იგავნი თავი 24

1 . ბოროტი ადამიანების ნუ შეგშურდება და მათთან ყოფნას ნუ ისურვებ,

2 . რადგან ძალადობას განიზრახავს მათი გული და ბოროტებაზე ლაპარაკობენ მათი ბაგეები.

3 . სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით მტკიცდება იგი.

4 . ცოდნის გამო ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საამური სიმდიდრით.

5 . ბრძენი ადამიანი ძლიერია, მცოდნე კაცი ძალას იკრებს,

6 . რადგან ბრძნული მითითებით წარმართავს ომს და მრავალი მრჩევლის წყალობით ექნება გამარჯვება.

7 . მიუწვდომელია სიბრძნე უგუნურისთვის; კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის იგი.

8 . ვინც სიავეს განიზრახავს, ბოროტგანმზრახველს უწოდებენ.

9 . უგუნურის განზრახვა ცოდვაა და უზნეო კაცი საძაგელია ხალხისთვის.

10 . თუ გაჭირვების დღეს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა.

11 . იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და დასახოცად განწირულებს ნუ მიატოვებ!

12 . თუ იტყვი: აჰა, არ ვიცოდიო ეს! განა ის, ვინც გულს წონის, ვერ მიხვდება? განა შენი სულის მცველმა არ იცის? განა კაცს თავისი საქმეებისამებრ არ მიუზღავს?

13 . შვილო, ჭამე თაფლი, რადგან კარგია და გოლეული ფიჭაც ეტკბილება შენს სასას;

14 . იცოდე, ასევეა სიბრძნე შენი სულისთვის; თუ ჰპოვე იგი - მომავალი გექნება და შენი იმედი არ წარიკვეთება.

15 . ბოროტეულო! მართალი კაცის სამკვიდროს ნუ ჩაუსაფრდები და თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს!

16 . რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.

17 . ნუ გაიხარებ შენი მტრის დაცემისას და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული;

18 . თორემ დაინახავს უფალი, არ მოეწონება და მოაქცევს მისგან თავის რისხვას.

19 . ბოროტმოქმედთა გამო ნუ გაბრაზდები და უმართლოსი ნუ შეგშურდება,

20 . რადგან ბოროტს მომავალი არ გააჩნია და უკეთურთა ლამპარი ჩაქრება.

21 . შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეებს ნუ გაეკარები.

22 . რადგან მოულოდნელად მოვა მათგან განადგურება და ვინ იცის, რა უბედურებას დაგატეხენ?

23 . ესეც ბრძენთა გამონათქვამია: მიკერძოება სასამართლოზე კარგი არ არის.

24 . ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო, იმას ხალხები დასწყევლიან და ერები შეაჩვენებენ.

25 . მის მამხილებელთ კი სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა.

26 . გულწრფელი პასუხი პირზე კოცნას ჰგავს.

27 . დაასრულე შენი საქმე გარეთ, მოამზადე მინდორი, შემდეგ კი აიშენე სახლი.

28 . ნუ გამოხვალ ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ, ნუ იცრუებ შენი ბაგეებით.

29 . ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.

30 . ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე;

31 . აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო.

32 . როცა ეს ვნახე, დავფიქრდი, შევხედე და ჭკუა ვისწავლე:

33 . ცოტა ძილი, ცოტა თვლემა, ცოტა გულხელდაკრეფა მოსასვენებლად

34 . და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.