4მეფეთა თავი 17

1 . ახაზის, იუდას მეფის მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და ათი წელი იმეფა.

2 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.

3 . წამოვიდა მის წინააღმდეგ შალმანესერი, აშურის მეფე. გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და ხარკს უხდიდა.

4 . გაუგო შეთქმულება აშურის მეფემ ჰოშეაყს, რადგან მოციქულები გააგზავნა ეგვიპტის მეფე სოსთან და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ყოველწლიურ ხარკს. შეიპყრო იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში დაამწყვდია.

5 . შეიჭრა აშურის მეფე ქვეყანაში, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.

6 . ჰოშეაყის გამეფების მეცხრე წელს დაიპყრო სამარია აშურის მეფემ; აშურში გადაასახლა ისრაელი და დაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, გოზანის მდინარესთან და მიდიელთა ქალაქებში.

7 . ეს იმიტომ მოხდა, რომ შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან და სხვა ღმერთების მოშიშება დაიწყეს;

8 . იმ ხალხების წესებით დადიოდნენ, რომლებიც განდევნა უფალმა ისრაელისგან და ისრაელის მეფეთა სახისგან, რომლებიც დაისვეს.

9 . ფარულად სჩადიოდნენ ამ საქმეებს უფლის, თავისი ღმერთის წინააღმდეგ ისრაელის ძენი და გორაკები გაიმართეს თავიანთ ქალაქებში, საგუშაგო გოდოლიდან გამაგრებულ ქალაქამდე.

10 . სვეტები და აშერები დაიდგეს ყველა მაღალ ბორცვსა და ყოველი მწვანე ხის ქვეშ.

11 . საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ მაღლობზე, იმ ერების მსგავსად, რომლებიც განდევნა უფალმა მათგან, ბოროტად იქცეოდნენ უფლის გასაჯავრებლად.

12 . ემსახურებოდნენ კერპებს, თუმცა ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: "ნუ გააკეთებთო ამ საქმეს!”

13 . აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: "მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.

14 . არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი;

15 . უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.

16 . მიატოვეს უფლის, თავიანთი ღმერთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება და აშერი გაიკეთეს. თაყვანს სცემდნენ ციურ მხედრობას და ბაყალს ემსახურებოდნენ;

17 . ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ასულებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და ბოროტად იქცეოდნენ უფლის თვალში, მის განსარისხებლად.

18 . ფრიად განურისხდა უფალი ისრაელს და განდევნა თავისი პირისგან. მხოლოდ ერთი, იუდას ტომიღა დარჩა.

19 . იუდამაც არ დაიცვა უფლის, თავისი ღმერთის მცნებები და ისრაელის მიერ დადგენილ წესებს მისდევდა.

20 . შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი შთამომავლობა და დატანჯა იგი, მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ განდევნა თავისი პირისგან;

21 . როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, ჩამოაშორა ისრაელი იერობყამმა უფლის კვალს და დიდი ცოდვებით აცდუნა.

22 . დადიოდნენ ისრაელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მან ჩაიდინა და არ განრიდებიან მათ,

23 . ვიდრე არ განდევნა უფალმა ისრაელი თავისი პირისგან, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავისი მსახური წინასწარმეტყველების მეშვეობით. დღემდე აშურშია გადასახლებული ისრაელი თავისი მიწიდან.

24 . მოიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და დაასახლა ისინი სამარიის ქალაქებში ისრაელის ძეთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.

25 . არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ ამ ხალხებს.

26 . უთხრეს აშურის მეფეს: "ერებმა, რომლებიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში დაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია ამ ხალხებს ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ”.

27 . ბრძანა აშურის მეფემ: "წაიყვანეთ იქ ვინმე მღვდელი, იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს, იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება”.

28 . მივიდა იქ ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული. ცხოვრობდა ბეთელში და ასწავლიდა მათ უფლის მოშიშებას.

29 . მაგრამ თავ-თავისი ღმერთები გაიკეთა თითოეულმა ერმა და დადგეს მაღლობთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ერმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.

30 . ბაბილონელებმა სუქოთ-ბენოთი გაიკეთეს, ქუთელებმა - ნერეგალი, ხამათელებმა კი - აშიმა,

31 . ყაველებმა ნიბხაზი და თართაკი გაიკეთეს, ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადარმელექისა და ყანამელექისთვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.

32 . უფლისაც ეშინოდათ და თავისი წიაღიდან ირჩევდნენ მაღლობების მღვდლებს, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ მაღლობების სახლებში.

33 . უფლისაც ეშინოდათ და თავის ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ერების ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს.

34 . დღემდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან. უფლის არ ეშინიათ და არ ასრულებენ იმ წესებს, დადგენილებებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ ამცნო იაკობის ძეებს, რომელსაც ისრაელი უწოდა.

35 . ვისთანაც აღთქმა დადო უფალმა და ამცნო: "ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ მათ;

36 . მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.

37 . მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.

38 . ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდეთ და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ;

39 . მხოლოდ უფლის, თქვენი ღმერთის გეშინოდეთ და ის გიხსნით ყველა თქვენი მტრის ხელიდან”.

40 . მაგრამ არ შეისმინეს მისი ხმა და წინანდელ ჩვეულებებს მისდევდნენ.

41 . ამ ერებს უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. ისევე როგორც მათი მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილიშვილები.