2ნეშტთა თავი 17

1 . მის ნაცვლად იოშაფატი, მისი ძე გამეფდა და ძალა მოიკრიბა ისრაელის წინააღმდეგ.

2 . ჯარი ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში, გუშაგები დააყენა იუდას ქვეყანაში და ეფრემის იმ ქალაქებში, რომლებიც მამამისმა ასამ დაიპყრო.

3 . უფალი იყო იოშაფატთან, რადგან დავითის, მამამისის, პირვანდელი გზით დადიოდა და ბაყალებს არ ეძებდა.

4 . მამამისის ღმერთს ეძიებდა, მის მცნებებს მიჰყვებოდა და ისრაელის მსგავსად არ იქცეოდა.

5 . განამტკიცა უფალმა სამეფო მის ხელში და მთელი იუდა ძღვენს აძლევდა იოშაფატს; უხვად ჰქონდა სიმდიდრე და არც პატივი აკლდა.

6 . უფლის გზების ერთგული იყო და იუდაშიც კი მოშალა მაღლობები და აშერის კერპები.

7 . გამეფებიდან მესამე წელს წარგზავნა თავისი მთავრები: ბენ-ხაილი, ყობადია, ზაქარია, ნეთანელი და მიქაიაჰუ, რომ ესწავლებინათ იუდას ქალაქებში.

8 . თან გააყოლა ლევიანები: შემაყია, ნეთანია, ზებადია, ყასაელი, შემირამოთი, იონათანი, ადონია, ტობია და ტობადონია. მათვე გააყოლა მღვდლები: ელიშამაყი და იორამი,

9 . ასწავლიდნენ იუდაში, თან უფლის რჯულის წიგნი ჰქონდათ. შემოიარეს იუდას ყველა ქალაქი და ასწავლიდნენ ხალხს.

10 . უფლის შიშმა მოიცვა ყველა ის სამეფო იუდას ირგვლივ რომ იყო; და არ ებრძოდნენ იოშაფატს.

11 . ფილისტიმელთაგან ზოგს ძღვენი მოჰქონდა იოშაფატთან და ზოგს ვერცხლი ხარკად; ასევე არაბებმაც მოუყვანეს მას წვრილფეხა საქონელი: შვიდი ათას შვიდასი ვერძი და შვიდი ათას შვიდასი ვაცი.

12 . თანდათან აღზევდა და გაძლიერდა იოშაფატი და ააშენა იუდაში ციხე-სიმაგრეები და სამარაგო ქალაქები.

13 . დიდძალი მარაგი ჰქონდა იუდას ქალაქებში და მებრძოლი ხალხი, მამაცი ვაჟკაცები ჰყავდა იერუსალიმში.

14 . ეს არის მათი რიცხვი, მამისსახლთა მიხედვით. იუდას ათასისთავები: მთავარი ყადნა და მასთან სამასი ათასი მამაცი მეომარი;

15 . მის მერე იყო მთავარი იეჰოხანანი და მასთან ორას ოთხმოცი ათასი;

16 . მის მერე იყო ამაცია ზიქრის ძე, ნებით რომ შესწირა თავი უფალს და მასთან ორასი ათასი მამაცი მეომარი.

17 . ბენიამინისგან: მამაცი მეომარი ელიადაყი და მასთან ორასი ათასი მშვილდითა და ფარით შეიარაღებული მებრძოლი;

18 . მის მერე იყო - იეჰოზაბადი და მასთან ას ოთხმოცი ათასი საბრძოლოდ შეიარაღებული მეომარი.

19 . ესენი ემსახურებოდნენ მეფეს, იმათ გარდა, მეფემ იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში რომ ჩააყენა.