მათე თავი 21

1 . იერუსალიმს რომ მიუახლოვდნენ და ბეთბაგეში, ზეთისხილის მთასთან მივიდნენ, მაშინ ორი მოწაფე გაგზავნა იესომ.

2 . უთხრა: "წადით სოფელში, თქვენს პირდაპირ რომაა და მაშინვე იპოვით დაბმულ ვირს ჩოჩორთან ერთად. ახსენით და მომიყვანეთ.

3 . და თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანენ”.

4 . ეს იმიტომ მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს:

5 . უთხარით სიონის ასულს: "აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.

6 . წავიდნენ მოწაფეები და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა იესომ.

7 . მოჰგვარეს მას ვირი და ჩოჩორი, ზედ თავიანთი სამოსელი დაუფინეს და დაჯდა მათზე.

8 . დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.

9 . ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”

10 . იერუსალიმში რომ შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა; კითხულობდნენ: ვინ არისო იგი?

11 . ხალხი კი ამბობდა: "ეს იესოა, წინასწარმეტყველი გალილეის ნაზარეთიდან”.

12 . შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.

13 . უთხრა მათ: "დაწერილია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება, თქვენ კი მძარცველთა ბუნაგად გიქცევიათ იგი!”

14 . მივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.

15 . მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა დაინახეს საოცრებანი, მან რომ მოახდინა, ასევე ბავშვები, რომლებიც ტაძარში იძახდნენ: ოსანა დავითის ძესო! და გაბრაზდნენ.

16 . უთხრეს: "თუ გესმის, რას ამბობენ ისინი?” იესომ უთხრა: "დიახ! ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება”.

17 . დატოვა ისინი, გამოვიდა ქალაქიდან, ბეთანიაში მივიდა და ღამე იქ გაათია.

18 . დილას, ქალაქში რომ ბრუნდებოდა, მოშივდა.

19 . გზაზე ერთი ლეღვი დაინახა, მივიდა მასთან და ვერაფერი იპოვა ზედ, გარდა ფოთლებისა. უთხრა: "ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე” და უცბად გახმა ლეღვი.

20 . ამის მნახველი მოწაფეები განცვიფრდნენ; ამბობდნენ: რა უცბად გახმაო ეს ლეღვი?!

21 . მიუგო მათ იესომ პასუხად: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება!

22 . და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.

23 . ტაძარში რომ შევიდა და ასწავლიდა, მივიდნენ მასთან მღვდელმთავრები და ხალხის უხუცესნი და უთხრეს მას: "რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას და ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?”

24 . მიუგო იესომ მათ პასუხად: "მეც გკითხავთ თქვენ ერთ სიტყვას და თუ მიპასუხებთ, მაშინ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

25 . საიდან იყო იოანეს ნათლობა - ზეციდან თუ კაცთაგან?” ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: "თუ ვიტყვით ზეციდანო, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო მას?

26 . თუ ვიტყვით, კაცთაგანო, ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე”.

27 . მიუგეს იესოს პასუხად: "არ ვიცითო”. მანაც უთხრა მათ: "არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.

28 . აბა, რა გგონიათ? ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. მივიდა პირველთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს და იმუშავე ვენახში.

29 . მან უპასუხა: არ მინდა, ბატონო. მერე ინანა და წავიდა.

30 . მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. მან უპასუხა: წავალ, ბატონო. მაგრამ არ წავიდა.

31 . იმ ორთაგან რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება?” მიუგეს: "პირველმა”. უთხრა მათ იესომ: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მებაჟეები და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმერთის სამეფოში;

32 . რადგან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ერწმუნეთ მას, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას, თქვენ კი იხილეთ ეს და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ იგი.

33 . მოისმინეთ სხვა იგავი: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ვენახი გააშენა, გარს ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააგო; შემდეგ მევენახეებს ჩააბარა და წავიდა.

34 . რთველი რომ მოახლოვდა, თავისი მონები გაუგზავნა მევენახეებს მოსავლის მისაღებად.

35 . შეიპყრეს მისი მონები მევენახეებმა, ერთნი სცემეს, მეორენი დახოცეს და სხვანი ჩაქოლეს.

36 . კიდევ გაუგზავნა სხვა მონები, უწინდელზე მეტი; იმათაც ასევე მოექცნენ.

37 . ბოლოს თავისი ძე გაგზავნა მათთან; ამბობდა: ჩემი ძისა მაინც მოეხათრებათო.

38 . მაგრამ მევენახეებმა ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: ეს მემკვიდრეა; მოდით, მოვკლათ და დავისაკუთრებთ მის სამკვიდრებელს!

39 . შეიპყრეს, ვენახის მიღმა გააგდეს და მოკლეს.

40 . ჰოდა, ვენახის პატრონი რომ მოვა, რას უზამს ამ მევენახეებს?”

41 . მიუგეს: "ამ ბოროტეულთ ბოროტად დახოცავს და ვენახს კი სხვა მევენახეებს გადასცემს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს”.

42 . უთხრა მათ იესომ: "ნუთუ არასოდეს არ წაგიკითხავთ წერილებში: ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლისგან მოხდა ეს და საოცარია ჩვენს თვალში.

43 . ამიტომ გეუბნებით თქვენ, რომ წაგერთმევათ ღმერთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფებს გამოიღებს.

44 . ის, ვინც ამ ლოდზე დაეცემა, დაილეწება; ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს”.

45 . მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა იგავი რომ მოისმინეს, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა.

46 . შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.