4მეფეთა თავი 15

1 . იერობყამის, ისრაელის მეფის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ყაზარია, იუდას მეფის, ამაციაჰუს ძე.

2 . თექვსმეტი წლისა იყო როცა გამეფდა და ორმოცდათორმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იექალიაჰუ, იერუსალიმიდან.

3 . სწორედ იქცეოდა უფლის თვალში, ისევე, როგორც მამამისი ამაციაჰუ.

4 . ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული: გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს ხალხი და აკმევდა საკმეველს.

5 . დასაჯა იგი ღმერთმა და სიკვდილამდე კეთროვანი იყო, და ცხოვრობდა სამკურნალო სახლში. იოთამი, მეფისწული, სასახლეს ზედამხედველობდა და განსჯიდა ქვეყნის ხალხს.

6 . ყაზარიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

7 . განისვენა ყაზარიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი თავისი მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე იოთამი გამეფდა.

8 . იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ზაქარია იერობოამის ძე ისრაელზე სამარიაში და ექვსი თვე იმეფა.

9 . უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მისი მამა-პაპა იქცეოდა. არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

10 . შეთქმულება მოუწყო მას შალუმმა, იაბეშის ძემ, და მოკლა იგი კაბალ-ყამმა და გამეფდა მის ნაცვლად.

11 . ზაქარიას დანარჩენი საქმენი ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

12 . ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოუცხადა მან იეჰუს: მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შვილები ისრაელის ტახტზე. და ახდა კიდეც.

13 . შალუმ იაბეშის ძე გამეფდა იუდას მეფის, ყუზიას, ოცდამეცხრამეტე წელს და ერთი თვე იმეფა სამარიაში.

14 . წამოვიდა მენახემ გადის ძე თირცადან და მოადგა სამარიას. დაამარცხა შალუმ იაბეშის ძე სამარიაში, მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.

15 . შალუმის საქმენი და მისი შეთქმულების ამბავი, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

16 . მაშინ მოსრა მენახემმა თიფსახი და ყველაფერი, რაც მასში იყო; მოსრა მთელი მხარე თირცადან მოყოლებული, რადგან არ გააღეს კარიბჭეები. შუაზე გააპო ყველა ორსული ქალი.

17 . იუდას მეფის, ყაზარიას, ოცდამეცხრამეტე წელს გამეფდა მენახემ გადის ძე, ისრაელის, მეფე და ათი წელი იმეფა სამარიაში.

18 . უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია მთელი თავისი სიცოცხლე იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

19 . წამოვიდა ფული, აშურის მეფე, ქვეყნისაკენ და მისცა მენახემმა ფულს ათასი ქანქარი ვერცხლი, რომ ყოფილიყო მისი შემწეობის ქვეშ და მტკიცედ სჭეროდა ხელში მეფობა.

20 . დააკისრა მენახემმა ეს ვერცხლი ისრაელს, ყველა შეძლებულ კაცს - კაცზე ორმოცდაათი შეკელი აშურის მეფისთვის მისაცემად. უკან გაბრუნდა აშურის მეფე, არ გაჩერებულა იქ, ქვეყანაში.

21 . მენახემის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

22 . განისვენა მენახემმა თავის მამა-პაპასთან და მის ნაცვლად მისი ძე, ფეხაკია გამეფდა.

23 . იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეათე წელს გამეფდა ფეკახია მენახემის ძე ისრაელზე სამარიაში და ორი წელი იმეფა.

24 . უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

25 . შეთქმულება მოუწყო მას ფეხაკმა, რემალიაჰუს ძემ, მისმა კარისკაცმა, მიუხდა სამარიაში, მეფის სასახლის დარბაზში, არგობთან და არიასთან ერთად, თან ორმოცდაათი გალაადელი ახლდა - მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად.

26 . ფეკახიას დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.

27 . იუდას მეფის, ყაზარიას ორმოცდამეთორმეტე წელს გამეფდა ფეკას რემალიაჰუს ძე ისრაელზე სამარიაში და იმეფა ოცი წელი.

28 . უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში; არ განრიდებია იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომელმაც შეაცდინა ისრაელი.

29 . ისრაელის მეფის, ფეკახის დროს მოვიდა თიგლათფილასარი, აშურის მეფე, აიღო ყიონი, აბელ-ბეთ-მაყაქა, იანოახი, კედეში, ხაცორი, გალაადი და გალილა, მთელი ნაფთალის ქვეყანა და აშურში გადაასახლა ხალხი.

30 . შეთქმულება მოუწყო ჰოშეაყ ელიას ძემ ფეკახ რემალიაჰუს ძეს, განგმირა, მოკლა იგი და გამეფდა მის ნაცვლად იოთამ ყუზიას ძის მეოცე წელს.

31 . ფეკახის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა ჩაწერილი?

32 . ისრაელის მეფის, ფეკახ რემალიაჰუს ძის მეფობის მეორე წელს გამეფდა იოთამ ყუზიას ძე, იუდას მეფე.

33 . ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იერუშა, ცადოკის ასული.

34 . სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი, ყუზია იქცეოდა.

35 . ოღონდ მაღლობები არ გაუქმებულა და ხალხი ისევ მაღლობებზე სწირავდა და აკმევდა საკმეველს. იოთამმა აღადგინა უფლის სახლის ზედა კარიბჭე.

36 . იოთამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა ჩაწერილი?

37 . იმ დღეებში გაგზავნა უფალმა იუდას წინააღმდეგ რეცინი, არამის მეფე და ფეკახ რემალიაჰუს ძე.

38 . განისვენა იოთამმა თავის მამებთან და მამამისის, დავითის ქალაქში დაიმარხა. მის ნაცვლად მისი ძე, ახაზი გამეფდა.