1ნეშტთა თავი 17

1 . როგორც კი დამკვიდრდა მეფე თავის სახლში, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „აჰა, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი ფარდებქვეშაა”.

2 . მიუგო დავითს ნათანმა: „გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი”.

3 . იმ ღამეს უფლის სიტყვა გამოეცხადა ნათანს და უთხრა:

4 . „წადი და უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: განა შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს სამყოფელად?

5 . სახლში არ დავმკვიდრებულვარ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ისრაელი და დღემდე კარვიდან კარავსა და სავანიდან სავანეში ვმკვიდრობ.

6 . აბა, ისრაელიანთა შორის მოარულს, ოდესმე თუ მითქვამს სიტყვა ისრაელის რომელიმე მსაჯულისთვის, ვისთვისაც ჩემი ხალხის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

7 . ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს, დავითს: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი - ფარეხიდან, ცხვრის მწყემსობიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი გამხდარიყავი.

8 . შენთან ვიყავი ყველგან, სადაც გივლია და მოვსპე შენი მტრები შენს წინაშე; განვადიდე შენი სახელი, დიდებული ადამიანების მსგავსად ამ ქვეყანაზე.

9 . ადგილს დავუდგენ ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნებ მას, რათა თავისთვის იცხოვროს უშიშრად და ბოროტმოქმედებმა ვეღარ შეავიწროონ წინანდებურად,

10 . იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს. ყველა შენი მტრისგან მე მოგასვენებ. მეტიც, გიცხადებ ახლა, რომ სახლს აგიშენებს უფალი!

11 . და როცა დრო მოგივა და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი ძეთაგანი იქნება იგი და სამეფოს განვუმტკიცებ მას.

12 . ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე.

13 . ვიქნები მისთვის მამა, ის კი ძე იქნება ჩემთვის. წყალობასა და სიკეთეს არ წავართმევ, როგორც წავართვი შენს წინამორბედს.

14 . უკუნისამდე დავაყენებ მას ჩემს სახლსა და სამეფოში და საუკუნოდ მტკიცე იქნება მისი ტახტი!”

15 . და გადასცა ყველა ეს სიტყვა და ეს ხილვა დავითს ნათანმა.

16 . მივიდა მეფე დავითი, დადგა უფლის წინაშე და თქვა: „უფალო ღმერთო, ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე ამამაღლე!

17 . ესეც გეცოტავა თვალში, უფალო ღმერთო, წინასწარ განჭვრიტე და სამომავლო დაპირება აღუთქვი შენი მორჩილის სახლს. როგორც დიდებულ ადამიანს უყურებენ, ასე მიყურებ, უფალო ღმერთო.

18 . კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა, შენი მორჩილის განდიდების გამო? შენ თავად იცნობ შენს მსახურს, უფალო ღმერთო!

19 . უფალო, შენი მსახურისთვის და შენი გულის თანახმად მოიმოქმედე ეს დიადი საქმეები, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე.

20 . უფალო, არავინაა შენი მსგავსი და შენს გარდა არ არის სხვა ღმერთი, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურებით მოვისმინეთ.

21 . რომელი სხვა ხალხია ამქვეყნად შენი ერის, ისრაელის მსგავსი, რომელსაც ღმერთი მოევლინა, რომ თავისთვის გამოესყიდა იგი და ექცია თავის ხალხად, რათა სახელოვანი გაეხადა და ჩაედინა დიადი და საკვირველი საქმეები ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც ეგვიპტისგან და ხალხებისგან გამოისყიდე?

22 . შენ შეჰქმენ შენი ხალხი, ისრაელი, რომ შენს ხალხად ყოფილიყვნენ უკუნისამდე და შენ გახდი მათი ღმერთი უფალო.

23 . ახლა კი უფალო ღმერთო, ეს სიტყვა, შენს მსახურზე და მის სახლზე რომ გითქვამს, სამარადისოდ განამტკიცე, როგორც ნაბრძანები გაქვს.

24 . განმტკიცდეს და უკუნისამდე განდიდდეს სახელი შენი, თქვან: ცაბაოთ უფალია ისრაელის ღმერთი, დიახ, ღმერთი ისრაელისა! დავითის, შენი მსახურის სახლი კი, მტკიცე იყოს შენს წინაშე.

25 . რადგან შენ გამოაცხადე ღმერთო, შენი მსახურის გასაგონად, რომ სახლს აუშენებდი მას. ამიტომაც ჰპოვა გაბედულება შენმა მსახურმა, რომ ასეთი ლოცვით ელოცა შენ მიმართ.

26 . ახლა, უფალო, ღმერთი ხარ და აღუთქვი სიკეთე შენს მსახურს.

27 . ახლა, ინებე და აკურთხე შენი მსახურის სახლი, რომ გამუდმებით შენს წინაშე იყოს და რადგან შენ აკურთხებ უფალო, კურთხეული იქნება უკუნისამდე”.