ივდითი თავი 2

1 . 1. მეთვრამეტე წელს კი, პირველი თვის ოცდაორს, ამურელთა მეფის, ნაბუქოდონოსორის, სახლში იყო სიტყვა მთელ ქვეყანაზე შურისძიების შესახებ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მას. 2. უხმო ყველა თავის მსახურსა და დიდებულს, გაუმხილა თავისი საიდუმლო ზრახვა და თავისი პირით გადაწყვიტა ყოველი ბოროტება ქვეყნისათვის. 3. მათ სასიკვდილო მსჯავრი დადეს ყოველ ხორციელს, რომელიც არ დაემორჩილებოდა მისი პირიდან გამოსულ სიტყვას. 4. როცა გადაწყვიტა თავისი განზრახვის აღსრულება, უხმო ნაბუქოდონოსორმა, აშურელთა მეფემ, ოლოფერნეს, თავისი ჯარის მთავარსარდალს, რომელიც მეორე კაცი იყო მის შემდეგ, და უთხრა: 5. ასე ამბობს დიდი მეფე, ბატონ-პატრონი მთელი ქვეყნის, წადი ჩემგან და თან წაიყვანე თავიანთ ძლიერებაში დარწმუნებული ვაჟკაცები, ასოციათასი ფეხოსანი და მრავალი ცხენი თორმეტიათასი მხედრითურთ. 6. წადი და დაეცი მთელ დასავლეთის ქვეყანას, რადგან არ დაემორჩილნენ ჩემს ბრძანებას. 7. გამოუცხადე, გამიმზადონ მიწა და წყალი, რადგან განრისხებული მივდივარ მათზე, რომ დავაბნელო მთელი მიწისპირი ჩემი მეომრების ფეხებით და ასაკლებად მივცე ისინი ჩემს მებრძოლებს. 8. მათი დაჭრილები აავსებენ მათსავე უფსკრულებს, მოდიდდება ყველა ნიაღვარი და მდინარე და წალეკავს მათ გვამებს. 9. წამოვასხამ ტყვეებს მთელი ქვეყნის კიდიდან. 10. შენ კი წადი და წინასწარ დამიპყარი ყველა მათი საზღვარი. ვინც თავისი ნებით ჩაგბარდებიან, შემინახე ისინი მათი განკითხვის დღემდე. 11. ურჩნი კი ნუ დაენანება შენს თვალს სასიკვდილოდ და ასაკლებად მთელს შენს ქვეყანაში. 12. რადგან ცოცხალი ვარ მე და ძლიერია ჩემი მეფობა. მითქვამს და აღვასრულებ კიდეც ამას ჩემი ხელით. 13. შენ კი ერთი რამეც არ შეცვალო შენი მეუფის ნათქვამიდან. აღასრულე ყოველაფერი ისე, როგორც გიბრძანე, ნუ დააყოვნებ ამის გაკეთებას. 14. წავიდა ოლოფერნე თავისი ბატონისგან, უხმო ყველა მბრძანებელს, სარდლებს და აშურელთა ლაშქრის მეთაურებს. 15. მწყობრში ჩააყენა რჩეული ვაჟკაცები, როგორც უბრძანა მისმა მეუფემ, რიცხვით თორმეტიათასი და მშვილდოსანი მხედარიც თორმეტი ათასი. 16. და დააწყო ისინი საბრძოლო წესისამებრ. 17. წაასხა უამრავი აქლემი, ვირი და ჯორი საბარგულებად და ურიცხვი ცხვარი, საქონელი და თხა გამოსაკვებად. 18. წაიღო საგზალი ყოველი კაცისთვის უხვად, და დიდძალი ოქრო და ვერცხლი მეფის სახლიდან. 19. დაიძრა მთელი თავისი ლაშქრითურთ სამგზავროდ, რომ წინ გაესწროთ ნაბუქოდონოსორ მეფისთვის და დაეფარათ მთელი დასავლეთის ქვეყნის პირი ეტლებით, მხედრებითა და რჩეული ფეხოსნებით. 20. აურაცხელი ჭრელი ბრბო კალიასავით გამოეფინა მათთან ერთად. როგორც მიწის მტვერს, მათ სიმრავლესაც არ ჰქონდა სათვალავი. 21. ნინევედან სამი დღის სავალზე მოადგნენ ბეკთილეთის ველს და დასცეს ბანაკი ბეკთილეთთან, მთის მახლობლად, ზემო კილიკიის მარცხნივ. 22. აქედან წაიყვანა მთელი თავისი ლაშქარი, ფეხოსნები, მხედრები და ეტლები და გაემართა მთიანეთისკენ. 23. აიკლო ფული და ლუდი, გაძარცვა მთელი რასის ხალხი და ისმაელიანები, ქილიონის სამხრეთით, უდაბნოს პირას რომ ცხოვრობდნენ. 24. გადალახა ევფრატი, გადაიარა შუამდინარეთი და დაანგრია ყველა დიდებული ქალაქი აბრონის ხევიდან ზღვამდე. 25. დაიპყრო კილიკიის საზღვრები და გაანადგურა ყოველი წინააღმდგომელი და მოადგა იაფეთის სამხრეთ საზღვარს, არპეთის პირდაპირ. 26. შემოერტყა მიდიანელებს, გადაწვა მათი კარვები და გაძარცვა მათი ფარეხები. 27. პურის მკის დღეებში ჩავიდა დამასკოს ველზე და ცეცხლს მისცა მთელი მათი ყანები, გაანადგურა მათი ფარები და ნახირი, გაძარცვა ქალაქები, ააოხრა მინდვრები, მახვილის პირით ამოწყვიტა მათი წვრილშვილი. 28. შიშის ზარი დაეცა ზღვისპირეთის მოსახლეობას - სიდონსა და ტვიროსში მყოფთ, ცურისა და ოკინას მოსახლეობას, იმნას მთელ მოსახლეობას, ძალზე შეეშინდათ მათი აშდოდედებს და აშკელონელებს.