საქმენი მოციქულთა თავი 20

1 . ამბოხი რომ ჩაცხრა, პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გაემართა.

2 . იმ ადგილებში გავლისას, მრავალი სიტყვით ამხნევებდა მორწმუნეებს და საბერძნეთში ჩავიდა;

3 . სამ თვეს გაჩერდა იქ და სირიაში გადაცურვა დააპირა, მაგრამ რაკი შეთქმულება მოუწყვეს იუდევლებმა, მაკედონიის გზით მოისურვა დაბრუნება.

4 . აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიუსი და ტიმოთე; აზიელთაგან კი - ტიქიკოსი და ტროფიმე.

5 . ისინი წინ წავიდნენ, რათა ტროაში დაგვლოდებოდნენ.

6 . ჩვენ კი უფუარობის შემდეგ გავცურეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდ დღეს გავჩერდით.

7 . კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.

8 . ზედათვალში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო.

9 . ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.

10 . ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: "ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”.

11 . ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა.

12 . ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.

13 . ჩვენ დავწინაურდით და ასოსისკენ გავცურეთ ხომალდით, რადგან იქიდან უნდა აგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თავად ფეხით აპირებდა წამოსვლას.

14 . ასოსში რომ ვნახეთ, წამოვიყვანეთ და მიტილენეში მივედით.

15 . იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს ხიოსის პირდაპირ დავდექით; მეორე დღეს სამოსს მივადექით, ტრიგოლიუმში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტში მივედით.

16 . პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.

17 . მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა.

18 . როცა მოვიდნენ, უთხრა: "თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, რაც აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი;

19 . ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რაც იუდეველთა შეთქმულებით შემემთხვა;

20 . სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;

21 . ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

22 . და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.

23 . მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს და მეუბნება ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და ჭირი მელის.

24 . მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი დავასრულებდე ჩემს სარბიელსა და მსახურებას, უფალ იესოსგან რომ მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.

25 . და აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი.

26 . ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან.

27 . რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ.

28 . მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

29 . რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.

30 . თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი.

31 . ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.

32 . ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.

33 . არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.

34 . თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდნენ ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს.

35 . ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”.

36 . ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.

37 . მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს.

38 . უფრო მეტად იმ სიტყვის გამო წუხდნენ, რომ თქვა, ჩემს სახეს ვეღარ იხილავთო; და ხომალდამდე მიაცილეს.