მიქა თავი 3

1 . ვთქვი: ისმინეთ, იაკობის თავკაცნო და ისრაელის სახლის მთავარნო; განა თქვენი ვალი არაა სამართლის ცოდნა?

2 . სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

3 . ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ და ტყავს აძრობთ მათ; ძვლებს უმტვრევთ და ანაკუწებთ, როგორც ქოთანში და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად.

4 . მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.

5 . ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებზე, გზა-კვალს რომ ურევენ ჩემს ხალხს; კბილებით საჯიჯგნს მისცემ და მაშინვე მშვიდობას ქადაგებენ, მაგრამ პირში ჩასადებს თუ არაფერს მისცემ, მაშინვე ომს აცხადებენ.

6 . ამიტომ დაგიდგებათ ღამე ხილვათა გარეშე და სიბნელე - მისნობის გარეშე. მზე ჩავა წინასწარმეტყველთა თავზე და დღე დაბნელდება.

7 . გაწბილდებიან მისნები და შერცხვებიან მკითხავები; ყველანი პირზე აიფარებენ ხელს, რადგან პასუხი არ იქნება ღმერთისგან.

8 . მე კი აღვსილი ვარ ძალითა და უფლის სულით, სამართლითა და სიმტკიცით, რომ გამოვუცხადო იაკობს მისი დანაშაული და ისრაელს - მისი ცოდვა.

9 . ისმინეთ ეს, იაკობის სახლის თავკაცნო და ისრაელის სახლის მთავარნო, სამართალი რომ შეგიძულებიათ და ყოველივე სწორი გაგიმრუდებიათ.

10 . სისხლით რომ აშენებთ სიონს და უსამართლობით - იერუსალიმს.

11 . ქრთამით რომ სჯით სამართალს თავკაცნო და გასამრჯელოს საფასურად მოძღვრავთ მღვდლებო; ვერცხლზე მისნობთ წინასწარმეტყველნო, თანაც უფალს ეყრდნობით და ამბობთ: "განა ჩვენ შორის არ არისო უფალი? არ გვეწევა უბედურება!”

12 . ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი - ტყიან მაღლობად.