4მეფეთა თავი 13

1 . იუდას მეფის, იოაშ ახაზიას ძის, ოცდამესამე წელს სამარიაში ისრაელზე გამეფდა იეჰოახაზ იეჰუს ძე და ჩვიდმეტ წელს იმეფა.

2 . ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც აცდუნა ისრაელი; არ განშორებია მათ.

3 . აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე და ჩაუგდო ისინი ხელში ხაზაელს, არამის მეფეს და ბენ-ჰადადს, მის ძეს, დიდი ხნით.

4 . შეევედრა იეჰოახაზი უფალს და შეისმინა უფალმა, რადგან დაინახა ისრაელიანების შეჭირვება, როგორ ავიწროებდა მათ არამის მეფე.

5 . მისცა უფალმა ისრაელს მხსნელი და დააღწია თავი არამის ხელს. იწყეს ცხოვრება ისრაელის ძეებმა საკუთარ კარვებში, როგორც გუშინ და გუშინწინ.

6 . მაგრამ არ განერიდნენ იერობყამის სახლის ცოდვებს, რომლითაც ცდუნდა ისრაელი; ამ ცოდვებში დადიოდნენ და აშერიც კვლავინდებურად იდგა სამარიაში.

7 . მხოლოდ ორმოცდაათი მხედარი, ათი ეტლი და ათი ათასი ქვეითი შერჩა იეჰოახაზს, რადგან გაანადგურა ისინი არამის მეფემ და მიწის მტვერივით გათელა.

8 . იეჰოახაზის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა და მისი სიძლიერე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეში არაა ჩაწერილი?

9 . განისვენა იეჰოახაზმა და თავის მამებთან დამარხეს სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, იოაში გამეფდა.

10 . იუდას მეფის, იოაშის, ოცდამეჩვიდმეტე წელს გამეფდა იოაშ იეჰოახაზის ძე ისრაელზე სამარიაში და თექვსმეტი წელი იმეფა.

11 . ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განრიდებია იერობყამ ნაბატის ძის ცოდვებს, რომლითაც ცდუნდა ისრაელი. ამ ცოდვებში დადიოდა.

12 . იოაშის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მოიმოქმედა და მისი სიძლიერე, იუდას მეფეს, ამაციას რომ ეომებოდა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?

13 . განისვენა იოაშმა თავის მამებთან და მის ტახტზე იერობყამი დაჯდა. სამარიაში, ისრაელის მეფეთა გვერდით დაიმარხა იოაში.

14 . დასნეულდა ელისე და მოკვდა ამ სენისგან. მოვიდა მასთან იოაში, ისრაელის მეფე, დასტიროდა და ამბობდა: "მამავ, მამავ! ისრაელის ეტლო და მხედარო!”

15 . უთხრა ელისემ: "აიღე მშვილდი და ისრები”. მანაც აიღო მშვილდი და ისრები.

16 . უთხრა ისრაელის მეფეს: "დაადე ხელი მშვილდს”, მანაც დაადო ხელი მშვილდს. დაადო ელისემ ხელები მეფის ხელებს.

17 . უთხრა: "გააღე აღმოსავლეთის სარკმელი”. გააღო. უთხრა ელისემ: "სტყორცნე”, და სტყორცნა. თქვა: "უფლისმიერი გამარჯვების ისარია და არამზე გამარჯვების ისარი. დაამარცხებ არამს აფეკში იქამდე, სანამ სრულად არ გაანადგურებ”.

18 . უთხრა ელისემ: "აიღე ისრები”. აიღო. უთხრა ისრაელის მეფეს: "დაჰკარი მიწას”. სამგზის დაჰკრა მიწას და გაჩერდა.

19 . გაუჯავრდა ღვთისკაცი და უთხრა: "ხუთჯერ ან ექვსჯერ უნდა დაგეკრა, მაშინ საბოლოოდ გაანადგურებდი არამს; ახლა კი მხოლოდ სამჯერ სძლევ არამს”.

20 . მოკვდა ელისე და დამარხეს. მოაბის მოთარეშენი შემოესეოდნენ ხოლმე ქვეყანას ყოველი წლის გაზაფხულს.

21 . ერთხელ კაცს მარხავდნენ ისრაელიანები და, აჰა, როცა მოთარეშენი დაინახეს, ელისეს სამარხში ჩააგდეს ეს კაცი. როგორც კი კაცი ელისეს ძვლებს შეეხო, გაცოცხლდა და ფეხზე წამოდგა.

22 . ავიწროებდა ისრაელს ხაზაელი, არამის მეფე, იეჰოახაზის მეფობის განმავლობაში.

23 . შეიწყალა ისინი უფალმა და შეიბრალა; მოხედა მათ თავისი აღთქმის გამო, რომელიც აღუთქვა აბრაჰამს, ისაკსა და იაკობს და არ ინება მათი განადგურება და თავიდან მოშორება დღემდე.

24 . მოკვდა ხაზაელი, არამის მეფე და მის ნაცვლად მისი ძე, ბენ-ჰადადი გამეფდა.

25 . ხელიდან გამოგლიჯა იოაშ იეჰოახაზის ძემ ბენ-ჰადად ხაზაელის ძეს ქალაქები, რომლებიც ბრძოლით ჰქონდა წართმეული მისი მამისთვის, იეჰოახაზისთვის. სამჯერ დაამარცხა იგი იოაშმა და დაიბრუნა ისრაელის ქალაქები.