ამოსი თავი 5

1 . ისმინეთ ეს სიტყვა, საგოდებელივით რომ ვამბობ თქვენზე, ისრაელის სახლო.

2 . დაეცა და ვეღარ დგება ქალწული ისრაელი! მიწაზე გართხმულა მიტოვებული და არავინაა მისი წამომყენებელი!

3 . რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ათასის გამომყვან ქალაქს ასიღა შერჩა, ასის გამომყვანს, ათიღა შერჩა ისრაელის სახლიდან.

4 . ასე ეუბნება უფალი ისრაელის სახლს: მეძებეთ, რომ იცოცხლოთ.

5 . ნუ ეძებთ ბეთელს, ნუ წახვალთ გილგალში და ნუ გადახვალთ ბეერ-შებაყში. გილგალი ტყვეობაში წავა და ბეთელი აღმოიფხვრება.

6 . ეძებეთ უფალი, რომ იცოცხლოთ, თუ არა და ცეცხლივით გამოენთება იგი იოსების სახლიდან, შთანთქავს ბეთელს და არავინ იქნება ჩამქრობი.

7 . სამართალს აბზინდად აქცევთ და სიმართლეს მიწაზე თელავთ!

8 . მან შექმნა თანავარსკვლავედი და ორიონი, წყვდიადს დილად აქცევს და დღეს ღამესავით აბნელებს; ზღვის წყალს უხმობს და მიწის ზედაპირზე მოაქცევს, უფალია მისი სახელი.

9 . რომელიც ძლიერს დაქცევით დაატყდება თავს, რომ დაინგრეს ციხე-სიმაგრე.

10 . შეიძულეს კარიბჭესთან მამხილებელი და შეიზიზღეს წრფელად მოლაპარაკე.

11 . რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ.

12 . რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.

13 . ამიტომაც დუმს გონიერი კაცი ასეთ დღეებში, რადგან სიავის ჟამია ეს.

14 . სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ.

15 . ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.

16 . ამიტომ, ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა მოედანზე გლოვა იქნება და ყველა ქუჩაზე იკვნესებენ: ვაი, ვაი! მიწათმოქმედს საგოდებლად მოუხმობენ და საგლოვად - მოტირალებს.

17 . ყველა ვენახში იგლოვებენ, რადგან მე გავივლი შენ შორის! - ამბობს უფალი.

18 . ვაი, თქვენ, უფლის დღეს რომ ნატრულობთ! რისთვის გინდათ უფლის დღე? ბნელი იქნება ის და არა ნათელი.

19 . როგორც ლომს რომ კაცი გაექცეს და დათვს გადაეყაროს, ან სახლში მივიდეს, კედელს ხელით მიეყრდნოს და გველმა უკბინოს.

20 . განა ბნელი არ იქნება უფლის დღე და არა ნათელი? წყვდიადი იქნება, შუქის ნატამალი არ იქნება მასში.

21 . მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ მსიამოვნებს თქვენი ზეიმები.

22 . აღარ მივიღებ თქვენს სრულადდასაწველებსა და ძღვენს; არც კი შევხედავ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ.

23 . მომაშორეთ თქვენი სიმღერების ხმაური, თქვენი ქნარების ხმის მოსმენა აღარ მსურს.

24 . მაგრამ წყალივით იდინოს სამართალმა და სიმართლემ - დაუშრეტელ ნაკადულივით.

25 . განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე, ისრაელის სახლო?

26 . დაატარებდით მოლოქს, თქვენს მეფეს და თქვენი ღმერთის რეფანის ვარსკვლავებს, თქვენთვის რომ გაიკეთეთ.

27 . ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ! - ამბობს უფალი - ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.