ფსალმუნები თავი 62

1 . ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

2 . ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.

3 . რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.

4 . ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.

5 . ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.

6 . როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.

7 . რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.

8 . შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.

9 . ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.

10 . მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.

11 . მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.