4მეფეთა თავი 21

1 . თორმეტი წლის იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა.

2 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში იმ ერების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც უფალმა განდევნა ისრაელის ძეთაგან.

3 . კვლავ ააშენა ხიზკიაჰუს, მამამისის მიერ დანგრეული მაღლობები; სამსხვერპლოები აღუმართა ბაყალს და გააკეთა აშერი, როგორც ახაბს, ისრაელის მეფეს ჰქონდა გაკეთებული; მთელ ციურ მხედრობას ეთაყვანებოდა და ემსახურებოდა.

4 . ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს: "იერუსალიმში იქნება ჩემი სახელი”.

5 . მთელ ციურ მხედრობას სამსხვერპლოები აუშენა უფლის სახლის ორივე ეზოში.

6 . ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი, მისნობდა და სულთა მხმობელნი განაწესა. ბევრ ბოროტებას აკეთებდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.

7 . გამოაქანდაკა აშერის კერპი და დადგა სახლში, რომელზეც უთხრა უფალმა დავითს და მის ძეს, სოლომონს: "ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა ტომიდან, საუკუნოდ დავდებ ჩემს სახელს;

8 . აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ მამებს, ოღონდ მოიქცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, იმ რჯულის თანახმად, მოსემ ჩემმა მსახურმა რომ ამცნო მათ”.

9 . მაგრამ არ ისმინეს; აცდუნა ისინი მენაშემ და იმ ერებზე დიდ ბოროტებას სჩადიოდნენ, რომლებიც მოსპო უფალმა ისრაელის ძეთაგან.

10 . ამბობდა უფალი თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა მეშვეობით:

11 . "რადგან ეს სიბილწენი ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ და გადააჭარბა ბოროტებაში ამორეველთ, მასზე უწინ რომ იყვნენ და იუდაც აცდუნა თავისი კერპებით,

12 . ამიტომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორივე ყური შეერხევა ამის გამგონეს.

13 . სამარიის ლარს და ახაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე; ისე ამოვრეცხავ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი - ამორეცხავს და ამოაპირქვავებს;

14 . მივატოვებ ჩემი სამკვიდრებლის ნარჩენს, მტრებს ჩავუგდებ ხელში და ნადავლად და დასატაცებლად შეიქნებიან მათი მტრებისთვის.

15 . რადგან ბოროტად იქცეოდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოყოლებული, რაც მათი მამები გამოვიდნენ ეგვიპტიდან.

16 . უდანაშაულო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ვიდრე არ აღავსო იერუსალიმი პირთამდე, გარდა იმ ცოდვისა, იუდას რომ აცოდვინა და უფლის თვალში ბოროტი აკეთებინა”.

17 . მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან მოიმოქმედა, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

18 . განისვენა მენაშემ თავის მამებთან და დამარხეს იგი თავისი სახლის ბაღში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.

19 . ოცდაორი წლის იყო ამონი როცა გამეფდა და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბადან.

20 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე.

21 . ყველა ის გზა მოსინჯა, რომლითაც მამამისი დადიოდა; ემსახურებოდა და ეთაყვანებოდა კერპებს, რომლებსაც მამამისი ემსახურებოდა;

22 . მიატოვა უფალი, თავისი მამების ღმერთი და უფლის გზით არ დადიოდა.

23 . მიატოვა უფალი, თავისი მამების ღმერთი და უფლის გზით არ დადიოდა.

24 . მაგრამ დახოცა ქვეყნის ხალხმა ამონ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულნი და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა.

25 . ამონის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

26 . დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გამეფდა.