღაცამ უთხრა მას: "აჰა, დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენთან ლაპარაკი სურთ”.
48 . მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: "ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?”
49 . გაიშვირა ხელი თავისი მოწაფეებისკენ და თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
50 . რადგან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
1 . კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.
2 . უთვალთვალებდნენ მას, განკურნავს თუ არაო შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.
3 . უთხრა ხელგამხმარ კაცს: "შუაში დადექი”.
4 . მათ კი მიმართა: "შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სულის ხსნა თუ დაღუპვა?” ისინი დუმდნენ.
5 . იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.
6 . იქიდან გამოსულმა ფარისევლებმა მაშინვე მოითათბირეს ჰეროდიანელებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
7 . იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა; უამრავი ხალხი მიჰყვებოდა მას გალილეიდან და იუდეიდან,
8 . იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან; მრავალნი მოვიდნენ მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდანაც, როცა ესმათ, რა მოიმოქმედა მან.
9 . უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროებინა იგი.
10 . რადგან ბევრი განკურნა, ყველა, ვისაც რაიმე სნეულება სჭირდა, ზედ აწყდებოდა და ცდილობდა შეხებოდა მას.
11 . როცა კი არაწმიდა სულები დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: "შენა ხარ ძე ღვთისა”.
12 . იესო მკაცრად უკრძალავდა მათ, რომ არავისთან გაეცხადებინათ იგი.
13 . შემდეგ მთაზე ავიდა და მოიხმო, ვინც სურდა; და წავიდნენ მასთან.
14 . თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი,
15 . და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.
16 . სიმონი, რომელსაც უწოდა პეტრე;
17 . იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს;
18 . ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზ და სიმონ კანანელი.
19 . და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
20 . მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პური ვეღარ ჭამეს.
21 . მისიანებმა გაიგეს და წამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან ამბობდნენ შეშლილიაო.
22 . იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ, ბელზებელი ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნისო ეშმაკებს.
23 . დაუძახა მათ და იგავებით უთხრა: "როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
24 . თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
25 . თუ სახლი თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
26 . და თუ სატანა საკუთარ თავს აღუდგება წინ და დაიყოფა, ვეღარ გაძლებს და აღსასრული დაუდგება.
27 . ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ შებოჭავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
28 . ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ.
29 . მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია”.
30 . რადგან ამბობდნენ, არაწმიდა სული ჰყავსო.
31 . მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.
32 . მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ დედაშენი და შენი ძმანი და დანი არიან და გეძებენო.
33 . მან კი პასუხად უთხრა: "ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?”
34 . და გადახედა რა გარშემო მსხდომთ, თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
35 . რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.
1 . ერთხელ, შაბათს, ყანებზე მოუხდა გავლა; მისი მოწაფეები თავთავებს წყვეტდნენ, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2 . ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: "რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?”
3 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა თვითონაც მოშივდა და მასთან მყოფებსაც?
4 . როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის უფლებაც, გარდა მღვდლებისა, არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც აჭამა?”
5 . და უთხრა მათ: "შაბათის ბატონიც არის ძე კაცისა”.
6 . მეორე შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი ჰქონდა გამხმარი.
7 . მწიგნობარნი და ფარისევლები უთვალთვალებდნენ მას, აბა, თუ განკურნავსო შაბათს, რათა საბაბი ეპოვათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
8 . მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი: "ადექი და გამოდი შუაში!” ისიც ადგა და დადგა შუაში.
9 . იესომ უთხრა მათ: "მინდა გკითხოთ: შაბათ დღეს სიკეთის კეთება შეიძლება თუ ბოროტებისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?”
10 . თვალი მოავლო ყველას, მერე კაცს უთხრა: "გაიწოდე ხელი!” ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
11 . ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
12 . იმ დღეებში მთაზე სალოცად ავიდა იგი და მთელი ღამე ღმერთისადმი ლოცვაში გაატარა.
13 . დილა რომ გათენდა, მოიხმო თავისი მოწაფეები და მათგან თორმეტი ამოირჩია, რომელთაც მოციქულები უწოდა:
14 . სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15 . მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, რომელსაც მოშურნე ერქვა,
16 . იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17 . ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე, და უამრავი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ასევე ტვიროსისა და სიდონის სანაპიროებიდან,
18 . რომლებიც მოვიდნენ, რომ მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთი სნეულებებისგან; არაწმიდა სულებით გატანჯულნიც იკურნებოდნენ.
19 . და მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, რადგან ძალა გამოდიოდა მისგან და ყველას კურნავდა.
20 . თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: "ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო.
21 . ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.
22 . ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.
23 . იხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, რადგან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
24 . მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.
25 . ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
26 . ვაი თქვენ, როცა ყველა ადამიანი კარგს ილაპარაკებს თქვენზე, რადგან ასევე ექცეოდნენ ცრუ წინასწარმეტყველებს მათი მამები.
27 . ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
28 . აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.
29 . ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე; ვინც სამოსელს წაგართმევს, მოსასხამიც გაატანე.
30 . ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი; და ვინც წაგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
31 . და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ, თქვენც ასევე მოექეცით მათ.
32 . თუ მხოლოდ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, რა სარგებელია? რადგან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
33 . თუ თქვენს კეთილისმყოფელთ უზამთ სიკეთეს, რა სარგებელია? ცოდვილნიც ხომ ასე იქცევიან.
34 . თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
35 . თქვენ კი გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით, ასესხეთ და ნუღარაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური; იქნებით უზენაესის ძენი, რადგან იგი უმადურთა და ბოროტთა მიმართაც კეთილია.
36 . იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
37 . ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
38 . მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
39 . იგავიც უთხრა მათ: "განა შეიძლება ბრმა ბრმას წარუძღვეს? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
40 . მოწაფე მასწავლებელზე მეტი არაა, ხოლო ყველა, ვინც სრულყოფილად განიწრთვნა, ისეთივე იქნება, როგორიც მისი მასწავლებელია.
41 . და რად უყურებ ბეწვს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ?
42 . ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ბეწვი ამოგიღო თვალიდან, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან.
43 . არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
44 . რადგან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა; ნარ-ეკლიდან ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს, არც მაყვლოვანზე იკრიფება ყურძენი.
45 . კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს კი თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან ბოროტება გამოაქვს; რადგან გულის სისავსიდან მეტყველებს მისი პირი.
46 . რატომ მომმართავთ: უფალო, უფალო, და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
47 . ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და ასრულებს მათ; გიჩვენებთ, ვისაც ჰგავს.
48 . იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დააფუძნა საძირკველი. წყალდიდობისას ეძგერა მდინარე იმ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო ნაშენები.
49 . ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი მიწაზე უსაძირკვლოდ ააშენა, და როცა მდინარე დაეძგერა, მაშინვე დაინგრა; და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ნგრევა”.
1 . ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი და უამბეს გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც მათ მსხვერპლთა სისხლს შეურია პილატემ.
2 . იესომ უთხრა მათ: "გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ ეწამნენ?
3 . არა, გეუბნებით! არამედ, თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!
4 . ან ხომ არ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომელთაც სილოამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის დანარჩენი მკვიდრნი?
5 . არა, გეუბნებით! თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!”
6 . უთხრა ეს იგავი: "ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.
7 . უთხრა ეს იგავი: "ერთ კაცს ვენახში ლეღვი ედგა. მივიდა, რომ მასზე ნაყოფი მოეძებნა და ვერ იპოვა.
8 . მან კი მიუგო პასუხად: ბატონო, ამ წელიწადსაც დატოვე, ძირს შემოვუთოხნი და ნაკელს მოვაყრი;
9 . იქნებ გამოიღოს ნაყოფი. თუ არა და, მოჭერი”.
10 . შაბათს ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.
11 . და აჰა, დედაკაცი, რომელიც თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით იყო შეპყრობილი; დაკრუნჩხული, წელში ვერ იმართებოდა.
12 . დაინახა იგი იესომ, მოიხმო და უთხრა: "დედაკაცო, თავისუფალი ხარ შენი სნეულებისგან”.
13 . დაასხა ორივე ხელი, მაშინვე გაიმართა იგი და ადიდებდა ღმერთს.
14 . სინაგოგის უფროსი კი გაჯავრდა, შაბათს რომ განკურნა იესომ და უთხრა ხალხს: "ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება; ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდ შაბათს - არა”.
15 . უფალმა კი უთხრა პასუხად: "თვალთმაქცო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?
16 . ეს კი აბრაჰამის ასულია, რომელიც აგერ უკვე თვრამეტი წელიწადია შეკრა სატანამ. განა არ შეიძლებოდა ამ ხუნდებიდან შაბათ დღეს მისი გათავისუფლება?”
17 . როცა ამას ლაპარაკობდა, მის ყველა მოწინააღმდეგეს რცხვენოდა. ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილი დიდებული საქმეების გამო.
18 . მან თქვა: "რისი მსგავსია ღმერთის სამეფო და რას მივამსგავსო იგი?
19 . მდოგვის მარცვალს ჰგავს იგი, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა; გაიზარდა, იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს”.
20 . კვლავ თქვა: "რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო?
21 . იგი წააგავს საფუარს, რომელიც აიღო დედაკაცმა და ჩაფლა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად გაფუვდებოდა”.
22 . დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და იერუსალიმისკენ მიემართებოდა.
23 . ვიღაცამ ჰკითხა: "უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?” მან უთხრა:
24 . "ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
25 . როცა სახლის პატრონი წამოდგება და კარს დაკეტავს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და ეტყვით: უფალო, უფალო, გაგვიღე! მაგრამ ის პასუხად მოგიგებთ: არ გიცნობთ, საიდან ხართ.
26 . მაშინ ეტყვით: შენ წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.
27 . მაგრამ ის მოგიგებთ: გეუბნებით, არ გიცნობთ, საიდან ხართ. გამშორდით, ყოველნო მოქმედნო უსამართლობისა!
28 . და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როცა იხილავთ აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღვთის სამეფოში, თქვენს თავს კი - გარეთ განდევნილებს.
29 . მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და დასხდებიან ღმერთის სამეფოში.
30 . და აჰა, არიან უკანასკნელნი, რომლებიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომლებიც უკანასკნელნი იქნებიან!”
31 . ამ დროს მოვიდა ზოგი ფარისეველთაგანი და უთხრა: "წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს უნდა შენი მოკვლა”.
32 . უთხრა მათ: "წადით და უთხარით იმ მელას: აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღეს და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.
33 . მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალაც და ზეგაც, რადგან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!
34 . იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლველო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი კრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ისურვეთ!
35 . აჰა, ოხრად გრჩებათ სახლი. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!”
1 . ამ ამბების შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და იესო იერუსალიმში ავიდა.
2 . იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის აუზი, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და ხუთი დერეფანი აქვს,
3 . მათში იწვა ძალიან ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები, დავრდომილები, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ.
4 . დროდადრო ანგელოზი ეშვებოდა აუზში და წყალს ამღვრევდა. წყალი რომ აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი, განიკურნებოდა.
5 . იქ იყო კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იტანჯებოდა თავისი სნეულებით.
6 . იესომ მწოლარე რომ დაინახა, მიხვდა, რომ დიდი ხნის სნეული იყო და ჰკითხა: "გინდა გამოჯანმრთელდე?”
7 . მიუგო ავადმყოფმა: "უფალო, არავინა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ აუზში ჩამიშვას. ჩემს მისვლამდე სხვა ჩადის”.
8 . უთხრა იესომ: "ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე”.
9 . იგი მყისვე გამოჯანსაღდა. აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს კი შაბათი იყო.
10 . ამიტომ იუდევლებმა განკურნებულს უთხრეს: "შაბათია და სარეცლის აღების უფლება არა გაქვს”.
11 . მან კი მიუგო: "ვინც განმკურნა, მანვე მითხრა, აიღე შენი სარეცელი და გაიარეო”.
12 . ჰკითხეს, ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და გაიარეო?
13 . განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ხალხს შეერია.
14 . ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: "აჰა, შენ გამოჯანსაღდი, ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს”.
15 . ის კაცი წავიდა და უთხრა იუდევლებს, რომ იესომ განკურნა.
16 . იუდევლებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამ გააკეთა.
17 . მან კი მიუგო: "მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ”.
18 . ამიტომ იუდევლები მით უფრო მეტად ცდილობდნენ მის მოკვლას, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამას უწოდებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.
19 . უთხრა მათ იესომ ამის პასუხად: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ იხილავს, რას აკეთებს მამა, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
20 . რადგან მამას უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას, ისე რომ გაგიკვირდებათ.
21 . რადგან როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევეა ძეც - აცოცხლებს მას, ვინც სურს.
22 . არც არავის განიკითხავს მამა, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა,
23 . რათა ყველამ მიაგოს პატივი ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მის მომავლინებელ მამას მიაგებს პატივს.
24 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს და არ მიდის სამსჯავროზე, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა.
25 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მოდის ჟამი და უკვე არის კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის ხმას და მსმენელნი გაცოცხლდებიან.
26 . რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27 . განკითხვის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძეა იგი.
28 . ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან დგება ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მოისმენენ მის ხმას.
29 . კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი - განკითხვის აღდგომისთვის.
30 . ჩემით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვიკითხავ და განკითხვა ჩემი სამართლიანია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31 . თუ მე ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32 . სხვა ამოწმებს ჩემ შესახებ და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემ შესახებ.
33 . თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან და დაამოწმა ჭეშმარიტება.
34 . თუმცა ადამიანისგან მოწმობას არ ვიღებ, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
35 . იგი ანთებული და მანათობელი ლამპარი იყო, და თქვენც გინდოდათ, მის შუქზე გეხარათ ერთხანს.
36 . მე კი იოანეზე აღმატებული მოწმობა მაქვს; რადგან საქმენი, რომლებიც მამამ მომცა აღსასრულებლად და თვით, ჩემ მიერ გაკეთებული საქმენი, ამოწმებენ ჩემ შესახებ, რომ მამამ მომავლინა.
37 . და ჩემმა მომავლინებელმა მამამ დაამოწმა ჩემ შესახებ. თქვენ კი არასოდეს მოგისმენიათ მისი ხმა და არც გამოსახულება გიხილავთ მისი.
38 . მისი სიტყვა არ მკვიდრობს თქვენში, რადგან არ გწამთ მისი წარმოგზავნილისა.
39 . წერილებს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემ შესახებ მოწმობენ.
40 . ჩემთან მოსვლა კი არ გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41 . ადამიანთაგან არ ვღებულობ დიდებას,
42 . მაგრამ გიცნობთ თქვენ, ღმერთის სიყვარული არა გაქვთ თქვენში.
43 . მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
44 . როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როცა ერთიმეორისგან ღებულობთ დიდებას, ხოლო დიდებას, რომელიც ერთადერთი ღმერთისგან არის, არ ეძებთ?
45 . ნუ იფიქრებთ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისი იმედიც გაქვთ.
46 . რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.
47 . ჰოდა, თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, ჩემს ნათქვამს როგორღა იწამებთ?”
1 . ამ ამბების შემდეგ გალილეაში დადიოდა იესო. იუდეაში არ სურდა სიარული, რადგან მოსაკლავად დაეძებდნენ იუდეველნი.
2 . ახლოვდებოდა იუდეველთა კარვობის დღესასწაული.
3 . მაშინ მისმა ძმებმა უთხრეს: "წადი აქედან და იუდეაში მიდი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი საქმენი, რომელთაც აკეთებ,
4 . ვინაიდან, ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს აკეთებ, გამოეცხადე წუთისოფელს”.
5 . რადგან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6 . ამაზე იესომ უთხრა მათ: "ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
7 . წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.
8 . თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, ხოლო მე ჯერ არ ავალ, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა”.
9 . ეს უთხრა და დარჩა გალილეაში.
10 . მაგრამ მას მერე, რაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, თვითონაც ავიდა, ოღონდ არა გაცხადებულად, არამედ ფარულად.
11 . იუდეველნი კი ეძებდნენ დღესასწაულზე და კითხულობდნენ, ის სად არისო.
12 . ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო.
13 . ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
14 . დღესასწაულმა შუამდე რომ მიაღწია, ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15 . გაკვირვებული იუდევლები ამბობდნენ, როგორ იცის წერილები, როცა არ უსწავლიაო?!
16 . იესომ უთხრა მათ: "ჩემი მოძღვრება ჩემი არ არის, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა.
17 . ვისაც მისი ნების აღსრულება სურს, მიხვდება, ვისგანაა ეს მოძღვრება, ღმერთისგანაა იგი თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18 . ვინც თავისით ლაპარაკობს, თავის დიდებას ეძებს; ხოლო ვინც თავისი მომავლინებლის დიდებას ეძებს, ჭეშმარიტია; უმართლობა არ არის მასში.
19 . რჯული ხომ მოსემ მოგცათ? თუმცა არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?”
20 . ხალხმა მიუგო: "ეშმაკია შენში. ვინ გეძებს მოსაკლავად?”
21 . იესომ უთხრა მათ: "ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22 . მოსემ მოგცათ წინადაცვეთა - თუმცა იგი მოსესგან კი არა, მამებისგანაა - და შაბათობით წინადაცვეთთ ადამიანს.
23 . თუ ადამიანი წინადაცვეთას მიიღებს შაბათს, რათა არ დაირღვეს მოსეს რჯული, ჩემზე რაღად გაჯავრდით იმის გამო, რომ შაბათს სრულად განვკურნე კაცი?
24 . ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
25 . იერუსალიმელთაგან ზოგიერთი ამბობდა: "ეს ის არაა, მოსაკლავად რომ ეძებენ?
26 . აჰა, ღიად ლაპარაკობს და არაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ ნამდვილად ქრისტეა იგი?
27 . თუმცა, ხომ ვიცით საიდანაა იგი, ქრისტე კი, როცა მოვა, არავის ეცოდინება, საიდან იქნება”.
28 . ამიტომ შესძახა იესომ, ტაძარში სწავლებისას და თქვა: "მეც მიცნობთ და ჩემი წარმომავლობაც იცით. ჩემით არ მოვსულვარ. ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29 . მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა”.
30 . ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო, რადგან ჯერ არ მოსულიყო მისი დრო.
31 . ხალხიდან ბევრმა ირწმუნა იგი; ამბობდნენ: "ქრისტე რომ მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?”
32 . ხალხში ასეთ მითქმა-მოთქმას რომ მოკრეს ყური, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33 . იესომ თქვა: "მცირე ხანს ვიქნები თქვენთან და წავალ მასთან, ვინც მომავლინა;
34 . ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ”.
35 . უთხრეს იუდევლებმა ერთმანეთს: "სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? საბერძნეთში გაფანტულებთან ხომ არ წავა, რათა ბერძნებს ასწავლოს?
36 . ეს რა სიტყვაა, მან რომ თქვა, ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით, სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთო?”
37 . დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: "თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;
38 . ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”.
39 . ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.
40 . ამ სიტყვების მოსმენისას ხალხიდან ბევრი ამბობდა: "ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია იგი”.
41 . სხვები ამბობდნენ: "ეს ქრისტეა”. ხოლო სხვები კითხულობდნენ: "განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42 . განა არ ამბობს წერილი, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან მოვა, ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?”
43 . და განხეთქილება ჩამოვარდა მის გამო ხალხში.
44 . ზოგიერთს მისი შეპყრობაც კი უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო.
45 . დაბრუნდნენ მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან მსახურნი. მათ ჰკითხეს: "რატომ არ მოიყვანეთ იგი?”
46 . მსახურებმა უპასუხეს: "არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს”.
47 . უთხრეს ფარისევლებმა: "ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48 . ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ ირწმუნა იგი?
49 . მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია”.
50 . ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც უწინაც იყო ნამყოფი მასთან, და ერთი იმათგანი იყო:
51 . "განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?”
52 . უპასუხეს: "შენც გალილეიდან ხომ არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება”.
53 . და თითოეული თავის სახლში წავიდ-წამოვიდა.
1 . ერთხელ მიდიოდა და დაბადებიდან ბრმა კაცი დაინახა.
2 . ჰკითხეს მოწაფეებმა: "რაბი, თვითონ მან შესცოდა თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?”
3 . უპასუხა იესომ: "არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, ღმერთის საქმენი რომ გამოჩდნენ მასში.
4 . სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
5 . სანამ წუთისოფელში ვარ, წუთისოფლის სინათლე ვარ”.
6 . ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ნერწყვით ტალახი მოზილა და ბრმას თვალებზე წაუსვა.
7 . უთხრა: "წადი და დაიბანე სილოამის ანუ მოვლინებულის საბანელში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.
8 . მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: "ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?”
9 . ერთნი ამბობდნენ - ეს სწორედ ისააო, სხვებმა თქვეს - არა, მაგრამ იმას ჰგავსო. მან კი თქვა: "ეს მე ვარ”.
10 . მაშინ ჰკითხეს: "როგორ აგეხილა თვალები?”
11 . მან უპასუხა: "კაცმა, სახელად იესომ, ტალახი მოზილა, თვალებზე წამისვა და მითხრა, წადი სილოამს და მოიბანეო; წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები”.
12 . მაშინ ჰკითხეს: "სადაა იგი?” უპასუხა: "არ ვიცი”.
13 . მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, მანამდე რომ ბრმა იყო.
14 . ის დღე, ტალახი რომ მოზილა იესომ და თვალები აუხილა, შაბათი იყო.
15 . ფარისევლებმაც ჰკითხეს, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: "ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ”.
16 . მაშინ თქვა ზოგმა ფარისეველმა: "ის კაცი შაბათს არ იცავს, ამიტომ ღმერთისგან არ არის”. სხვებმა კი თქვეს: "როგორ შეძლებს ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?” და იყო მათ შორის დავა.
17 . კვლავ ჰკითხეს ბრმას: "შენ რას იტყვი მასზე, თვალები რომ აგიხილა?” მან თქვა: "წინასწარმეტყველია იგი”.
18 . მაინც არ დაიჯერეს იუდევლებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, სანამ თვალახელილის მშობლებს არ დაუძახეს.
19 . ჰკითხეს მათ: "ესაა თქვენი ვაჟი, ვისზეც ამბობთ, ბრმა დაიბადაო? ახლა როგორღა ხედავს?”
20 . მშობლებმა უთხრეს: "ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა.
21 . მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით; არც ის ვიცით, ვინ აუხილა თვალები. ხომ ასაკოვანია, ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე”.
22 . ასე იმიტომ თქვეს მისმა მშობლებმა, რომ იუდევლებისა ეშინოდათ. მათ უკვე პირი შეეკრათ: სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც იესოს ქრისტედ აღიარებდა.
23 . ამიტომ თქვეს მშობლებმა, ასაკოვანია და თავად მას ჰკითხეთო.
24 . მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო და უთხრეს: "დიდება მიაგე ღმერთს. ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი”.
25 . მან კი უპასუხა: "არ ვიცი, ის კაცი ცოდვილია თუ არა. ერთი რამ ვიცი - ბრმა ვიყავი, ახლა კი ვხედავ”.
26 . კვლავ ჰკითხეს: "რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?”
27 . უპასუხა: "მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ ხელახლა მოსმენა? იქნებ მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?”
28 . მათ კი გალანძღეს იგი და უთხრეს: "შენ თვითონ ხარ მისი მოწაფე, ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ.
29 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა. ამაზე კი ისიც არ ვიცით, საიდან არის”.
30 . უთხრა მათ კაცმა: "საკვირველი სწორედ ისაა, რომ არ იცით, საიდან არის, მან კი თვალები ამიხილა.
31 . ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.
32 . საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
33 . ეს რომ ღმერთისგან არ ყოფილიყო, ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა”.
34 . უთხრეს მას: "შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?” და გარეთ გამოაგდეს იგი.
35 . იესომ გაიგო, რომ გარეთ გამოაგდეს იგი, მონახა და ჰკითხა: "გწამს ძე კაცისა?”
36 . მან უთხრა: "ვინ არის ის, უფალო, რომ ვიწამო?”
37 . იესომ უთხრა: "შენ გინახავს იგი და ვინც გელაპარაკება, ის არის”.
38 . უპასუხა: "მწამს, უფალო” და თაყვანი სცა მას.
39 . უთხრა იესომ: "განსაკითხად მოვედი ამ წუთისოფელში, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ”.
40 . გაიგონა ეს სიტყვები მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა; და ჰკითხეს: "ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?”
41 . უთხრა მათ იესომ: "ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, თქვენი ცოდვა თქვენზევე რჩება”.
1 . 1. ამ დროისთვის ანტიოქოსმა ეგვიპტეში მეორეჯერ გააგზავნა ლაშქარი. 2. და თითქმის ორმოც დღეს მთელ ქალაქზე ჩნდებოდნენ ხოლმე ჰაერში მოჯირითე მხედრები, მოოქროვილი აღჭურვილობით შემოსილები და მეომრებივით შუბებით შეიარაღებულნი; 3. ცხენოსანთა რაზმების იერიშები, მოპირისპირე მხარეთა უკანდახევანი, შუბების ქნევა, ჰოროლთა და გატყორცნილ ისართა სიმრავლე, ოქროს სამკაულის ელვარება, ყოველგვარი აღკაზმულობა. 4. ამიტომ ლოცულობდა ყველა, რომ კეთილად ამხდარიყო ის ხილვები. 5. როცა ჭორიც გავრცელდა, ანტიოქოსი აღესრულაო, იასონმა შეკრიბა თითქმის ათასიანი ლაშქარი და უეცრად ქალაქზე მიიტანა იერიში. და უკვე გალავანზე რომ იყვნენ ასულნი და ქალაქიც აღებული იყო ლამის, მენელაოსი იძულებული გახდა, ციხე-სიმაგრისთვის შეეფარებინა თავი. 6. იასონმა კი თავის თანამოქალაქეებს დაუნდობელი სისხლისღვრა მოუწყო. არ ესმოდა, რომ თვისტომთა ხარჯზე მოხვეჭილი წარმატება უდიდესი უბედურებაა; ეგონა, მტერზე ალაფობდა და არა თანამემამულეებზე. 7. ძალაუფლება კი მაინც ვერ იგდო ხელთ და მისი ბოროტი განზრახვა სამარცხვინო უკუდახევით დამთავრდა; ლტოლვილმა კვლავ ყამონიანებს შეაფარა თავი. 8. საბოლოოდ, ავი ბედი ეწია მას: არაბთა მბრძანებლის, არეტას წინაშე ბრალდებული, ქალაქიდან ქალაქში ლტოლვილი, ყველასგან დევნილი და მოძულებული, როგორც რჯულის წინააღმდეგ მოჯანყე და სამშობლოსა და თანამოქალაქეთა ამაწიოკებელი, ბოლოს ეგვიპტეში გაირიყა. 9. ის, ვინც სამშობლოდან ამდენი ხალხი უცხოობაში განდეგნა, თავად უცხოობაში დაიღუპა, როცა ლაკედემონელებს მიადგა და იმედოვნებდა, ნათესაური წარმომავლობის გამო მათთან ჰპოვებდა თავშესაფარს. 10. ის, ვინც ამდენი ხალხი დატოვა დაუმარხავი, თავად დარჩა დაუტირებელი: არც წესის აგებას, არც მამა-პაპის სამარხს ღირსებია. 11. როცა მომხდარმა ამბებმა მეფის ყურამდე მიაღწია, იფიქრა, იუდა განმიდგაო და გაცეცხლებული სულით დაიძრა ეგვიპტიდან, და წარტყვევნა ქალაქი. 12. ჯარისკაცებს უბრძანა, დაუნდობლად ეხოცათ, ვინც კი შეხვდებოდათ, სახლებშიც შევარდნილიყვნენ და მოესრათ ხალხი. 13. დაიწყო ახალგაზრდათა და მოხუცთა ჟლეტა, ყრმების, ქალებისა და ბავშვების განადგურება, ქალწულთა და ჩვილთა გაჟუჟვა. 14. სამ დღეში სულ ოთხმოციათასი კაცი დაიღუპა, ორმოციათასი ხელჩართულ ბრძოლაში; და იმდენივე გაიყიდა, რამდენიც დაიღუპა. 15. არც ამას დასჯერდა მეფე: მან მთელ ქვეყანაზე უწმიდეს ტაძარში შესვლაც კი გაბედა; მეგზურად მენელაოსი მიჰყვებოდა, რჯულისა და სამშობლოს გამყიდველი. 16. წაბილწული ხელით იღებდა იგი წმიდა ჭურჭელს და ამ ადგილის დიდებისა და პატივის ნიშნად სხვა მეფეთაგან შეწირული ნივთები ნალახი ხელით გამოჰქონდა გარეთ. 17. ამგვარად, აღზევდა ფიქრებში ანტიოქოსი, ვერ ხვდებოდა, რომ მცირე ხნით გაუწყრა უფალი ქალაქის მკვიდრთ მათი ცოდვების გამო და ამიტომ აღარ მოხედა ამ ადგილს. 18. ეს არ მოხდებოდა, რომ ცოდვებში არ ყოფილიყვნენ გახვეულნი; მეფეც დაისჯებოდა მსგავსად ჰელიოდოროსისა, რომელიც გამოაგზავნა სელევკოს მეფემ საგანძურის სანახავად და, შევიდოდა თუ არა ტაძარში, გაშოლტილს მყისვე წაუხდებოდა ძარცვის ხალისი. 19. მაგრამ არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის გამოარჩია უფალმა ადგილი. 20. თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარი იყო, შემდეგ კი მასაც ერგო მადლის წილი; და რაც განწირული იყო ყოვლადძლიერის რისხვით, კვლავ აღდგა მთელ თავის დიდებაში როცა წყალობა მოიღო დიდმა მეუფემ. 21. ასე წაიღო ანტიოქოსმა ტაძრიდან ათასრვაასი ტალანტი და ისწრაფა ანტიოქიისკენ. ფიქრებში აღზევებულს სურდა ხმელეთი ხომალდების სარბიელად ექცია, ზღვა კი - ქვეითთა სასიარულოდ. 22. მოხელეებიც დატოვა იუდაელთა დასაჩაგრავად: იერუსალიმში - ფილიპე, გვარით ფრიგიელი, მის განმაწესებელზე უფრო ბარბაროსული ზნით გამორჩეული კაცი; 23. გარიზიმში კი - ანდრონიოსი, მათთან ერთად მენელაოსიც, რომელიც სხვებზე სატიკად ექცეოდა მოქალაქეთ და სძულდა იუდაელი მოქალაქეები. 24. გამოაგზავნა მისიელების მთავარი აპოლონიოსი ოცდაორიათასიანი ჯარით, თან ბრძანებაც გამოაყოლა, დაეხოცათ ყველა ასაკოვანი კაცი, ქალები და შედარებით ახალგაზრდები კი გაეყიდათ. 25. როცა აპოლონიოსი ჩავიდა იერუსალიმში, ხალხს ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მშვიდობას ამყარებდა; დაელოდა შაბათის წმიდა დღეს, მერე მოიხელთა რა მშვიდად მყოფი იუდაელები, თავისიანებს უბრძანა აესხათ იარაღი. 26. მათ სანახავად გამოსული ხალხი, ყველა გამოასალმა სიცოცხლეს, თავად კი ქალაქში შეიჭრა ლაშქრით და დიდძალი ხალხი მოსრა. 27. ხოლო იუდა მაკაბელი, გვარში მეათე, გახიზნული იყო უკაცრიელ ადგილას, მთებში. ცხოვრობდა თავისიანებთან ერთად ნადირივით, ბალახით საზრდოობდა, რათა უწმიდურობას არ ზიარებოდა.
1 . რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო.
2 . უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3 . მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4 . და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით.
5 . მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”
6 . ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:
7 . "რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”
8 . იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: "რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?
9 . რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?
10 . ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:
11 . შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!”
12 . ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.
13 . კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მივიდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
14 . გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: "გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.
15 . მის სახლში რომ ვახშმობდა, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, რადგან მრავალნი იყვნენ და მას გამოჰყვნენ.
16 . დაინახეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და ჰკითხეს მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
17 . ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.
18 . იოანეს მოწაფენი და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და ჰკითხეს: "რატომ არის, რომ იოანესა და ფარისევლების მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფენი კი არა?”
19 . იესომ უთხრა მათ: "განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე გვერდით ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა.
20 . მაგრამ მოვა დღე, როცა წაერთმევათ ნეფე და იმარხულებენ იმ დღეს.
21 . ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალი ქსოვილის საკერებელს; თორემ ახლად დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გამოიხევა.
22 . არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ დახეთქავს ტიკებს ღვინო და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ”.
23 . ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
24 . უთხრეს ფარისევლებმა მას: "აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”
25 . მიუგო იესომ: "ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
26 . როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”
27 . უთხრა: "შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
28 . ამიტომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.