1 . ღმერთის მიერ შექმნილ ველურ ცხოველებს შორის გველი ყველაზე ცბიერი იყო. ჰკითხა გველმა ქალს: "ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ ჭამოთო?”
2 . უპასუხა ქალმა: "ბაღის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3 . მაგრამ შუა ბაღში რომ ხეა, მის ნაყოფზე გვითხრა ღმერთმა - არ შეჭამოთ და არც შეეხოთ, თორემ მოკვდებითო”.
4 . უთხრა გველმა ქალს: "არ მოკვდებით.
5 . მაგრამ იცის ღმერთმა, რომ შეჭამთ თუ არა იმ ხის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი შეიქნებით”.
6 . და დაინახა ქალმა, რომ საჭმელად კარგი ჩანდა ის ხე, თვალთათვის საამური და მიმზიდველი, რადგან შემეცნებას იძლეოდა. მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. თავის კაცსაც მისცა და მანაც შეჭამა.
7 . აეხილა ორივეს თვალი და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8 . მოესმათ უფალი ღმერთის ხმა, რომელიც საღამოხანს მიმოდიოდა ბაღში; და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი ცოლი, ბაღის ხეებს შორის.
9 . მოუხმო უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: "სადა ხარ?”
10 . მიუგო ადამმა: "შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ; ამიტომ დავიმალე”.
11 . "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეჭამე, მე რომ აგიკრძალე?”
12 . უთხრა ადამმა: "შენ რომ ქალი მომეცი, იმან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე”.
13 . უთხრა უფალმა ღმერთმა ქალს: "ეს რა ჩაიდინე?” თქვა ქალმა: "გველმა მაცდუნა და მეც შევჭამე”.
14 . უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: "რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!
15 . ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და ქალს შორის, შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს და შენ ქუსლს უგესლავდე!”
16 . უთხრა ქალს: "დიდად გაგიმრავლებ ტანჯვას ფეხმძიმობისას და დიდი ტკივილებით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება სწრაფვა, ის კი იბატონებს შენზე”.
17 . უთხრა ადამს: "რადგან ისმინე შენი ცოლის ხმა და ჭამე ხის ნაყოფი, რომელზეც გითხარი რომ არ გეჭამა, წყეულიმც იყოს მიწა შენს გამო! ტანჯვით ჭამდე მის ნაყოფს მთელი შენი სიცოცხლე!”
18 . ეკალსა და ძეძვს აღმოგიცენებს და მინდვრის ბალახს შეჭამ.
19 . შენი პირის ოფლით შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები”.
20 . და უწოდა ადამმა თავის ცოლს სახელად ევა, რადგან ის გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21 . გაუმზადა უფალმა ღმერთმა ადამსა და მის ცოლს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22 . თქვა უფალმა ღმერთმა: "აჰა გახდა ადამი, სიკეთისა და ბოროტების შემცნობელი როგორც ერთი ჩვენგანი. ახლა სიცოცხლის ხის ნაყოფის მოსაწყვეტადაც არ გაიწოდოს ხელი, არ შეჭამოს და საუკუნოდ არ იცოცხლოს”.
23 . და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.
24 . და დააყენა ქერუბები ედემის ბაღის აღმოსავლეთით, და მბრუნავი მახვილი აღმართა ადამის განდევნის შემდეგ, რათა დაცული ყოფილიყო სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა.
1 . ხოლო იესო ზეთისხილის მთისკენ გაემართა.
2 . დილით კვლავ ტაძარში დაბრუნდა. მთელი ხალხი მასთან მივიდა. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3 . მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს.
4 . უთხრეს იესოს: "მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული;
5 . მოსემ კი ასეთების ჩაქოლვა მცნებად დაგვიდო რჯულში. შენ რას იტყვი?”
6 . ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი წაეყენებინათ მისთვის. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა.
7 . რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, ადგა და უთხრა მათ: "ვინც უცოდველია თქვენ შორის, პირველმა მან ესროლოს ქვა!”
8 . მერე კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9 . ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან დაწყებული, სათითაოდ გაიკრიფნენ სინდისმხილებულნი. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10 . წამოიმართა იესო და იმ დედაკაცის გარდა რომ ვეღარავინ დაინახა, ჰკითხა მას: "დედაკაცო, რა იქნენ შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?”
11 . ქალმა უპასუხა: "არავინ, უფალო!” იესომ უთხრა: "არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ”.
12 . კვლავ ელაპარაკა ხალხს იესო; უთხრა: "მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”.
13 . უთხრეს მას ფარისევლებმა: "შენ თვითონ ამოწმებ შენს თავზე. შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი”.
14 . მიუგო იესომ: "მე თუ ვამოწმებ ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15 . თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
16 . მე თუ განვიკითხავ, ჩემი განკითხვა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მომავლინა”.
17 . თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18 . მე ჩემს თავზე ვამოწმებ და ჩემზევე ამოწმებს მამა, რომელმაც მომავლინა.
19 . მაშინ ჰკითხეს მას: "სად არის მამაშენი?” მიუგო მათ იესომ: "არც მე მიცნობთ, არც მამაჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ”.
20 . ეს სიტყვები საგანძურთან წარმოთქვა იესომ, ტაძარში რომ ასწავლიდა; და ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21 . კვლავ უთხრა მათ იესომ: "მე მივდივარ და ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ მოხვალთ”.
22 . იუდევლებმა თქვეს: "თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთო მოსვლას?”
23 . უთხრა მათ: "თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, მე კი ამქვეყნიური არა ვარ.
24 . ამიტომ გითხარით: თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი; რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით”.
25 . მაშინ უთხრეს მას: "ვინ ხარ შენ?” იესომ უთხრა მათ: "ის, რასაც თავიდანვე გეუბნებოდით.
26 . ბევრი მაქვს თქვენს შესახებ სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფელში”.
27 . ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28 . ამიტომ უთხრა მათ იესომ: "როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29 . ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო”.
30 . ეს რომ თქვა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31 . მაშინ იესომ იმ იუდევლებს მიმართა, მისი რომ ირწმუნეს: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32 . შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ”.
33 . მიუგეს მას: "ჩვენ აბრაჰამის თესლი ვართ და არასოდეს არავისი მონები ვყოფილვართ. როგორღა ამბობ, თავისუფლები გახდებითო?”
34 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ჩამდენი ცოდვისა, ცოდვის მონაა.
35 . ხოლო მონა საუკუნოდ არ რჩება სახლში, ძე რჩება საუკუნოდ.
36 . ამიტომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37 . ვიცი, რომ აბრაჰამის თესლი ხართ; მაგრამ ჩემს მოკვლას ცდილობთ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38 . მე იმას ვლაპარაკობ, რაც მამაჩემთან ვნახე, თქვენ კი იმას აკეთებთ, რაც მამათქვენთან მოისმინეთ”.
39 . უთხრეს: "ჩვენი მამა აბრაჰამია!” იესომ უპასუხა: "თქვენ რომ აბრაჰამის შვილები იყოთ, აბრაჰამის საქმეებს გააკეთებდით”.
40 . ახლა კი ჩემს მოკვლას ცდილობთ, კაცისას, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, ღმერთისგან რომ მოვისმინე. აბრაჰამს ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41 . თქვენ მამათქვენის საქმეებს აკეთებთ”. უპასუხეს: "ჩვენ სიძვით შობილნი როდი ვართ, ერთი მამა გვყავს - ღმერთი”.
42 . უთხრა მათ იესომ: "ღმერთი რომ თქვენი მამა იყოს, მაშინ გეყვარებოდით, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისგან, ვინაიდან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43 . რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოისმინოთ ჩემი სიტყვა.
44 . თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.
45 . მე კი, რადგან ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ, ჩემი არ გწამთ.
46 . რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი?
47 . ვინც ღმერთისგანაა, ისმენს ღმერთის ნათქვამს; თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ”.
48 . მაშინ იუდევლებმა უთხრეს: "განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?”
49 . მიუგო იესომ: "ჩემში ეშმაკი არ არის; მე პატივს ვცემ მამაჩემს, თქვენ კი უპატიომყოფთ მე.
50 . თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმკითხველი.
51 . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ჩემ სიტყვას დაიცავს, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს”.
52 . უთხრეს მას იუდევლებმა: "ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკია შენში. აბრაჰამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ვინც ჩემს სიტყვას იცავს, უკუნისამდე არ იგემებსო სიკვდილს.
53 . განა შენ ჩვენს მამა აბრაჰამზე დიდი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?”
54 . მიუგო იესომ: "თუ მე საკუთარ თავს განვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე განმადიდებს მამაჩემი, ვისზეც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55 . თქვენ ვერ შეიცანით იგი, მე კი ვიცნობ მას. თუ ვიტყვი, არ ვიცნობ მეთქი მას, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცნობ მას და ვიცავ მის სიტყვას.
56 . აბრაჰამს, მამათქვენს, ახარებდა ჩემი დღის ხილვა. იხილა და გაიხარა”.
57 . იუდევლებმა უთხრეს: "ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაჰამი გინახავს?”
58 . უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, სანამ აბრაჰამი იქნებოდა, მე ვარ”.
59 . მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ თვალს მიეფარა იესო და გავიდა ტაძრიდან.
1 . თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება.
2 . მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
3 . ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.
4 . და როცა გამოჩნდება მწყემსმთავარი, დიდების უჭკნობ გვირგვინს მიიღებთ.
5 . ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
6 . მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.
7 . თქვენი ყველა საზრუნავი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.
8 . იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.
9 . წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც ხვდებათ ქვეყნიერებაზე.
10 . ხოლო ყოველგვარი მადლის ღმერთი, რომელმაც თავისი საუკუნო დიდებისკენ მოგვიწოდა ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ, სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ.
11 . დიდება და ძლიერება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
12 . ერთგულად მიჩნეული ძმის, სილოვანეს დახმარებით მოგწერეთ მცირე რამ, თქვენს შესაგონებლად და დასამოწმებლად, რომ ღმერთის ის მადლი, რომელშიც დგახართ, ჭეშმარიტია.
13 . მოკითხვას გითვლიან ბაბილონიდან თქვენთან ერთად რჩეულნი და მარკოზი, ჩემი ძე.
14 . მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ!
1 . 1. თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: ხანმოკლეა და მწუხარე ჩვენი ცხოვრება, ვერ გადაურჩება სიკვდილს ადამიანი და ჯოჯოხეთისაგან დამხსნელიც არავინ ეგულება, 2. რადგან შემთხვევით დავიბადეთ და ამის შემდგომადც ვიქნებით როგორც არყოფილნი, რადგან სამშვინველი ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი - ჩვენი გულის ფეთქვის ნაპერწკალი. 3. როცა ჩაქრება, მტვრად იქცევა ჩვენი სხეული და მსუბუქ ქროლვასავით სამშვინველიც გაიფანტება. 4. მალე დავიწყებულ იქნება ჩვენი სახელი, არავინ გაიხსენებს ჩვენს ნამოქმედარს და ჩაივლის ჩვენი ცხოვრება ღრუბლის კვალივით და განქარდება როგორც ნისლი, მზის სხივებისგან დარბეული და მისი სიმხურვალით დამძიმებული. 5. რადგან წარმავალი აჩრდილია ჩვენი ჟამი, არ იქნება მობრუნება ჩვენი აღსასრულისგან, რადგან ბეჭედდასმულია იგი და არც არავინ ბრუნდება უკან. 6. ამიტომაც არსებული სიკეთით დავტკბეთ და ვიჩქაროთ შექმნილით სარგებლობა, ისევე როგორც სიჭაბუკით. 7. აღვივსოთ ძვირადღირებული ღვინით და ნელსაცხებელით, და გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი. 8. დავიდგათ გვირგვინი ვარდის კოკრებისა, ვიდრე დაჭკნებოდეს. 9. ნურცერთი ჩვენთაგანი ნუ მოაკლდება სიტკბოებას, ყველგან დავტოვოთ კვალი ჩვენი სიხარულისა, რადგან ესაა წილი ჩვენი და ხვედრი ჩვენი. 10. დავჩაგროთ მართალი ღატაკი, ნურც ქვრივებს შევიწყალებთ და ნურც მოხუცის ხანდაზმული ჭაღარისა შეგვრცხვება. 11. ჩვენი ძალა სამართლიანობის კანონად იქცეს, რადგან უძლური არაფრის მაქნისია. 12. საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს. 13. აცხადებს, თითქოს ღვთის ცოდნა ჰქონდეს და თავის თავს უფლის ძეს უწოდებს. 14. ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და დასანახადაც კი მძიმეა ჩვენთვის. 15. რადგან მისი ცხოვრება არ მიაგავს სხვათა ცხოვრებას და განსხვავდება ბილიკნიც მისი. 16. მატყუარებად ვითვლებით მისთვის და შორს უვლის ჩვენს გზებს, როგორც უწმინდურობას; ბედნიერებად თვლის მართალთა აღსასრულს და ტრაბახობს, ჩემი მამააო ღმერთი. 17. ვნახოთ, მართალია თუ არა სიტყვები მისი და გამოვცადოთ იგი მისი აღსასრულისას. 18. თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიცავს და დაიხსნის მას მტრების ხელთაგან. 19. გინებითა და ტანჯვით გამოვცადოთ იგი, რათა შევიცნოთ მისი თავმდაბლობა და უწყინარობა მისი შევამოწმოთ. 20. სამარცხვინო სიკვდილით დავსაჯოთ იგი, რადგან თანახმად მისი სიტყვებისა, მასზე იზრუნებენ. 21. ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, რადგან დააბრმავა ისინი მათმავე ბოროტებამ. 22. რადგან ვერ შეიცნეს ღვთის საიდუმლოებანი, არც სიწმინდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა გილდო ჩაუგდიათ რამედ. 23. რადგან ღმერთმა ადამიანი უხრწნელად შექმნა და თავისი მარადიულობის ხატად დაბადა იგი, 24. მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სამყაროში სიკვდილი შემოვიდა და მისი წილხვდომილნი განიცდიან მას.