იგავნი თავი 25

1 . ესეც სოლომონის იგავებია, რომლებიც იუდას მეფის, ხიზკიას კაცებმა გადაიწერეს.

2 . საქმის დაფარვა ღმერთის დიდებაა, ხოლო საქმის გამოკვლევა - მეფეთა დიდება.

3 . როგორც ზეცაა მაღალი, და დედამიწა - ღრმა, ისე მეფეთა გულიც გამოუკვლეველია.

4 . გააცალკევე ვერცხლისგან წიდა და გამოჭედავს ოქრომჭედელი ჭურჭელს;

5 . მოაშორეთ მეფეს ბოროტეული და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.

6 . მეფის წინაშე თავს ნუ აიმაღლებ და დიდებულთა ადგილზე ნუ დადგები,

7 . რადგან სჯობს გითხრან: აქ ამოდიო, ვიდრე დაგამცირონ მთავრის წინაშე, რომელიც იხილეს შენმა თვალებმა.

8 . ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?

9 . იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ,

10 . თორემ გამხელს გამგონი და სახელი გაგიტყდება.

11 . მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია - დროულად ნათქვამი სიტყვა.

12 . ოქროს საყურესავით და ბაჯაღლოს სამკაულივითაა ბრძენის დარიგება გამგონე ყურისთვის.

13 . როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის - სულს უგრილებს თავის ბატონს.

14 . რაღა ფუჭი საჩუქრებით მოტრაბახე კაცი და რაღა უწყლო ღრუბლები და ქარი.

15 . დიდი მოთმინებით მთავარს დაიყოლიებ; რბილი ენა ძვალს გადატეხავს.

16 . თაფლს მიაგენი? ჭამე, რამდენიც გჭირდება, რომ არ გამოძღე და უკანვე არ ამოანთხიო.

17 . ხშირად ნუ ივლი მეზობლის სახლში, თორემ მობეზრდები და შეგიძულებს.

18 . კომბალი, მახვილი და ბასრი ისარია კაცი, რომელიც სიცრუეს ამოწმებს თავისი მოყვასის წინააღმდეგ.

19 . რაღა მორყეული კბილისა და ნაღრძობი ფეხის იმედი გქონებია და რაღა ორგული კაცისა გასაჭირის დღეს.

20 . რაღა ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში ან ძმარი დაგისხამს ტუტეზე და რაღა სიმღერა შემოგიძახებია გულდამწუხრებული კაცისთვის.

21 . თუ შენი მტერი შიმშილობს, დააპურე; თუ სწყურია - წყალი დაალევინე,

22 . ასე ნაკვერჩხლებს მოაგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.

23 . ჩრდილოეთის ქარს წვიმა მოაქვს, ფარულად მიტანილ ენას - მრისხანე სახე.

24 . სხვენის კუთხეში ცხოვრება სჯობს, ანჩხლ ქალთან ერთ სახლში ცხოვრებას.

25 . როგორც ცივი წყალი დაღლილი კაცისთვის, ისეა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.

26 . როგორც ატალახებული ნაკადული და გაბინძურებული წყაროსთავი, ისეა ბოროტის წინაშე დაცემული მართალი.

27 . არც ბევრი თაფლის ჭამაა კარგი და არც საკუთარი დიდების ძიებაა ღირსება.

28 . უგალავნო, დანგრეული ქალაქივითაა კაცი, რომელიც თავის თავს ვერ იოკებს.