4მეფეთა თავი 12

1 . იეჰუს მეფობის მეშვიდე წელს გამეფდა იოაში და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. ბეერ-შებაყელი ციბია იყო დედამისი.

2 . სწორად იქცეოდა იოაში უფლის თვალში მთელი თავისი ცხოვრება, სანამ მისი მრჩეველი იეჰოიადაყ მღვდელი იყო.

3 . ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია; ჯერ კიდევ გორაკებზე სწირავდა და აკმევდა ხალხი.

4 . უთხრა იოაშმა მღვდლებს: "მთელი შენაწირი ფული, რომელიც უფლის სახლში შემოდის, სულადობის მიხედვით გადახდილი ფულის მთელი შემოსავალი და მთელი ფული, რასაც გულით სწირავს უფლის ტაძარს ხალხი,

5 . აიღონ მღვდლებმა, თითოეულმა თავისი ახლო

6 . დადგა იოაშის გამეფების ოცდამესამე წელი და ჯერ კიდევ არ შეეკეთებინათ მღვდლებს სახლის ბზარები.

7 . მოუხმო მეფე იოაშმა იეჰოიადაყსა და სხვა მღვდლებს და უთხრა: "რატომ არ შეგიკეთებიათ ტაძარი? ამიერიდან ნუღარ აიღებთ ფულს თქვენი ახლობლებიდან, არამედ ტაძრის ბზარის შესაკეთებლად მიიტანეთ იგი”.

8 . დათანხმდნენ მღვდელნი, რომ არც ფული აეღოთ ხალხისგან და აღარც ტაძრის ბზარები შეეკეთებინათ.

9 . აიღო იეჰოიადაყ მღვდელმა ერთი ყუთი, გახვრიტა ზემოდან და სამსხვერპლოს გვერდით დადგა, უფლის სახლის შესასვლელის მარჯვნივ. იქ ყრიდნენ ზღურბლის მცველი მღვდლები უფლის სახლში მიტანილ მთელ ფულს.

10 . როცა ნახავდნენ, რომ ბევრი ფული იყო ყუთში, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავარი, ითვლიდნენ და ტომრებში კრავდნენ ფულს, რომელიც უფლის ტაძარში გროვდებოდა.

11 . ხელზე აძლევდნენ გადათვლილ ფულს უფლის ტაძარში სამუშაოს შემსრულებლად დანიშნულებს: ხუროებს და მშენებლებს,

12 . კალატოზებსა და ქვის მთლელებს; ყიდულობდნენ ხეს და თლილ ქვებს, უფლის ტაძრის შესაკეთებლად.

13 . უფლის სახლში შენაწირი ფულიდან აღარ ამზადებდნენ უფლის ტაძრისთვის ვერცხლის ფიალებს, დანებს, სასხურებლებს, ბუკებს, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელს.

14 . საქმის მწარმოებლებს აძლევდნენ და უფლის ტაძარს ამაგრებდნენ იმ ფულით.

15 . არ უთვლიდნენ ფულს იმ კაცებს, რომლებსაც ხელოსნებისთვის აძლევდნენ, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.

16 . დანაშაულისა და ცოდვის გამოსასყიდი ფული არ შედიოდა უფლის ტაძარში, მღვდლებს ეკუთვნოდა.

17 . მაშინ გამოვიდა ხაზაელი, არამელთა მეფე, შეებრძოლა გათს და დაიპყრო; მერე იერუსალიმის დასაპყრობად მოტრიალდა.

18 . აიღო იოაშმა, იუდას მეფემ მთელი შენაწირი, რაც მისმა მამებმა, იოშაფატმა, იორამმა და ახაზიამ, იუდას მეფეებმა გაიღეს, ასევე თავისი შენაწირი, მთელი ოქრო, რომელიც უფლის ტაძრისა და მეფის სასახლის საუნჯეებში იპოვებოდა და გაუგზავნა ხაზაელს, არამელთა მეფეს; ისიც გაეცალა თავისი ჯარით იერუსალიმს.

19 . იოაშის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?

20 . აღუდგნენ მსახურები, შეთქმულება მოუწყვეს და მოკლეს იოაში მილოს სახლში, სილას დაღმართზე.

21 . მისმა მსახურებმა - იოზაქარ შიმყათის ძემ და იეჰუზაბად შომარის ძემ განგმირეს იგი. თავის მამებთან დაკრძალეს მეფე, დავითის ქალაქში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.