1 . "რადგან ცათა სამეფო წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, დილაადრიანად რომ გავიდა თავისი ვენახისთვის მუშაკთა დასაქირავებლად.
2 . მუშებს დღეში თითო დინარად მოურიგდა და გაისტუმრა თავის ვენახში.
3 . მესამე საათი იქნებოდა, რომ კვლავ გავიდა და დაინახა სხვები, ბაზარში რომ იდგნენ უქმად.
4 . უთხრა მათ: თქვენც წადით ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო; და ისინიც წავიდნენ.
5 . კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათზე, და ასევე მოიქცა.
6 . გავიდა თერთმეტ საათზეც, კიდევ ნახა უქმად მდგარნი და უთხრა მათ: რატომ დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?
7 . უპასუხეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა. უთხრა მათ: წადით ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთო.
8 . რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა უთხრა თავის მნეს: დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე ქირა, უკანასკნელიდან პირველამდე.
9 . მივიდნენ თერთმეტ საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი.
10 . პირველად მისულებმა იფიქრეს, მეტს მოგვცემენო, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს.
11 . როცა მიიღეს, ბუზღუნი დაუწყეს სახლის პატრონს.
12 . ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
13 . მან კი მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ, განა დინარად არ მოგირიგდი?
14 . აიღე შენი გასამრჯელო და წადი; მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15 . ნუთუ არა მაქვს უფლება, რაც მე მეკუთვნის ჩემი ნებისამებრ მოვიხმარო? იქნებ შენს თვალს შურს, რომ კეთილი ვარ?
16 . ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი - უკანასკნელნი, რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი ცოტა”.
17 . იერუსალიმში რომ ადიოდა, იესომ ცალკე გაიხმო თორმეტნი და უთხრა მათ გზად მიმავალმა:
18 . "აჰა, იერუსალიმში ავდივართ; და გადაეცემა ძე კაცისა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ მას.
19 . წარმართებს გადასცემენ მას, რომ აგინონ, გაშოლტონ და ჯვარს აცვან; მესამე დღეს კი აღდგება”.
20 . მაშინ მივიდა მასთან ზებედეს ძეთა დედა თავის ვაჟებთან ერთად, თაყვანს სცემდა და რაღაცას სთხოვდა მას.
21 . მან ჰკითხა: "რა გინდა?” ხოლო ქალმა მიუგო: "ბრძანე, რომ შენს სამეფოში, ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს ჩემს ამ ორ ძეთაგან”.
22 . მიუგო იესომ პასუხად: "არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ იმ სასმისის შესმა, მე რომ უნდა შევსვა? ან იმ ნათლობით მოინათლოთ მე რომ მოვინათლე?” და უთხრეს: "შეგვიძლია”.
23 . უთხრა მათ: "ჩემს სასმისს შესვამთ და იმ ნათლობითაც მოინათლებით, მე რომ მოვინათლე, მაგრამ ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ დაჯდომის ნებართვა ჩემგან არ არის, არამედ ვისთვისაც გამზადებულია მამაჩემის მიერ”.
24 . ეს რომ იმ ათმა გაიგონა, გული მოუვიდათ ამ ორ ძმაზე.
25 . იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: "თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
26 . თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.
27 . და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, თქვენი მონა იყოს.
28 . ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისთვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად”.
29 . იერიხოდან გამოსვლისას დიდძალი ხალხი გაჰყვა მას.
30 . და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას; როცა გაიგონეს, იესო აქეთ მოდისო, აყვირდნენ; ამბობდნენ: "შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისა!”
31 . უწყრებოდა მათ ხალხი და აჩუმებდა. ისინი კი უფრო მეტად აყვირდნენ: "შეგვიწყალე, უფალო, ძეო დავითისა!”
32 . იესო შეჩერდა, დაუძახა მათ და ჰკითხა: "რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ?”
33 . უთხრეს: "უფალო, გვინდა თვალები აგვეხილოს”.
34 . შეებრალა ისინი იესოს, შეეხო მათ თვალებს და მყისვე აეხილათ; და გაჰყვნენ მას.
1 . და აი, პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაულიც მოახლოვდა.
2 . მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხერხს ეძებდნენ, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3 . და შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.
4 . წავიდა და მოელაპარაკა მღვდელმთავრებსა და მცველთა მეთაურებს, როგორ გაეცა მათთვის იესო.
5 . გაუხარდათ და დათანხმდნენ ვერცხლის მიცემას.
6 . მანაც აღუთქვა და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი.
7 . დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო.
8 . იესომ პეტრე და იოანე გაგზავნა და უთხრა: "წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ”.
9 . ჰკითხეს: "სად გინდა, რომ მოვამზადოთ?”
10 . უთხრა: "აჰა, ქალაქში რომ შეხვალთ, კაცი შემოგხვდებათ, რომელსაც წყალი მიაქვს დოქით და იმ სახლამდე მიჰყევით, რომელშიც შევა;
11 . უთხარით სახლის პატრონს, მოძღვარი გეკითხება-თქო: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
12 . და გიჩვენებთ ის დიდ მოფარდაგებულ ზედათვალს; იქ მოამზადეთ”.
13 . წავიდნენ და იპოვეს, როგორც უთხრა მათ. და მოამზადეს პასექი.
14 . ჟამმა რომ მოაღწია, დაჯდა იგი და მოციქულებიც დასხდნენ მასთან ერთად.
15 . უთხრა მათ: "დიდად მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
16 . ვინაიდან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმერთის სამეფოში”.
17 . აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: "აიღეთ და გაინაწილეთ ერთმანეთს შორის.
18 . რადგან, გეუბნებით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღმერთის სამეფო”.
19 . აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და უთხრა: "ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონრად”.
20 . ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ დაიღვრება.
21 . აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე.
22 . ძე კაცისა განწესებისამებრ მიდის, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვინც მას გასცემს”.
23 . და იწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.
24 . ასევე დავობდნენ, რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.
25 . მან კი უთხრა: "წარმართებზე მეფეები ბატონობენ და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
26 . თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის დიდი იყოს როგორც მცირე, ხოლო უფროსი - როგორც მსახური.
27 . რადგან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური.
28 . თქვენ კი ისინი ხართ, რომლებიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
29 . და მეც ისევე გაძლევთ სამეფოს, როგორც მე მომცა მამაჩემმა,
30 . რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხად”.
31 . და თქვა უფალმა: "სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
32 . მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როცა კვლავ მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები”.
33 . მან კი უპასუხა: "უფალო, მზად ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც”.
34 . ხოლო მან უთხრა: "შენ გეუბნები, პეტრე, დღეს მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ”.
35 . უთხრა მათ: "ქისის, აბგისა და ფეხსაცმლის გარეშე რომ გაგაგზავნეთ, თუ გაკლდათ რამე?” უპასუხეს მათ: "არაფერი”.
36 . მაშინ უთხრა: "ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე აბგა; ხოლო ვისაც არა აქვს მახვილი, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და იყიდოს.
37 . თქვენ გეუბნებით, რომ უნდა აღსრულდეს ჩემზე დაწერილი: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა’, რადგან ის, რაც ჩემზეა დაწერილი, დასასრულს უახლოვდება”.
38 . მათ უთხრეს: "უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია”. მიუგო მან: "საკმარისია”.
39 . გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, ზეთისხილის მთისკენ გაემართა. მოწაფეებიც გაჰყვნენ.
40 . ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: "ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
41 . თვითონ ქვის სასროლ მანძილზე გაშორდა მათ, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
42 . ამბობდა: "მამაო! თუ გნებავს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი”.
43 . ეჩვენა ანგელოზი ციდან და ამაგრებდა.
44 . ამ ტანჯვაში მყოფი უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა; მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა.
45 . ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და მწუხარებისგან ჩაძინებულები ნახა ისინი.
46 . უთხრა: "რატომ გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში”.
47 . ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, მოვიდა ხალხი რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, რომელიც იუდად იწოდებოდა; და საამბოროდ მიუახლოვდა იესოს.
48 . უთხრა იესომ: "იუდა, ამბორით გასცემ ძე კაცისას?”
49 . მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: "უფალო, დავცხოთ მახვილი?”
50 . ერთმა მათგანმა დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა.
51 . მაშინ იესომ უთხრა: "თავი დაანებეთ, კმარა!” შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.
52 . უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მეთაურებსა და უხუცესებს: "როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებითა და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად.
53 . ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და არ აღგიმართავთ ხელი ჩემზე; მაგრამ თქვენია ეს ჟამი და სიბნელის ხელმწიფება”.
54 . და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და შეიყვანეს მღვდელმთავრის სახლში. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.
55 . შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.
56 . ერთმა მხევალმა ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააცქერდა და თქვა: "ესეც მასთან ერთად იყო”.
57 . მაგრამ მან უარყო და თქვა: "დედაკაცო, არ ვიცნობ მას”.
58 . ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: "შენც ერთი მათგანი ხარ”. მაგრამ პეტრემ მიუგო: "არა ვარ, ადამიანო”.
59 . დაახლოებით ერთი საათი რომ გავიდა, სხვამაც დაიწყო დაჟინებით მტკიცება, ამბობდა: "ნამდვილად ესეც მას ახლდა, რადგან გალილეველია”.
60 . პეტრემ კი მიუგო იმ კაცს: "ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ”. და უცებ, ამას რომ ამბობდა, მამალმა იყივლა.
61 . მაშინ შემობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, მას რომ უთხრა: დღეს, სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,
62 . გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
63 . ხოლო კაცნი, რომელთაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, დასცინოდნენ და სცემდნენ მას.
64 . თვალები აუხვიეს სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყაო?
65 . და კიდევ მრავალნაირად გმობდნენ.
66 . როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესები, მღვდელმთავრები და მწიგნობრები; და მიიყვანეს იესო თავიანთ სინედრიონში.
67 . უთხრეს: "თუ ქრისტე ხარ, გვითხარი”. უთხრა: "რომ გითხრათ, არ მერწმუნებით,
68 . და რომ გკითხოთ, არ მიპასუხებთ.
69 . მაგრამ ამიერიდან ღმერთის ძალის მარჯვნივ დაჯდება ძე კაცისა”.
70 . მაშინ თქვა ყველამ: "მაშ, შენა ხარ ღმერთის ძე?” მიუგო: "თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ”.
71 . მათ კი თქვეს: "მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? თვითონვე მოვისმინეთ მისი პირიდან”.
1 . პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთისოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები, წუთისოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი.
2 . სერობის დროს, ეშმაკს უკვე ჩაედო იუდა სიმონ ისკარიოტელის ძის გულში, რომ გაეცა იგი.
3 . იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის,
4 . წამოდგა სერობიდან, ზედა სამოსელი გაიხადა, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა.
5 . მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.
6 . სიმონ-პეტრესთან რომ მივიდა, უთხრა მან: "უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?!”
7 . იესომ უთხრა მას: "ახლა არ იცი, რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ”.
8 . იუარა პეტრემ: "უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!” მიუგო იესომ: "თუ არ დაგბან, წილი არ გექნება ჩემთან”.
9 . შესძახა სიმონ-პეტრემ: "უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!”
10 . იესომ უთხრა: "განბანილს მხოლოდ ფეხების დაბანა ჭირდება; რადგან ის მთლად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა”.
11 . რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა, ამიტომ თქვა, ყველანი არ ხართო სუფთა.
12 . მათთვის ფეხების ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი, კვლავ დაჯდა და უთხრა მათ: "იცით, რა გაგიკეთეთ?
13 . თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ.
14 . ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები.
15 . მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
16 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და არც მოციქულია თავის წარმგზავნელზე დიდი,
17 . რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
18 . ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ჩემი პურის მჭამელმა აღმართა ქუსლი ჩემზე.
19 . წინასწარ გეუბნებით, სანამ ახდებოდეს, რათა, როცა ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ღებულობს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს”.
21 . ამის თქმის შემდეგ სულით აღელდა იესო, დაამოწმა და თქვა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ერთი თქვენგანი გამცემს მე”.
22 . გაოგნებული მოწაფეები ერთმანეთს უყურებდნენ, ვისზე ამბობსო.
23 . ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს, უბეზე მიყრდნობოდა მას.
24 . ანიშნა ამ მოწაფეს სიმონ-პეტრემ, ჰკითხე, ვინ არის, ვისზე ამბობსო.
25 . მკერდზე მიეკრა იგი იესოს და ჰკითხა: "უფალო, ვინაა იგი?”
26 . მიუგო იესომ: "ისაა, ვისაც ლუკმას ამოვუწობ და მივაწვდი”. ამოაწო ლუკმა და იუდას, სიმონ ისკარიოტელისას მიაწოდა.
27 . და ამ ლუკმის შემდეგ, სატანა შევიდა მასში. უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე”.
28 . მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რატომ უთხრა ეს.
29 . რაკი ყულაბა იუდას ჰქონდა, ზოგმა იფიქრა, იესო ეუბნება, გვიყიდე, რაც სადღესასწაულოდ არის საჭირო ან რაიმე მიეციო ღარიბებს.
30 . მან კი, ლუკმა აიღო თუ არა, მაშინვე გავიდა. და იყო ღამე.
31 . იუდა რომ გავიდა, თქვა იესომ: "ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში.
32 . რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას.
33 . შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ, მაგრამ როგორც იუდევლებს ვუთხარი, სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ-მეთქი მოსვლას, თქვენც ამასვე გეუბნებით ახლა.
34 . ახალ მცნებას გაძლევთ, გიყვარდეთ ერთმანეთი! როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
35 . იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
36 . სიმონ-პეტრემ ჰკითხა: "უფალო, სად მიდიხარ?” იესომ მიუგო: "ახლა იქ ვერ გამომყვები, სადაც მე მივდივარ, მერე კი გამომყვები”.
37 . უთხრა მას პეტრემ: "უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? ჩემს სიცოცხლეს დავდებ შენთვის”.
38 . მიუგო იესომ: "სიცოცხლეს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, მამალი არ იყივლებს, სანამ სამჯერ არ უარმყოფ!”
1 . მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
2 . სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
3 . არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
4 . თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
5 . ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,
6 . მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,
7 . არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.
8 . აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
9 . ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
10 . რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ;
11 . და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
12 . ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
13 . რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
14 . ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.
15 . რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
16 . სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.
17 . მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
18 . ჰოდა, თქვენც გაიხარეთ და გაიზიარეთ ჩემი სიხარული.
19 . ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
20 . ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
21 . რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
22 . თქვენ კი იცით რომ გამოიცადა იგი, რადგან როგორც შვილი მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
23 . იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
24 . დარწმუნებული ვარ უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან.
25 . საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისთვის.
26 . რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.
27 . ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.
28 . ამიტომ მწყუროდა მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც დარდი მომკლებოდა.
29 . აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
30 . ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და სიკვდილს მიუახლოვდა, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის უკმარისობა.
1 . 1. მე, მამას, მისმინეთ, შვილებო, და ისე მოიქეცით, რომ გადარჩეთ. 2. რადგან უფალმა შვილებზე აამაღლა მამა და დედის მსჯავრი დაამტკიცა ძეთა ზედა. 3. მამის პატივისმცემელი ცოდვათაგან განიწმინდება 4. და საუნჯის მაუნჯებელივით არის დედის მადიდებელი. 5. მამის პატივისმცემელი შვილებით გაიხარებს და მისი ვედრების ჟამს შესმენილ იქნება. 6. მამის მადიდებელი დღეგრძელი იქნება და უფლის მორჩილი თავის დედას შვებას მოუტანს. 7. როგორც ბატონებს, ისე დაემორჩილება თავის მშობლებს. 8. საქმით და სიტყვით პატივი ეცი მამას, რათა მისი კურთხევა გადმოვიდეს შენზე. 9. რადგან კურთხევა მამისა შვილთა სახლებს განამტკიცებს, წყევლა დედისა კი საძირკველითურთ აღმოფხვრის. 10. ნუ განდიდდები მამაშენის უპატიობით, რადგან შენთვის პატივი არ იქნება მამის შეურაცხყოფა. 11. რადგან დიდება კაცისა მამის პატივისცემაა და სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა. 12. შვილო, მამაშენს სიბერეში შეეწიე და ნუ დაამწუხრებ მას სიცოცხლეში. 13. თუ გონება მოაკლდეს, გულმოწყალება იქონიე და მთელი შენი ძალით ნუ შეურაცხყოფ მას, 14. რადგან მამის შეწყალება არ დაგეკარგება და ცოდვათა მიუხედავად აშენდები. 15. შენი გასაჭირის დღეს გაგიხსენებენ და როგორც ყინული სიცხისაგან, ისე დადნება შენი ცოდვები. 16. მამის მიმტოვებელი ღვთის მგმობელია და დედის განმარისხებელი დაწყევლილია უფლისაგან. 17. შვილო, მშვიდად წარმართე შენი საქმეები და ღვთის სათნო კაცი შეგიყვარებს. 18. რამდენადაც დიდი ხარ, იმდენად დაიმდაბლე შენი თავი და უფლის წინაშე მადლს იპოვი. 19. რადგან დიდია უფლის მეუფება და მორჩილთაგან იდიდება იგი. 20. შენთვის მეტისმეტად საძნელოს ნუ ეშურები და შენს ძალაზე აღმატებულს ნუ გამოიკვლევ. 21. რაც გებრძანება, ის გულისხმაჰყავ, რადგან დაფარული არ გჭირდება. 22. შენს მრავალ საქმეთაგან ზედმეტს ნუ ეშურები, რადგან მასზე მეტი გამოგეცხადა, რისი შეცნობაც ადამიანს შეუძლია. 23. რადგან მრავალი აცდუნა მათმა განზრახულმა და უკეთურმა ოცნებამ დაღუპა მათი გონება. 24. გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება. 25. გულქვას სალმობანი დაამძიმებს და ცოდვილი ცოდვაზე ცოდვას მიუმატებს. 26. განსაცდელი ქედმაღლისათვის განკურნება არ არის, რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში. 27. გონიერი გული იგავს მიხვდება და მსმენელი ყური სიბრძნის მწყურვალია. 28. აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმედს გულმოწყალება. 29. წყალობისათვის სამაგიეროს გამღები მომავალზე ზრუნავს და თავისი დაცემის ჟამს საყრდენს იპოვის.