1 . უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ ფილისტიმელთა საგუშაგოსთან, იქითა მხარეს რომ არის”. მამამისისთვის კი არაფერი უთქვამს.
2 . საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ექვსასამდე კაცი ახლდა.
3 . იქ იყო ახიაც, ახიტუბის ძე, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ყელის ძისა, შილოში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. და არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი.
4 . იმ ვიწრო გადასასვლელებში, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა საყარაულოებთან გადასვლა უნდოდა, ერთ მხარეზეც ციცაბო კლდე იყო და მეორეზეც. ერთს ბოცეკს ეძახდნენ, მეორეს კი - სენეს.
5 . ერთი ციცაბო ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშისკენ, მეორე კი - სამხრეთიდან, გიბყას პირდაპირ.
6 . უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: "წამოდი, გადავიდეთ მაგ წინადაუცვეთელთა საგუშაგოსთან; ეგების გვიშველოს უფალმა, რადგან არ არის უფლისთვის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი”.
7 . უთხრა საჭურველთმტვირთველმა: "გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს; აჰა, შენთან ვარ ისე, როგორც შენი გული ინებებს”.
8 . თქვა იონათანმა: "აჰა, გადავალთ მაგ ხალხთან და დავენახებით.
9 . თუ გვეტყვიან: დაიცადეთ, ვიდრე თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ, სადაც ვიდგებით და ნუ ავალთ მათთან;
10 . მაგრამ თუ გვეტყვიან, ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ, რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია უფალს ისინი. ეს ნიშანი იქნება ჩვენთვის”.
11 . დაენახნენ ფილისტიმელთა გუშაგებს და თქვეს ფილისტიმელებმა: "აჰა, ებრაელები ძვრებიან სოროებიდან, სადაც იმალებოდნენ”.
12 . გამოელაპარაკნენ გუშაგები იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: "ამოდით ჩვენთან და რაღაცას გეტყვით”. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: "მომყევი, რადგან უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს”.
13 . ფორთხვა-ფორთხვით ავიდა იონათანი ზევით და უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვა. ეცემოდნენ ფილისტიმელნი იონათანის წინაშე, საჭურველთმტვირთველი კი მათ უკან მყოფებს მუსრავდა.
14 . პირველი შეტაკებისას ოცამდე კაცი გაჟლიტეს იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე.
15 . შიშმა აიტანა ბანაკი, ველი და მთელი ხალხი; დამცველი რაზმი და გუშაგებიც შეძრწუნდნენ; მიწა იძრა და ღვთის ძრწოლამ მოიცვა ყველა.
16 . ბენიამინის გიბყადან დაინახეს საულის გუშაგებმა, აჰა, იფანტება ჯარი, ერთმანეთს აწყდება და გარბის. შეატყობინეს საულსაც, რომელიც მაღლობზე იჯდა და თვითონაც ადევნებდა თვალყურს მათ დარბევას.
17 . უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: "მოიძიეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენგან”. აღრიცხეს და აჰა, არც იონათანია და არც მისი საჭურველთმტვირთველი.
18 . უთხრა საულმა ახიას: "მოიტანე ღვთის კიდობანი!” - რადგან იმ დღეს თან ჰქონდათ ღვთის კიდობანი ისრაელიანებს.
19 . ვიდრე საული მღვდელს ელაპარაკებოდა, კიდევ უფრო იმატა არეულობამ ფილისტიმელთა ბანაკში. მაშინ უთხრა საულმა მღვდელს: "დაუშვი ხელი”.
20 . ამხედრდა საული და მასთან მყოფი მთელი ხალხი, მიიჭრნენ ბრძოლის ველზე და აჰა, ერთმანეთს დარევიან ფილისტიმელნი, კაცს თავისი მოყვასის წინააღმდეგ აღუმართავს მახვილი და არის ძალზე დიდი არეულობა.
21 . ის ებრაელები, ადრე ფილისტიმელებთან ერთად რომ იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, მობრუნდნენ და საულთან და იონათანთან მყოფ ისრაელიანებს შეუერთდნენ.
22 . ასევე ეფრემის მთაში დამალულმა ყველა ისრაელიანმაც გაიგო, რომ გაიქცნენ ფილისტიმელნი და ისინიც დაედევნენ ბრძოლით.
23 . იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი; ბეთ-ავენს მისწვდა ბრძოლა.
24 . გაწამდა იმ დღეს ისრაელი, რადგან ამ სიტყვებით დააფიცა საულმა ხალხი: "წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, სანამ ბოლომდე არ ვიძიებ შურს მტრებზე!” პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის ხალხს.
25 . ტყეში შევიდა მთელი ხალხი და თაფლი იდო მიწაზე.
26 . ტყეში შესვლისას მომდინარე თაფლი დაინახეს, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს.
27 . არ იცოდა იონათანმა, რომ ხალხი დააფიცა მამამისმა. გაიწოდა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო წვერი თაფლით სავსე ფიჭაში, პირში ჩაიდო და გაუნათდა თვალები.
28 . მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: "ასეთი ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი: წყეულიმც იყოს ის კაცი, ვინც პური ჭამოსო დღეს; ქანცი გაუწყდა ხალხს”.
29 . თქვა იონათანმა: "გააწამა მამაჩემმა ქვეყანა; შემომხედეთ და ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, ცოტაოდენი თაფლი რომ ვიგემე.
30 . რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა, უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მუსვრა?!”
31 . და მოსრეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე, და დაიქანცა ხალხი.
32 . ეკვეთა ხალხი ნადავლს, წამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დაკლა ისინი მიწაზე. სისხლიანი ჭამა ხალხმა.
33 . შეატყობინეს საულს, უთხრეს: "აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს”. თქვა საულმა: "ვერაგობა ჩაგიდენიათ, მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი”.
34 . თქვა საულმა: "გაიფანტენით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თავისი ხარი და თითოეულმა თავისი ცხვარი. აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს და ნუ ჭამთ სისხლიანად”. მიიყვანა თითოეულმა თავისი ხარი იმ ღამეს და კლავდა იქ.
35 . სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.
36 . თქვა საულმა: "ჩავიდეთ ფილისტიმელებთან ამ ღამით, დავარბიოთ და განთიადამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს”. უპასუხეს: "როგორც შენს გულს ნებავს, ისე მოიქეცი”. მღვდელმა კი მიუგო: "ჯერ უფალს დავეკითხოთ”.
37 . რჩევა ითხოვა საულმა უფლისგან: "ჩავიდე ფილისტიმელებთან? ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?” არ უპასუხა იმ დღეს უფალმა.
38 . თქვა საულმა: "ახლოს მოდექით, ხალხის თავკაცებო, და გამოარკვიეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 . ცოცხალია უფალი, რომელიც იხსნის ისრაელს. ჩემი ძე, იონათანიც რომ იყოს დამნაშავე, უნდა მოკვდეს!” კაცი არ აღმოჩნდა ხალხში, რომ პასუხი გაეცა მისთვის.
40 . უთხრა საულმა მთელ ისრაელს: "თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი, მეორე მხარეს ვიქნებით”. უთხრა ხალხმა საულს: "როგორც გენებოს, ისე მოიქეცი”.
41 . უთხრა საულმა უფალს: "ღმერთო ისრაელისა, გამოაცხადე სიმართლე!” დააკავა წილისყრამ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
42 . თქვა საულმა: "წილი ყარეთ ჩემსა და ჩემს ძეს, იონათანს შორის!” და დაკავდა იონათანი.
43 . უთხრა საულმა იონათანს: "მითხარი, რა ჩაიდინე?” უთხრა მას იონათანმა: "ჩემი კვერთხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, მცირეოდენი თაფლი ვიგემე. მზად ვარ, რომ მოვკვდე”.
44 . თქვა საულმა: "ასე და მეტიც დამმართოს ღმერთმა, თუ მართლა არ მოკვდე, იონათან!”
45 . უთხრა ხალხმა საულს: "ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი ხსნა მოუტანა ისრაელს? არ მოხდება ეს საქმე! ცოცხალია უფალი, ერთი ღერი თმაც კი არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღმერთის დახმარებით მოქმედებდა იგი დღეს”. ასე დაიხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი.
46 . აღარ დადევნებია საული ფილისტიმელებს და თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ ისინი.
47 . განამტკიცა თავისი მეფობა საულმა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს: მოაბელებს, ყამონელებს, ედომელებს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და რომელ მხარესაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა.
48 . შეკრიბა ლაშქარი, შემუსრა ყამალეკი და მძარცველებისგან იხსნა ისრაელი.
49 . საულის ძენი იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშუაყი; მის ორ ასულთაგან კი პირმშოს მერაბი ერქვა, უმცროსს - მიქალი;
50 . საულის ცოლი იყო ახინოყამი, ახიმაყაცის ასული. მისი მხედართმთავარი იყო - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა.
51 . კიში, საულის მამა და ნერი, აბნერის მამა აბიელის ძენი იყვნენ.
52 . გააფთრებული ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელებთან საულის მთელი მეფობის განმავლობაში; დაინახავდა თუ არა საული ძლიერსა და მამაც ვაჟკაცს, თავისთან მიჰყავდა იგი.
1 . შემოიკრიბეს ფილისტიმელებმა ლაშქარი საომრად იუდას სოქოთში და ეფეს-დამიმში, სოქოთსა და ყაზეკას შორის დაბანაკდნენ.
2 . საული და ისრაელიანებიც შეიკრიბნენ, ელაჰის ველზე დაბანაკდნენ და ფილისტიმელთა პირისპირ განლაგდნენ საბრძოლველად.
3 . ფილისტიმელნი ერთი მთის კალთაზე იდგნენ, ისრაელიანები - მეორე მთისა; ველი იყო მათ შორის.
4 . და გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ფალავანი, გოლიათი ერქვა, წარმოშობით გათელი იყო; ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი ჰქონდა სიმაღლე.
5 . თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და აბჯარ-ჯავშნით იყო შემოსილი, რომელიც სპილენძის ხუთი ათას შეკელს იწონიდა.
6 . სპილენძის სამუხლეები ეკეთა ფეხებზე და სპილენძის შუბი ეკიდა ბეჭთა შორის.
7 . მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის ოდენა იყო, პირი კი რკინის ექვსას შეკელს იწონიდა. ფარის მზიდველი მიუძღოდა წინ.
8 . გამოვიდა და ეს სიტყვები შესძახა ისრაელის მხედრობას: "რად გამოდიხართ საომრად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ, თქვენ კი საულის მსახურნი? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 . თუ გამიმკლავდება და მომერევა, თქვენი მონები გავხდებით, ხოლო თუ მე დავძლევ და მოვერევი, თქვენ გაგვიხდით მონებად და გვემსახურეთ!”
10 . თქვა ფილისტიმელმა: "სირცხვილი ვაჭამე დღეს ისრაელის მხედრობას! გამოიყვანეთ კაცი, რომ შევერკინოთ ერთმანეთს!”
11 . ისმინეს ფილისტიმელის სიტყვები საულმა და მთელმა ისრაელმა; შეძრწუნდნენ და შეშინდნენ ფრიად.
12 . ეფრათელი კაცის, იესეს ძე იყო დავითი, იუდას ბეთლემიდან. რვა ძე ჰყავდა მამამისს. ხანში შესული იყო იესე საულის დღეებში, კაცთა შორის უხუცესი.
13 . იესეს სამი უფროსი ვაჟი ომში გაჰყვა საულს; აი, მისი სამი ძის სახელები: პირმშო ელიაბი, აბინადაბი და შამა.
14 . დავითი ყველაზე უმცროსი იყო; საულს სამი უფროსი გაჰყვა.
15 . მიდიოდა ხოლმე დავითი საულთან და მერე ისევ ბრუნდებოდა მამამისის ფარის დასამწყემსად ბეთლემში.
16 . დილა-საღამოს გამოდიოდა ხოლმე ფილისტიმელი; ასე იქცეოდა ორმოცი დღე.
17 . უთხრა იესემ დავითს, თავის ძეს: "წაიღე ეს ერთი ეფა მოხალული მარცვლეული და ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში.
18 . ხოლო ეს ათი ყველი ათასისთავს მიართვი; მშვიდობით მოიკითხე შენი ძმები და მოიტანე მათი ამბავი”.
19 . საული, ისინი და ყველა სხვა ისრაელიანი ელაჰის ველზე იდგნენ ფილისტიმელებთან საომრად.
20 . დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მეთვალყურეს დაუტოვა, მოსაკითხი აიღო და წავიდა, როგორც იესეს ჰქონდა ნაბრძანები; და იმ დროს მიუახლოვდა ბანაკს, როცა ჯარი გამოდიოდა მწყობრად და საომარ ყიჟინას სცემდნენ ბრძოლის ველზე.
21 . ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ ისრაელიანთა და ფილისტიმელთა მეომრები.
22 . მცველებთან დატოვა დავითმა თავისი ტვირთი და ბრძოლის ველისკენ გაიქცა; მივიდა და მშვიდობით მოიკითხა თავისი ძმები.
23 . ამ ლაპარაკში იყო და, აჰა, გამოვიდა ფალავანი, ფილისტიმელი გოლიათი გათიდან და უწინდებურად დაიწყო ლანძღვა; დავითმაც მოისმინა მისი სიტყვები.
24 . გოლიათის დანახვაზე, უკუიქცნენ შეძრწუნებულნი ისრაელიანები.
25 . თან ამბობდნენ: "ხედავთ იმ კაცს, რომ გამოვიდა? უსათუოდ ისრაელის შესარცხვენად არის გამოსული; ვინც მას მოერევა, დიდად გაამდიდრებს მეფე და თავის ასულსაც მიათხოვებს; მამამისის სახლეულს კი გადასახადებს აღარ მოსთხოვს ისრაელში”.
26 . ჰკითხა მასთან მდგომ კაცებს დავითმა: "რა ბედი ელის მას, ვინც მოკლავს ამ ფილისტიმელს და სირცხვილს მობანს ისრაელს? ვინაა ეს წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, რომ ცოცხალი ღმერთის მხედრობას ლანძღავს?!”
27 . იგივე სიტყვები გაუმეორა ხალხმა: "ამას და ამას მისცემენ მას, ვინც მას მოკლავს”.
28 . გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, დავითის ლაპარაკი ხალხთან, გაუბრაზდა და უთხრა: "აქ რისთვის ჩამოხვედი? რატომ მიატოვე მცირედი ფარა უდაბნოში? ვიცი შენი სიამაყისა და ბოროტი გულის ამბავი, ბრძოლის სანახავად ჩამოხვიდოდი”.
29 . შეეპასუხა დავითი: "ისეთი რა გავაკეთე?! მხოლოდ სიტყვა ვთქვი!”
30 . ზურგი აქცია და ლაპარაკი განაგრძო. ხალხმა იგივე გაუმეორა.
31 . დავითის ნათქვამი რომ მოისმინეს, საულსაც უამბეს. ბრძანა და მოაყვანინა იგი.
32 . უთხრა დავითმა საულს: "ნურავის შეუდრკება გული ამის გამო! წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს”.
33 . უთხრა საულმა დავითს: "ვერ შეძლებ იმ ფილისტიმელთან შებრძოლებას, რადგან ყმაწვილი ხარ, ის კი, სიყრმიდან მებრძოლი კაცია”.
34 . მიუგო დავითმა: "მწყემსავდა შენი მსახური თავის მამის ცხვარს და როცა ლომი ან დათვი დაგვეცემოდა და ფარიდან კრავს გაიტაცებდა,
35 . უკან მივდევდი, ვკლავდი და პირიდან ვგლეჯდი კრავს. ხოლო თუ ჩემზე გამოიწევდა, ფაფარში ჩავავლებდი ხელს და იქვე ვკლავდი.
36 . ორივე მოუკლავს შენს მსახურს, ლომიც და დათვიც; ამ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღმერთის მხედრობა გალანძღა”.
37 . თქვა დავითმა: "უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!” მიუგო საულმა დავითს: "წადი და უფალი იყოს შენთან”.
38 . თავისი მხედრული სამოსი ჩააცვა საულმა დავითს, თავზე სპილენძის მუზარადი დაადგა და აბჯრით შემოსა.
39 . შემოირტყა დავითმა მახვილი მხედრულ სამოსელზე და შეეცადა გაევლო, რადგან მიჩვეული არ იყო. უთხრა დავითმა საულს: "არ შემიძლია ამაში სიარული, რადგან არასოდეს მიცდია”. და გაიძრო ისინი დავითმა.
40 . ხელში აიღო თავისი კვერთხი, ნაკადულიდან რიყის ხუთი ქვა ამოირჩია, ჩაიდო მწყემსის აბგაში და თავისი შურდულით ხელში ფილისტიმელისკენ წავიდა.
41 . ფილისტიმელიც წამოვიდა და მიუახლოვდა დავითს, წინ ფარისმზიდველი ედგა.
42 . დავითი რომ დაინახა ფილისტიმელმა, ზიზღით შეხედა, რადგან ყმაწვილი იყო იგი, წითური და კარგი შესახედი.
43 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "განა ძაღლი ვარ, კეტით რომ გამოდიხარ?” და თავისი ღმერთების სახელით დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი.
44 . უთხრა ფილისტიმელმა დავითს: "მომიახლოვდი, რომ ცის ფრინველებსა და მინდვრის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი”.
45 . მიუგო დავითმა ფილისტიმელს: "შენ მახვილით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით მოვდივარ შენთან, რომელიც შენ შეურაცხყავი.
46 . დღეს ჩამაგდებინებს შენს თავს ხელში უფალი, განგგმირავ და თავს მოგაცლი, დღესვე ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი ფილისტიმელთა ლაშქრის მძორებს და შეიტყობს მთელი ქვეყნიერება, რომ ღმერთია ისრაელში!
47 . რათა შეიტყოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, ვინაიდან უფლის ბრძოლაა ეს და ჩაგაგდებთ ჩვენს ხელში!”
48 . აღიმართა ფილისტიმელი, დაიძრა და დავითისკენ წამოვიდა და გაიქცა დავითიც ფილისტიმელთან შესახვედრად.
49 . აბგაში ჩაიყო ხელი დავითმა, ამოიღო ქვა, სტყორცნა შურდულით და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ჩაეჭედა ქვა შუბლში და პირქვე დაეცა მიწაზე.
50 . იმარჯვა დავითმა ფილისტიმელზე, შურდულითა და ქვით განგმირა და მოკლა იგი; მახვილი კი არ სჭერია დავითს ხელში.
51 . სირბილით მივიდა დავითი ფილისტიმელთან, აიღო მისი მახვილი, ამოიღო ქარქაშიდან და თავი მოაჭრა გოლიათს; დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი გმირი და გაიქცნენ.
52 . აღიმართნენ ისრაელისა და იუდას მეომრები, დასცეს ყიჟინა და ყეკრონის კარიბჭის ველამდე სდიეს ფილისტიმელებს. მრავალი ფილისტიმელი დაეცა განგმირული შაყარაიმის გზაზე, გათამდე და ყეკრონამდე.
53 . დაბრუნდნენ ისრაელიანები ფილისტიმელთა დევნიდან და გაძარცვეს მათი ბანაკი.
54 . აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი და მიიტანა იერუსალიმში; მისი საჭურველი კი კარავში დაიდო.
55 . როცა საულმა ფილისტიმელთან შესახვედრად მიმავალ დავითს შეხედა, ჰკითხა აბნერს, ჯარის სარდალს: "აბნერ! ვისი ძეა ეს ჭაბუკი?” უთხრა აბნერმა: "შენს სიცოცხლეს ვფიცავ მეფეო, თუ ვიცოდე”.
56 . უთხრა მეფემ: "გამიგე, ვისი ძეა ეს ჭაბუკი?”
57 . და დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, მოკიდა ხელი აბნერმა და წარადგინა საულის წინაშე, ხელში ფილისტიმელის თავი ეჭირა.
58 . ჰკითხა საულმა: "ვისი ძე ხარ, ჭაბუკო?” მიუგო დავითმა: "შენი მსახურის, ბეთლემელი იესეს ძე ვარ”.
1 . ადგა საული და სამი ათას რჩეულ ისრაელიანთან ერთად ჩავიდა ზიფის უდაბნოში, რათა იქ მოეძებნა დავითი.
2 . ხაქილის გორაკზე, იეშიმონის გასწვრივ, გზის პირას დაბანაკდა საული; დავითი უდაბნოში რჩებოდა და ხედავდა, როგორ მოვიდა მის კვალზე საული უდაბნოში.
3 . გაგზავნა დავითმა მზვერავები და დარწმუნდა, რომ ნამდვილად საული იყო მოსული.
4 . და მივიდა დავითი იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული. დაინახა დავითმა ის ადგილი, სადაც საულსა და აბნერს, ნერის ძეს, მის მხედართმთავარს ეძინათ. შუაგულ ბანაკში იწვა საული და გარშემო მის ხალხს ეძინა.
5 . ჰკითხა დავითმა ახიმელექ ხეთელს და აბიშაის, ცერუიას ძეს, იოაბის ძმას: "ვინ ჩამომყვება საულთან ბანაკში?” უთხრა აბიშაიმ: "მე ჩამოგყვები”.
6 . ღამით მივიდნენ დავითი და აბიშაი ბანაკში და ხედავენ, აჰა, შუაგულ ბანაკში სძინავს საულს, შუბი კი სასთუმალთან ჩაურჭვია მიწაში. აბნერი და დანარჩენები მის გარშემო წვანან.
7 . უთხრა აბიშაიმ დავითს: "ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ნება მომეცი და ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე დარტყმა აღარ დამჭირდება”.
8 . უთხრა დავითმა აბიშაის: "ნუ მოკლავ, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელი არ დარჩება”.
9 . თქვა დავითმა: "უფალს ვფიცავ, თავად უფალი განგმირავს მას ან მისი დღე მოვა და მოკვდება, ან ომში წავა და დაიღუპება.
10 . ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან”.
11 . აიღო დავითმა შუბი და წყლის ჭურჭელი საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავის გზაზე. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია, ყველას ეძინა, ვინაიდან ღრმა ძილი დასცემოდათ უფლისგან.
12 . და გადავიდა დავითი გაღმა, მეორე მხარეს; მთის წვერზე დადგა მოშორებით. დიდი მანძილი იყო მათ შორის.
13 . გასძახა დავითმა ხალხს და აბნერ ნერის ძეს: "ხმა გამეც, განა აბნერი არ ხარ?” მიუგო აბნერმა: "ვინა ხარ, მეფეს რომ ეძახი?”
14 . უთხრა დავითმა აბნერს: "ვაჟკაცი ხომ ხარ?! ვინ არის შენი მსგავსი ისრაელში? მაშ, რატომ არ დაიფარავ მეფეს, შენს ბატონს? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.
15 . არ არის კარგი რაც გააკეთე. ვფიცავ უფალს, სიკვდილს იმსახურებთ, რომ არ იფარავთ თქვენს ბატონს, უფლის ცხებულს. ახლა მოძებნეთ, სად არის მეფის შუბი და წყლის ჭურჭელი, მის სასთუმალთან რომ იყო!”
16 . იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: "შენი ხმაა დავით, შვილო?” მიუგო დავითმა: "ჩემი ხმაა, მეფევ ბატონო!”
17 . კვლავ თქვა: "რად დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს, რა ჩავიდინე ისეთი, რა ცოდვა მაწევს?
18 . ახლა მოისმინოს მეფე ბატონმა თავისი მსახურის სიტყვები: თუ უფალმა აღგძრა ჩემს წინააღმდეგ, კეთილსურნელოვანი იყოს ეს მსხვერპლი; ხოლო თუ ადამიანებმა - წყეულიმც იყვნენ ისინი უფლის წინაშე, რადგან მათ განმდევნეს მე დღეს, რომ მოვწყდომოდი უფლის სამკვიდროს. მითხრეს, წადი, უცხო ღმერთებს ემსახურეო.
19 . ნუ დაიღვრება ჩემი სისხლი მიწაზე უფლისგან შორს ყოფნისას, რადგან ერთი ბეწო რწყილის საძებრად გამოსულა ისრაელის მეფე, როგორც გნოლებზე ნადირობენ ხოლმე მთებში”.
20 . თქვა საულმა: "შევცოდე. დაბრუნდი, შვილო დავით, აღარ გიბოროტებ, რადგან ძვირფასი ყოფილა ჩემი სიცოცხლე შენს თვალში. უგუნურად ვიქცეოდი და დიდად ვცდებოდი”.
21 . მიუგო დავითმა და უთხრა: "აჰა, მეფის შუბი. გადმოვიდეს ვინმე ჭაბუკი და წაიღოს.
22 . უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ერთგულების წილ. დღეს ჩამიგდო შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე უფლის ცხებულზე ხელის აღმართვა.
23 . აჰა, როგორც მე დავაფასე დღეს შენი სიცოცხლე, ასევე დააფასოს ჩემი სიცოცხლე უფალმა და მიხსნას ყოველგვარი გასაჭირისგან”.
24 . უთხრა საულმა დავითს: "კურთხეული იყავ, შვილო დავით! დიად საქმეებს აღასრულებ და კიდეც გაიმარჯვებ”. წავიდა დავითი თავის გზაზე და საულიც გაბრუნდა თავის სახლში.
25 . თქვა დავითმა გულში: "აჰა, ერთ დღესაც საულის ხელით დავიღუპები; უმჯობესია ფილისტიმელთა ქვეყანაში ვუშველო თავს; დაეკარგება ჩემი პოვნის იმედი მთელ ისრაელში და გადავურჩები მის ხელს”.
1 . დაეკითხა ამის შემდეგ უფალს დავითი: "წავიდე იუდას რომელიმე ქალაქში?” უთხრა უფალმა: "წადი”. ჰკითხა დავითმა: "საით წავიდე?” უპასუხა: "ხებრონისკენ”.
2 . წავიდა იქ დავითი და მასთან ერთად მისი ორი ცოლი: ახინოყამ იზრეყელელი და აბიგაილი, ქარმელელი ნაბალის ქვრივი.
3 . მასთან მყოფი კაცებიც თან წაიყვანა დავითმა, თითოეული თავისი სახლეულით და ცხოვრობდნენ ისინი ხებრონის ქალაქებში.
4 . მოვიდნენ იუდას კაცები და სცხეს იქ დავითი მეფედ იუდას სახლზე. და შეატყობინეს დავითს: გილყადის იაბეშელებმა დაკრძალესო საული.
5 . მოციქულები გაგზავნა დავითმა გილყადის იაბეშელებთან და უთხრა: "კურთხეულიმც ყოფილიყავით უფლის მიერ, რომ ასეთი წყალობა გამოიჩინეთ საულის, თქვენი ბატონისადმი და დაკრძალეთ.
6 . დაე, უფალიც წყალობითა და ჭეშმარიტებით მოგექცეთ; მეც სიკეთეს მოგაგებთ, რადგან აღასრულეთ ეს საქმე.
7 . განიმტკიცეთ მკლავნი და ვაჟკაცურად იყავით, რადგან მოკვდა თქვენი ბატონი, საული; ახლა მე მცხო იუდას სახლმა თავის მეფედ”.
8 . ამასობაში აბნერმა, ნერის ძემ, საულის მხედართმთავარმა, წაიყვანა იშბოშეთი, საულის ძე და მახანაიმში გადაიყვანა.
9 . და გაამეფა იშბოშეთი გილყადსა და აშურზე, იზრეყელსა და ეფრემზე, ბენიამინსა და მთელ ისრაელზე.
10 . ორმოცი წლის იყო იშბოშეთი, საულის ძე, როცა გამეფდა ისრაელზე; მხოლოდ ორი წელი იმეფა; იუდას სახლი კი დავითს გაჰყვა.
11 . შვიდი წელი და ექვსი თვე მეფობდა დავითი ხებრონში, იუდას სახლზე.
12 . მახანაიმიდან გაბაონისკენ გადავიდნენ აბნერ ნერის ძე და იშბოშეთის, საულის ძის ხალხი.
13 . იოაბ ცერუიას ძეც გავიდა დავითის ხალხთან ერთად და გაბაონის წყალსატევთან შეხვდნენ მათ; ერთნი წყალსატევის აქეთა მხარეს განლაგდნენ, მეორენი - იქითა მხარეს.
14 . უთხრა აბნერმა იოაბს: "გამოვიდნენ ჩვენი მეომრები და ჩვენს წინ შეებრძოლონ ერთმანეთს”. თქვა იოაბმა: "შეებრძოლონ”.
15 . თორმეტი ბენიამინელი იშბოშეთის, საულის ძისგან გამოვიდა, თორმეტი კი - დავითის მსახურთაგან.
16 . შეეჭიდნენ ერთმანეთს, მახვილები ჩასცეს ერთურთს ფერდებში და დაეცნენ ერთად; და უწოდეს გაბაონის იმ ადგილს, ხელკათ-ჰაცურიმ (მახვილთა ველი).
17 . ულმობელი ბრძოლა გაიმართა იმ დღეს და დამარცხდა აბნერი ისრაელიანებთან ერთად დავითის მეომართა წინაშე.
18 . ცერუიას სამი ძე იყო იქ: იოაბი, აბიშაი და ყასაელი. ველის ქურციკივით ფეხმარდი იყო ყასაელი.
19 . დაედევნა ყასაელი აბნერს და არ გადაუხვევია მისი დევნისას არც მარჯვნივ, არც მარცხნივ.
20 . მოიხედა აბნერმა უკან და თქვა: "შენა ხარ, ყასაელ?” უპასუხა: "მე ვარ”.
21 . უთხრა აბნერმა: "გადაუხვიე მარჯვნივ ან მარცხნივ, შეიპყარი ვინმე ჭაბუკი და წაართვი საჭურველი”. მაგრამ არ ინება ყასაელმა მისგან მოცილება.
22 . კვლავ უთხრა აბნერმა ყასაელს: "მომცილდი, რომ არ შემომაკვდე; როგორღა შევხედო სახეში შენს ძმას, იოაბს?”
23 . მაგრამ არ ინება მან მოცილება. მაშინ უკუსცა აბნერმა შუბი მუცელში და მეორე მხარეს გაატანა; დაეცა ყასაელი და იქვე მოკვდა; და ყველა, ვინც კი იმ ადგილას გამოივლიდა, ჩერდებოდა ყასაელის სიკვდილის ადგილზე.
24 . მზის ჩასვლამდე მისდევდნენ იოაბი და აბიშაი აბნერის კვალს; და მივიდნენ ამმაჰის მაღლობზე, გიახის პირდაპირ, გაბაონის უდაბნოს გზაზე.
25 . ზურგს უკან ამოუდგნენ აბნერს ბენიამინელნი, ერთ გუნდად შეიკრნენ და დადგნენ მაღლობის თხემზე.
26 . დაუძახა აბნერმა იოაბს და უთხრა: "როდემდე უნდა ჭამოს მახვილმა? ნუთუ არ იცი, რომ მწარე იქნება ბოლო? რატომ არ ეტყვი ხალხს, რომ თავი დაანებოს თავის მოძმეთა დევნას?”
27 . უპასუხა იოაბმა: "ცოცხალია ღმერთი, შენი ნათქვამი რომ არა, დილიდანვე შეწყვეტდა ხალხი თავის მოძმეთა დევნას”.
28 . ჩაჰბერა იოაბმა საყვირს და შეწყვიტა ხალხმა ისრაელის დევნა და ბრძოლა.
29 . მთელ იმ ღამეს იორდანეს ტრამალზე მიდიოდნენ აბნერი და მისი ხალხი, გადალახეს იორდანე, გაიარეს მთელი ბითრონი და მივიდნენ მახანაიმს.
30 . დაბრუნდა იოაბი აბნერის დევნისგან და შეკრიბა მთელი ხალხი; ცხრამეტი კაცი აკლდა დავითის მსახურთაგან და ყასაელი.
31 . სამას სამოცდაექვსი მებრძოლი განგმირეს დავითის მეომრებმა ბენიამინელთაგან და აბნერის ხალხისგან.
32 . წაასვენეს ყასაელი და დაკრძალეს თავისი მამის აკლდამაში, ბეთლემში. მთელ ღამეს მიდიოდნენ იოაბი და მისი კაცები და განთიადისას მიაღწიეს ხებრონს.
1 . ხანგრძლივი ომი იყო საულისა და დავითის სახლებს შორის. და სულ უფრო ძლიერდებოდა დავითი, ხოლო საულის სახლი უფრო და უფრო სუსტდებოდა.
2 . ძეები შეეძინა დავითს ხებრონში; პირმშო ყამნონი - იზრეყელელი ახინოყამისგან.
3 . მომდევნო - ქილაბი აბიგაილისგან, ქარმელელი ნაბალის ქვრივისგან; მესამე - აბესალომი, მაყაქას შვილი, გეშურის მეფის, თალმაის ასულისა.
4 . მეოთხე, ადონია - ხაგითის შვილი; მეხუთე, შეფატია - აბიტალის შვილი.
5 . მეექვსე, ითრეამი - ყეგლასგან, დავითის ცოლისგან; ესენი შეეძინა დავითს ხებრონში.
6 . საულისა და დავითის სახლებს შორის ომში, მტკიცედ ეჭირა აბნერს საულის სახლის მხარე.
7 . ხარჭა ჰყავდა საულს, სახელად რიცფა, აიას ასული. და უთხრა იშბოშეთმა აბნერს: "რატომ შეხვედი მამაჩემის ხარჭასთან?”
8 . დიდად განრისხდა აბნერი იშბოშეთის ნათქვამზე; უთხრა: "ძაღლის თავი ხომ არ ვარ იუდაში? დღემდე ერთგული ვარ მამაშენის, საულის სახლის, მისი ძმებისა და მეგობრების მიმართ, არ ჩამიგდიხარ დავითის ხელში. და ახლა ამ ქალზე მდებ ბრალს?
9 . ასე და ასე უყოს ღმერთმა აბნერს და უარესიც დამართოს, თუ ისე არ მოვიქეცი, როგორც უფალმა შეჰფიცა დავითს:
10 . მეფობას წავართმევ საულის სახლს და დავითის ტახტს დავადგენ ისრაელსა და იუდაზე, დანიდან ბეერ-შებაყამდე”.
11 . და ვეღარ შეეპასუხა აბნერს, რადგან ეშინოდა მისი.
12 . მოციქულები გაუგზავნა აბნერმა დავითს, რომ ეთქვათ: "ვისია ეს ქვეყანა? კავშირი შემიკარი და, აჰა, შენთან იქნება ჩემი ხელი, რათა შენკენ მოვაქციო მთელი ისრაელი”.
13 . მიუგო დავითმა: "კეთილი, შევკრავ კავშირს შენთან, ოღონდ ერთ რამეს მოვითხოვ: ვერ იხილავ ჩემს სახეს, როცა ჩემს სანახავად მოხვალ თუ მიქალს, საულის ასულს არ მოიყვან ჩემთან”.
14 . მოციქულები გაუგზავნა დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს და მოსთხოვა: "მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინდაუცვეთელი ფილისტიმელის ჩუჩის ფასად დავნიშნე”.
15 . გაგზავნა კაცი იშბოშეთმა და წაართვა ქალი მის ქმარს, ფალტიელ ლაიშის ძეს.
16 . წამოჰყვა ქმარი ქალს, მიჰყვებოდა და მისტიროდა ბახურიმამდე. მერე უთხრა აბნერმა: "წადი, გაბრუნდი!” და ისიც გაბრუნდა.
17 . ელაპარაკა აბნერი ისრაელის უხუცესობას და უთხრა: "გუშინაც და გუშინწინაც გინდოდათ დავითი მეფედ.
18 . ახლა ასე უნდა მოიქცეთ, რადგან ნათქვამი აქვს უფალს დავითზე: "ჩემი მსახურის დავითის ხელით გადავარჩენ ჩემს ერს, ისრაელს, ფილისტიმელებისა და ყველა მტრის ხელიდან”.
19 . ამასვე ელაპარაკა აბნერი ბენიამინელებს. და მერე ხებრონში წავიდა, რათა დავითისთვის ეთქვა ყველაფერი, რაც ისრაელსა და ბენიამინელთა მთელ სახლს მიაჩნდა მოსაწონად.
20 . მივიდა აბნერი დავითთან ხებრონს, თან ოცი კაცი ახლდა და ნადიმი გაუმართა დავითმა აბნერსა და მასთან მყოფ კაცებს.
21 . უთხრა აბნერმა დავითს: "ავდგები და წავალ, შევუკრებ ჩემს ბატონ მეფეს მთელ ისრაელს, რათა აღთქმა დადონ შენთან და შენს ნებაზე იმეფებ მათზე”. გაისტუმრა დავითმა აბნერი და მშვიდობით წავიდა იგი.
22 . აჰა, დაბრუნდნენ სათარეშოდ გასული დავითის მსახურები და იოაბი თარეშიდან, თან დიდძალი ნადავლი მოიყოლეს. აბნერი აღარ დახვდათ დავითთან ხებრონში, რადგან გაგზავნილი ჰყავდა დავითს და მშვიდობით წასულიყო იგი.
23 . როცა მოვიდა იოაბი და მასთან მყოფი მთელი ლაშქარი, უთხრეს იოაბს: "მოვიდა აბნერ ნერის ძე მეფესთან, გაისტუმრა იგი მეფემ და წავიდა იგი მშვიდობით”.
24 . მივიდა იოაბი დავითთან და უთხრა: "ეს რა ჰქენი? აჰა, აბნერი მოსულა, შენ კი გაგისტუმრებია და ისიც წასულა თავის ნებაზე.
25 . განა არ იცნობ აბნერ ნერის ძეს? შენს მოსატყუებლად მოვიდა, რომ იცოდეს, როდის გადიხარ და როდის შემოდიხარ, ყველაფერი გაიგოს, რასაც აკეთებ”.
26 . დავითისგან რომ გამოვიდა იოაბი, მოციქულები დაადევნა აბნერს და სირას ჭიდან მოაბრუნა. არ იცოდა ეს ამბავი დავითმა.
27 . დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.
28 . მოგვიანებით, როცა გაიგო დავითმა ეს ამბავი, თქვა: "უბრალონი ვართ მე და ჩემი სამეფო უფლის წინაშე საუკუნოდ აბნერ ნერის ძის სისხლში.
29 . იოაბის თავს და მამამისის სახლს დაატყდეს! არ გამოილიოს იოაბის სახლში სისხლმდინარი, კეთროვანი, ყავარჯენზე დაყრდნობილი, მახვილით განგმირული და უპურობით დამშეული!”
30 . იოაბმა და მისმა ძმამ, აბიშაიმ, იმის გამო მოკლეს აბნერი, რომ მან მოკლა მათი ძმა ყასაელი, გაბაონთან ბრძოლაში.
31 . უთხრა დავითმა იოაბს და მასთან მყოფ ხალხს: "შემოიგლიჯეთ სამოსელი, შემოირტყით ჯვალო და იგლოვეთ აბნერი”. მეფე დავითი თავად მიჰყვებოდა საკაცეს.
32 . როცა მარხავდნენ აბნერს ხებრონში, აღიმაღლა ხმა და ტიროდა მეფე აბნერის საფლავზე, ტიროდა ხალხიც.
33 . დაიტირა მეფემ აბნერი და თქვა: "განა უგუნური კაცივით უნდა მომკვდარიყო აბნერი?
34 . ხელები შეკრული არ გქონია, ფეხებზე ბორკილი არ გდებია. ისე დაეცი, როგორც ავაზაკთა წინაშე ეცემიან”. და კიდევ უფრო ატირდა ხალხი.
35 . ჯერ კიდევ დღე იყო, რომ მოდიოდა ხალხი და პურის ჭამას სთავაზობდნენ დავითს. იფიცებოდა დავითი: "ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ ვიგემო მზის ჩასვლამდე პური ან სხვა რამე”.
36 . მთელმა ხალხმა შენიშნა და მოეწონა ეს ისევე, როგორც ყველაფერი მოსწონდათ, რასაც აკეთებდა მეფე.
37 . გაიგო მთელმა ხალხმა და მთელმა ისრაელმა იმ დღეს, რომ მეფეს არ მოუკლავს აბნერ ნერის ძე.
38 . უთხრა მეფემ თავის მსახურებს: "იცით თუ არა, რომ მხედართმთავარი და დიდებული კაცი დაეცა დღეს ისრაელში?
39 . მე დღეს სუსტი ვარ, თუმცა ცხებული მეფე ვარ. ეს ხალხი კი, ცერუიას შვილები, ჩემზე ძლიერნი არიან. დაე, უფალმა მიუზღოს ბოროტმოქმედს მისი ბოროტებისამებრ!”